მსოფლიოს ისტორიაში რომს გამორჩეული ადგილი უკავია. ამ ქალაქს მარადიულობის სიმბოლოს დატვირთვა აქვს არა მარტო წარმართულ და ქრისტიანულ კულტურულ არეალში. ჟამთასვლამ მისდამი მეტოქეობის ფაქტებიც შემოგვინახა. სწორედ ამ პრიზმაშია საინტერესო ალექსანდრია, ნილოსის ნაპირზე მდებარე ქალაქი, რომელიც თავისი არსებობის მანძილზე არაერთი საინტერესო ფაქტისა და პიროვნების მომსწრე გახლდათ.
ისტორიას გამორჩეული ადამიანები ქმნიან. ძველი და ახალი წელთაღრიცხვის მიჯნაზე ალექსანდრიისა და ეგვიპტის ისტორიას ამშვენებს დედოფალი კლეოპატრა, რიგით მეშვიდე, რომელიც სწორედ ერთ-ერთი ინიციატორი გახლდათ რომის ძლევა კულტურის ექსპანსიით ეცადა.
როგორ აცხადებდა პრეტენზიას პტოლემაიოს სოტერი ალექსანდრე მაკედონელის მემკვიდრეობაზე
ეგვიპტის ელინისტური სახელმწიფოს ფუძემდებელი პტოლემეოს | სოტერი გახლდათ. ის ყველაზე დაახლოებული სარდალია ალექსანდრე მაკედონელთან. სწორედ ის პატრონობს ალექსანდრე მაკედონელის ცხედარს. ალექსანდრე ბაბილონში ქრისტეშობამდე 323 წელს გარდაიცვალა, პტოლემაიოს სოტერმა კი ის ეგვიპტის ჩრდილოეთში, მაკედონელის მიერ დაარსებულ ქალაქ ალექსანდრიაში წაასვენა.
ამ ჟესტით პტოლემაიოს სოტერი თავს წარმოაჩენდა როგორც ალექსანდრე მაკედონელის პირველი მემკვიდრე. საგულისხმოა, რომ პირველ მემკვიდრეობაზე თავს ასევე სხვა დიადოხოსები დებდნენ.
დიადოხოსები ერთიმეორეს გვერდით საკმაოდ დიდ ხანს, თითქმის ორმოცი წელი იბრძვიან. ეს ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალების შემდეგ ხდება. ყველაფერი სრულდება იმით, რომ სელევკმა სირიის სახელმწიფო დააარსა, ანტიგონეს მემკვიდრეებმა თავი საბერძნეთსა და მაკედონიაში დაიმკვიდრეს, პტოლემაიოსებმა კი ეგვიპტეში. ეს სხვა არა არის რა, თუ არა მსოფლიოს გადანაწილება. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ქართლის სამეფოს შექმნა და ფარნავაზის ზეობა.
რატომ იყვნენ მრავლად პტოლემაიოსების დინასტიაში გონებრივი და ფიზიკური ნაკლის მქონე მმართველნი
პტოლემაიოს | სოტერი წარმოშობით მაკედონიის ჩრდილოეთიდან იყო, ის სოციალური წარმომავლობით გლეხია. მიუხედავად ამისა, ის სამეფო ტახტზე აღზევდა და ბუნებრივია, ამ მხრივ უფრო გამძაფრებულია მის შთამომავლების სურვილი ძალაუფლება და ბერძნული წარმომავლობა შეინარჩუნონ და არ შებღალონ.
პტოლემაიოსის შთამომავლებს არ სურთ ამ წარმომავლობითი სწორხაზოვნებისგან გადახვევა, ამიტომაც მიმართავენ ინცესტს, რაც ჩვეულებრივი ცხოვრებისეული ნორმა ხდება. სწორედ ძველეგვიპტური ფარაონთა ტრადიციის შესაბამისად დამკვიდრდა და-ძმის, დედა-შვილის, მამა შვილის ერთმანეთზე ქორწინება. ამ ტრადიციის მთავარი მოტივი ის გახლდათ, რომ ბერნული წარმოშობის ხელისუფალს საკუთარი ბერძნული წარმომავლობა და ძალაუფლება შეენარჩუნებინა.
ძველეგვიპტური ტრადიციის გადმოღებამ ბუნებრივია მრავალი პრობლემის წინაშე დააყენა პტოლემაიოსების შთამომავალნი, ინცესტს სავალალო შედეგი მოჰქონდა - ოჯახის შიგნით ქორწინებების გამო იყო არაერთი დაავადება, არაერთი ფიზიკური თუ გონებრივი ნაკლის მქონე ადამიანი. ამ მხრივ კლეოპატრა გამორჩეული იყო.
როგორ გაუმართლა კლეოპატრას
კლეოპატრა ქრისტეშობამდე 69 წელს დაიბადა. ჩვ-წ-აღ-მდე 51 წელს, 18 წლის ასაკში ხდება ეგვიპტის მმართველი. გარდაიცვალა ძვ- წ-აღ-ით 30 წელს, რომელითაც დასრულდა ელინიზმის ეპოქა.
საგულისხმოა, რომ კლეოპატრას გაუმართლა, რამდენადაც ის მამამისს პტოლემაიოს ყ|||-ს მხევალი ქალისგან შეეძინა. სწორედ ამიტომაც გამოირჩეოდა კლეოპატრა თავისი ავადმყოფი და ფიზიკური ნაკლის მქონე და-ძმებისგან არა მარტო გარეგნობით და ხასიათით, არამედ ინტელექტით,
კლეოპატრამდე ბოლო ასი წლის განმავლობაში პტოლემაიოსების ისტორია ხასიათდებოდა არა მარტო შიდა ოჯახური ქორწინებებით, არამედ შიდა ინტრიგებთა და ულმობელი, სისხლიანი ანგარიშსწორებით.
ეს ყველაფერი ეგვიპტის მთავარ ქალაქში ალექსანდრიაში ხდება.
ალექსანდრია - ანტიკურობის აღმოსავლური სავანე
ალექსანდრიაში, იქ სადაც ნილოსი ზღვაში ჩაედინება, თავს იყრიდა ის კულტურული ტრადიციები, რითაც ეგვიპტე იკვებებოდა საუკუნეთა განმავლობაში. კულტურულმა ცენტრებმა სამხრეთის ქალაქებიდან, თებესა და მემფისიდან ჩრდილოეთით, ალექსანდრიაში გადმოინაცვლა. აქ მეტად საინტერესო კულტურული არეალი ჩამოყალიბდა.
კლეოპატრას ზეობისას ქრისტეშობამდე | ს-ში ალექსანდრია, სადაც ალექსანდრე მაკედონელის აჩრდილი დადის, რომის შემდეგ მსოფლიოში მეორე ქალაქია, როგორც სიდიდით, ვაჭრობის ინტენსივობით. რაც მთავარია, აქ არის სახელგანთქმული უნიკალური მუზეიონი და ალექსანდრიის ბიბლიოთეკა.
მუსეიონი პტოლემეოს |-ის ინიციატივით დაარსდა, მას უნდოდა ისეთი სტილის საგანმანათლებლო ცენტრი შეექმნა, ათენში რომ იყო. მუსეიონი იყო ძველბერძნული ანარეკლი ანტიკური კულტურისა. სწორედ ამ მუსეიონთან დაარსდა მდიდარი ბიბლიოთეკა, ალექსანდრიის ბიბლიოთეკის სახელით რომ შემორჩა მატიანეს. კლეოპატრას დროს ამ ბიბლიოთეკის ფონდი 700 ათას ეგზემპლიარს შეადგენდა.
მუსეიონს საკმაოდ ხშირად სტუმრობდა კლეოპატრა, ის მეცნიერებბების სხვადასხვა დარგების შესწალის სურვილით გამოირჩეოდა. მან შვიდი ენა იცოდა, ეს მეტად საგულისხმო დეტალია. ეს ენებია ბერძნული, ეგვიპტური, არამეული, ეთიოპური. სპარსული, ივრითი და ლათინური.
აქ კიდევ ერთი რამ არის აღსანიშნავი - პტოლემაიოსების მმართველობის ხანისას ყველას არ შეუწუხებია თავი ეგვიპტური ენა ესწავლა, კლეოპატრა კი სწავლობდა. ის მუსეიონში ეუფლებოდა მათემატიკასა და მედიცინას. მისდამი არაკეთილგანწყობილი რომაელი ავტორებიოც კი აღიარებენ, რომ კლეოპატრა საკმაოდ კარგად ფლობდა მათემატიკას. არადა მათემატიკის ცოდნა, მითუმეტეს კარგად ცოდნა, ძველი მსოფლიოს ქალებისთვის არ არის დამახასიათებელი.
ამბავი ყველაზე წარმატებული პტოლემაიოსისა
პტოლემაიოსების მმართველობის ყველაზე გამორჩეული პერიოდი ქრისტეშობამდე ||| ს-ნეს უკავშირდება, ამ დროს პტოლემაიოს ევერგეტი ზეობს, რომელიც ამარცხებს სელევკიდებს და მისი მმართველობის ქვეშ მყოფ სირიას ეგვიპტეს უერთებს. ის პრეტენზიას აცხადებს შექმნას უძლიერესი ეგვიპტის სახელმწიფო, რომლსაც მსოფლიო ბატონობას დაიბრუნებს. გადის ორიოდ საუკუნე და ეგვიპტე ვერ ახერხებს რომისთვის კონკურენციის გაწევას საერთაშორისო არენაზე. სამხედრო თვალსაზრისით ამ მცდელობას აზრიც არა აქვს, ამიტომაც აშკარაა, მეტოქეობისა და შეჯიბრისათვის სულ სხვა ფორმა და სივრცე უნდა გამოინახოს.
რატომ დასცინოდნენ კლეოპატრას მამას
ვითარება იცვლება კლეოპატრას დროს. თუმცა, ამ ამბიციებს წინ უძღვის საკმაოდ უცნაური პერსონის ზეობა. საუბარია სწორედ კლეოპატრას მამაზე, პტოლემაიოს ყ|||-ზე, რომელსაც ალექსანდრიის მოსახლეობამ თიკუნი აფლეტი შეარქვა. ეს თიკუნი ირონიულ განწყობებს გამოხატავს და ითარგმნება როგორც ჩამბერავი, შტვენის მოყვარული. მას დასცინიან და სერიოზულად ვერ აღიქვამენ. ასეთი განწყობების სათავე კი ის გახლდათ, რომ პტოლემაიოს XIII აღმერთებდა ფლეიტაზე დაკვრას, და ის როგორც ეგვიპტის მმართველი წინაპრების მსგავსად პრეტენზიას ალექსანდრე მაკედონელის სამხედრო მემკვიდრეობაზე კი არ აცხადებს, არამედ გადაყოლილია გართობას, ზეიმებს.
რატომღაც იცვლება ფასეულობები. თუკი ადრე ფლეიტის ფლობა და მასზე დაკვრა ძველ საბერძნეთში ყველასთვის აუცილებელი იყო, შემდგომში სულ სხვა რეალობას ვხვდებით. ახლა ეს სირცხვილია - სწორედ ამას მიანიშნებს ცნობილი ბერძენი სარდლის ალკიბიადეს ცხოვრებიდან ერთი ეპიზოდი.
პტოლემაიოსის მსგავსად მომავალი სარდალი, ალკიბიადე რომელიც გამოირჩეოდა თავმოყვარეობითა და სიამაყოთ, აცხადებს რომ ფლეიტაზე არ დაუკრავს, როცა მას სთხოვეს აეხსნა ამ გადაწყვეტილების მიზეზი, ალკიბიადე პასუხობს, რომ ის ვინც ფლეიტაზე უკრავს, ბერავს ლოყებს, ხუჭავს თვალებს და სასაცილოა. დაე, მასხარებმა გაართონ ასე არისტოკრატებიო.
ახალმა ფასეულობებმა, როგორც ჩანს, ალექსანდრიამდეც მოაღწია და ამიტომაც დასცინიან პტოლემაიოს ყ|||-ს.
როგორ იყიდა პტოლემაიოსმა რომისგან თავისუფლება რომაელების ფულით
კლეოპატრა 11 წლის იყო, როცა ეგვიპტეში დიდი მასშტაბის ამბოხება მოხდა. ეს დაკავშირებული იყო მოუსავლიანობასთან. როგორც ჩანს, საირიგაციო სისტემას მთლად საუკეთესოდ ვერ მიხედა მისმა ფლეიტისტმა მამამ, სახალხო მღელვარება მართლაც უმძიმეს რეალობას მოასწავებდა, საქმე ის გახლდათ, თავად პტოლემაიოს ყ||| სახალხო მღელვარების შედეგად აღმოჩნდა ტახტზე, როცა აჯანყებულებმა მისი წინამორბედი დანით აკუწეს.
ბუნებრივია, პტოლემაიოსი განცდებშია, მას უნდა ხელისუფლების შენარჩუნება, თუმცა, კარგად ხედავს, სხვის დაუხმარებლად ამის გაკეთება არარეალურია და დახმარებას რომაელებთან ეძებს. რომის დახმარება კი მხოლოდ ერთი ვარიანტში შეიძლება მიიღო - თუკი მას იყიდი. არადა ეს სრულიადა არაა იოლი, რამდენადაც ალექსანდრიიდან გაქცეულმა აბა სად უნდა იშოვოს თანხა.
და ამ დროს ხდება ყველაზე სახალისო და საცნაური ამბავი - ეს თანხა პტოლემაიოსმა თავად რომაელ ვაჭარს გაიუს რაბინიუს პოსტუმს გამოართვა სესხად. სწორედ ეს ფული გადაუხადა პტოლემაიოსმა რომაელებს - სულ 6 ათასი ტალანტი - იმდროინდელი საზომით არნახულად დიდი თანხა - თითქმის მთელი ეგვიპტის იმჟამინდელი ერთი წლის შემოსავალი. სწორედ ამ ფასად აცხადებს რომი პტოლემაიოს ყ|||-ს რომაელი ხალხის მეგობრად.
ეს ის პროცესებია, კლეოპატრას ეგვიპტის მმართველობას რომ უმზადებს...
რატომ წერდნენ რომაელი ისტორიკოსები კლეოპატრაზე ზიზღით
თუკი გავადევნებთ თვალს კლეოპატრას ცხოვრების გზას, ერთი რამ იქნება გამოკვეთილი - ის, ისევე როგორც მისი რომაელი ფავორიტები იულიუს კეისარი და ანტონიუსი, სწორედ ალექსანდრე მაკედონელობაზე ოცნებობენ. მათთვის მაკედონელი გამორჩეული ფენომენია, რომელიც სულ სხვა განზომილებაში აქცევს თავის თამნამედროვე მსოფლიოს.
კლეოპატრა გახლავთ ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაარსებული ელინისტური სახელმწიფოებიდან უკანასკნელი სახლემწიფოს, ეგვიპტის ბოლო მმართველი.
კელეოპატრას შესახებ ცნობები შემოგვინახა რომაულმა ისტორიოგრაფიამ. მის შესახებ წერენ პლუტარქე, სვეტონიუსი, აპიანე, დიონ კასიუსი, იოსებ ფლავიუსი, სტრაბონი. რომაელ მწიგნობართა ელიტა მას ზიზღით იხსენიებს.
როგორ ისახავდა კლეოპატრა მიზნად რომის კულტურულ ექსპანსიას
მაინც რა იყო კლეოპატრასადმი რომაელ მწიგნობართა ასეთი განწყობების მიზეზი? საქმე ის გახლავთ, რომ, იმ დროს კლეოპატრა მოიაზრებოდა რომისადმი წინააღმდეგობრიობის უმთავრეს სიმბოლოდ, მთავარ საფრთხედ, თუმცა, ეს საფრთხე არ გახლდათ სამხედრო და ძალადობრივი ხასიათის.
კლეოპატრას რომის წინააღმდეგ სამხედრო თვალსაზრისით არანაირი წინააღმდეგოპბის შექმნა არ შეეძლო და არც ცდილობდა ამას. ის საფრთხეს უქმნის რომს კულტურას, მის ყოფას სწორედაც რომ კულტურული ექსპანსიით ცდილობს ალექსანდრიის სახით ახალი მეტოქე დაუყენოს რომს საპირწონედ.
რომი ძველი და ახალი წელთაღრიცხვების მიჯნაზე განსაკუთრებული ფენომენია ანტიკურ სამყაროში, ის ყველაზე აღმატებული და გამორჩეულია. მის მიღმა არსებული სივრცე - ეს სულ სხვა განზომილებაა, განზომილება, რომელიც რატომღაც კულტურული სივრცის მიღმაა მოაზრებული, არადა კლეოპატრა იმ ქალაქის მკვიდრია, მსოფლიოში რანგით მეორე რომ გახლავთ თავისი სიდიდითა და მნიშვნელობით.
ძველი რომისთვის ასე ქვეცნობიერად ყალიბდება პოლიტიკურ სამიზნედ ალექსანდრიის კულტურული არეალი. საცნაური კი ის გახლავთ, რომ ალექსანდრია, მისი უნიკალური ბიბლიოთეკა სწორედ განათლებული რომაელების ხელით ნადგურდება. პირველი სერიოზული დარტყმა მას იულიუს კეისრის მხრიდან მიადგა.
ჰქონდა თუ არა ამ ფაქტს ქვეცნობიერად გააზრებული მიზანი, ძნელი სათქმელია... ფაქტი ფაქტად რჩება - უნიკალური ალექსანდრიის ღირსშესანიშნაობათა უმეტესობა სწორედ რომაელთა ხელით განადგურდა...