"რაც ლარის გაუფასურების შემდეგ ხდება, გაუსაძლისია. ადამიანები რამდენიმე თვე ვერ აბრუნებენ თანხას..."
თამარ მუკბანიანი
31.01.2017

 ლარის დევალვაციის ფონზე, მცირე და საშუალო მაღაზიების მფლობელთა უმეტესობა მომატებული ნისიების და ხალხის მსყიდველუნარიანობის შემცირებაზე საუბრობს. მოსახლეობა ადრეც იღებდა პირველადი მოხმარების პროდუქტებს ვალის სანაცვლოდ, თუმცა დათქმულ ვადაში აბრუნებდა. ახლა კი მათი უმეტესობა ან გადავადებას ითხოვს, ან ნაწილ-ნაწილ ძლივძლივობით აბრუნებს თანხას.

ლარმა გაუფასურების ისტორიულ ნიშნულს მიაღწია და სხვა ბიზნესთან ერთად სავაჭრო სექტორზეც ძალიან რთულად აისახა. მომხმარებელები პროდუქციის ნისიად "აღების" ფორმასყოველთვის მიმართავდნენ, მაგრამ ადრე ვალის გასტუმრებას მეტ-ნაკლებად დროულად ახერხებდნენ, ბოლო რამდენიმე თვეში კი ვითარება მკვეთრად შეიცვალა. შეიძლება ითქვას, უბნის მაღაზიებში ნისიის დაბრუნებას დროულად თითქმის ვეღარავინ ახერხებს, რის გამოც მაღაზიის მფლობელები სერიოზულ პრობლემის წინაშე დგანან.

თბილისში, მოსკოვის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი მცირე მარკეტის მეპატრონე ქეთევან დათაშვილი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში ნისიების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა და ხალხს ვალის დაბრუნება ძალიან უჭირს.

"ვერ ვიტყვი, რომ "ნისიის აღება" ხალხმა ლარის გაუფასურების შემდეგ დაიწყო. რაც ეს მაღაზია მაქვს, თითქმის სულ ვალით მიწევს მუშაობა. ხალხს არასდროს ჰქონია შესაძლებლობა, რომ ხელფასიდან ხელფასამდე თანაბრად გაენაწილებინა ფული, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში ნისიის რაოდენობა, ფაქტობრივად, გაორმაგებულია. ადრე გეტყოდნენ და თვის ბოლოს როგორღაც მოჰქონდათ ვალი, ამ ბოლო დროს კი სულ გადავადებას ითხოვენ ან თანხის მცირე ნაწილი მოაქვთ.

ძალიან რთულია ასე მუშაობა. მეც ხომ მჭირდება თანხა, რომ ახალი პროდუქცია შემოვიტანო? დიდი კომპანიების დისტრიბუტორთა უმეტესობა უარს ამბობს თანხის ნაწილობრივ ან მოგვიანებით გადახდაზე. ამ პირობებში საქმიანობის გაგრძელება სულ უფრო რთულდება", - ამბობს ქეთევან დათაშვილი.

იმავეს ამბობს მუხიანის სამხდრო დასახლებაში ე.წ. გარადოკში არსებული საშუალო მაღაზიის გამყიდველი ბელა არუთინოვაც. მისი თქმით, ნისიის რაოდენობა გაიზარდა ადა ამასთანავე, გაიწელა დროც, როცა ადამიანები ვალს აბრუნებენ.

"ძირითადად პირველადი მოხმარების პროდუქციას ვყიდი, რადგან ახმეტელის ბაზრობა ძალიან ახლოსაა ჩვენთან და ხალხი უმეტესად იქ ყიდულობს რაც სჭირდება. ჩვენთან პურის, სიგარეტის, ყავისა და სხვა მსგავსი პროდუქტის შესაძენად შემოდიან და წარმოიდგინეთ, ბოლო თვეების განმავლობაში ამ წვრილმანების ვალი 100 ლარამდეც კი აღწევს ხოლმე.

ადრეც იღებდნენ ვალს, მაგრამ არა ამ რაოდენობით და ასე დიდი ხნით. მეც ამ უბანში ვცხოვრობ. ვიცი ვის რა შესაძლებლობა აქვს და ძალიან მიჭირს მეზობლებს უარი ვუთხრა ან მკაცრად მოვთხოვო თანხის დაბრუნება. ხალხს მართლაც ძალიან უჭირს", - განაცხადა "ბიზნეს-რეზონანსთან" ბელა არუთინოვამ.

იმავე მაღაზიის მფლობელის გულო ბენდელიანის თქმით, თუკი ნისიის რაოდენობა არ შემცირდება ან მოსახლეობა ვალის მოკლე ვადაში დაბრუნებას ვერ შეძლებს, მოუწევს მაღაზია დახუროს.

"როცა მაღაზიას პატარა უბანში ხსნი, გასაგებია, რომ ძირითადად, ნისიაზე გიწევს მუშაობა, მაგრამ რაც ლარის კურსის გაუფასურების შემდეგ ხდება, უბრალოდ, გაუსაძლისია. ადამიანები ხშირად რამდენიმე თვე ვერ აბრუნებენ თანხას. მე ხომ პროდუქცია უნდა ვიყიდო და შემოვიტანო? არის ისეთი კომპანიები, რომლებიც ამას გაგებით ეკიდებიან და მაინც შემოაქვთ საქონელი, მაგრამ დისტრიბუტორების ნაწილმა უკვე შეწყვიტა ჩემს მაღაზიასთან თანამშრომლობა, იმდენად დიდი დროის განმავლობაში ვერ ვიხდიდი ვალს.

არ ვიცი როდემდე შევძლებ ასე გავაგრძელო მუშაობა, მაღაზიის ქირა, კომუნალურები და გამყიდველის ხელფასიც ხომ უნდა ვიხადო? თუ დამიჯერებთ ახლა არავითარი მოგება არ მაქვს ამ მაღაზიიდან და მხოლოდ იმიტომ არ ვხურავ, რომ უკეთესის იმედი მაქვს, იქნებ, რამე შეიცვალოს", - ამბობს გულიკო ბენდელიანი.

გაუარესებულ მდგომარეობაზე საუბრობს, თუმცა გაუსაძლისად არ მიიჩნევს კიდევ ერთი მცირე სავაჭრო ობიექტის მფლობელი სოფიკო ბოჭორიშვილი.

"დაახლოებით 15 წელია რაც ეს მაღაზია მაქვს და უარესი პერიოდიც მახსოვს. 2008 წელს ეკონომიკური კრიზისი რომ დაიწყო, ხალხი სამყაროს დასასრულს ელოდა და საერთოდ არაფერს ყიდულობდნენ პურის გარდა. მაშინ ყველა იაფ საქონელს ეძებდა და ალბათ ბაზრებიდან მიჰქონდათ.

მეც ამ უბანში ვცხოვრობ. დაახლოებით ვიცი ვის როგორი შესაძლებლობა აქვს. ვალს, ძირითადად, ისინი იღებენ, ვისაც ოჯახის წევრი საზღვარგარეთ ჰყავს და რაღაც პერიოდის შემდეგ ელოდებიან თანხის გამოგზავნას. რადგან დოლარი ასე გამყარდა, ვინც ნაქირავებ ბინაში არ ცხოვრობს და უცხოურ ვალუტაში არ იხდის ქირას, მისთვის უკეთესი მდგომარეობაც კია. ისინი კი ვინც აქ მუშაობენ და შემოსავალი ლარში აქვთ, უფრო ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

სწორედ ამის გამო ნისიის რაოდნობამ შედარებით მოიმატა, თუმცა არა ისე რომ გაუსაძლირი იყოს და ამის გამო, მაღაზიის მომარაგებას ვერ ვახერხებდე ან დისტრიბუტორებს ვუგვიანებდე თანხას", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ვაჭისუბანში მდებარე მაღაზიის მეპატრონემ, სოფიკო ბოჭორიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×