ხელოვნების არც ერთ სხვა დარგში არ გამომჟღავნებულა ისე მკაფიოდ და ასეთი სისრულით ჩვენი ხალხის ეროვნული გენია, როგორც ეს პოეზიაში მოხდა. არც ერთ სფეროს არ მიუღწევია ისეთ მწვერვალადმდე, როგორც იგი აიყვანა გალაკტიონ ტაბიძემ - ასე აფასებდნენ კრიტიკოსები მეოცე საუკუნის "პოეზიის მეფის", გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებას.
გარდა მისი შემოქმედებისა, მასზე უამრავი ლეგენდაც არსებობს, და რამდენიმე მათგანს ამბად გაგონილს შემოგთავაზებთ დღევანდელ სტატიაში.
"ერთხელ მწერალთა კავშირში ჩემი ლოთობის საკითხი განიხილეს, ზოგი ჩემს გარიცხვას ითხოვდა კიდეც. თუ სმას თავს არ დაანებებს, გავრიცხოთო. გოგლა ამდგარა და უთქვამს: "კარგი დავუშვათ, გავრიცხეთ, მერე რას ვშვებით! ვიღაცას უთქვამს, მერე რა მოხდა, უგალაკტიონოდ მწერალთა კავშირი ვერ იარსებებსო? გოგლას უთქვამს: "მაშინ ამ კავშირს სახელი გადავარქვათ, ფხიზელი და არამსმელ მწერალთა კავშირი დავარქვათ. გალაკტიონი გინდა კავშირის წევრი იყოს, გინდა არა, მაინც გალაკტიონი დარჩება, იმათ იკითხონ, ათტომეულები რომ გამოუციათ უკვე და გალაკტიონის ერთი ლექსის საღირალი ჯერაც ვერ დაუწერიათ. რომც გარიცხოთ, რა უნდა წაართვათ, ერთი კაბინეტი აქვს ამ შენობაში და იქაც თვეში ერთხელ შემოივლის-ხოლმე. ნიჭს მაგას ვერავინ წაართმევს, ჩვენ ვიკითხოთ, მაგის ხელნაწერები ხელიდან ხელში გადავა ხალხში" - ასე იხსენებდა გალაკტიონი მწერალთა კავშირიდან მისი გარიცხვის ამბავს.
ამის შემდეგტ ამდგარა ირაკლი აბაშიძე და უთქვამს - თემა დახურულია. ვერდიქტი გამოტანილია; გალაკტიონი რჩება კავშირის წევრადო.
გოგლა ლეონიძე ძალიან უყვარდა გალაკტიონს. ამბობდა, ვაჟკაცი კაცია, ერთხელ არ უთქვამს გალაკტიონი ლოთიაო. კახეთში ან თბილისში პურმარილს რომ გამართავდა გოგლა, არ იქნებოდა, რომ გალაკტიონი არ მიეპატიჟა; გალაკტიონიც თავის მხრივ პატივს სცემდა - გოგლა რომ დაპატიჟებდა, იმ დღეს არ სვამდა, ამბობდა, ჩემს გოგლას არ ვაწყენინებ, დღეს არ დავლევ, ფხიზელი უნდა მივიდეო. სხვისი პურმარილი სულ არ ადარდებდა, დათვრებოდა დილიდან, მივიდოდა და აურევდა კიდეცო.
საფრანგეთიდან ჩამოსული მწერლები თურმე მაჩაბლის ქუჩაზე მწერალთა კავშირის სახლს ეწვივნენ. შეხვედრის დროს გაფაციციებით ეძებდნენ გალაკტიონს, პოეტი კი ამ დროს მოედანზე ვიღაცეებთან ერთად სვამდა. როგორც იქნა მოძებნეს, მაგრამ ვერაფრით ვერ დაითანხმეს ფრანგებთან შესახვედრად. ბოლოს მაინც მისულა, შევიდა თუ არა დარბაზში, ყანწი აუღია და სადღეგრძელოს მაგივრად ექსპრომტად ლექსი წაუკითხავს და უკან გამობრუნებულა.
ვერაზე წიგნის მაღაზიაში ნოდარ დუმბაძე ლერმონტოვის წიგნს ყიდულობდა. ამ დროს შესულა გალაკტიონიც და მისალმებია ნოდარ დუმბაძეს. - ლერმონტოვი გამოსულა ქართულად, უნდა ვიყიდო, თქვენ ხომ არ გნებავთო - უთქვამს დუმბაძეს. - წამოდი ბიძიკო ჩემთან, მკლავში გაუყრია ხელი გალაკტიონს და ვერის ბაზრის გვერდით ლუდხანაში შესულან.
იმ წიგნის საყიდელ ფულსაც და ბევრ სხვასაც წირვა რომ გამოუყვანეს, გალაკტიონს დუმბაძისთვის უთქვამს ღიმილით. - ლერმონტოვი, პუშკინი და ტოლსტოი რუსულად უნდა იკითხო, ძამიკო, გალაკტიონი კი ქართულად, მხოლოდ ქართულადო.
გალაკტიონ ტაბიძე და კონსტანტინე გამსახურდია ერთად ისვენებდნენ თურმე წაღვერში. ყოველ დილით კონსტანტინე გალაკტიონს ასე ესალმებოდა - გამარჯობა ლომო! გალაკტიონი კი პასუხობდა- გაგიმარჯოს ვეფხვო! ასე გაგრძელებულა დიდხანს. გამსახურდიას მოსწყინდა თურმე როდემდის უნდა იყოს ის ლომიო და ერთ დილას ასე მიესალმა - გამარჯობა ვეფხვო! გალაკტიონს კი უპასუხია - გაგიმარჯოს კოწია!
გასული საუკუნის 50-იანი წლებია, საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს რიგით არჩევნები ტარდება. საარჩევნო უბანი გახსნილია მაშინდელი პლეხანოვის პროსპექტზე მდებარე რკინიგზის სკოლაში. პლეხანოვზე, კრილვის ქუჩაზე ცხოვრობდა მაშინ გალაკტიონი და აქ უნდა მიეცა ხმა. არჩევნები როგორც წესი "მაღალი აქტივობით" ტარდებოდა და შუადღეს ხმის მიცემა თითქმის დამთავრებული იყო. მაგრამ ღამის 12 საათზე უნდა გაეხსნათ საარჩევნო ყუთი. საღამოს 10 საათია და აღმოჩნდა, რომ 5 ამომრჩეველს ხმა არ მიუცია, მათ შორის გალაკტიონ ტაბიძეს. კომისიის თავმჯდომარეს აგიტატორები გაუგზავნია მასთან სახლში. პოეტი სახლში არ დახვედრიათ და მეზობელს უთქვამს - საღამოობით მარჯანიშვილის მოედანთან სახინკლეში იქნებაო. მალე მოუძებნიათ, გალაკტიონი ორ მამაკაცთან ერთად ხინკალს და ლუდს მიირთმევდა. აგიტატორებს უთქვამთ, თქვენი ბიულეტენი არ არის ჩაგდებული, 12 საათზე იხურება საარჩევნო უბანი და გთხოვთ წამობრძანდითო. გალაკტიონს უსიამოვნოდ შეუხედავს და უთქვამს: " თქვენ წადით, მე ვიცი 12 საათზე სად ჩავაგდებ მაგ ბიულეტენსო".
როგორც ამბობენ ეს დიდი პოეტი ისეთი უმწეო ყოფილა ყოფით საკითხებში, რომ ნათურის შეცვლაც კი არ შეეძლო. ერთხელ შუქი ჩამქრალა და ნათურის გამოცვლის ნაცვლად, ამ თემას რვა გვერდიანი ტრაქტატი მიუძღვნა. ფარდების ჩამოსაფარებლად კი მთელი თვე ემზადებოდა, მის დღიურში ასეთი ჩანაწერიც არსებობს "გადაგმულია ნაბიჯი ფარდების ჩამოსაფარებლად".
კრილოვის ქუჩაზე 10 ნომერში, ცხოვრობდა გალაკტიონი. ამ დროს სამეზობლო დავა ჰქონია ვინმე შონიასთან. ვერაფერი რომ ვერ გააწყო ამ კაცთან, ასეთი შინაარსის წერილი მისწერა მაშინდელ ცეკას თავმჯდომარეს, ფილიპე მახარაძეს: "მაქვს ერთადერთი ოთახი, სადაც მძინავს და ვმუშაობ კიდეც. სხვა დამატებითი ფართობი არ მომეპოვება. საპერფარეშო წარმოადგენს ოთახის ბუნებრივ გაგრძელებას და არქიტექტურულად შედის მის ფართში. ეს გარემოება მეტ უფლებებს მაძლევს მე, შონიამ იცის, მაგრამ შეტევის ტაქტიკას ადგია, დავაშინებ და სრულიად ავუდგამ ფეხს საპერფარეშოდანო!..."
1957 წელს, გამომცემლობა "სახელგამში" (შემდეგ "საბჭოთა საქართველო". რედ.) გალაკტიონს მიუტანია თავის 9-ტომეულის მასალა, რომელიც უკვე გამოცემული ჰქონდა და უნდოდა, ეს ტომები ერთ დიდ წიგნად გამოეცა. 1958 წელს მისი ლიტერატურული მოღვაწეობიდან 50 წელი სრულდებოდა და ამ იუბილისთვის აპირებდა წიგნის გამოცემას. რა თქმა უნდა წიგნის გამოცემაზე უარი უთხრეს, მაგრამ შესთავზეს ერთი "რჩეული" წიგნის გამოცემა, რომლის გამოცემასაც პოეტი ვეღარ მოესწრო.
მანამდე კი, 1943 წელს გაუფორმებია ხელშეკრულება გამომცემლობა "სახელგამთან" მისი წიგნის გამოცემასთან დაკავშირებით; ეს წიგნი ყველას ახსოვს, მაშინ ასი მანეთი ღირდა და ძლიან დიდი თანხა იყო იმ დროისათვის, მაგრამ გამომცემლობას პროცენტები დაუქვითია და საშუალოდ ერთ სტრიქონში 5 მანეთი მიუღია.
"გთხოვთ ჩემი წიგნის "რჩეულის" გამოცემასთან დაკავშირებით გასწორებული იქნას ჩემთან საბოლოო ანგარიში. თქვენი გამოანგარიშებით წიგნში არის 15493 სტრიქონი, სტრიქონში მე ვთხოულობ 15 მანეთს, როგორც ამას იღებენ სხვა პოეტები თქვენგან. მითუმეეტეს, რომ ჩემი წიგნი იბეჭდება სამი წლის განმავლობაში და ასეთ წიგნს კი ყოველთვის ვეღარ დავწერ," - მიუწერია "სახელგამისთვის" გალაკტიონ ტაბიძეს.
გალაკტიონი ფულს - ფლურს ეძახდა. ფლური-ფლური, ეს წყეული ფული! ჰონორარიდან ჰონორარამდე გროშებს სესხულობდა ავანსად გამომცემლობის მოლარისაგან. ყველაზე დიდი თანხა, რაც ჯიბეში დებია, 28 მანეთი და 10 კაპიკი ყოფილა. როგორც მისი თანამდეროვენი ისხენებდნენ ალბათ ამან შთააგონა დაეწერა ეს სტრიქონები: "საუკუნეში ათასში ერთხელ ჩემგვარ გენიით ბრწყინავს პარტერი; საუკუნეში მხოლოდ ერთია ქვეყნად ჩემგვარი მილიარდელი".
გალაკტიონი გარდა წერისა ხატავდა კიდეც, სულ 1260 ნახატი შეუქმნია, მათ შორის 4 პორტრეტი. ხატავდა კარიკატურებსაც, მაგალითად იოსებ გრიშაშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის. განსაკუთრებით უყვარდა თაგვების ხატვა. ერთ-ერთ ნახატზე ასეთი მინაწერიც არის "მხურვალე სალამი, ჩემო ოლია, შენ მშვენივრად იცნობ ამ თაგვებს, რომლებიც ჩემს გვერდით ცხოვრობენ კრილოვის ქუჩაზე" - ეს იყო სურათი, სადაც სამი თაგვი, წიგნი და სასმელია დახატული.