19 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს - ნათლისღების დღესასწაული ერთ-ერთია თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის. სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე. ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება (დიდი აიაზმა) სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება.
ამ დღეს ღვთის განცხადება ეწოდება, რადგან სწორედ მაშინ გაცხადდა პირველად წმინდა სამება, ძე ნათელს იღებდა, სულიწმინდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამის ხმა - "ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ".
იოანე ნათლისმცემელი სინანულს ქადაგებდა და მდინარე იორდანეში ხალხს ნათლავდა. სხვებთან ერთად მასთან იესოც მივიდა. იოანეს უღირსად მიაჩნდა თავი მის მოსანათლად და უთხრა, რომ თავად მიეღო ნათელი ქრისტესაგან.
როდესაც იესო ქრისტე წყლიდან ამოვიდა, მის თავზე ცა გაიხსნა და ღვთის სული მტრედის სახით გადმოვიდა მასზედ. ციდან კი მამა ღმერთის ხმა მოისმა - "ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე".
ამ დღეს საქართველოს ყველა ტაძარში წყალკურთხევა აღესრულება, ამ დროს ჯვარს სამგზის შთაფლავენ და ჯვარს გამოსახავენ. სიმბოლურად ეს განასახიერებს უფლის სამგზისშთაფლვას იორდანეში. ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული იორდანეს მადლი ენიჭება და იგი უხრწნელობის თვისებებს იძენს.
ნათლისღება - ამ დღეს ღვთის განცხადება ეწოდება
19 იანვარს, უფლის ნათლისღების დღეს, იერუსალიმის პატრიარქი მდინარე იორდანეს აკურთხებს და მასში სამგზის შთაფლავს ჯვარს. ჯვრის მესამედ შთაფლვისას, მდინარე იორდანე ჩერდება და რამდენიმე წუთის განმავლობაში წყალი აღმა მიედინება. ეს ხდება წელიწადში ერთხელ, ყოველ ნათლისღების დღესასწაულზე.
მერვე საუკუნეში სასწაული მოხდა თბილისშიც ნათლისღების დღეს, 786 წლის 6 იანვარს (ძველით ნათლისღებას) ორმოცი სებასტიანელი მოწამის სახელობის ტაძარში, არაბებმა თავი მოჰკვეთეს საკუთარ თვისტომს, სახელად აბოს, რომელმაც ქრისტიანული სარწმუნოება მიიღო.
საქართველოს ეკლესიამ აბო წმინდანად შერაცხა და მას აბო თბილელი ეწოდა. იმ ადგილას, სადაც აბო თბილელის წმინდა ნაწილები მტკვარში გადაყარეს, გასული საუკუნის 30-იან წლებამდე იდგა წმინდანის სახელობის ნიშა, რომელიც შემდეგ ბოლშევიკების "საქმიანობას" შეეწირა.
"ქრისტეს ნათლობა" მსოფლიო ხელოვნებაში
როგორც ხელოვნებათმცოდნეები ამბობენ, "ქრისტეს ნათლობის" სიუჟეტებს ვხვდებით მსოფლიოს ყველა ეპოქის ხელოვნებაში, მესამე საუკუნის რომის კატაკომბების ხელოვნებიდან მოყოლებული. აღორძინების ეპოქაში, როგორც იტალიურ, ასევე ევროპის სხვა ქვეყნების ხელოვნებაში.
ნათლისღების სიუჟეტები მრავლად გვხვდება ქართულ საეკლესიო ხელოვნებაში და ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, გავიხსენებთ რამდენიმეს, კერძოდ კალაუბნის წმინდა გიორგის ეკლესიას, რომელიც მე-12 საუკუნის ძეგლია. ეკლესიის დარბაზის კამარაში გამოსახულ მედალიონში ჩასმულია ჯვარი. დარბაზის მხატვრობის ზედა რეგისტრში კი სადღესასწაულო ციკლის ხუთი სცენაა ასახული. დარბაზის სამხრეთ კედელზე ასახულია ნათლისღება.
მეშვიდე საუკუნეში აშენებულ ატენის სიონის ტაძრის ჩრდილოეთ მკლავში წარმოდგენილია თორმეტ დღესასწაულთა ციკლი, მათ შორის ნათლისღების დღესასწაული.
ცნობილმა ფლორენციელმა მხატვარმა ანდრია დელ ვეროკიომ თავის ცნობილი ტილოს "ქრისტეს ნათლისღების" ხატვა დაიწყო 1472 წელს, რომელიც სამი წლის შემდეგ დაასრულა.
სურათის დახატვა ვეროკიოს შეუკვეთეს ფლორენციაში მდებარე სან-სალვის ბენედიქტიანელთა მონასტრის ველომბროზიანული ორდენის წევრებმა. ნახატი შესრულებულია ხის დაფაზე, ზეთის საღებავებით. ტილოზე ასახულია ახალი აღთქმის ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლო - იესო ქრისტეს ნათლისღება, რომელიც მოხდა მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლის მიერ.
როგორც ცნობილია, სურათის ძირითადი ნაწილი შესრულებულია ანდრე დელ ვეროკიოს მიერ, ხოლო ზოგიერთი დეტალი, მათ შორის პეიზაჟი და მარცხნივ გამოსახული ანგელოზი შეუსრულებია ანდრე ვეროკიოს ყველაზე წარმატებულ მოსწავლე ლეონარდო დავინჩს.
ამბობენ, ლეონარდო დავინჩს იმდენი პოეტურობა ჩაუქსოვია და ისე ნატიფად შეუსრულებია ოქროსთმიანი ანგელოზის სახება, რომ ამის შემდეგ ვეროკიოს გადაუწყვეტია, თავი დაენებებინა ფერწერისათვის. ხელოვნებათმცოდნეები იმასაც ამბობენ, რომ მეორე ანგელოზი დაუხატავს გენიალურ იტალიელ მხატვარ სანდრო ბოტიჩელის.
ანდრეა დელ ვეროკიოს "ქრისტეს ნათლობა" 1530 წლამდე სან- სალვის ბენედიქტელთა მონასტერში ინახებოდა. დღეს კი ფლორენციის ცნობილ "უფიცის გალერეას" ამშვენებს. ამავე თემატიკაზე 1568 წელს იტალიელი მხატვრის ნავარეტის მიერ შესრულებული სურათი კი მადრიდში "პრადოს" მუზეუმშია დაცული.