ია აბულაშვილი
13.02.2017

 1921 წლის თებერვლის სუსხიან დღეებსა და ქართველ იუნკერთა საბრძოლო გმირობებზე არაერთხელ დაწერილა და მომავალშიც ბევრი დაიწერება, მაგრამ დღევანდელ სტატიაში მკითხველს გვინდა შევახსენოთ ამ ტრაგიკულ მოვლენასთან დაკავშირებული რამდენიმე ნაკლებად ცნობილი ისტორიული ფაქტი.

1921 წლის 11 თებერვალს წითელმა არმიამ რამდენიმე მიმართულებით დაიწყო შეტევა. ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს მთავრობამ მობილიზაცია გამოაცხადა და შეირაღებული ძალების მთავარსარდლად გენერალი გიორგი კვინიტაძე დაინიშნა.

რუსეთის მე-11 არმიას და მისდამი დაქვემყებარებულ შენაერთებს კომდივი ანატოლი გეკერი მეთაურობდა. 1921 წლის 16 თებერვალს გამთენიისას მე-11 არმიის ნაწილები საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა.

მე-11 არმია თბილისს სამი მიმართულებით უტევდა. როგორც ისტორიკოსები ამბობენ, მტერი განსაკუთრებულ მნიშვნელობას თბილისის, როგორც სამხედრო-სტრატეგიული და პოლიტიკური ცენტრის აღების საქმეს ანიჭებდა. კარგად იცოდა, რომ უთბილისოდ საქართველო ხერხემელში გადატყდებოდა და ფეხზე წამოდგომას ვეღარ შეძლებდა.

საბჭოთა ისტორიკოსების მიერ ზუსტადაა დათვლილი, თუ რა ძალები იყო თავმოყრილი ამ ოპერაციის განსახორციელებლად: თებერვლის შუა რიცხვებში, მე-11 წითელმა არმია თავის შეიარაღებაში ითვლიდა 17 937 ხიშტს; 4.316 ხმალს; 1.065 ტყვიამფრქვევს; 181 ერთეულ მსუბუქ და 15 მძიმე არტილერიას; შვიდ ჯავშნოსან მატარებელს; სამ ჯავშან რაზმს; ერთ სატანკო რაზმს.

კავკასიის ფრონტის სამხედრო საბჭოს დირექტივებიდან კი ირკვევა, რომ მე-11 არმიის ნაწილები თბილისზე შეტევას აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან ანხორციელებდა. მთავარი დამრტყმელი ძალა იყო ჯარების დაჯგუფება მე-20 დივიზიის უფროსის ველიკანოვის ხელმძღვანელობით. მარტო ამ ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდა 32-ე, მე-18 და მე-9 მსროლელი დივიზიები, მე-12 ცხენოსანი დივიზია, 5 ჯავშან-მატარებელი, 4 ჯავშნოსანი და 5 ტანკი.

ქართველი ახალგაზრდების თავგანწირული ბრძოლა კოჯორ-ტაბახმელაში

მიუხედავად იმისა, რომ იუნკრები ომის პირველივე დღეებიდან მოითხოვდნენ ფრონტზე გაგზავნას, ისინი ბრძოლებში მხოლოდ 17 თებარვალს ჩაერთვნენ. 17 თებარვალს დილის 5 საათზე მოვიდა ბრძანება: "სამხედრო სკოლა საჩქაროდ გამოვიდეს ტაბახმელის პოზიციებზე. სამხედრო სკოლას ფრონტზე 560 მებრძოლი გაჰყავდა, მათ შორის იუნკერთა ორი ქვეითი ასეულის 152 მებრძოლი, იუნკერ ოფიცერთა ბატალიონი (350 კურსანტი), არტილერისტთა გუნდი (15 მებრძოლი), საინჟინრო ნაწილი (10 მებრძოლი) და კავალერია (5 ცხენოსანი). შაშხანების გარდა, იუნკერთა შეირაღებაში შედიოდა ორი სამთო და ორი საველე ზარბაზანი და ექვსი ტყვამფრქვევი.

სასაწავლებლის ეზოში კურსანტები დილის 11 საათსა და 30 წუთზე გამწკრივდნენ. სამხედრო ორკესტრმა საქართველოს ჰიმნი შეასრულა, რის შემდეგაც კურსანტებს სიტყვით მიმართა სკოლის ხელმძღვანელმა გენერალმა ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა:

"ყმაწვილებო, ბედნიერი ვარ მოგილოცოთ, რომ საშუალება გაქვთ თქვენი მოქმედებით დაადასტუროთ თქვენი სიყვარული სამშობლოსადმი. ეჭვი არ მეპარება შეასრულებთ მხედრულ მოვალეობას და პირნათლად წარსდგებით ქართული ისტორიის სამსჯავროზე. ყოველ თქვენს ნაბიჯს მოწმედ ეყოლება ცა, მიწა და ბუნება, რომელიც არაერთხელ გაკვირვებულა ქართველთა გმირობით... გაუმარჯოს საქართველოს და ქართულ ჯარს!"

იუნკრებს ფრონტზე მთელი ქალაქი აცილებდა. ქალი თუ კაცი, დიდი თუ პატარა, ყველა გარეთ გამოსულიყო, ხილსა და ტკბილეულს აწვდიდნ. თხელ ტანსაცმელში გამოწყობილ მწყობრი ნაბიჯებით მიმავალ 20-23 წლის ჭაბუკების კოლონას ცხენით გენერალი ანდრონიკაშვილი და სასწავლებლის ოფიცრები მიუძღვებოდნენ. შემდეგ მიდიოდნენ ქვეითები, არტილერისტები და ცხენოსნები. მწკრივს იუნკერ-ოფიცერთა ახალწვეულთა ბატალიონი ასრულებდა.

იუნკრები დედაქალაქის მარჯვენა ფრთას ამაგრებდნენ. მათ ტაბახმელიდან კოჯრამდე რვა კილომეტრიანი მონაკვეთი უნდა დაეცვათ.

17 თებარვლის ღამემ იუნკერთა პოზიციებზე მშვიდად ჩაიარა, იმ ღამეს ყინვა 8-9 გრადუსს აღწევდა და ცივ სანგრებში გათბობას სიმღერით და ცეკვით ცდილობდნენ. ბოლშევიკებს ტაბახმელის პოზიციებზე იერიში არც მეორე დღეს მიუტანიათ. პირველი შეტევა 19 თებერვალს დაიწყო, როდესაც ბოლშევიკებმა სოღანლუღთან გენერალ მაზნიაშვილის სიმაგრეები ვერ გაარღვიეს და მთელი ძალები ტაბახმელის მონაკვეთისკენ მიმართეს.

მტერმა იერიში დილის 8 საათზე მიიტანა და 12 საათისთვის შეტევაზე გადავიდა. ბოლშევიკების გააფთრებული იერიშის მიუხედავად, იუნკრებმა პოზიციების შენარჩუნება შეძლეს. მებრძოლები დღეში მტრის სამ შემოტევას მაინც იგერიებდნენ.

"ჩვენი ბიჭების მამაცობას და გმირობას საზღვარი არ აქვს. ახალგაზრდა იუნკრები, რომელნიც ეს-ეს არის გამოუშვეს სკოლიდან, ლომებივით იბრძვიან. მათი შემხედავნი სარდლობა სიტყვებს ვერ ნახულობენ ქებისათვის", - წერდა გაზეთი "საქართველო" 1921 წლის 22 თებარვალს.

"ლომებივით იბრძვიან იუნკრები. ისინი ამაგრეფბენ ყველაზე მედგრად ფრონტს. ჩასაფრებიან წუნკალა მტერს და მთელ დღე-ღამეს როგორც ზღვის ტალღები, უკუაქცევენ ბოლშევიკების იერიშებს. განდევნილნი კოჯრიდან და ქოროღლიდან, მომხვდურნი ტაბახმელის მაღლობებს ასკდებიან, მაგრამ ამაოდ... ზარბაზნები, ტყვიის-მფრქვეველები, დაჭრილ დახოცილნი, გაბნეულია მთელს ბრძოლის ველზე. ასეთია მთავარი სურათი...

"თავგანწირულად მუშაობენ სულ ახალგაზრდა მოწყალების დები და ძმები, რომელთაგან უკვე იმსხვერპლა ვერაგმა ყუმბარამ მაყაშვილის ქალი და ორი სტუდენტი.

"კოჯრის ველზე ჰყრიან დახოცილი წითელარმიელები, მაგრამ სიწითლისა მათ არაფერი სცხიათ... დაჭრილნი ბღავიან - "ძალით წამოგვიყვანეს, არ გვინდა ბრძოლა, გვემუქრებიან დაგხვრეტთო" და მათს უსახო სახეებზე არა სჩანს აღგზნებული ცეცხლი, რომელიც აშუქებს ჩვენებს. ბოლშევიზმი თავის საფლავის თხრას საქართველოდან იწყებს", - წერდა პუბლიცისტი რევაზ გაბაშვილი, გაზეთ "საქართველოს" 1921 წლის 22 თებერვლის ნომერში, რომელიც თავად იყო თვითმხილველი ამ საარაკო თავგანწირვისა.

23 თებარვალს სამხედრო ტაძრის (დღევანდელი პარლამენტის ტერიტორია) საძმო საფლავში დაკრძალეს მტერთან უთანასწორო ბრძოლაში დაღუპული ქართველი მამულიშვილები: 19 წლის მარო მაყაშვილი, ოფირები - არჯევან ანანიაშვილი, ნიკოლოზ სტურუა, ნიკოლოზ ზანდუკელი, ალექსანდრე ახვლედიანი, ირაკლი თოიძე, პავლე იაკობაშვილი, მიხეილ თუმანიშვილ, დავით აბაშიძე და ნიკოლოზ კალანდარიშვილი. ასევე ორი უცნობი მებრძოლი, სულ 13 პატრიოტი.

დაკრძალვას ესწრებოდნენ მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია, დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე კარლო ჩხეიძე. დეპუტატები; საფრანგეთის, ინგლისის, აშშ-ის, იტალიის და სხვა სახელმწიფოთა წარმომადგენლები. პარაკლისი გადაიხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ლეონიდემ.

"გმირებო! ჩვენ აქ მოვედით, რათა ერთხელ კიდევ შევეკითხოთ ჩვენს თავს: ვინ მოგცათ თქვენ ამდენი ძალა, ამდენი გამბედაობა, სამშობლოს ამდენი სიყვარული? ეს თქვენ ქართველმა ერმა მოგცათ, იმ ერმა, რომელსაც აგერ რამდენიმე საუკუნეა, რაც ამხნევებს და ასულდგმულებს ერთი იდეა - იდეა უკვდავებისა. ამ იდეის აღმოფხვრა მოინდომეს დღეს ქართველთა გულიდან, მოღალატეებმა, ისევ ქართველებმა და ამისათვის წამოიყვანეს ჩვენზე უცხო ქვეყნის ჯარები... თქვენ მათ უკვე გაეცით პირველი საკადრისი პასუხი... სამშობლო კიდევ ბევრ თქვენისთანა გმირს წარმოშობს...

"გაიხარეთ, გმირებო! ქართველი ერის უკვდავების იდეა კვლავ ცოცხალია" - ასეთი სიტყვა წარმოსთქვა დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე კარლო ჩხეიძემ.

დღის სამ საათზე ცხედრები ტაძრიდან გამოასვენეს და საძმო სამარეში ჩაუშვეს. აცრემლებული თბილისი თავის გმირებს ეთხოვებოდა. 25 თებარვალს კი მტერმა თბილისზე გადამწყვეტი შეტევა მიიტანა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×