ია აბულაშვილი
06.02.2017

 დიდი მგოსანი აკაკი წერეთელი შესანიშნავი იუმორის ნიჭით დაჯილდოვებული და მახვილი ენის ადამიანი რომ იყო. ამის შეხსენება ჩვენს მკითხველს არ სჭირდება, თუმცა დღევანდელ სტატიაში მის რამდენიმე მოსწრებულ სიტყვა-პასუხს და ოხუნჯობას გავიხსენებთ, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა.

"აბასთუმნის სასტუმროში აკაკის ანგარიში წარუდგინეს. ეტყობა ზედმეტი მიეწერათ და პოეტმა ანგარიშს, რომ გადახედა უთქვამს - ახლა კი მივხვდი, რად ეძეხიან ამ ადგილს "აბასუმანოს", თურმე აბაზში თუმანს ახდევინებენო.

...

ერთხელ ერთი მსახიობი, რომელიც დიდი არტისტული მონაცემებით არ გამოირჩეოდა, აკაკის ეუბნება:

- ვერ წარმოიდგენთ, აკაკი, როგორად მიყვარს სცენა, როცა მე არ ვთამაშობ და სცენას ვუყურებ, სულ ჟრუანტელი მივლისო.

- წარმოიდგინეთ, რომ მეც მაგ მდგომარეობაში ვარო, - უპასუხა აკაკიმ.

- შენ რითაო? - ჰკითხა არტისტმა.

- შიშისგანო, - მიუგო აკაკიმ.

- რისი გეშინიათ?

- იმისა, ჩემო კარგო, რომ სცენაზედ კარი არ გაიღოს და შენ არ შემოხვიდეო.

...

ქუთაისში აკაკის მონაწილეობით საღამო გაიმართა. საღამოს მონაწილენი სურათის გადასაღებად ბაღში შეიკრიბნენ. ერთი ახალგაზრდა ეკითხება პოეტს:

- რა აზრის ხართ პატივცემულო აკაკი ახალგაზრდა მგოსნებზე?

- რა გითხრათ, სტუდენტობის დროს ერთი პროფესორი გვყავდა, დიდად განათლებული კაციაო, ამბობდნენ, მაგრამ ჩვენი სტუდენტები მისი წაკითხულიდან ვერაფერს გებულობდა. იგივე ითქმის ზოგიერთ ახალგაზრდა მგოსანზე. შესაძლებელია ძალიან კარგებიც იყვნენ, მაგრამ ერთი ნაკლი აქვთ - როგორც მე, ისე ხალხს, არა გაეგებათ რა მათი!

...

მწერალ იონა მეუნარგიას აკაკი გულწრფელად დიდ პატივს სცემდა, მაგრამ რადგან გენერალ ორბელიანის მეგობარი იყო, ხშირად ხდებოდა პოეტის ოხუნჯობის საგანი.

- იონა ჩამოსულა ქალაქში, - უთხრა დავით ერისთავმა აკაკის.

- რას ამბობ... რომელ გენერალს ჩამოყვა თუ იციო, - იკითხა აკაკიმ.

...

ერთ დროს "ივერიის" თანამშრომლები, სულ ფსევდონიმით აწარდნენ ხელს - "ფარნაოზი", "ლალი", "იაგუნდი" და სხვა. ერთმა თანამშრომელმა წერა რომ დაიწყო, ფსევდონიმად "ნალი" მიაწერა. აკაკი, რომელიც დიდად არ იყო მოხიბლული თანამშრომელთა შემოქმედებით, ძალიან გაახარა ამ ფსევდონიმმა:

- ოჰ, ძლივს მართლა წერა დაიწყეს. ამდენ ნახირს, რასაკვირველია ერთი ნალი დასჭირდებოდაო.

...

"დროების" რედაქციაში ერთხელ ამ გაზეთის თანამშრომლები შეყრილიყვნენ და რაღაცაზედ ლაპარაკობდნენ. იქ იყო იონა მეუნარგიაც, რომელიც "ლელოს" ფსევდონიმით წრედა "დროებაში". ამ დროს რედაქციაში შესულა აკაკი და მეუნარგიასთვის შეუტევია: "სუ, ლელო!"

...

რუსი მოხელე, რომელიც დიდი ლოთი და დიდი მექრთამე იყო, როცა გადააყენეს წავიდა პეტერბურგში და იქ ცხოვრობდა. ერთხელ დიდი წვეულება ჰქონია და შემთხვევით იქ მყოფი აკაკიც მოხვდა ამ სუფრაზე.

მასპინძელმა სადილზე ტრაბახი დაიწყო - კავკასიაში რომ ვიყავი, ძალიან ვუყვარდი ხალხსო. წამოსვლის დროს სადილი გამიმართეს და სახსოვრად საჩუქარიც მომართვესო. გამოიტანა საჩუქრად მიღებული აზარფეშა, რომელზედაც "კოლხეთის ვერძი" იყო დახატული. სტუმარებმა იკითხეს: რას ნიშნავს ეს ვერძი? ალეგორიული ხომ არ არის რამეო?

- როგორ არაო,- მიუგო აკაკიმ ცნობისმოყვარე სტუმრებს, - ჩვენში აზარფეშა ლოთობის ემბლემაა და ვერძი კი იმას ნიშნავს, რომ ბერძნებმა დიდძალი ფული გაიტანეს ჩვენი ქვეყნიდანო.

...

სასტუმროში ერთმა ადვოკატმა ლორის შაშხი მოითხოვა. ბევრი ეწვალა, მაგრამ კანი ვერ გააცალა და გულმოსულს აკაკისთვის უკითხავს:

- არ გიკვირს, რომ კანი არ ძვრება ამ შაშხსო?

- ეგ არ მიკვირს. ის კი გასაკვირია, რომ ადვოკატი ხარ და ტყავის გაძრობას ვერ ახერხებო, - მიუგო აკაიმ.

...

ერთმა პედაგოგმა, რომელიც პოეტობასაც ჩემობდა, ახლო სოფელში მიმავალ აკაკის ერთი კვიმატიანი ცხენი ათხოვა და თან ლექსების რვეული გაატანა: თუ მოგეწყინოს, ამაღამ ეს გადაიკითხეო. მეორე დღეს უკან დაბრუნებულ აკაკის ჰკითხა პედაგოგმა

- როგორ იმგზავრე? ღამე როგორ გაატარეო?

- რა უნდა გითხრა, ძმაო, დღე შენმა ცხენმა დამტანჯა და ღამე შენმა ლექსებმაო, - მიუგო აკაკიმ.

...

ერთმა ახალგაზრდა ინჟინერმა ხუმრობით ჰკითხა ნაავადმყოფარ აკაკის:

- ასე მალე როგორ დაბრუნდით საიქიოდანო?

- შენი გაკეთებული გზა რომ ყოფილიყო, დღესაც იქ ვიქნებოდიო, - მოუჭრა სიტყვა აკაკიმ.

...

ერთ სუფრაზე სადილად ერთი კაცი კარგ გუნებაზე დამდგარა და სულ "მიმინო მყავდა"-ს მღეროდა. იმდენი იმღერა "მიმინო მყავდა მიყვარდაო", რომ ყველას თავი მოაბეზრა. აკაკი რომელიც ყველა სუფრაზე მოწყენილი იყო ხოლმე, ამ სუფრაზე განსაკუთრებით გაბეზრებულა და უთქვამს მომღერლისთვის:

- არ გეტყობა, რომ მიმინო გყოლოდეს, მაშინ თავში მაგდენი მწყერი აღარ გეყოლებოდაო.

...

აკაკი ერთგან სადილზე მიიწვიეს და მხოლოდ თეთრ ღვინოს სვამდა. ვიღაცამ იკითხა - თეთრი ღვინო სჯობს, თუ წითელიო. პოეტმა წითელი ღვინო დაისხა და რომ არ მოეწონა უთქვამს:

- სადილობამდის ეს ღვინოც თეთრი ყოფილა, მაგრამ სირცხვილით გაწითლებულაო.

...

ერთი ნაცნობი შეეკითხა აკაკის:

- როგორ მოვიქცე, რომ არც მწვადი დავწვა და არც შამფურიო?

- ეგ ქუთაისის ბანკს უნდა ჰკითხო, რომელიც ამდენი ხანია კიდეც მაძლევს პენსიას და არც მაძლევსო.

...

საბანკო არჩევნების დროს ზოგიერთი კენჭოსანი ყვიროდა "კენჭი მოგვეცით კენჭი! კენჭმა უნდა გაგვასწოროსო"!

- ნეტა თქვენ გასწორდებოდეთ და ვინ ოხერი, ან ლოდს ვინ დაიშურებს თქვენთვისო, - მიაძახა გაბრაზებულმა აკაკიმ.

...

ერთი ახალგაზრდა კოხტაობით სათვალეს ატარებდა და ხანდახან შუბლზე იდებდა ხოლმე. აკაკის გვერდით მყოფს უკიხავს პოეტისთვის

- ბატონო აკაკი, რა მიზეზია, რომ ის ყმაწვილი შუბლზე იდებს ხოლმე სათვალეს და არა თვალზეო?

- იმიტომ, რომ ჭკუით არის ბეცი და არა თვალებითო, - მიუგო აკაკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×