ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა მტაცებელი ცხოველების მონადირებაზე "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით" დადგენილი სანქციები აღარ გავრცელდეს, გარემოს დამცველები შეცდომას უწოდებენ და აცხადებენ, რომ ეს გარემოზე დამღუპველად იმოქმედებს, რადგან ყველა ცხოველს თავისი დანიშნულება აქვს და ამ კანონით მათ მასობრივ განაგურებას შეეწყობა ხელი.
აღნიშნული ინიციატივა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა განიხილა, რომლის გათვალისწინებით, კოდექსის 86-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმები და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მტაცებელი ცხოველების მონადირებაზე არ გავრცელდება.
უფრო კონკრეტულად, პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, კოდექსს ემატება პუნქტი, რომლის მიხედვით, ისეთი ცხოველების მონადირება, რომელთა სიმრავლეც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ასევე სოფლის მეურნეობის წარმართვასა და განვითარებას, ნადირობის წესების დარღვევად არ ჩაითვლება. ამ კონტექსტში ყურადღება მგელსა და ტურაზე გამახვილდა.
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა ხუციშვილი ფიქრობს, რომ პრობლემა საყოველთაოა, რასაც შინაურ ცხოველებზე მტაცებლების თავდასხმის გახშირებული ფაქტები ადასტურებს და მგლების რაოდენობის შემცირების მიზნით გარკვეული რეგულაცია უნდა დაწესდეს.
გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელის კარლო ამირგულაშვილის ინფორმაციით, მგლების თავდასხმის თაობაზე თითქმის ყველა მუნიციპალიტეტიდან ყოველ კვირას იღებენ წერილს და მგლების ამოღებაზე ნებართვებსაც გასცემენ, მაგრამ ეს დროში გაჭიანურებული პროცესია და საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება.
გარემოს დამცველი, ეკოლოგი, "დემოკრატიის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი მიიჩნევს, რომ მტაცებელი ცხოველების განადგურებაზე სანქციების მოხსნა გარემოსთვის დამღუპველი იქნება, რადგან ბუნებაში ყველაფერი ჯაჭვურადაა გადაბმული.
"როგორც ჩანს, "ქართულ ოცნებას" გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი არაკვალიფიციური ადამიანებით ჰყავს დაკომპლექტებული, რადგან მტაცებელი ცხოველების ასე ხელაღებით განადგურება და მითუფრო, ლიცენზიის გაუქმება, იქნება დამღუპველი. მითუმეტეს, ისედაც ცუდ მდგომარეობაში მყოფი არამარტო მტაცებელთა, არამედ მთლიანად ცხოველთა სამყაროსთვის.
"ელემენტარულად, სკოლის ბიოლოგიიდან ყველასთვის ცნობილია, რომ მტაცებლები, ჩლიქოსნები და ზოგადად ყველაფერი ბუნებაში ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში არიან. როგორც ირკვევა, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს ბატონი ხუციშვილი და ამ ინიციატივას ამიტომაც დაუჭირა მხარი", - ამბობს ლაშა ჩხარტიშვილი და ცხოველების მასობრივი განადგურების დამღუპველი შედეგების საერთაშორისო მაგალითებს ასახელებს.
"აღნიშული მოქმედებები რომ დამღუპველად დასრულდა, ამას საერთაშორისო გამოცდილებაც მოწმობს. მაგალითისთვის შეგვიძლია გავიხსენოთ, კოლორადოს შემთხვევა, სადაც მგლების ხოცვა მასშტაბურად დაიწყეს, რადგან საქონელს კლავენო. ამან კი კურდღლების მასობრივი გამრავლება გამოიწვია, რომლებიც ნათესებს ანადგურებდნენ. შესაბამისად, მრავალჯერ მეტი ზარალი მიიღეს ფერმერებმა, ვიდრე მგლების მოტაცებული საქონლის შემთხვევაში. "ასევე, მტაცებლების ხოცვის შედეგად, ირმებს და სხვა ჩლიქოსნებს შორის ინფექციური დაავადების ეპიდემია დაიწყო, რადგან მტაცებლები ძირითადად ავადმყოფებს ხოცავენ და ჭამენ (უფრო მარტივი დასაჭერია).
"ასევე შეგვიძლია გავიხსენოთ ჩინეთის მაგალითი, სადაც ბეღურების წინააღმდეგ ხელისუფლების მასობრივი კამპანია ტრაგიკულად დასრულდა. ისინი ბეღურებს მარცვლეულის ჭამის გამო ებრძოდნენ, შედეგად, "ყვლაფრისმჭამელი" ბეღურების მასობრივმა განადგურებამ, პირიქით, მასობრივი შიმშილი გამოიწვია, რადგან ბეღურები კალიების და სხვა მავნებელი მწერების "მჭამელებიც" იყვნენ და მათი მასობრივი განადგურების ფონზე ეს მავნებლები კატასტროფულად გამრავლდნენ. შედეგად ჩინეთის 10-დან 30 მილიონამდე მოქალაქე დაიღუპა!
"აი სადამდე მივყავართ, მილიონობით წლის განმავლობაში, ეკოსისტემაში ჩამოყალიბებული წონასწორობის დარღვევას. ეს კიდევ მცირე მაგალითია, რომელიც გარემოს დაცვის კომიტეტის წევრებმა უნდა იცოდნენ. ხუციშვილსაც და ამ კომიტეტში სხვა წარმომადგენლებსაც, ვურჩევდი რომ სკოლის სახელძღვანელოები მაინც წაიკითხონ და გაეცნონ, რა შედეგების მომტანი იქნება ეს ყველაფერი", - აღნიშნავს ლაშა ჩხარტიშვილი.
რაც შეეხება იმას, გახშირებული არის თუ არა მტაცებელთა თავდასხმები შინაურ ცხოველებზე, ჩხარტიშვილი განმარტავს, რომ შესაძლოა ასეა, მაგრამ ამას მტაცებელი ცხოველების განადგურება კი არა, არამედ რეალური მიზეზების დადგენა სჭირდება.
"ეს დიდწილად უკავშირდება არა მათ სიმრავლეს, არამედ ეს ყველაფერი გამოწვეულია ველურ ბუნებაზე ადამიანების და ხელისუფლების ზემოქმედებით. ვგულისხმობ, იგივე ტყის მასობრივ ჩეხვას, მშენებლობებს და ა.შ.
"ეს ყველაფერი ანადგურებს იმ საარსებო გარემოს, სადაც ეს ცხოველები ბინადრობენ და როდესაც მას უსპობენ, ისინი იძულებულები არიან მიუახლოვდნენ დასახლებულ პუნქტებს. ამასთანავე, ეს ყველაფერი შეიძლება გამოწვეული იყოს მათი მსხვერპლის პოპულაციების შემცირებით. ვგულისხმობ, გადამეტებულ ნადირობას, სადაც ნადგურდებიან მტაცებლების მსხვერპლი ცხოველებიც და ისინი იძულებულები არიან შინაურ ცხოველებზე გადავიდნენ.
"ასე რომ, ჯობია საკუთარ თავში ეძებონ პრობლემა და არა მგლებში. ამასთანვე მოვითხოვ, რომ ცხოველებზე რეალური კვლევები დაიდოს და მითებით არ გვესაუბრონ. იმიტომ, რომ კვლევები, მითუმეტეს სახელმწიფოს დაფინანსებით პრაქტიკულად არ ტარდება, ან ძალიან ეპიზოდურად", - ამბობს ჩხარტიშვილი და განმარტავს, რომ კვლევები ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ უნიკალური ჯიშის ცხოველების გადარჩენა მოხდეს.
"მე მაინც იმედი მაქვს, რომ ამ კანონს არ მიიღებენ, რადგან ამ უნიკალური ჯიშის ცხოველების გადარჩენას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტურიზმისთვისაც და როდესაც ამაზე საუბრობენ, მეორე ხელით ტურიზმისთვის მნიშვნელოვან ეკოსისტემას არ უნდა ანადგურებდნენ", - ამბობს ლაშა ჩახარტიშვილი.