ლენინი: "იმის აღნიშვნა, რომ საქართველო საშინლად გათავხედდა, დაევალოს კომისიას, რომლის შემადგენლობაში იქნებიან ამხანაგი ტროცკი, ამხანაგი ჩიჩერინი და ამხანაგი სტალინი..."
ია აბულაშვილი
23.01.2017

 "რევოლუცია დღემდის ყველას ესმოდა ისე, რომ ეს იყო შინაურ ძალთა ჭიდილი, აჯანყება-აფეთქება. მაგრამ რევოლუცია, რომელიც გარეშე მომსვლელს შემოაქვს, შემოტანილი რევოლუცია არასოდეს რევოლუცია არ არის - ის არის ყველაგან და ყოველთვის დაპყრობა და ვერავითარ რევოლუციონურ ფრაზეოლოგიით არ შეიძლება ამის დამტკიცება, რომ მიზანი თქვენი შესვლისა იმ ქვეყანაში - მახვილით ხელში არის ის, რომ საფუძველს უყრით ახალ უკეთეს ცხოვრების შექმნას, - ეს მაინც არის დაპყრობა, პირწავარდნილი დაპყრობა სოციალისტურ ქურქში გახვეული იმპერიალისტებისა", - ეს სიტყვები ეკუთვნის ცნობილ ქართველ ფილოსოფოს შალვა ნუცუბიძეს, რომელიც გამოქვეყნდა გაზეთ "სახალხო საქმეში".

შვიდი ათეული წლის მანძილზე არც საბჭოთა ისტორიოგრაფიაში და არც საბჭოთა პრესაში არასად არ ეწერა, რომ 1921 წელს საქართველოში არავითარი სახალხო აჯანყება არ ყოფილა, და, რომ დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუციური მთავრობა საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის ნაწილებმა დაამხეს, ანდა წითელმა არმიამ საქართველოს ოკუპაცია მოახდინაო. არც ის, რომ ამ საქმეში განსაკუთრებული როლი აქვთ შესრულებული ქართველ ბოლშევიკებს - იოსებ ჯუღაშვილს, სერგო ორჯონიკიძეს, ფილიპე მახარაძეს და სხვებს.

მაინც რა ხდებოდა საქართველოში, იმ ბობქარი 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ და რა მზაკვრულ გეგმებს აწყობდნენ რევოლუციის მამები კრმელში, ამის შესახებ რამდენიმე ნაკლებად ცნობილი ამბები გვინდა შევახსენოთ ჩვენს მკითხველს დღევანდელ სტატიაში.

როგორც ისტორიკოსი გიორგი საითიძე ამბობს, ამ "მამულიშვილთა" ანსამბლში პირველი ხმა ორჯონიკიძეს ეკუთვნოდა, რომელიც ტელეგრაფის აპარატთან მიმჯდარი, სისტემატურად, დიდი გულმოდგინებით აწვდიდა ცნობებს მოსკოვს, კრემლს თუ რა ხდებოდა საქართველოში. თანაც ასეთივე დაჟინებით მოითხოვდა ხელმძღვანელი ცენტრისგან, ნება დაერთოთ, დემოკრატიული საქართველოს კანონიერი მთავრობის ძალით დამხობისა.

ამის უამრავი ფაქტი არსებობს, თუნცდაც ის, პირდაპირი მავთულით ორჯონიკიძე როგორ ესაუბრა სტალინს და როგორი სიხარულით მოახსენებდა მას, რომ "ჩაგრულთა დამცველი წითელი არმიის გამოჩენამ საქართველოს ტერიტორიაზე აუწერელი აღტაცება და ზეიმი გამოიწვია, გლეხები კი თავიანთ მხსნელებს პურ-მარილით ხვდებიანო."

ყველაფერ ამას, კი წინ უსწრებდა ბოლშევიკების მზაკვრული ჩანაფიქრი, დროის გაყვანისაკენ მიმართული, რათა შესაფერისი პირობები შეექმნათ არსებული ხელისუფლებისა და წესწყობილების დასამხობად. ამ ჩანაფიქრის დაუგვიანებელი განხორციელებისათვის განსაკუთრებით აქტიურობდნენ ისეთი მტკიცე ლენინელების თავკაცები, როგორებიც იყვნენ სტალინი, ორჯონიკიძე, ცხაკაია, მახარაძე და სხვები. ასევე რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა თბილისში, ელჩ კიროვის ხელმძღვანელობით. მათი დამსახურება იყო არაეითარი შეირაღებული აჯანყების ინსპირირება.

დამოუკიდებლობის მოკლე პერიოდის მიუხედავად, საქართველომ მრავალ წარმატებას მიაღწია პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, სამხედრო, სამართლებრივ და სხვა სფეროებში. მისი დამოუკიდებლობა არა მარტო დე ფაქტოდ, არამედ დე იურედაც იქნა აღარებული მსოფლიოს არაერთი სახელმწიფოს მიერ. ხოლო როცა ერთა ლიგამ საქართველოს დამოუკიდებლობა დე-იურედ აღიარა, ეს იყო ბოლო წვეთი, რომელმაც მოთმინების ფიალა აუვსო რუსეთის ბოლშევიკურ ხელისუფლებას და დღის წესრიგში დააყენა საქართველოს დასჯის საკითხი.

სწორედ ამის შემდეგ ლენინი წერს რკპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის პლენუმის დადგენილების პროექტს საქართველოს შესახებ:

"დაევალოს საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატს გააჭიანუროს ურთიერთობის გაწყვეტა საქართველოსთან. ამასთან სისტემატიურად შეკრიბოს ზუსტი მასალა მის მიერ ხელშეკრულების დარღვევის შესახებ. შევეკითხოთ კავკასიის ფრონტს, რამდენად მომზადებული არიან ჩვენი არსებული სამხედრო ძალები საქართველოსთან დაუყოვნებლივი ან მოახლოებული ომისთვის. ამ საკითხის ჩამოყალიბება, ამასთან იმის აღნიშვნა, რომ საქართველო საშინლად გათავხედდა, დაევალოს კომისიას, რომლის შემადგენლობაში იქნებიან ამხანაგი ტროცკი, ამხანაგი ჩიჩერინი და ამხანაგი სტალინი. მივცეთ დირექტივა რესპუბლიკის სამხედრო-რევოლუციურ საბჭოს და კავკასიის ფრონტს, თუ საჭირო იქნება, მოემზადონ საქართველოსთან ომისათვის..."

"საშინლად გათავხედებული საქართველოს" დასასჯელად კი სტალინი ბაქოში მყოფ ორჯონიკიძეს უდეპეშებს:

"ცეკამ მიიღო გადაწყვეტილება, გასწიოს მოსამზადებელი მუშაობა იმ ვარაუდით, რომ შესაძლოა საჭირო შეიქნეს სამხედრო ჩარევა და საქართველოს ოკუპაცია. გადაწყდა აგრეთვე შეკითხვა გაუგზავნოთ კავკასიის ფრონტს ჩვენი სამხედრო ძალების მდგომარეობაზე, იმაზე, თუ რა ძალები დაგვჭირდება კიდევ, რომ უეჭველად დავამარცხოთ საქართველო... მე და ილიჩი ველით შენგან ზუსტ, გაუზვიადებელ ცნობას".

ასე გადაწყდა საქართველოს დამოუკიდებლობის დამხობა და ბოლშევიკური რუსეთის მიერ მისი ოკუპაციის საკითხი, დანარჩენი კი ტექნიკის საქმე იყო და ეს დღეც მალე დადგა...

"რუსეთის ერთიანობის აღდგენისა და განმტკიცებისათვის თავდადებულმა მოღვაწემ იოსებ ჯუღაშვილმა თავის მშობლიური ენის ცოდნა იმაში გამოიყენა, რომ მოსკოვიდან ბაქოში გაგზავნილ ტელეგრამაში ორჯონიკიძეს ქართულად აცნობა: "დასტურია, მიდი, აიღე ქალაქი", - ამბობს ისტორიკოსი.

მერე რაც მოხდა, ეს ყველამ ვიცით და ამის არდავიწყებაში დიდი როლი მიუძღვის საბჭოთა საქრთველოს რესპულიკის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, რომლებიც მთელი 70 წლის მანძილზე, ყოველ საბჭოთა საქართველოს დაბადების დღეს რომ ახსენებდნენ საქართველოს მოსახლეობას "ერთი ქართველის მიერ" კრემლში გაგზავნილი ტელეგრამის ტექსტს - "საქართველოს თავზე წითელი დროშა ფრიალებს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×