როგორც ისტორიკოსები ამბობენ, მოგზაურთა ჩანაწერები მნიშვნელოვან წყაროებად გვევლინება ამა თუ იმ ქვეყნებისა და რეგიონების შესახებ, რომელსაც ხშირად ეყრდნობიან მეცნიერები თავიანთ კვლევებში. მეცნიერული კვლევის პრეტენზია ნამდვილად არ გვაქვს, მაგრამ დღევანდელ სტატიაში მკითხველს გვინდა გავაცნოთ რამდენიმე საინტერსო ამბავი უცხოელი მოგზაური ქალბატონების შესახებ, რომლებმაც საქართველოში იმოგზაურეს და საინტერესო ჩანაწერებიც გააკეთეს.
პირველი მოგზაური ქალი, რომელმაც საქართველოში იმოგზაურა და ამის შესახებ ჩანაწერები დატოვა, ფრედერიკა ფონ ფრეიგანსი იყო. იგი თავის ქმართან ერთად 1811-1812 წლებში, ვლადიკავკაზის გავლით ჩამოვიდა საქართველოში. მის მეუღლეს ვილჰელმ ფრეიგანს მინიჭებული ჰქონდა კონსულის წოდება და რუსეთის იმპერიის ალექსანდრე პირველის დიპლომატიური მისიით მოგზაურობდა საქართველოში. მათ თან ახლდათ ორი მცირეწლოვანი შვილი. ამ მოგზაურობის შესახებ ფრედერიკა ფონ ფრეიგანსმა წიგნიც გამოსცა, სადაც გადმოცემულია მისი შთაბეჭდილებები საქართველოზე.
შემდეგი მოგზაური ქალი, რომელიც ხანგრძლივი დროით მოგზაურობდა საქათველოში, ყოფილა ანა ლისტერი. მასზე ცნობებს გვაწვდის ინგლისელი ისტორიკოსი, საქართველოს ისტორიის მკვლევარი დოქტორი ლანგი, რომელსაც ანა ლისტერზე ინფორმაცია ერთმა მკვლევარმა ქალბატონმა მიაწოდა.
"ანა ლისტერმა მოგზაურობა დაიწყო 1840 წლის თებერვალში და მეტწილად მისი მარშრუტი გახლდათ გაყინული ვოლგიდან მდინარე ასტრახანამდე. აქედან კი ურმითა და კიდევ ღმერთმა იცის როგორ ამოჰყო თავი თბილისში... ისეთი წვრილმანები, როგორიც საქონლის ფასები, აგრარული პროდუქტები და ა.შ. უფრო ნათლად წარმოჩენილია მასთან, ვიდრე დიუმას სამოგზაურო წერილებში, რის გამოც, ეს ორი მოგზაურობა ძალზედ საინტერსო შედარებას გვთავაზობს", - წერს დოქტორი ლანგი.
იგი მეორე ვერსიაზეც საუბრობს, იმაზე, რომ ანა ლისტერი და მისი თანამგზავრი ან ვოკერი საქართველოში დარიალის ხეობიდან შემოვიდნენ, საიდანაც სამხედრო გზის გავლით თბილისში ჩამოვიდნენ.
"იმ დროს გუბერნატორი გოლოვინი თბილისში არ იმყოფებოდა და მოგზაურებს მისმა ცოლმა უმასპინძლა. ანაზე დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია პატრიოტ ალექსანდრე ჭავჭავაძეს, ასევე გაუცნია მისი ქალიშვილები - ნინო და ეკატერინე.
"ანას ყველა სოციალური ფენის წარმომადგენელიც გაუცნია. მოუნახულებია მრავალი სალოცავი. აღწერა მოგზაურობის მანძილი და პირობები და გააკეთა მრავალი ჩანახატი", - წერს დოქტორი ლანგი.
მოგზაური ქალის კარლა სერენას შესახებ კი ასეთი ცნობები არსებობს. იგი დაიბადა ბელგიაში, აღიზარდა საფრანგეთში, შემდეგ ცოლად გაჰყვა მდიდარ ვენეციელ ლეონ სერენას. 54 წლის ასაკში კი იწყებს მოგზაურობას.
1874 წლიდან იგი მოგზაურობს შევედთში, სირიაში, ეგვიპტეში, ლიბანში, საბერძნეთში, რუსეთში და თურქეთში. 1875 წელს კი მას კონსტანტინეპოლში რუსეთის კონსულმა გენერალმა იგნატიევმა გააცნო გემ "ვესტას" კაპიტანი, რომელთან ერთადაც გამოემგზავრა საქართველოში. აქედან აპირებდა ლონდონში გამგზავრებას, მაგრამ უამინდობის გამო ბათუმში მოუწია გაჩერება.
სწორედ ამ პერიოდში ესტუმრა პირველად თბილისს, სადაც იგი მიიღო კავკასიის მთავარმართებელმა, რომელმაც ურჩია, რომ საქართველო დაეთვალიერებინა.
კარლა სერენამ მოგზაურობა საქართველოში 1876 წელს დაიწყო. ესტუმრა იმერეთს, შემდეგ ზუგდიდს, სამურზაყანოსა და აფხაზეთს. იმყოფებოდა გურიასა და კახეთში, ასევე ბორჯომსა და ახალციხეში.
1881 წელს კარლა სერენა მეორედ ეწვია საქართველოს, მიზანი იყო სურათების გადაღება, რომელიც უნდა დაერთო 1876-1878 წლებში საქართველოში მოგზაურობის ამსახველი სტატიების საილუსტრაციოდ. ამისთვის მან საგანგებოდ შეისწავლა ფოტოგრაფია.
ასევე აკეთებდა ჩანაწერებს, რის მიხედვითაც დაწერა თერთმეტი სტატია, რომელიც გამოქვეყნდა ფრანგულ ჟურნალ "ლე მონდში".
1880 წელს დაბეჭდილი პირველი სტატია ეხებოდა იმერეთში მოგზაურობას, მეორე და მესამე სტატიებში, რომლებიც დაიბეჭდა ერთი წლის შემდეგ, აღწერილი იყო სამეგრელოში და აფხაზეთში მოგზაურობა. ამავე წელს იბეჭდება მომდევნო სტატიები, ახლა უკვე კახეთზე და საქართველოს სხვა კუთხეებზე.
სტატიებში ასევე აღწერილია ქართველ თავადაზნაურთა, სამღვდელობისა და გლეხობის ყოველდღიური ცხოვრება. ჩანაწერები გაკეთდა ბათუმი-ფოთი-თბილისის დამაკავშირებულ რკინიგზაზე. ასევე ინდო-ბრიტანულ სატელეფონო ხაზზე, რომელიც საქართველოს გავლით მოქმედებდა. ჩანაწერებს აკეთებს ასევე საქართველოს ბუნებაზე, ისტორიაზე, მევენახეობაზე, საგანძურზე და ა.შ.
1882 წლის 25 მარტის გაზეთ "დროების" 63-ე ნომერში კი გამოქვეყნდა სტატია, სადაც ნათქვამია: "ცნობილმა მოგზაურმა კარლა სერენამ ორჯერ იმოგზაურა ჩვენს ქვეყანაში. მოამზადა წიგნი, სადაც ვრცლად არის ნაამბობი და დასურათებული მისი მოგზაურობა საქართველოში, წიგნი გამოიცემა პარიზში".
ფრანგული გაზეთი კი წერდა, რომ "დაუღალავი მოგზაური კარლა სერენა ახლახან დაბრუნდა კავკასიიდან პარიზში და თან კავკასიის ბუნებისა და ხალხის უამრავი სურათი ჩამოიტანა. ეს სურათები განთავსდება მის ლიტერატურულ ნაშრომში "კავკასია", რომლის დაბეჭდვაც მან უკვე დაიწყო". ამბობენ, ამ მოგზაურობის შემდეგ ლონდონის გეოგრაფიულმა საზოგადოებამ კარლა სერენას სთხოვა ჩაეტარებინა ლექციები თავის მოგზაურობის შესახებ.
1919 წელს კი საქართველოს სამოგზაუროდ ეწვია თავგადასავლების მოყვარული ჰოლანდიელი ქალბატონი უდეტ კეუნი, რომელმაც დიდხანს დაჰყო თბილისში და თავის ეთნოგრაფიულ ნაშრომში ისიც აღწერა, თუ რა ხდებოდა იმ დროს დამოუკიდებელ საქართველოში.