საფრანგეთის „ნაციონალური ფრონტის" ლიდერმა, მარინ ლე პენმა ევროპელ ამომრჩეველს გამოღვიძებისკენ მოუწოდა და ურჩია, რომ ამერიკელებს მიბაძონ. ლე პენის განცხადებას სააგენტო „როიტერსი" ავრცელებს.
ლე პენი გერმანიის ქალაქ კობლენზში, ევროპელი მემარჯვენე ლიდერების შეხვედრაზე იმყოფებოდა. მან რამდენიმე ასეულ მხარდამჭერს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას „დომინოს ეფექტი" ექნება.
„2016 წელი ანგლო-საქსური მსოფლიოს გამოღვიძების წელი იყო, დარწმუნებული ვარ, რომ 2017 წელს კონტინენტური ევროპი გამოიღვიძებს"-განაცხადა ლე პენმა.
„ნაციონალური ფრონტის" ლიდერმა კიდევ ერთხელ, დადებითად შეაფასა „ბრექსითი" და აღნიშნა, რომ ეს სუვერენული ხალხის უფლება იყო. მათ საკუთარი ბედი თავად გადაწყვიტეს.
„ცვლილებების მეორე ტალღა დიდი ხნით არ დააყოვნებს. ტრამპის პოზიციები ევროპის მიმართ ნათელია. მისთვის მიუღებელია ხალხთა რეპრესიული სისტემა"-აღნიშნა ლე პენმა.