ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სავაჭრო ცენტრ "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრიდან თითქმის 4 დღე გავიდა, თუმცა რამ გამოიწვია ამხელა მაშსტაბის ხანძარი?! - ეს კითხვა, კვლავ პასუხგაუცემელია. დირექტორი გიორგი მაჭავარიანი დივერსიაზე საუბრობს, თუმცა ჯერჯერობით ეჭვი ვერავისზე მიაქვს და გამოძიების დასრულებას ელოდება.
აღსანიშნავია, რომ "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილმა ხანძარმა მთელი შენობის განადგურება გამოიცვია, დამწვარია 13 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი. ადგილზე კვლავ ლევან სამხარაულის ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ და შენობაში ადამიანებს შესვლის საშუალება არ ეძლევათ.
"არსებობს შენობის ჩამოშლის რეალური საფრთხე, აქედან გამომდინარე, იქ მოვაჭრეების შესვლა, რომ საკუთარი ნივთები აიღონ, არ შეიძლება", - განუცხადა ჟურნალისტებს სამხარაულის ექსპერტ-კრიმინალისტმა.
ექსპერტების აღნიშნულ დასკვნას უკმაყოფილებით შეხვდნენ "ბავშვთა სამყაროში" ძვირფასი ნივთებით მოვაჭრე მოქალაქეები. ისინი მოითხოვენ, რომ შენობაში მათი ეტაპობრივი შეშვება მოხდეს, რათა კუთვნილი ნივთები აიღონ.
დაზარალებულმა მოვაჭრეებმა "ბავშვთა სამყაროსთან" ჯებირის შენგრევა და შენობაში ძალით შესვლა სცადს, მაგრან ამის საშუალება დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა არ მისცეს. დაზარალებულები აცხადებენ, რომ მათ შენობაში შესვლა და საკუთარი პროდუქციის ნახვა სურთ. ისინი ძირითადად, ვერცხლის მოვაჭრეები არიან.
მოვაჭრეებს ადგილზე თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე გაესაუბრა, რომელმაც დაზარალებულებს განუცხადა, რომ დამწვარ ტერიტორიას სპეციალისტები ათვალიერებენ და დათვალიერების შემდეგ განუმარტავენ თუ რა მდგომარეობაა. დაზარალებულებმა კი განუცხადეს, რომ ვიდრე დაინგრევა, შენობაში შესვლა სურთ, რათა საკუთარი პროდუქციის მცირე ნაწილი მაინც გადაარჩინონ.
"ბავშვთა სამყაროს" მოვაჭრეების ნაწილის ვარაუდით, კი სავაჭრო ცენტრში ხანძარი განზრახ გააჩინეს. როგორც ისინი აცხადებენ, ცეცხლი რომ სპეციალურად არ გაეჩინათ, ის ყველგან ერთდროულად არ მოეკიდებოდა.
"სპეციალურად გააჩინეს, ერთდროულად როგორ უნდა მოკიდებოდა ცეცხლი ყველაფერს? - გაუბედურებულია ხალხი", - აცხადებენ მოვაჭრეები.
მათივე ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრის აშენება უნდოდათ. რასაც კატეგორიულად უარყოფს "ბავშვთა სამყაროს" დირექტორი გიორგი მაჭავარიანი, რომელიც მზად არის პასუხი აგოს, თუ მისი ბრალეულობა გამოიკვეთება.
"თუ ჩემი ბრალეულობა გამოიკევეთება, მზად ვარ ციხეში ჩავჯდე. გაყიდვას არ ვაპირებდი, პირიქით, 1,5 მილიონი დავხარჯეთ ამ შენობის რემონტისთვის. გამოძიება დაადგენს ყველაფერს, თავს არ ვიმართლებ. ნულზე დავჯექი მთლიანად და ჩემი თავის მტერი ხომ არ ვარ? - ვიყიდე აქციები, 5%-ის მფლობელი ვარ და აქციების ყიდვას ვაგრძელებდი. პირიქით, ეჭვი მაქვს დივერსიის, რადგან ასე მარტივად დაიწვა ამხელა ტერიტორია", - განაცხადა მაჭავარიანმა.
მიივე თქმით, ამ შენობის დაწვასთან "კარფურს" არანაირი კავშირი არ აქვს, რადგან ამ საკითხზე მოლაპარაკებებიც არ ყოფილა.
"არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა და, არც მის გაყიდვას არ ვაპირებთ. შენობა 2015 წლის აპრილში დავაზღვიეთ. "კარფურთან" არანაირი შეხება ამას არ აქვს, მოლაპარაკებებიც კი არ შემდგარა", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას მაჭავარიანი. მისივე თქმით, რაღაცნაირად მონახავენ გზებს, რომ დაზარალებულ მოვაჭრეებს დაეხმარონ.
"რაღაცნაირად უნდა მოვნახოთ გზები, რომ ამ ადამიანებს დავეხმაროთ. მთავრობა გვპირდება დახმარებას და ვნახოთ რას იზამენ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ელექტროენერგია დაკეტვისთანავე ითიშებოდა. რემონტი ახალი გაკეთებული გვქონდა, შესაბამისად ელექტროსადენებიც მოწესრიგებულიყო იყო.
"ასე რომ, მეც ეჭვი დივერსიაზე მაქვს, მაგრამ ჯერჯერობით ხელს ვერავის ვადებ, გამოძიების დასრულებას ველოდები", - გვითხრა მაჭავარიანმა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კი მზადაა, ხანძრის შედეგად დაზარალებულ მეწარმეებს საგადასახადო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისას დახმარება გაუწიოს.
შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ლევან დგებუაძის განცხადებით, სპეციალური სამუშაო ჯგუფი ადგილზე გაესაუბრა დაზარალებულ მოქალაქეებს, რათა საგადასახადო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისას, გათვალისწინებული იყოს თითოეული დაზარალებული მეწარმის ინტერესები და მათ არ შეექმნათ სირთულეები.