საპარლამენტო ოპოზიცია მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს. უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, ოპოზიცია ხელმოწერების შეგროვებას იწყებს და ასევე მოითხოვს საპროკურორო საბჭოში საკუთარი კვოტის გამოყენებას, რათა ირაკლი შოთაძის გადადგომის მოთხოვნა დააყენოს.
ამ მოთხოვნის საფუძველი ე.წ. ციანიდის საქმეა.
"ვინც ეს სიტუაცია შექმნა, აუცილებლად უნდა აგონ პასუხი. იქ, სადაც შეტევა შეეხება ჩვენი მოქალაქეებისთვის ემოციურად ყველაზე მტკივნეულ და ძვირფას თემას, სადაც საკითხი შეეხება საქართველოში ყველაზე ავტორიტეტულ ინსტიტუციას, როგორიც არის ქართული ეკლესია, სადაც საკითხი შეეხება საქართველოში ყველაზე პატივსაცემ ადამიანს - საქართველოს პატრიარქს, თუ არ დადგა პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, ჩათვალეთ, რომ ჩვენ სახელმწიფოში აღარ ვცხოვრობთ.
"სწორედ ამიტომ, ჩვენ ვაყენებთ მთავარი პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხს, რომლის გაუაზრებელმა განცხადებებმაც გამოიწვია მთელი კასკადი პოლიტიკური განცხადებების, რომელმაც ქვეყანა შეიყვანა ამ გაუგებრობაში. ორშაბათიდან დავიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას მთავარი პროკურორის გადაყენების მოთხოვნით", - განაცახადა ბაქრაძემ და თანადგომისკენ სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც მოუწოდა.
"მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს, შემოგვიერთდნენ ამ პროცესში. დღემდე არ გამოგვიყენებია კვოტა საპროკურორო საბჭოში, რადგან არ ვაპირებდით და არ ვაპირებთ ვითანამშრომლოთ ივანიშვილის პროკურატურასთან. თუმცა, მომავალ კვირას დავაყენებთ საკითხს, რომ ჩვენი წარმომადგენელი შევიდეს საპროკურორო საბჭოში, რათა მან ამ საბჭოში დააყენოს მთავარი პროკურორის გადაყენების მოთხოვნა. ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოვიყენებთ, რომ მთავარი პროკურორი გადადგეს", - განაცხადა ბაქრაძემ.
უნდა გადადგეს თუ არა მთავარი პროკურორი? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): "ჯერ ფაქტებით უნდა დადგინდეს, რა როგორ იყო და შემდეგ უნდა დაიწყოს ამაზე მსჯელობა. ამ საქმეში ყველაფერი ნაადრევად გაკეთდა, მედიიდან დაწყებული გამომსველელბით დამთავრებული, ყველამ იჩქარა და მრავალი აზრი გამოითქვა. ახლაც არ გამოვიდეს ისე, რომ კიდევ ერთი შეცდომა დავუშავთ. ამიტომ, უნდა დაველოდოთ გაირკვეს ყველაფერი და თუ დადგინდა, რომ ალიაქოთი ხელოვნურადაა ატეხილი, ამაზე პასუხი ვიღაცამ უნდა აგოს. შეიძლება ეს იყოს პროკურატურაც."
ქეთი ბექაური (იურისტი): "მე არ ვფიქრობ, რომ ვინმე უნდა გადადგეს. გამოძიება უნდა მივიდეს ბოლომდე. რამდენადაც მახსოვს, მთავარმა პროკურორმა ასეთი განცხადება იმ პირის ინფორმაციის საფუძველზე გააკეთა, ვინც პროკურატურას ეს მიაწოდა. ახლა იმის გულისთვის, რომ მან განმცხადებლის რომელიღაც ფრაზა გაიმეორა, პროკურორი უნდა გადადგეს?! მაშინ ყველა უნდა გადადგეს ვინც მსგავსი განცხადაბა გააკეთა.
"მე ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა და ხელი არ უნდა შევუშალოთ გამოძიებას. არ შეიძლება ამ ფაქტის აჟიტირება. საფრთხილო თემაა. არსებობს კონსტიტუცია, არსებობს ხელშეკრულება სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის. ასე რომ, საერო პირების, პოლიტიკოსების თუ ცალკეული ორგანიზაციების ჩარევა არასწორად მიმაჩნია. სამართლადამცველებს უნდა ვაცადოთ. მე ეჭვი მაქვს, რომ ამ მოთხოვნის უკან გარკვეული პოლიტიკური წრეების პირადი ინტერესები დგას."
გოგი თორაძე (რეჟისორი): "სასულიერო პირს რომ აკავებენ, ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი და თვითონ ამ პირის დისკრედიტაციაა მრევლის თვალში. წინასწარ იმის თქმა, რომ მან დანაშაული ჩაიდინა, არ შეიძლება, რადგან შეიძლებ სულ ტყუილად ედავებიან და სინამდვილეში უდანაშაულოა.
"საზოგადოება დაბნეულია, არ იციან რასთან გვაქვს საქმე. ამიტომ, ვინც ეს გაავრცელა და მოსახლეობა შეიყავანა შეცდომაში, მას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უდანაშაულობის პრეზუმცია არსებობს და ის არ უნდა დაირღვეს."
დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე): "ამ ყველაფერს ძალიან დიდი დაფიქრება სჭირდება. გარკვეული დროა საჭირო იმისთვის, რომ გავიგოთ, მთავარი პროკურორი ტყუოდა როდესაც ამ განცხადებას აკეთებდა, თუ მორთალს ამბობდა. თუ შეგნებულად ტყუოდა, მაშინ უნდა გაადგეს. იმიტომ, რომ მთავარი პროკურორი ძალიან სანდო ფიგურა უნდა იყოს. როგორც კი ერთ შეცდომას დაუშვებს, ან არასწორ ნაბიჯს გადადგამს, ის საკუთარ თავს აღარ უნდა აძლევდეს იმის უფლებას, რომ სხვა განსაჯოს და თუ მართალია, მაშინ რას ვერჩით...
"თუ შეეშალა, უნდა თქვას. თუმცა, აქ უნდა აღვნიშნო, რომ "ნაციონალურ მოძრაობას", თუ მისგან გამოყოფილ ჯგუფს, არაფრის მოთხვნის უფლება არ აქვს."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე