"როცა ფარმაცევტული კომპანია ფლობს კლინიკასა და სადაზღვევო კომპანიას, ის ცდილობს, რაც შეიძლება მეტი წამალი გაასაღოს"
მარი ჩიტაია
19.01.2017

 ზედმეტი წამლების გამოწერის მავნე პრაქტიკასთან საბრძოლველად მთავრობის მონდომება სპეციალისტებს საკმარისად არ მიაჩნიათ. ისინი თვლიან, რომ ახალი საკანონმდებლო ბაზის შექმნამდე ჯანდაცვის სფერო ვერ გაჯანსაღდება და ვერც პოლიგრამაზიასთან (ზედმეტი წამლების გამოწერა) ბრძოლა გამოიღებს შედეგს.

ექიმების მიერ ზედმეტი მედიკამენტების გამოწერის პრობლემაზე ჯანდაცვის მინისტრი უკვე მერამდენედ ამახვილებს ყურადღებას. დაზღვევის სფეროს ერთ-ერთ სუსტ რგოლზე დავით სერგეენკო შარშანაც საუბრობდა.

ძნელად სავარაუდოა, რამდენად მოხერხდება ამ რთული სენის დაძლევა. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ კლინიკები, ფარმაცევტული და სადაზღვევო კომპანიები ერთი ჯგუფის ხელშია, პრობლემის მოგვარება საკმაოდ ძნელად წარმოსადგენია. ასე საუბრობენ ექსპერტები, თუმცა ჯანდაცვის მინისტრს მიაჩნია, რომ პრობლემა გადაიჭრება.

დავით სერგეენკოს განცხადებით, ექიმების მხრიდან მედიკამენტების არარაციონალურად გამოწერის შემთხვევების აღმოსაფხვრელად კონკრეტული გეგმა უკვე შემუშავებულია. მისი თქმით, წლის ბოლომდე პოლიპრაგმაზიასთან ბრძოლის მძლავრი ინსტრუმენტი - რეცეპტული სისტემა - ყველა კლინიკისთვის სავალდებულო გახდება.

"ელექტრონული ჯანდაცვის და მისი ერთ-ერთი შემადგენელი რეცეპტების მოდული დასრულებულია და გააქტიურებულიც. სექტემბრიდან მოყოლებული 3-4-მა კლინიკამ გამოთქვა პროექტში ჩართვის სურვილი, რაც ნებაყოფლობითი იყო. ვადასტურებ, რომ ელექტრონულ ჯანდაცვაში ჩართვა წლის განმავლობაში იქნება აუცილებელი პირობა. ეს გახდება სავალდებულო, საბოლოო ჯამში კი, გვექნება უმძლავრესი ინსტრუმენტი პოლიპრაგმაზიასთან და არა მარტო მასთან ბრძოლის კუთხით", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

მინისტრი გამოსავალს პირველადი ჯანდაცვის განვითარებასა და წამლების ფასების შემცირებაში ხედავს. სულ ახლახან გახდა ცნობილი, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, შესაძლოა, 10-მდე კლინიკა გამოეთიშოს, რომელზეც დავით სერგეენკომ კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე ისაუბრა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მან კლინიკების მხრიდან გამოვლენილ ხარვეზებზე გაამახვილა ყურადღება.

ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთი სერიოზული ხარვეზი სწორედ ზედმეტად გამოწერილ წამლებს უკავშირდება, რასაც დარგის სპეციალისტებიც ადასტურებენ.

ბოლო წლებში საქართველოში წამლების ჭარბად მიღება ადამიანთა დიდი ნაწილის ცხოვრების წესად იქცა. ექიმთან ყველა ვიზიტი, როგორც წესი, რამდენიმე სხვადასხვა მედიკამენტის გამოწერით მთავრდება. ცივილიზებული მსოფლიოსგან განსხვავებით, სადაც წამლის მიღება მხოლოდ გართულების დროს არის დასაშვები, საქართველოში ჯანმრთელობის მდგომარეობის უმნიშვნელოდ გაუარესების შემთხვევაშიც კი, ექიმი პაციენტს კლინიკიდან პირდაპირ აფთიაქში აგზავნის და იქვე წამლების საკმაოდ გრძელ სიას ატანს.

სპეციალისტების თქმით, ეს არა მხოლოდ ადამიანების ჯიბეს აცარიელებს, არამედ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასაც იწვევს. გარდა ამისა, ასეთი პრაქტიკა ზოგადად ექიმების იმიჯზეც მოქმედებს, რადგან მათ არაპროფესიონალიზმსა და სააფთიაქო ქსელებთან შეთანხმებაში ადანაშაულებენ.

ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტი, ექსპერტთა კლუბის წევრი მარინა ბერაძე ამბობს, რომ ჭარბი რაოდენობით წამლების გამოწერის პრობლემა ძალიან აქტუალურია და ამის მიზეზად კონკურენციის სააგენტოს უმოქმედობას ასახელებს.

"ფაქტი, რაზეც ჯანდაცვის მინისტრი საუბრობს, კარგა ხანია დადასტურებულია. ეს არ არის დღევანდელი მოვლენა. დიდი ხანია, ამ მხრივ სერიოზული პრობლემაა ქვეყანაში. დღეს რომ ექიმები პაციენტებს ბევრ წამალს უწერენ, ეს კონკურენციის სააგენტოს უმოქმედობის ბრალია. როდესაც ფარმაცევტული კომპანია ფლობს კლინიკასა და სადაზღვევო კომპანიას, ის არის მოტივირებული, რაც შეიძლება მეტი წამალი გაასაღოს.

ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ასეთი კარტერული გარიგებები და რამდენიმე მსხვილი კომპანიაც ამ მეთოდით არეგულირებს ფასს. თუკი მინისტრი გვეტყვის, როგორ აპირებს პრობლემის მოგვარებას, რეფორმის ეფექტურობაში ეჭვს ვერ შევიტანთ. პირველ რიგში კი, საჭიროა, საკანონმდებლო ბაზის შექმნა, ცვლილებები კანონში. ეს თუ არ მოხდა, ჯანდაცვის სისტემას ვერაფრით გამოვაჯანმთელებთ", - აცხადებს ბერაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×