ბოლო პერიოდში საქართველოში საკმაოდ პოპულარული გახდა ხელნაკეთი ნივთები. ეს ერთგვარი ახალი ტენდენციაა, რომელსაც საზოგადოება საკმაოდ დადებითად შეხვდა და ამიტომ მოთხოვნაც დიდია. ინტერნეტ სივრცეში ხშირად შეხვდებით ვებ-გვერდებს, სხვადასხვა დასახელებით, სადაც განთავსებულია ნაირგვარი ხელნაკეთი ნივთები. მისი რეალიზაცია ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. ბოლო დროს გამოკვეთილად აქტუალურია ხის ნივთები: ჩარჩოები, ნაძვის ხეები, დეკორატიული ხის საათები, თოჯინები, ოთახის დეკორი, ჭიქები, თეფშები და სხვა.
რამდენიმე წლის წინ დიდი ინტერესი გამოიწვია ხელნაკეთმა სამკაულებმა, რასაც უკვე შეეჩვია საზოგადოება. მას შემდეგ სხვადასხვა ამ საქმიანობით დაკავებულმა ადამიანებმა სხვადასხვა მიმართულება აითვისეს და დღეს ხის ნივთების პოპულარობა თვალსა და ხელს შუა იზრდება. ხალხის აზრით, ეს აშკარად ახალი სიტყვაა ხელნაკეთი ნივთების სამყაროში. იგი საკმაოდ ორიგინალური საჩუქარია და ახლა მისი მირთმევა კარგ ტონად ითვლება. ხე დროს შესანიშნავად უძლებს და სამახსოვრო ნივთად ძალიან დიდხანს დარჩება.
ნინო მაღლაფერიძე სამხატვრო აკადემიის სტუდენტია. ის 23 წლისაა და თავისი საქმიანობით ირჩენს თავს. უკვე წლებია დაკავებულია სხვადასხვა აქსესუარებისა და დეკორატიული ნივთების კეთებით:
"ბავშვობიდან მიზიდავდა მსგავსი რაღაცების კეთება, დაახლოებით, მერვე კლასიდან დავიწყე და მეთერთმეტე კლასში უკვე საკმაოდ დახვეწილი ნივთები გამომდიოდა. მეგობრების რჩევით "ფლეა-მარკეტზე" გავიტანე ჩემი ნამუშევრები და მივხვდი, რომ მოთხოვნა დიდი იყო. სიმართლე გითხრათ, ამ ყველაფერმა საკუთარი თავის რწმენა განმიმტკიცა.
თავიდან მხოლოდ სამკაულებით დავიწყე, მაგრამ მალევე ეს მიმართულება ბევრმა აითვისა. უხეშად რომ ვთქვათ, ყოველმა მეორემ დაიწყო პატარ-პატარა აქსესუარების კეთება. ბევრი ვიფიქრე გამეკეთებინა ახალი. უცხოურ საიტებზე ვნახულობდი რაღაცებს და მივხვდი, რომ ხის ნივთები (ეს იქნებოდა ოთახის დეკორი, თუ სიმბოლური საგნები) კარგი საშუალება იქნებოდა საზოგედოების დასაინტერესებლად. მაშინ დავიწყე კეთება. მართალია, სხვა ტექნოლოგია სჭირდება და რთულიც არის, მაგრამ ახალი სიტყვაა და ხალხმა კარგად მიიღო.
ფასი საკმაოდ მისაღებია, დაახლოებით, 50 ლარად იყიდი ხის კარგ სამახსოვრო აქსესუარს, რომელიც აუცილებლად იქნება განსხვავებული და დროსაც კარგად გაუძლებს.
უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე ვაპირებ პატარა მაღაზიის გახსნას. ახლა მხოლოდ შეკვეთებზე ვარ დამოკიდებული და თბილისის სხვადასხვა მაღაზიებისთვის ვამზადებ ნივთებს. ხშირად მაქვს ინდივიდვალური შეკვეთა. მაგალითად, ხის კედლის საათებს ვამზადებ. ზოგიერთს კონკრეტული ნახატის ხეზე შესრულება სურს ან ინიციალების ამოტვიფრას მთხოვენ. ამით უფრო განსხვავებული და შეიძლება ითქვას ერთადერთი და ექსკლუზიურიც კი ხდება ნამუშევრები", - აღნიშნა ნინუცა მაღლაფერიძემ "რეზონანსთან" საუბრისას.
მომხმარებელი ხის და თიხის ხელნაკეთ ნივთებს დიდ ყურადღებას აქცევს და ამის მიზეზად გამძლეობას და ბუნებრიობას ასახელებენ. მათი აზრით, ხის ნივთები ბევრად ჯანსაღია, ვიდრე სხვადასხვა ქიმიური შემადგენლობის საგნები. ბაზარზე მოთხოვნა ხის სათამაშოებზეც გაჩნდა. მართალია, ეს ყველაფერი უფრო ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ, როგორც ჩანს, ზოგიერთებს ფასი არ აშინებს.
სოციალურ ქსელში ხშირად წააწყდებით სხვადასხვა დასახელების გვერდებს: "პამაქელა", "გენ-ია", "მანსარდი" და სხვა. "პამაქელა" თითქმის ყველამ იცის და სწრაფად გაითქვა სახელი. ბაზარზე უკვე წელიწადზე მეტია გამოჩნდა და ხალხის დაინტერესება არ გასჭირვებია. თავისი კრეატიულობით იგი ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდია, რომელიც შეფუთვაზეც და მომსახურეობაზეც ზრუნავს.
თათა მიქაცაძე, 22 წლის სტუდენტია მისი თქმით "პამაქელაში" ხშირად უკვეთავს სხვადასხვა ნივთი: "დაახლოებით 5 თვის წინ გადავეყარე სოციალურ ქსელში "პამაქელას" გვერდს და დავიწყე ფოტოების დათვალიერება. ჩემი გაოცება გამოიწვია ხის სხვადასხვა აქსესუარმა: კედლის მოხატულმა საათებმა, ფოტოების ჩარჩოებმა და ნაძვის ხეების სხვადასხვა ვარიაციებმა. უცებ გამახსენდა, რომ ჩემი მეგობრის დაბადების დღე იყო და უკეთესს ვერაფერს ვაჩუქებდი. "პამაქელაში" შევუკვეთე ჩარჩო, რომელიც როგორც გავიგე საკმაოდ მოთხვონადია და ყველაზე ხშირად სწორედ მას უკვეთავენ. ჩარჩოები არის სხვადასხვა ზომის სხვადასხვა ნახატით და უნახატოდ. ასევე ხე ჩვეულებრივად დამუშავებული და დაძველების ეფექტით. ნამდვილად საუკეთესო საჩუქარი იყო.
შემდეგ ჩემი სახლისთვის შევიძინე სხვადასხვა ნივთები და ძალიან კარგად მოვიქეცი. როდესაც გინდა განსხვავებული ინტერიერი ან უბრალოდ ოთახის გახალისება, ბუნებრივი ნივთი საუკეთესო გამოსავალია. ხის საგანი მალე არ ფუჭდება, უძლებს დროს და არის ნატურალური. ვფიქრობ, ამ ნივთებს ბევრი უპირატესობა აქვს და ძალიან კარგია, რომ ხალხი ამას ყურადღებას აქცევს", - აღნიშნა თათა მიქაცაძემ "რეზონანსთან" საუბრისას.
ბოლო დროს აქტუალური გახდა ხის სათამაშოები. ამას ექიმებიც კი ურჩევენ მშობლებს. იგი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა, არის გამძლე და ძნელად ფუჭდება. ასე რომ, მშობლებს აქვთ საშუალება ხის სათამაშოებზე შეაჩერონ არჩევანი.
ხის აქსესუარები და დეკორაციები დაბადების დღის და ახალი წლის საუკეთესო საჩუქარი გახდა, რადგან ყველა ცდილობს რაღაც ახლის გაკეთებას. ლამაზი და სამახსოვრო ნივთების შემქმნელები ამბობენ, რომ ფასი საკმაოდ რეალურად აქვთ განსაზღვრული და ზედმეტად ძვირი არ ღირს, თუმცა აღიარებენ იმას, რომ საქმე საკმაოდ შრომატევადია და დროც ბევრი სჭირდება. უმეტესობა ფიქრობს ნაშრომები ბრენდად ჩამოაყალიბოს, რადგან ასე უფრო დიდია შანსი იმისა, რომ ცნობადობა გაიზარდოს.