ზამთრის ცივ თვეებში კომუნალური გადასახადები მკვეთრად მატულობს და უამრავ ოჯახს მატერიალურად ძალიან უჭირს. ქვეყანაში არსებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა ოჯახებს დიდი პრობლემა შეუქმნა. თითქმის ყველას უჭირს ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის გაზრდილი საფასურის გადახდა. არის ოჯახები, რომლებსაც ზამთრის დღეეების გადაგორება გამათბობლის გარეშე უწევთ.
საქართველოში კომუნალური გადასახადების საკითხი ყოველთვის აქტუალური იყო, მაგრამ წელს ზედმეტად შესამჩნევი გახდა. ხალხი ვეღარ უმკლავდება გაზრდილ ხარჯს.
"48 წლის ვარ. მეუღლე, ორი შვილი, რძალი და 3 წლის შვილიშვილი ვცხოვრობთ ერთად. რაც წელს ხდება ჩემს ოჯახაში, ასე არასდროს ყოფილა. იანვარი მთავრდება და გათბობა ჯერ არ ჩაგვირთავს. ვცდილობთ, არ გამოვიყენოთ გასათბობად არც ბუნებრივი აირი და არც დენი. ამის გარდა უამრავი ხარჯია, ოჯახიდან კი მხოლოდ 2 ადამიანი ვმუშაობთ, ისიც ძალაიან დაბალ ხელფასზე.
იმედი მაქვს, თებერვალში ამინდი გამოკეთდება და ცოტა დათბება. ჩვენ მდგომარეობას რომ ვხედავ, 90-იანი წლები მახსენდება, უშუქოდა და უგაზოდ რომ ვიხსედით ხოლმე. როდესაც თვის ბოლო ახლოვდება, ყველას გვეშინია ოჯახში. არ ვიცი სანამდე შევძლებთ ამ ყველაფრის მოთმენას. ძალიან ცუდია, რომ ქვეყანაში ასეთი ეკონომიკური კრიზისია", - განუცხადა "რეზონანსს" დალი კუციამ.
საქართველოში უმუშევართა რაოდენობა იზრდება, ისინი ბედის ანაბარად არიან დარჩენილი. თანაც ხალხს უკვე იმედი გადაეწურა გადასახადების შემცირებასთან დაკავშირებით. ქართველი ეკონომისტებიც ადასტურებენ, რომ ქვეყანაში მდგომარეობა გაუარესებულია. ისინი მთავარ პრობლემად ლარის გაუფასურებას მიიჩნევენ.
კომუნალური გადასახადები რეგიონებშიც აქტუალური პრობლემაა. ისევე როგორც დედაქალაქში, სოფლებში და პატარ-პატარა ქალაქებშიცუ უჭირს ხალხს მიმდინარე ხარჯის დაფარვა. რთულ მდგომარეობაში არიან პენსიონერებიც. მათი უმეტესობა ამბობს, რომ პენსია საკმარისი არ არის თვიდან თვემდე ხარჯის გასასტუმრებლად.
"ზამთარის მოახლოებასთან ერთად ჩემთვის ურთულესი პერიოდი იწყება. მეშინია იანვარ-თებერვლის, რომ სიცივისგან არ გავიყინო. შეუძლებელია ასეთი მაღალი ტარიფების პირობებში, ჩემი პენსიით შევძლო გადახდა. ძალიან კარგია სითბო, მაგრამ ვიცი, თვის ბოლოს ფული ჩემი გადასახდელი იქნება და ნამდვილად ვერაფრით მოვახერხებ გადახდას.
დილაობით მზეს რომ დავინახავ გავდივარ და ეზოში ვჯდები, იქნებ ცოტა გავთბე. არ ვიცი ჩემი პენსია ამდენ რამეს როგორ უნდა გაწვდეს. ჩემი შვილები თბილისში ცხოვრობენ, ხანდახან კი მეხმარებიან ხოლმე, მაგრამ მათაც არ აქვთ ნორმალური სამსახური, არ შეუძლიათ სულ ხელის გამოწოდება", - უთხრა "რეზონანსთან" სოფელ საჭამიასერის მკვიდრმა მაყვალა ზაქარეიშვილმა.
"რეზონანსმა" თბილისის ქუჩებში გამოკითხვა ჩააატარა. უმეტესობა ამბობს, რომ ასე თუ გაგრძელდა, ხალხი ცოტა ხანში ნორმალურად საჭმელსაც ვეღარ შეჭამს. გათბობაზე საუბარი საერთოდ აღარ იქნება.
"ტაქსის მძღოლი ვარ. ვცდილობ, ოჯახს არაფერი მოვაკლო, მაგრამ კომუნალური გადასახადის ხარჯმა ისე მოიმატა, უკვე აღარ ვიცი ამდენ რამეს როგორ გავწვდე. ასე თუ გაგრძელდა, ცოტა ხანში ოჯახს ნორმალურად საჭმელსაც ვეღარ ვაჭმევ. თან წელს განსაკუთრებულად ცივი ზამთარია.
ერთადერთი გაზაფხულის მოახლოების იმედი მაქვს. ხშირად ისე ხდება, ერთ ოთახს გავათბობთ კარგად და შემდეგ გამოვრთავთ გათბობას და ვცდილობთ მთელი დღის განმავლობაში ოთახში სითბო შევინარჩუნოთ", - აღნიშნა 47 წლის ტაქსის მძღოლმა ლადო მაღლაკელიძემ.
თითქმის ყველა გამოკითხული ამბობს, რომ მისი ოჯახის შემოსავალი წლიდან წლამდე მცირდება. განსაკუთრებით რთულ ვითარებაში არიან სტუდენტები, რადგან მათ მშობლებს სწავლის საფასურის გადახდა აღარ შეუძლიათ.
"3 წლის წინ უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, თბილისში ოჯახთან ერთად ქირით გადმოვედი. პირველი ორი წელი ნორმალურად ვიხდიდით ყველაფერს ახლა კი ისე გაჭირდა ცხოვრება, რომ კომუნალური გადასახადებსაც ვეღარ ავუდივართ. ფაქტობრივად, მშობლებს არ შეუძლიათ სწავლის საფასური გადამიხადონ, ამიტომ ვმუშაობ, რომ მათ როგორმე დავეხმარო.
ღამე ცივ ოთახში მიწევს მეცადინეობა, რადგან ბუნებრივ აირს ვზოგავთ. რაც ნაკლები დაიწვება, მით ნაკლები გადასახადი მოვა, თვის ბოლოს", - დაუფარავად ისაუბრა "რეზონანსთან" 23 წლის ნათია მელქაძემ.
ხელისუფლების წარმომადგენლები ამ პრობლემას დიდად არ განიცდიან. ყველა ერთხმად ამბობს, რომ სიტუაცია მალე დასტაბილურდება. დოლარის კურსი რომ დაიკლებს, კომუნალური გადასახადების ფასიც შემცირდება. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მინიმუმ 2017 წელს ლარს გამყარების პერსპექტივა არ აქვს.