ძვ. წ.II| ათასწლეულის ბოლოს ქართველურ ტომთა განსახლების ადგილას ჩნდება დიდი გაერთიანება, რომელიც ადრეკლასობრივი სახელმწიფოს წარმოქმნით მთავრდება. მას ურარტული ლურსმული წარწერები დიაოხს უწოდებენ, ძველი ბერძნები - ტაოხს. ეს უკანასკნელი სხვა არა არის რა, თუ არა ისტორიულ პროვინცია ტაო.
ქართველი ტომები პირველად სწორედ ასურულ წყაროებში იხსენიებიან. ძვ. წ-აღ-ის 1112 წელს ასურეთის მეფეს ტიგლათფილესერს დიახოს მეფე სიენი დაუტყვევებია, დატყვევებული ხელისუფალი აშურში წაუყვანია. როგორც ჩანს, იქ სიენი და ტიგლაფილესერი გარკვეულ პირობებზე შეთანხმებულან, რასაც დიაოხის მეფის გათავისუფლება მოჰყოლია.
კლდეზე ამოკვეთილი წარწერა, სადაც ეს ამბავია მოთხრობილი, ჯერჯერობით საქართველოს ისტორიის ჩვენამდე მოღწეული პირველი წერილობითი არტეფაქტია, რომელიც გარდა საჭირო ინფორმაციისა, სიცარიელის განცდასაც ტოვებს.
ბუნებრივია, ჩნდება უამრავი კითხვა როგორც დიაოხის, ისე ასურეთის მიმართ. და ეს ყველაფერი საინტერესოა იმ დროინდელი მსოფლიო პოლიტიკური პროცესების ჭრილში.
როგორ ყალიბდებოდა ქართველურ ტომებში ერთიანობის განცდა
აშკარაა, დიაოხი ყველაზე ძლიერ მეტოქეობას უწევს ასურეთს, ეს კარგად ჩანს კლდეზე ამოკვეთილი ლურსმული წარწერით, სადაც ტიგლატფილესერი გვამცნობს: "...ღვთაება ასურის შემწეობით - სამყაროს ოთხივე მხარეზე სამართლიანად ვმბრძანებლობ... ნაირის ქვეყნების 23 მეფე გამომეგება საომრად... მათი მეომრების გვამები მივფანტ-მოვფანტე, ხელთ ვიგდე 120 საბრძოლო ეტლი. ურიცხვი პირუტყვი წამოვიყვანე. ნაირის ყველა მეფე დავატყვევე, მაგრამ შევიწყალე, სიცოცხლე შევუნარჩუნე და გავათავისუფლე. სიენი, მეფე დაიაენის ქვეყნისა, რომელიც არ ემორჩილებოდა ღვთაება ასურს, ჩემს მეუფეს, ქალაქ ასურში წავიყვანე და იქ შევიწყალე"...
ამ დოკუმენტიდან ცალსახად შეიძლება დავასკვნათ, რომ ეს არ უნდა იყოს დიაოხისა და ასურეთის პირველი დაპირისპირება. ამ სამხედრო გაერთიანების შექმნას დრო სჭირდება და ბუნებრივია, თუ გავითვალისწინებთ იმდროინდელ რეალობას და კომუნიკაციის საკმაოდ დაბალი რანგის საშუალებებს, ის ქაოტურად, მყისიერად, ტიგლათფილესერის შემოსევისას ვერ შეიქმნებოდა. 120 სამხედრო ეტლიც არაა იმ პერიოდისთვის სახუმარო საქმე. ესეც გაერთიანებული ტომების ერთიანი შეიარაღებაა.
დიაოხი საკმაოდ კარგად ორგანიზებული ტომთა გაერთიანებაა, რაც მათი უსაფრთხოების მთავარი პრევენციაა. ეს უკვე ცივილიზებული აზროვნებისა და კულტურის დასტურია. იმის განცდა, რომ მტერს ყველა ერთიანად უნდა დაუხვდეს, რომ ერთიან ძალით გამოსვლა ყველა ტომის ინტერესშია, სულ სხვა რეალობაში წარმოაჩენს უძველეს ქართველთა ფსიქოლოგიას.
ამბავი პირველი მილიტარისტი ასურელებისა
დიაოხის მეტოქე ასურეთი იმ პერიოდის უძლიერესი და რაც მთავარია პირველი მილიტარისტული სახელმწიფოა. ასურეთი ჩამოყალიბდა ქრისტეშობამდე IIათასწლეულისას ჩრდილო მესოპოტამიაში ტიგროსის შუა წელზე. ასურელები სემიტური ტომები იყვნენ. სემიტები ნოეს ერთ-ერთი შვილის სახელის მიხედვით ეწოდათ აქადელებს, ასურელებს, არაბებსა და ებრაელებს. სწორედ სემიტები აარსებენ თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე სახელმწიფოს, რომელსაც ასურელებმა თავიანთი ღმერთის სახელი აშური უწოდეს.
წინა აზიაში ასურეთი მეცხრე საუკუნიდან დაწინაურდა. ამ პერიოდიდან აღწევს განსაკუთრებულ ძლიერებას და შიშის ზარს სცემს იმდროინდელ მსოფლიოს მანამ, სანამ ახალმა ბაბილონურმა სამეფომ, მიდიელ და სკვითურ ტომებთან ერთად წერტილი არ დაუსვა უსასტიკესი და უძლიერესი სახელმწიფოს არსებობას.
ასურეთი თავისი ძლიერების ხანაში იპყრობს არაბ დამასკოს, ისრაელს, ურარტუს, ფინიკიის ქალაქებს ტიროსს, სიდონს, ბიბლოსს, ძვ.წ-აღ-ის 689 წელს ანგრევენ ბაბილონს, მოხარკედ აქცევენ კვიპროსს.
ასურეთის იმპერია გადაჭიმული იყო სპარსეთის ყურიდან ხმელთაშუა ზღვის სანაპირომდე, მათ გაანადგურეს იმჟამინდელი მსოფლიოს საუკეთესო ქალაქი ბაბილონი და წყვედ წაიყვანეს ებრაელები. მათ ხარკს უხდიდა ეგვიპტის ფარაონიც. საგულისხმოა, რომ მანამდე ასეთი მასშტაბებისთვის არცერთ იმპერიას არ მიუღწევია. მათ ჰყავდათ საუკეთესო არმია და საუკეთესო მეომრები, ამასთან ისინი გამოირჩეოდნენ ბრძოლის უსასტიკესი მეთოდებით.
ბუნებრივია იბადება კითხვა - სად უნდა ვეძიოთ ასურელების ძლიერების სათავე? რა ფაქტორებმა განაპირობა მათი დაწინაურება და ამბიციები იმდროინდელი მსოფლიოს ბატონ-პატრონები ყოფილიყვნენ?
როგორ გამოიყენა სტრატეგიული მდებარეობა ასურეთმა
ასურელთა დაწინაურებისა და ამბიციის სათავე გამორჩეული გეოგრაფიული მდებარეობა გახლდათ, რამაც მათ საშუალება მისცა საკუთარი კონტროლის ქვეშ სრულად მოექციათ იმ პერიოდისთვის ყველაზე ძვირფასი ნივთით, რკინის ვაჭრობა. ეს ის ხანაა, როცა რკინა ოქროზე ხუთჯერ ძვირია, ვერცხლზე - ოცჯერ.
ლითონი უმთავრესად წინა აზიიდან შემოჰქონდათ მესოპოტამიაში, რკინის ირაღი განსაკუთრებულ უპირატესობას სძენდა მის მფლობელს როგორც სამხედრო, ასევე სამეურნეო საქმიანობისას, ამდენად მასზე მოთხოვნა განუზომლად დიდი გახლდათ.
ჯერ კიდევ მანამ, სანამ ძლიერებას მოიპოვებენ, ქრისტეშობამდე XIV-XII ს-ისას, სწორედ ასურელები იწყებენ მესოპოტამიაში რკინის შემოტანას, მათ ეს საქმე შემოსავლის წყაროდაც აქციეს. საგულისხმოა რომ ისინი საკმაოდ გამართულ მექანიზმს ქმნიან, რაც უადვილებთ საქმიანობას.
როგორ შესძინა რკინამ განსაკუთრებული ფუნქცია ასურეთს
ვაჭრობის უკეთ ორგანიზების მიზნით ასურელებს ორი სახის ფაქტორია - კოლონია ჰქონდათ ხეთების სამეფოში / ერთი ქარუმი - რომელსაც გააჩნდა საქალაქო ტიპის ავტონომია და მეორე ვაბართუმი - უბანი, რომელსაც ფაქტობრივად არანაირი უფლება არ გაჩნდა.
უცხოელებთან ურთიერთობის ცენტრი ქალაქი ქანესი გახლდათ - დღევანდელი ქულთეფე თურქეთში, სწორედ ქანესის ქარუმი იყო ამ საქმის მთავარი ორგანიზატორი.
საგულისხმოა, რომ ქანესში აღმოჩნდა ასურელთა საკმაოდ დიდი არქივი, სადაც თვალსაჩინოდაა წარმოდგენილი ის საქმიანობა და ყოფა, რითაც ასურელები ხალხი იყო დაკავებული. ასეთი ტიპის ქარუმები ბევრგან იყო, ისინი ადგილობრივ ცენტრალურ მმართველობას ემორჩილებოდნენ. ამ სავაჭრო კოლონიების ამოცანა გახლდათ მოემარაგებინა ახლო აღმოსავლეთი და მისი მიმდებარე ტერიტორია რკინით. განსაკუთრებით წამყვანი როლი სემიტ ვაჭრებს ეკისრათ.
ლითონის სანაცვლოდ ანატოლიაში შემოჰქონდათ კალა, შუამდნარეთიდან შალი და სელის ქსოვილი, საქონელი სახედრებით გადაჰქონდათ. ვაჭრობა საკმაოდ განვითარდა და მცირე აზია სავაჭრო ქსელით დაისერა. ვაჭრობაში აქტიურდ იყვნენ ჩართულნი ადგილობრივი ვაჭრებიც.
კარგი რკინა სალმანასარ პირველისათვის
არსებობდა სხვადასხვა ტიპის რკინა - ცის - მეტეორიტული, ასვე მადნეული წარმოშობის, რომელიც სხვადასხვა ხარისხის იყო. იყო შავი რკინა, კარგი რკინა, კერის რკინა.
კარგი რკინა - სავარაუდოდ ფოლადი - იშვიათი იყო. კარგი რკინის დნობის ტექნოლოგია მხოლოდ ხეთებმა და ქართველურმა ტომებმა, ხალიბებმა იცოდნენ. შემორჩენილია ლურსმული დამწერლობის ერთ-ერთი არტეფაქტი, საიდანაც ვიგებთ, რომ სწორედ კარგ რკინას სთხოვს ასურეთის მეფე სალმანასარ | ხეთების მეფე ხათუსილი III, რაზეც ის პასუხობს - ჩემს ქალაქში ქიცუვანთაში კარგი რკინა არ არის, კარგი რკინა რთული გასაკეთებელია, მე უკვე გავეცი ბრძანება დაიწყონ ასეთი რკინის გაკეთება, მათ ჯერ არ დაუსრულებიათ საქმე. როგორც კი დაასრულებენ საქმეს, მაშინვე გამოგიგზავნიო. ამჟამად კი გიგზავნით რკინისაგან დამზადებულ სატევრის პირებსო.
აშკარაა, რომ რკინის მადნის მოპოვება ხეთების ტერიტორიაზე ხდებოდა. სავარაუდოდ მის ჩრდილოეთ რეგიონებში, სადაც ქართველური ტომები ხალიბები ბინადრობდნენ. არ არის გამორიცხული, რომ რკინის მადნის შემოტანა მეზობელი ტერიტორიიდანაც ხდებოდა. კერძოდ, სამხრეთ დასავლეთ საქართველოდან. აქ რკინის მადნის უძველესი კერა გახლდათ, არქეოლოგიური მონაცემებით დადასტურებულია, რომ რკინის მეტალურგია საქართველოში ძვ.წ-აღ-ით მე-XVIII| საუკუნიდან იწყება.
რატომ გაცვალეს ასურელებმა მიწათმოქმედება დაპყრობით პოლიტიკაზე
გარდა ვაჭრობისა, უძველესი ასურელები მიწათმოქმედებითაც არიან დაკავებულნი. არქეოლოგიური მონაცემებით კარგად ჩანს, რომ ასურეთის ტერიტორიაზე სამიწათმოქმედო კულტურა ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე IVათასწლეულიდან არის განვითრებული. განვითარებულია მესაქონლეობაც. აშკარაა, რომ ამ ტრადიციას ასურეთმა ვერ უერთგულა ის სულ სხვა რელსებზე - მილიტარისტურ მისწრაფებებზე გადაეწყო.
რატომ მოხდა ასე? რატომ უგანეს ასურელებმა თავიანთ მამაპაპეულ საქმიანობას? ამ კითხვაზე სხვადასხვა პასუხი აქვთ მეცნიერებს, ყველაზე სარწმუნო კი ის გახლავთ, რომ ასურელები სრულიადაც არ არიან იმ ხალხის მემკვიდრენი, რომელთაც ასეთი მაღალი დონის სამიწათმოქმედო კულტურა გააჩნდათ.
აქ თავის დროზე არასემიტურ ხალხებს - კერძოდ, ხურიტულ და სუბარულ ტომებს უნდა ეცხოვრათ. შემდეგ ხდება ამ ხალხის სემიტიზაცია - ერთი მხრივ დასავლეთიდან შემოჭრილი სემიტური ნაკადის ამორეველების მოძალებით, მეორე მხრივ კი აღმოსავლეთ სემიტური ნაკადის - ბაბილონელების (აქადელების) ექსპანსიით.
სწორედ ამის შედეგი გახლდათ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა სემიტურს შეერია. აქადური ენა კომუნიკაციის ძირითადი საშუალება გახდა, ბუნებრივია, აქადელებმა თავიანთი კულტურა და რელიგიური წარმოდგენები დაამკვიდრეს ადგილობრივ მოსახლეობაში.
ასურეთის სემიტიზაციის პროცესი ძვ წ-აღ-ის III ათასწლეულის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ ასურეთზე გადიოდა იმ პერიოდისთვის უმნიშვნელოვანესი გზა, რომელიც ბაბილონს მცირე აზიასთან აკავშირებდა.
როგორ იწყებოდა მსოფლიოში ღირებულებათა გადაფასების ერთ-ერთი პირველი მცდელობა
აშური ტიგროსის სანაპიროზე მდებარე ასურელების მთავარ ქალაქია, ქვეყნის საერთო სახელდებაც ამ ტოპონიმიდან წარმოსდგება. წყაროებში ასურეთი "ასურის ქვეყნად" მოიხსენიება.
ასური საქალაქო თემი იყო, სავაჭრო საქმიანობა კარგი წინაპირობა გახლდათ იმისთვის, რომ განსაკუთრებით გაღრმავებულიყო ქონებრივი დიფერენციაცია. ერთი ფენის გამდიდრება სხვათა გაღარიბებას იწვევდა. ეს მოვლენა მას შემდეგ გაღრმავდა, როცა გავრცელდა ვალის აღება, მოსახლეობის დიდი ნაწილი არცთუ იშვიათად ვერ აბრუნებდა ვალს, რის გამოც მათი სოციალური სტატუსი იცვლებოდა - ასე ყალიბდებოდა მონათა კლასი. შუა ასურულ ხანაში მეორე ათასწლეულის მეორე ნახევრიდან ეს ტენდენცია მასშტაბურ სახეს იღებს.
ასურის საქალაქო თემის სათავეში მყოფთ იშაქუმებს უწოდებდნენ მათ ხელში იყო უმაღლესი საკულტო და სამხედრო თანამდებობები
ეს ის გარემოა, საიდანაც სულ მალე მსოფლიო ამბიციურ და სამყაროზე ბატონობის მოსურნე უძლიერეს და უსასტიკეს ასურეთს მიიღებს. ეს ის ასურეთია, რომელიც სულ მალე თავდაყირა დააყენებს იმ პერიოდის ეგვიპტურ სამყაროში დამკვიდრებული ზნეობრივ-ეთიკურ ნორმებს, შემწყნარებლობასა და ადამიანურ გრძნობებს რომ არის დაფუძნებული.
ასურეთს ულმობელი წესები და განწყობები შემოაქვს. აქ სისიტიკე, დაუნდობლობა, ულმობელი დამოკიდებულებებია ვაჟკაცობისა და უპირატესობის დამტკიცების მთავარი საშუალება. სულ მალე ცივილიზებულ მსოფლიოს ასურეთი განსხვავებული ღირებულებებით დაუპირისპირდება...