ნინო ქეთელაური
21.01.2017

 ვირუსების გამო, საავადმყოფოებში მოქალაქეთა მომართვიანობის მატებას თებერვლის მეორე ნახევარში ელოდებიან, თუმცა, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აცხადებს, ეს საგანგაშო არ არის.

მისივე განცხადებით, ამჟამად ყოველ 100 ათას მოქალაქეზე მიმართვის მაჩვენებელი 200-300 ადამიანს შეადგენს, რაც გასული წლის მონაცემებთან შედარებით დაბალია.

"ამჟამად წყნარი პერიოდია და ყოველ 100 ათას მოქალაქეზე მომართვის მაჩვენებელი 200-300 ადამიანს შეადგენს. ვირუსული ინფექციების პიკი იყო გასული წლის დეკემბერში, როდესაც მომართვა ყოველ 100 ათას მოქალაქეზე 400 ადამიანს შეადგენდა, თუმცა ეს პერიოდი გამოვიარეთ. შესაძლოა, გარკვეული აქტივობა თებერვლის მეორე ნახევარში კვლავ იყოს, თუმცა ეს საგანგაშო ნამდვილად არ არის", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

როგორც დაავადებთა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, 2016 წელს ვირუსული ინფექციების გამო 4 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა.

რაც შეეხება ინფორმაციას, რომ ბათუმში 2 ადამიანი ვირუსული ინფექციით გარდაიცვალა, არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ წელს არცერთი ფატალური შემთხვევა არ ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ბათუმში მწვავე პნევმონით 2 ადამიანი გარდაიცვალა. აჭარის ტელევიზიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ისინი გრიპის ვირუსით დაიღუპნენ, რასაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ პნევმონიით გარდაცვალება ხდება როგორც ზამთრის სეზონზე, ისე ზაფხულში - "გრიპი ეს არის მწვავე ვირუსული დაავადება, პნევმონია კი შეიძლება ვირუსის გარეშეც დაემართოს ადამიანს".

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ტრადიციულად რეკომენდაციებით მიმართავს და ჰიგიენური ნორმების გამკაცრებისკენ, ასევე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისთვის თავის არიდებისკენ მოუწოდებს.

რაც შეეხება მედიკამენტებს, პაატა იმნაძე მოქალაქეებს ურჩევს, რომ ანტიბიოტიკების ზედმეტი დოზის მიღებისგან თავი შეიკავონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×