გაერთიანებული საქართველოს პირველი მეტოქე ერთმორწმუნე ბიზანტია აღმოჩნდა. მეათე ს-ის 80-იან წლებსა და მეთერთმეტე ს-ის დასაწყისში საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა კარგად დაგვანახა, რომ ქრისტიანულ სივრცეში პირველობისთვის ბრძოლა სულ სხვა მასშტაბებსა და ფორმებს იძენდა. ამ დაპირისპირებას ადრეც ჰქონია ადგილი, თუმცა, ამჯერად ყველაფერმა უკიდურესი მძაფრი ხასიათი მიიღო.
პირველი ვინც არ ეპუება ბიზანტიას და არად აგდებს მის ტიტულებს, გიორგი პირველია, მეფე, რომელიც მემატიანემ შეამკო ეპითეტით - "უშიში, ვითარცა უხორცო".
.როგორ გამოარჩია გიორგი პირველი ჟამთააღმწერლობამ
მთელი ცხოვრება ბიზანტიის იმპერიასთან ბრძოლას შეალია, ყველაზე რთული გზა აირჩია საქართველოს გაერთიანების პროცესის შეუქცევადი რომ გამხდარიყო, იბრძოდა დაუღალავად, შეუპოვრად... ყოველი მისი ნაბიჯი საქართველოს ინტერესებით იყო გაჯერებული. იოლი არ იყო ისეთი პოლიტიკოსის დაფრთხობა, ბასილი კეისარი რომ გახლდათ. ბიზანტიის იმპერატორთა შორის გამორჩეულმა ვერცერთხელ ვერ გაბედა საქართველოში შემოჭრა.
საქართველოს არაერთი მეფე ჰყოლია ბრძოლებში გამოწრთობილი და ჩაუქად მეომერი, თუმცა, მათგან მხოლოდ ერთი გამოარჩია ჟამთააღმწერლობამ ეპითეტით "უშიში ვითარცა უხორცო".
ეს გიორგი პირველია, მეფე რომელიც საქართველოს ერთანობას ეთაყვანებოდა და არა მარტო იბრძოდა, აშენებდა კიდეც. სვეტიცხოველი გახლდათ მისი იდეისა და ფილოსოფიის სულიერი გვირგვინი.
რატომ აირჩია გიორგი პირველმა მამამისისგან განსხვავებული საგარეო პოლიტიკა
1014 წელს გამეფდა გიორგი პირველი - მამამისის ბაგრატ მესამის, გაერთიანებული საქართველოს პირველო მეფის სიკვდილის შემდეგ. "მატიანე ქართლისაის" მიხედვით აღსაყდრებისას გიორგი 12 წლისაა, სულ სხვას მიანიშნებს სუმბათ დავითის ძე. მისი ცნობით, გიორგი ტახტზე 18 წლისა ადის.
საკმაოდ დიდი გამოწვევებს სთავაზობს განგება გიორგის. გაერთიანებულ საქართველო ორ ათეულ წელს თუ ითვლის. დავით კურაპალატისა და იოანე მარუშის ძის დაწყებულ საქმეს ღირსეული გაგრძელება უნდა. ქვეყნის სამხრეთით მდებარე ბიზანტიის უზარმაზარი იმპერიას არ ეხატება გულზე ის, რაც საქართველოში ხდება. ამას კარგად ხედავდა ბაგრატი, თუმცა, ის ცდილობდა ძლიერი მეტოქის შემოტევა აეცილებინა და ყველანაირად გაურბოდა მასთან სამხედრო დაპირისპირებას.
გიორგი პირველმა სულ სხვა გზა აირჩია. ეს ის გზაა, რომელიც დავით აღმაშენებლისთვისაც უპირატესი აღმოჩნდა. არც გიორგის და არც დავითს არ სურთ არანაირი ბიზანტიური ტიტული, ესეც შეგნებულად კეთდება. იოლად ხვდებიან იმას, რომ არ ღირს ერთი მხრივ ბიზანტიურ ტიტულატურას ებღაუჭებოდე და ასე იკმაყოფილებდე პატივმოყვარეობას, მეორე მხრივ კი საქართველოს ერთიანობის განმტკიცებისთვის იბრძოდე.
რა გამოწვევები შესთავაზა განგებამ ტახტზე ასულ ჭაბუკ მეფეს
გიორგი ბავშვობიდანვე განწირული იყო ომისათვის. სრულიად ახალგაზრდამ და გამოუცდელმა მეტოქედ ძლევამოსილი ბიზანტია აირჩია, იმპერია, რომელიც იმ პერიოდის მსოფლიოს აზანზარებდა.
აღსაყდრებისას გიორგი პირველის წინაშე რამდენიმე გამოწვევაა - დაიბრუნოს კახეთი, დაიწყოს ბრძოლა თბილისის შემოერთებისთვის, ანდა ბიზანტიას დაუპირისპირდეს იმიერტაოს ტერიტორიების დასაბრუნებლად. მას შეუძლია ამ რამდენიმე გამოწვევიდან ნებისმიერზე აიღოს აქცენტი, თუმცა, არჩევანს აკეთებს ყველაზე რთულ ვარიანტზე, ყველაზე სახიფათო მიმართულებით. ეს ბიზანტიასთან დაპირისპირებაა.
ის არად აგდებს ბიზანტიის სიძლიერეს, მის ვერაგობას, პირდაპირ მიდის მტერზე და შეუპოვარია როგორც ბრძოლაში, ისე გადაწყვეტილებების მიღებისას, ამიტომაც ახასიათებს მას მემატიანე აღმატებული ეპითეტებით.
როგორ გადაეჯაჭვა იმიერტაოში გიორგი პირველისა და ბასილი კეისარის ინტერესები
გიორგი პირველის მეტოქე გახდა ბასილი მეორე, ბიზანტიის იმპერატორი, რომელსაც თავის დროზე სწორედ ქართველებმა შეუნარჩუნეს ტახტი. ბარდა სკლიაროსის აჯანყებისას დავით მესამე კურაპალატმა 12 000-იანი ჯარი მიაშველა არასრულწლოვან ბასილისა და მისი უმცროსი ძმას კონსტანტინე მერვეს. სწორედ ამ გადარჩენისთვის უბოძა ბიზანტიის საიმპერატორო კარმა დავით კურაპალატს სიცოცხლის ბოლომდე ადრე მიტაცებული ბასიანის სამხრეთი ნაწილი, ასევე დაუთმო სომხური პროვინციები.
დავით კურაპალატმა ეს ტერიტორია ომით არზრუმამდე, ვანის ტბამდე და ვალაშკერტამდე განავრცო, რისთვისაც არაბებთანაც კი მოუწია დაპირისპირება.
ამ მიწების საქართველოსთვის შემოერთება უმნიშვნელოვანესი იყო ქვეყნისთვის, რამდენადაც ეს გახლდათ ის პლაცდარმი, საიდანაც ბიზანტიელთა შემოტევა იყო მოსალოდნელი. ამ ტერიტორიების დაკავებით საქართველო ბიზანტიელებს უკეტავდა გზას მოსალოდნელი აგრესიის შემთხვევაში.
რატომ მიემხრო დავით კურაპალატი ფოკას
ბიზანტიის იმპერიისთვის ჩვეულებრივი იყო აჯანყებები საიმპერატორო კარზე, ამჯერად ბასილის ბარდა ფოკა აუჯანყდა, რომელმაც კავშირი დაამყარა დავით კურაპალატთან. დიდი ალბათობით, დავითს ფოკა ბასილის მიერ ნაბოძები მიწების სამუდამოდ დათმობას პირდებოდა.
ეს სტრატეგიული ტერიტორია უმნიშვნელოვანეს კოზირს აძლევდა საქართველოს ბიზანტიის წინააღმდეგ, ბარდა ფოკას წინადადება ამიტომაცაა ძალიან მიმზიდველი დავით კურაპალატისთვის, ამიტომაც მიაშველა დავითმა აჯანყებულებს ჯარი, თუმცა, ფოკა დამარცხდა. ბასილიმ დამარცხებული ფოკას მოჭრილი თავი გაუგზავნა დავითს.
ცხადი იყო ის ქვეტექსტი, რაც ამ ქმედებით სურდა იმპერატორს დავით კურაპალატისათვის რომ უნდოდა ეთქვა.
ბასილი ვერ ბედავს აშკარა დაპირისპირებას, იცის, საქართველოში შეჭრის შემთხვევაში სხვა ქართულ სამთავროებიც მიეშველებიან კურაპალატს და იყენებს იმ მექანიზმს, რაც არაერთხელ გამოუყენებია თავის პრაქტიკაში. მოითხოვს დავით კურაპალატმა სიკვდილის შემდეგ თავისი სამფლობელო ბიზანტიელებს დაუთმოს. კურაპალატისათვის ახლა მთავარია ქვეყნის არსებობის შენარჩუნება, ბიზანტიელთა აგრესიის არიდება, ამიტომაც დათმობაზე მიდის და თანხმდება ბიზანტიელთა წინადადებას.
როგორ ცდილობდა ბიზანტია ბაგრატისა და გურგენის დაპირისპირებას
1001 წელს, როცა დავით კურაპალატი გარდაიცვალა, იმიერ ტაოსა და ბასიანს საკითხი მომენტალურად გახდა აქტუალური. ეს აშკარა აგრესიაა, თანაც ერთმორწმუნე ქართველების წინააღმდეგ, ამას ბიზანტიელებიც კარგად გრძნობენ, ამიტომაც ცდილობენ რაღაცით მოხიბლონ ქართველები. აფხაზთა და ქართველთა მეფე, ბაგრატ მესამეს და მისი მამას, ამიერ ტაოს მეფეთ-მეფე, გურგენს შესაბამისად კურაპალატობა და მაგისტროსობა უბოძეს. აქ კიდევ ერთხელ შეეცადა ბიზანტია განხეთქილება და შური ჩამოეგდო ქართველთა სამეფო კარზე - საქმე ისაა, რომ კურაპალატობა უფრო დიდი თანამდებობა იყო, ვიდრე მაგისტროსობა. ბიზანტიელებს ჰქონდათ გათვლა, რომ მამა-შვილი ერთმანეთს დაერეოდა და უფროს-უმცროსობის გარკვევას ბრძოლით შეეცდებოდა, თუმცა, ეს სურვილი სურვილად დარჩა, ქართველები ამ ფანდს არ წამოეგნენ.
ამასობაში ბიზანტიას მთავარი გამოეპარა - კურაპალატისა და მაგისტროსის ტიტულები ქართველთა ვასალობის დასტური იყო, რასაც ქართველი მეფეები პატივად აღარ მიიჩნევდნენ, მითუმეტეს, მაშინ, როცა ქვეყანა ძლიერდებოდა და სულ სხვა მიზნები და ორიენტირები ჰქონდა.
ამბავი ბიზანტიელთა დიპლომატიური ქორწინების აფიორისა
ბიზანტიის საიმპერატორო კარზე დიდი ინტრიგები იხლართება, ამ დროს მათი მთავარი საფიქრალია ბულგარეთი, რომელიც აჯანყებულია და რასაც ვერაფერს უხერხებენ ბიზანტიელები. ბიზანტიას ბალკანეთის ნახევარკუნძულზე სურს გაბატონება, ამ გზაზე კი მას სწორედ ბულგარეთის სამეფო ეღობება.
ახლა 1014 წელია... საკმაო დრო გასულა ბულგარელებთან დაპირისპირების შემდეგ. ბიზანტიელებს კარგად ახსოვთ მათთან მწარე მარცხი ტრაიანის კარსა და პლოვდივის მისადგომებთან რომ იწვნიეს.
ბულგარელებმა ამ ბრძოლებში მთლიანად გაანადგურეს ბიზანტიელთა კავალერიის ნაწილი - ცხენოსნები, ფეხოსანთა დიდი უმრავლესობა ბრძოლის ველზე დაეცა. თავად ბასილი იმპერატორი ძლივს დაუძვრა მტერს და ბეწვზე გადარჩა ტყვეობას.
არადა, საინტერესოა ის საარაკო ამბავი, რაც ამ ბრძოლას უძღოდა წინ. ბიზანტიელები და ბულგარელები შეეცადნენ საერო ენა გამოენახათ ერთმანეთთან. თითქოს მოახერხეს კიდეც, მოლაპარაკების მაგიდასთან დაბადებულა დინსატიური ქორწინების იდეაც. ბასილი კეისარს ბულგარელების მეფეისთვის შეუთავაზებია, ჩვენი ურთიერთობის განმტკიცებისთვის დავნათესავდეთ, დას მოგათხოვებო.
აბა, რა უნდა ჰქონოდა ბულგარელ მეფეს საწინააღმდეგო?! გაუხარდა კიდეც და იმედი მიეცა, რომ ასე დამყარდებოდა მშვიდობა და ბიზანტიელებსაც ჩამოიცილებდა.
მაგრამ მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა. როგორც ჩანს, ბასილის ეს გარიგება დროის მოსაგებად სჭირდებოდა, რეალურად სულ არ უფიქრია ბულგარელთა მეფისათვის საკუთარი დის მითხოვებაზე. ამიტომაც უცხო ქალი გამონახა და თავის დად გაასაღა, რომელიც ბერძენ მიტროპოლიტს გააყოლა სასიძოსთან.
ეს ამბავი გამჟღავნდა, რამაც კიდევ უფრო დაძაბა ბიზანტიისა და ბულგარეთის ურთიერთობა.
რატომ შეერქვა ბასილი კეისარს ბულგართმმუსვრელის თიკუნი
ეს სწორედ ის ფონია, რომელიც საქართველოს სამეფო კარმა უნდა გამოიყენოს. ბულგარელებთან დაპირისპირება ბიზანტიის საიმპერატორო კარის სამხედრო ძლევამოსილებას საკმაოდ ანელებს, სწორედ ამით უნდა ისარგებლოს გიორგი პირველმა.
თუმცა, ამასობაში ბიზანტიელებსაც გადმოხედა ფორტუნამ 1018 წელს ისინი ამარცხებენ ბულგარელებს. და აქ ხდება საკმაოდ შემზარავი ამბავი, რაც კაცობრიობის ისტორიას დღემდე შავ ლაქად მიჰყვება. უსასტიკესია გამარჯვებული ბასილი. მას ყველაფერი ახსოვს, ახსოვს ის დამარცხებები, საშინელი განცდა რომ დაუტოვა, ამიტომაც გადაწყვეტს რევანშის აღებას, სამაგიერო უნდა გადაუხადოს ბულგარელებს.
და აქ მან ისეთი რამ მოიგონა, რასაც პრეცედენტი არ მოეძებნება მსოფლიო ისტორიაში. ტყვედ ჩაგდებული 15 ათასი ბულგარელი ასეულებად დაყო, საიდანაც ერთს დაუტოვა ცალი თვალი, დანარჩენებს კი ორივე დათხარა.
ასე საცოდაობითა და სიმწრით იარეს თვალებდათხრილებმა. ძლივს მიაღწიეს თავიანთ მეფესთან. სამუილისათვის უმძიმესი სანახავი აღმოჩნდა ასეთი სისასტიკე. ემოციურმა ფონმა თავისი ქნა, იქვე გასკდომია ბულგარელთა მეფეს გული.
სწორედ ამ უსასტიკესი საქციელისთვის შეერქვა ბასილი მეორეს ბულგართმმუსვრელის თიკუნი.
როგორ აღმოჩნდა ბიზანტიელთა ულტიმატუმი გიორგი პირველისათვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევა
როცა ბულგარეთის პრობლემა გადაჭრა, ბასილი კეისარმა საქართველოსა და სომხეთისთვისაც მოიცალა. კეისარი საკმაოდ მკაცრი და პირდაპირი იყო. ის ულტიმატუმი, რასაც ბასილი ქართველებს უყენებდა, საკმაოდ დიდი გამოწვევა იყო გაერთიანების გზაზე მყოფი ქვეყნისთვის. გიორგი პირველს იმიერ ტაო და ბასიანი, ქართველებისგან უნდა დაეცალა და ბიზანტიისთვის გადაეცა - ბიზანტია ამ ტერიტორიებს საკუთარ სახელმწიფოს უერთებდა და "იბერიის თემად" მოიხსენიებდა.
ამ ულტიმატუმის მიღება ნიშნავდა იმ სტრატეგიულ ტერიტორიებზე უარის თქმას, რომლის შემდეგაც ბიზანტიის სამხედრო უპირატესობა ცალსახად გამოიკვეთებოდა.
ასე დადგა გიორგი პირველი ანტიბიზანტიური კოალიციის შექმნის წინაშე.
არადა, ყველაზე მტკივნეული ის იყო, რომ მანამდე რამდენიმე წლით ადრე, პირველი მძიმე გამოწვევა გიორგის კახეთმა შესთავაზა. კახეთი ერთიან საქართველოს განუდგა. იქ გამეფდა კვირიკე დიდი. ბუნებრივია, ამას საპასუხო ქმედება უნდა მოჰყოლოდა გიორგის მხრიდან, თუმცა, მან არაფერი მოიმოქმედა. ეს უმოქმედობა მარტივად აიხსნება - გამეფებისთანავე ძმათა მკვლელი ომი ქვეყნისთვის დამღუპველად მიიჩნია და ამიტომაც წაუყრუა კახეთის თავნებობას.
გიორგი კარგად აცნობიერებდა, რომ ძმათა სისხლისღვრა ქვეყანას არაფერს მოუტანდა ამიტომაც ცალსახად ანტიბიზანტიური კოალიციის შექმნაზე დაიწყო ფიქრი.
წინ უსასტიკესი ბრძოლაა იმიერტაოსა და ბასიანისთვის...
აქ უნდა გაიცნოს ბიზანტიამ პირისპირ ქართველთა მეფე გიორგი პირველი "უშიში, ვითარცა უხორცო"...