მიუხედავად იმისა, რომ სუროგატული პროდუქციის მავნე ზეგავლენის შესახებ თითქმის ყველამ იცის, ცოტა თუ ახერხებს მასზე უარის თქმას. მიზეზი დაბალი ფასი და მოხმარების დროს პრაქტიკულობაა. არიან ისეთებიც, ვინც ნაწილობრივ მაინც ანაცვლებს ბუნებრივი პროდუქციით პლასტმასს და სხვა საყოფაცხოვრებო მასალებს.
სამომხმარებლო ბაზარზე მინის ჭურჭელი თითქმის სრულად ჩაანაცვლა პლასტმასმა, ხის კარ-ფანჯარა - მეტალოპლასტმასმა, ქაღალდის პარკები - პოლეთილენმა. სუროგატული მასალის გამოყენება რომ ჯანმრთელობისათვის საზიანოა, ამაზე სპეციალისტები ხშირად საუბრობენ, თუმცა სიიაფის გამო, მომხმარებლის უმეტესობა მაინც მას ეტანება.
პლასტმასისგან დამზადებულმა ჭურჭელმა ადამიანის ჯანმრთელობას, შესაძლოა, სერიოზული საფრთხე შეუქმნას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი მელანინს შეიცავს. ასევე საშიშია სპეციალური საღებავი, რომელსაც სხვადასხვა ნითის დამზადებისას ფერის მიცემისთვის იყენებენ. იმ შემთხვევაში, თუ საღებავი საკვებს შეერია, მძიმე მეტალები ორგანიზმში ილექება და ის დიდი ხნის განმავლობაში არ გამოიდევნება. მძიმე მეტალების დალექვა კი იწვევს ალერგიას, შესაძლოა, სიმსივნის მაპროვოცირებელიც აღმოჩნდეს.
"რეზონანსის" რესპონდენტი მარი ონიკაშვილი ამბობს, რომ შეუძლებელია ვინმემ არ იცოდეს სუროგატული პროდუქციის მავნებლობის შესახებ, თუმცა ხელმისაწვდომი ფასისა და პრაქტიკულობის გამო, მასზე უარის თქმა ძნელია.
"თითქმის არ არსებობს ადამიანი, რომელმაც არ იცის, რომ მინა სჯობს პლასტმასს, ხე - "ემდეეფსა" და "დეესპეს", თუმცა მოგეხსენებათ, თუ რა ძვირი სიამოვნებაა ნატურალური პროდუქციიით სარგებლობა. გარდა ამისა, ამ ყველაფერს მეორე მხარეც აქვს, ის ნაკლებად პრაქტიკულია. ვერ ვიტყვი, რომ არ მაქვს საშუალება ზაფხულში პლასტმასის ბოთლის ნაცვლად, წყალი მინის ბოთლში შევინახო ან საკვები - მინის კონტეინერებში, თუმცა ასე არ ვიქცევი. პირველ რიგში, ამის მიზეზი პრაქტიკულობაა.
მინის ჭურჭელი ადვილად იმტვრევა, როცა სადმე მიდიხარ, უნდა ეცადო მოხერხებული ადგილი შეურჩიო, მაცივარშიც მეტ ადგილს იკავებს, განსხვავებით პლასტმასისაგან. ჩემი აზრით, ეს მიზეზები განაპირობებს პოლიეთილენის ჭურჭლის პოპულარობას. რაც შეეხება სხვა საყოფაცხოვრებო მასალებს, მგონია, რომ უფრო ხელმისაწვდომი ფასის გამო იყენებს მოსახლეობა", - ამბობს მარი ონიკაშვილი.
ბუნებრივი საყოფაცხოვრებო მასალის გამოყენებას ცდილობს, თუმცა სრულად მაინც არ გამოსდის ლაშა სუბელიანს. ჩვენ დროში რთული და ფაქტობრივად, შეუძლებელიც კია თავი აარიდო პროდუქციას, რომელიც მავნეა ჯანმრთელობისათვის.
"მუდმივად ვცდილობ არ ვისარგებლო სუროგატი მასალებით. ბევრად ძვირი დამიჯდა, თუმცა ბინის რემონტის დროს, მოვახერხე სასურველი დიზაინის ხის კარ-ფანჯრის შეძენა და ხის პარკეტის დაგება. ვიფიქრე, ბავშვებმა იატაკზეც ხომ უნდა ითამაშონ და ნატურალურ მასალასთან ექნებათ შეხება-მეთქი.
როცა უცხოურ ტელეარხებზე ვუყურებ გადაცემებს, იქ ხშირად საუბრობენ, თუ რა ზეგავლენა შეიძლება იქონიოს ჯანმრთელობაზე მეტალოპლასტმასის ფანჯრებმა, რომელიც ჰაერს საერთოდ არ ატარებს. ხშირად ისიც მინახავს, როგორ ამუშავებენ ხეს, რომ საღებავი არ დასჭირდეს და თუკი ბავშვი თამაშის დროს იატაკზე დაგდებულ რამეს შეჭამს, შედარებით უვნებელი იყოს. ყველაფერი, რა თქმა უნდა, ვერ მოვახერხე, მაგრამ ვეცადე სახლში უფრო ჯანსაღი გარემო შემექმნა.
თავიდან ვფიქრობდი, რომ ასე მოვიქცეოდი ყველა შემთხვევაში, მაგრამ პრაქტიკულად შეუძლებელი აღმოჩნდა. სხვა თუ არაფერი, პლასტმასის ბოთლები, ჭურჭელი და პოლიეთილენის პარკები მაინც ისეთი რაღაცებია, რასაც თავს ვერ აარიდებ. ზუსტად ვიცი, რომ მავნეა და საშიშია ჯანმრთელობისათვის, მაგრამ სხვანაირად ცხოვრება აღარ გამოდის, გარკვეულწილად, მაინც გვიწევს მათი გამოყენება", - განაცხადა ლაშა სუბელიანმა.
საკონსულტაციო კომპანია "ქეი კომუნიკეიშენის" დამფუძნებელი თეონა ბაღდავაძე "რეზონანსთან" ამბობს, რომ რამდენიმე თვის წინ ხელმძღვანელობდა კამპანიას - "ჩაანაცვლე", რომლის მიზანიც სუროგატი პროდუქციის ნატურალურით ჩანაცვლება იყო. იგი კამპანიის წამოწყების მთავარ მიზეზად მოსახლეობის დაბალ ინფორმირებას ასახელებს, პლასტმასისა და სხვა მსგავსი სახის პროდუქციის მავნებლობასთან დაკავშირებით.
"ამ კამპანიის ფარგლებში ყველაზე მეტი აქცენტი პლასტმასის ჭურჭელზე გაკეთდა, რადგან სწორედ ამ მხრივ შეიძლება ყველაზე მეტად ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება. პლასტმასი შეიცავს მავნე ნივთიერებას - "ბისფენოლ ა"-ს, რომლის ჭარბი მოხვედრაც ორგანიზმში სხვადასხვა ტიპის დაავადებას იწვევს. ამიტომაც დავიწყეთ კამპანია "ჩაანაცვლე", რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
მოსახლეობის ნაწილმა დაიწყო თავისი ქცევის შეცვლა, თუმცა აქ უკვე ჯერი სახელმწიფოზეა, რომელმაც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მოსახლეობის ინფორმირებაზე. მესმის, რომ პლასტმასის მწარმოებლები მაქსიმალურად შეეცდებიან საკუთარი პროდუქციის ლობირებას. ამიტომაც ხშირად გვარწმუნებენ, თითქოს პლასტმასის ჭურჭლის აკრძალვის კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის მოთხოვნებს საქონლის თავისუფალი გადაადგილების შესახებ. თუმცა, როცა ჯანმრთელობაზეა საუბარი, ჩემი აზრით, სავაჭრო ხელშეკრულებით აპელირება შეუსაბამოა. ჩვენი შვილების ჯანმრთელობისთვის ზრუნვა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სავაჭრო ხელშეკრულებები, რომლებიც შეიძლება გადაიხედოს", - განუცხადა "რეზონანსს" თეონა ბაღდავაძემ.