შტრიხები ქართველი მეფის ფსიქოლოგიური პორტრეტისათვის
მამუკა ნაცვალაძე
28.01.2017

 XVIII საუკუნის 20-იან წლებში საქართველომ მეორედ სცადა რუსეთის სახელმწიფოს მეშვეობით მაჰმადიანური მარწუხებისთვის დაეხწია თავი. მეორე ცდა პირველზე არანაკლებ ტრაგიკული აღმოჩნდა - ქართლის მეფის ვახტანგ ქ|-ის პოლიტიკური გათვლები არ გამართლდა. რუსეთზე მინდობილმა მეფემ სამეფო ტახტი დაკარგა, ყველაზე მტკივნეული კი ის გახლდათ, რომ მას ამის შემდეგ საქართველოში აღარ დაედგომებოდა.

ვახტანგ ქ|-ის წარმატებული კულტურული და სამეცნიერო მოღვაწეობის ფონზე მისი საგარეო პოლიტიკის მწარე მარცხი უფრო თვალსაჩინო და რთულად გასაცნობიერებელი იყო.

რატომ აირჩია ვახტანგმა მაჰმადიანურ სამყაროსთან ურთიერთობის ხისტი პოლიტიკა? რატომ მიენდო რუსეთს? რამ აიძულა მხოლოდ ჩრდილოელ მეზობელზე დაემყარებინა საქართველოს გადარჩენის იმედი?

ამ კითხვებზე პასუხს ყქ||| ს-ის საერთაშორისო პოლიტიკური ვითარებისა და ვახტანგ მეექვსის ფსიქოლოგიური პორტრეტის ანალიზისას მივიღებთ.

რას ემყარებოდა რუსეთის კავკასიური პოლიტიკის პრაგმატული გათვლები

XVIII ს-ის დასაწყისისათვის ირანი საკმაოდ დასუსტდა, სამეფო ტახტისთვის გამუდმებულმა შიდაომებმა, ავღანეთთან მუდმივმა საომარმა რეჟიმმა გამოაცალა ძალა ერთ დროს უძლიერეს სახელმწიფოს. რუსეთი ცდილობს ირანელთა დასუსტება თავის სასარგებლოდ გამოიყენოს და აქტიურ მოქმედებას იწყებს კასპიისპირეთის მიმართულებით. ეს ის პერიოდია ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის სამეფო ტახტზე პეტრე პირველი რომ ზეობს, პეტრეს განსაკუთრებული ამბიციები აქვს რუსეთი მსოფლიო მასშტაბების მქონე სახელმწიფოთა შორის დაამკვიდროს.

ირანელთა დასუსტება ბუნებრივია არც ოსმალეთის გამოეპარა და შესაბამისად არც ოტომანები არიან გულხელდაკრეფილნი. ოსმალებსაც გააჩნიათ საკმაოდ პრაგმატული გათვლები და ისინიც უმიზნებს ირანის ტერიტორიის ნაწილის დაპყრობას, ნაწილის კი თავის გავლენის სფეროში მოქცევას.

ამ დროს, ამ ურთულესი, ჩახლართული პოლიტიკური ორომტრიალისას რუსეთის სამეფო კარს მთავარ მოკავშირედ ქართლის მეფე ვახტანგი ესახება. თავის მხრივ ქართლიც მზადაა ეს პოლიტიკური რეალობა გამოიყენოს და მაჰმადიანური რამდენიმე საუკუნოვანი მარწუხებისას გაითავისუფლოს თავი.

ასეთ დროს რუსეთის მეფის პეტრე პირველისა და ქართლის მეფის ვახტანგ ქ|-ის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. ბუნებრივია, ამ რეალობის არგამოყენება დანაშაულია. ვახტანგი ცდილობს პრაგმატულად იმოქმედოს, თუმცა, ყველაფერი რუსული პოლიტიკის კრახით დასრულდა, რაც უპირველესად ქართლის სამეფო კარის საგარეო პოლიტიკის მარცხი გახლდათ.

როგორ აღმოჩნდა ფუჭი ვახტანგ მეექვსის ევროპული მოლოდინი

ვახტანგ ქ| 1712 წელს ჩაიყვანეს ირანში, ის მოლოდინის რეჟიმშია, არ სურს მაჰმადიანობის მიღება, ეს გასაგებიცაა - ის ხომ გულით ქრისტიანია. ქრისტიანულ წესს იცავს და ამას არც მალავს. თუმცა, პოლიტიკური ვითარება მისგან ახლა სხვაგვარ ქცევას ითხოვს.

ვახტანგი დროის გაწელვას ცდილობს, ახერხებს კიდეც - ოთხი წელი ჯიუტად უარობს შაჰის წინადადებას, თუმცა, ყველაფერი მაინც რჯულის შეცვლით სრულდება. და ეს ხდება მას შემდეგ, რაც სულხან-საბა ორბელიანის ევროპულმა ვიზიტებმა არაფერი მოიტანა, უშედეგოდ დასრულებული დიპლომატიური ცდები მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში აგდებს ქართლის მეფეს.

აშკარა იყო, მიუხედავად ქართველთა მხრიდან უმნიშვნელოვანესი საკითხების დათმობისა (სულხან საბას პირით ევროპელებს დახმარების სანაცვლოდ მართლმადიდებლობის უარყოფასა და კათოლიკურ სარწმუნოებაზე გადასვლას სთავაზობს) ევროპას ჩირადაც არ უღირს საქართველო.

ეს უკვე იმის ნიშანია, რომ ვახტანგმა პოლიტიკური აქცენტები სხვა მიმართულებით გადაიტანოს - ეს ვექტორი ისევ ქრისტიანული ქვეყანაზე გადის, ამჯერად მართლმადიდებლურ რუსეთზე.

ვახტანგ მეექვსის პოლიტიკური ვა-ბანკი - ან ყველაფერი, ან არაფერი

ისპაჰანში ყოფნისას ვახტანგი სულ უფრო ნათლად ხედავს როგორ დასუსტდა ირანი, რომელსაც ქართლი მძიმე მარწუხებში ჰყავს მოქცეული. იცის რუსეთის ინტერესი ირანისადმი და ბუნებრივია, კიდევ ერთი იმედი ჩნდება გადარჩენის. ამ იმედს ქართლის მეფეს ირანში ჩასული პეტრე პირველის ელჩი არტიომ ვოლინსკი უღვივებს. ეს ირანის სამეფო დედაქალაქში ხდება.

ისპაჰანში ასეთი შეხვედრებისთვის საკმაოდ სახიფათო ფონია, ამიტომაც კონტაქტები მაქსიმალურად უნდა შენიღბულიყო. ქართველთა მეფისა და რუსთა ელჩის ურთიერთობაც კურიერების მეშვეობით დამყარდა.

ვახტანგს მტკიცედ გადაუწყვეტია აქცენტი რუსეთისკენ აიღოს. ამით მან ფაქტობრივად უკან დასახევი გზა მოიჭრა, ეს იყო მთელი მაჰმადიანური სივრცის გამოწვევა. საქართველო დამოკიდებული ხდებოდა რუსეთზე, რომელსაც გამორჩეული ამბიციები გააჩნდა ირანის მიმართ. ირანის დაშლა და მასზე გავლენის მოპოვება იყო ის, რაც ვახტანგს სულ სხვა პერსპექტივებს უქადდა.

ერთი სიტყვით, ქართლის მეფემ ფსონი რუსეთზე დადო. ეს ფაქტობრივად ვა-ბანკი გახლდათ, რამდენადაც საქართველო მოსალოდნელი პოლიტიკური მსვლელობიდან გამომდინარე იღებდა ან ყველაფერს, ან არაფერს. თუმცა, ერთი რამ იყო ნიშანდობლივი - არავინ უწყის რუსეთისთვის სასურველი სცენარით რომ განვითარებულიყო მოვლენები, რა ფანდს შესთავაზებდა სიურპრიზად ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ვახტანგს.

რატომ არ აღმოჩნდა ვახტანგ მეექვსე მზად ორმაგი თამაშისათვის

მაინც რატომ აირჩია ვახტანგმა დიპლომატიური თვალსაზრისით ფაქტობრივად გაუმართლებული ხისტი პოლიტიკა? რატომ არ გააგრძელა რუსეთსა და ირან-ოსმალეთს შორის ის დიპლომატიური ლავირება, რაც ურთულესი პოლიტიკური წიაღსვლებისას საქართველოს გადარჩენის ერთადერთი საშუალება გახლდათ?

საქმე ისაა, რომ ვახტანგის ვა-ბანკის პოლიტიკა იმ ფსიქოლოგიურ მორალურმა განწყობებმა შექმნა, რომელშიც მას უწევდა ცხოვრება - მისი იძულებითი გამაჰმადიანება, ირანის პოლიტიკას ზვარაკად შეწირული გიორგი მეთერთმეტე, იქვე დაღუპული მისი ძმები ქაიხოსრო და როსტომი ირანული სამყაროსადმი ვახტანგის შინაგანი აგრესიის სათავე იყო. მისი, როგორც ქართლის მეფის პოზიციიდან ძნელად გასაცნობიერებელი იყო ისიც, რომ უამრავი ქართველი ეწირებოდა იმ სამხედრო ბეგარას ირანის შაჰის კარს რომ ჰქონდა მხოლოდ სარგებელი.

ვახტანგი ემოციას აჰყვა, ვერ სძლია საკუთარ განწყობებს. ეს არ იყო იოლი საქმე. გაემიჯნო შენ გარშემო მიმდინარე პროცესებს, რომელიც უშუალოდ შენ ბედს განსაზღვრავს, მხოლოდ რკინისებური ნერვების პატრონს თუ ძალუძს. ქართული ხასიათი, მენტალობა ფაქტობრივად გამორიცხავდა ამგვარ შანსს.

ასეთი დაშტამპული განწყობები ადამიანურად იოლი ასახსნელია, თუმცა, როცა მეფეს და ქვეყნის გადარჩენას ეხება საქმე, მსგავსი ხისტი ხასიათი და განწყობები პოლიტიკაზე ცალსახად უარყოფითად აისახება.

ვახტანგი სწორედ ფსიქოლოგიურად არ აღმოჩნდა მზად ორმაგი თამაშისათვის. ეს კი იმ პერიოდისთვის სამეფო კარის ინტერესებისთვის ცალსახად უალტერნატივო ქმედება უნდა ყოფილიყო.

ეს კარგად აისახა თუნდაც იმ გადაწყვეტილებისას, როცა ვახტანგმა საკუთარი შვილი ბაქარი არ გაუშვა ავღანეთში ირანელებისთვის მისაშველებლად.

როგორ ჩაუშალა ვახტანგ მეექვსემ უფლისწულ ბაქარს ორმაგი პოლიტიკური თამაშის მცდელობა

მას შემდეგ რაც ვახტანგის ძმა როსტომი დაიღუპა, ირანის შაჰმა სწორედ ბაქარს დაავალა ქართული ჯარის სარდლობა, მას სამხედრო ბეგარის სახით ევალებოდა ირანელთათვის ჯარის მიშველება.

ბაქარი მზად იყო შეესრულებინა შაჰის ბრძანება, შეკრიბა კიდეც 5 ათასიანი ჯარი და ირანის გზასაც დაადგა, თუმცა, ვახტანგმა ჯავახეთიდან უკან მოაბრუნა შვილი.

კარგად ჩანს, ბაქარი მზადაა ითამაშოს ორმაგი თამაში, ამასვე მოუწოდებს მამამისს. მოვლენათა განვითარების მისეული ვერსიით, ბაქარს ირანში მოუწევდა იმის ახსნა, რომ მამამისი ვახტანგი მხოლოდ იმიტომ არ გაეშურა მასთან ერთად ავღანეთში, რომ საქართველოს კარს მომდგარი რუსთა მრავალრიცხოვანი არმია განჯასთან შეეკავებინა.

ვინ იცის, მოვლენები ასე რომ განვითარებულიყო, დაიჯერებდა თუ არა ირანის შაჰი ბაქარის ნათქვამს, თუმცა, ფაქტია რომ ამ ვერსიაში არის ლოგიკა.

საგულისხმოა ისიც, რომ მეფის ხისტ პოლიტიკას და ცალსახად რუსულ ორიენტაციას ქართლის სამეფოს დარბაზიც ეწინააღმდეგებოდა. თუმცა დარბაზმა ვერ გადაარწმუნა მეფე - მას ირანელთა ზიზღით პოლიტიკური ბინდი აქვს თვალზე გადაკრული. თანაც, ისეთი არეული სიტუაციაა, კაცმა არ იცის, მოვლენები როგორ განვითარდება.

თუმცა, მოხდა ყველაზე უარესი, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო. სამწუხაროდ ვახტანგის გათვლები არასწორი აღმოჩნდა - რუსეთმა ვერ შესძლო ირანის დაშლა და მასზე სრული გავლენის მოპოვება.

როგორ აურია პეტრე პირველს კასპიისპირული დავთრები ყირიმის ხანმა

კავკასიისადმი რუსულმა პოლიტიკურმა ამბიციებმა საუკუნოვანი მტრები ირან ოსმალეთიც კი ერთ პოზიციაზე დააყენა. მათთვის მიუღებელია რუსეთი, როგორც მესამე მოთამაშე მათთვის საინტერესო რეგიონში.

ბუნებრივია, ოსმალეთს კარგად აქვს გაცნობიერებული ირანელთა სისუსტე, ამიტომაც ისიც ცდილობს დაჩიავებული მეტოქისგან მსუყე ლუკმა ჩაიგდოს ხელთ. ამიტომაც გამოდის რუსეთის წინააღმდეგ. ამ ეტაპზე ირანელთა ინტერესების დაცვით ოსმალები ფაქტობრივად საკუთარ ინტერესებს იცავენ.

სწორედ ამიტომაც როდესაც პეტრე კავკასიაში დარუბანდიდან შემოდის და ბაქოსკენ იღებს გეზს, ოსმალეთის ბრძანებით, მათი გავლენის ქვეშ მყოფი ყირიმის ხანი 40 ათასიანი ცხენოსნით ფეხდაფეხ აედევნა რუსთ ხელმწიფეს და დარუბანდში რუსთა ჯარის სიახლოვეს დაბანაკდა.

პეტრე იძულებულია შეწყვიტოს ლაშქრობა. ოსმალეთის ეს პოლიტიკური სვლა მისთვის შამათის ტოლია - აშკარად ხედავს, რომ რუსეთი ირანის პრობლემას ოსმალეთის გარეშე ვერ გადაწყვეტს. მიუხედავად იმისა, რომ ირანი განწირულია, რუსეთს არ შეუძლია ისარგებლოს მისი დასუსტებით და საკუთარი გეგმები აღასრულოს.

როგორ იხსნა დაუძლურებული ირანი ნადირ შაჰმა

მომაკვდავ სახელმწიფოს მშველელად ნადირ-შახი მოევლინა, რომელმაც დაქცევისათვის განწირულ ირანს სასიცოცხლო იმპულსები შემატა და ამან საშუალება მისცა უფრო აქტიურად დაპირისპირებოდა რუსეთს. ის უკვე არა მარტო თავს იცავს, შეუძლია ოსმალეთსაც გაუწიოს წინააღმდეგობა. ამ რეალობას ითვალისწინებს რუსეთი, რომელიც იძულებულია კავკასიის დაპყრობის გეგმა უახლოესი მომავლისათვის გადადოს და კასპიისპირეთიდან აიკრას გუდა-ნაბადი.

ვახტანგი საომარ მდგომარეობაში განჯაში მყოფი ფაქტობრივად მარტო რჩება ირანის წინაშე, ის პეტრეს ჯარს ამაოდ ელის... და ყველაფერი მთავრდება რუსეთ ირანის ზავით 1723 წელს დადებულ ხელშეკრულებაში არაფერია ნათქვამი ქართლის მეფის ვახტანგ მეექვსის ინტერესების შესახებ.

მოძლიერებული ოსმალეთი სთავაზობს ვახტანგს აღიაროს მისი უზენაესობა რის საფასურადაც დაუბრუნებს ტახტს, თუმცა, ვახტანგი აქაც უარზეა - არა იმიტომ რომ მას რუსეთის სწამს. მისთვის რთულია ფსიქოლოგიურად სხვა ორიენტირზე გადაეწყოს, ის იძულებულია იმის იმედად დარჩეს, რომ რუსეთი უშველის ოდესმე.

და ამ იმედით 1724 წელს ტოვებს საქართველოს 1200 კაციან ამალასთან ერთად. ირანსა და რუსეთს შორის უახლოეს პერიოდში კიდევ რამდენიმე ზავი გაფორმდება, სადაც რუსეთი სრულ იგნორირებას გაუკეთებს ვახტანგის ინტერესებს.

სწორედ რუსეთის იმედსა თუ უიმედობაში აღესრულა ვახტანგ მეექვსე 1737 წელს. საცნაური კი ერთია - ეს ის ქართლის მეფე გახლდათ, თავისი კულტურული და მეცნიერული საქმიანობით 30 წლით რომ გაუსწრო ევროპულ განმანათლებლობას...

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×