რომის ისტორია გამორჩეული პერსონალიებითაა მდიდარი. ის დრამატული პროცესები, რაც მარადიული ქალაქის არსებობას გასდევს, სწორედ ამგვარ საინტერესო პიროვნებებთანაა დაკავშირებული. იულიუს კეისარი და მარკუს იუნიუს ბრუტუსი იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნებიან, რომელთა ცხოვრებაც სწორედ რომაულ საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების ფონზე იქარგება. მათი ბედი საბოლოოდ ქრისტეშობამდე 44 წელს 15 მარტს სენატში გადაიკვეთება.
ეს მხოლოდ დასასრულია, თუმცა, ყველაფერს აქვს თავისი სათავე, მათ შორის კეისარისა და ბრუტუსის ურთიერთობასაც.
რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა პირველი ტრიუმვირატი
ქრისტეშობამდე 60 წელს რომის გვიანდელი რესპუბლიკის ხანაში მმართველობა ტრიუმვირატს გადაეცა. ეს პირველი ტრიუმვირატია, რომლის შემადგენლობაშიც არიან იულიუს კეისარი, გნეუს პომპეუს მაგნუსი და მარკუს კრასუსი. აშკარაა, რომ ეს მმართველობის ფორმა დიდხანს ვერ გასძლებს, ვერ იქნება ეფექტური. რაც ყველაზე სახასიათოა, ტრიუმვირატი ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს.
ტრიუმვირატის წევრები რესპუბლიკურ თანამდებობებს იღებენ - ხდებიან კონსულები, პრეტორები. (იმპერატორი ამ დროს მხოლოდ საპატიო სამხედრო თანამდებობაა). ტრიუმვირატი არ აცხადებს, რომ ემზადება ერთმმართველობისათვის, რაც მისი უმთავრესი მიზანია.
სამეულს პირზე აკერია რესპუბლიკა, სამშობლო, ადამიანთა კეთილდღეობა, თუმცა ეს მხოლოდ მოჩვენებითია, მათ ცნობიერებაში სრულიად განსხვავებული ფასეულობებია, ტრიუმვირატი ძლიერი, ერთიანი, ცენტრალიზებული ხელისუფლების დამყარებისთვის იბრძვის, ჯერ კიდევ სულამ დაამტკიცა, რომ რესპუბლიკურმა მმართველობის ფორმამ ქრისტეშობამდე პირველ საუკუნისათვის თავისი შესაძლებლობები ამოწურა, დრო მოჭამა. ამიტომაც ტრიუმვირატს ქვეყნის გადარჩენა მხოლოდ ცენტრალიზებული მმართველობის ფორმით წარმოუდგენია. თუმცა რომი ამ იდეას არ იღებს, მისთვის უცხოა ყველანაირი მმართველობა გარდა დემოკრატიისა.
ეს სამეულისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოწვევაა. აშკარაა, რომ დაპირისპირება იოლად არ გადაწყდება... აქედანვე ნათელია, რომ დიდი ვნებათაღელვა ელის რომს, ჯერ კიდევ არავინ უწყის, ეს მტკივნეული პროცესი რომაულ საზოგადოებას ქრისტეშობამდე 44 წელს 15 მარტს სენატში ცნობილი მკვლელობამდე რომ მიიყვანს.
როგორ აღმოჩნდა რომაული დემოკრატია სახელმწიფოს განვითარებისთვის შემაფერხებელი ფაქტორი
ისტორიულმა პროცესებმა აჩვენა, რომ ტრიუმვირატის პოზიცია მართებული გახლდათ, რესპუბლიკური მმართველობის მექანიზმები ამ დროს უმოქმედოდ რჩება და ამაში ბრალი მიუძღვის რომის უკიდეგანო სივრცეებს, მის გაფართოებას. სანამ რომი მცირე მასშტაბების იყო, სანამ მისი საზღვრები იტალიას არ სცდებოდა, რესპუბლიკური წყობა მეტად ეფექტური გახლდათ, მაგრამ რომის, როგორც მსოფლიოს მპყრობელის მმართველობისთვის, სულ სხვა მექანიზმები იყო მოსაფიქრებელი.
რომის საზღვრებმა ტიგროსისა და ევფრატის სანაპიროებს მიაღწია, მის მფლობელობაშია მთელი ბალკანეთი, აპენინის ნახევარკუნძული, გალია, მომავალი საფრანგეთი და ამ უზარმაზარი ტერიტორიის ერთიან საზოგადოებრივ სფეროდ ქცევა არარეალურია.
ამ სივრცის მართვა რესპუბლიკის დემოკრატიული მექანიზმებით შეუძლებელია, მაგრამ ამის დაჯერება რომს არ სურს. ის კომუნიკაციები არ იძლევა იმის საშუალებას, რომაულმა საზოგადოებამ სრულად გააცნობიეროს რა ხდება მარადიული ქალაქის მიღმა, სადაც სრულიად განსხვავებული კულტურული და პოლიტიკური განზომილებები დაბუდებულა.
გამოდის რომ რომაული დემოკრატიის დაცვა უკვე დრომოჭმულია, ერთმმართველობის ქადაგება კი პროგრესული, თუმცა, ტრიუმვირატი ჯერ ამის სახალხოდ პროპაგანდას ვერავინ ბედავს, ყველაფერი ქვეცნობიერად შეფარულად კეთდება და ამ ფონზე ძლიერდება განსხვავებული პოლარული განწყობები.
როგორ ჩამოყალიბდა რომის რესპუბლიკაში დაპირისპირებული ორი პოლარული შრე
კერ კიდევ სულას სიკვდილს შემდეგ აშკარად გამოჩნდა ტენდენცია, რომ რომი მმართველობის არისტოკრატიულ საწყისებს უნდა დაბრუნებოდა, არადა, ხალხის უმრავლესობას, მათ შორის მეომრებს, ეს სრულიადაც არ აწყობთ. ყალიბდება საკმაოდ საინტერესო და უკომპრომისო ორი პოლარული შრე, და სწორედ ეს პოლარული დაპირისპირება გაჰყვება რომის შემდგომ ისტორიას წითელ ზოლად.
რომს საკმაოდ რთული პერიოდი უდგა, ამ დროისათვის რესპუბლიკამ იდეური თვალსაზრისით ამოწურა თავისი შესაძლებლობები, ეს შორიდან ჩანდა საკმაოდ ნათლად, რომის ცნობიერებაში კი სულ სხვაგვარად აღიქმებოდა რეალობა. რომში სახელმწიფოებრივი მოწყობის ახალ ფორმებს ვერ ეგუებიან, რამდენადაც რესპუბლიკის რამდენიმესაუკუნიანი წარმატებული მმართველობა მოსახლეობის ცნობიერებაში არ ტოვებდა იმის შესაძლებლობას, რომ სახელმწიფოს მმართველობის სხვა ფორმით შეეძლო გაეგრძელებინა არსებობა.
ტრიუმვირატი ფაქტობრივად იმ განწყობებს და იდეებს დაუპირისპირდა, რასაც რომაული საზოგადოება არსებობის უმთავრეს პრინციპად მოიაზრებდა.
როგორ შეიწირა უფროსი მარკუს იუნიუს ბრუტუსის სიცოცხლე რესპუბლიკური იდეალების ტრფობამ
მარკუს იუნიუს ბრუტუსის ოჯახის ისტორია სწორედ ამ ფონზე ვითარდება. ბრუტუსი დაიბადა პლებეური წარმომავლობის ოჯახში, ქრისტეობამდე 82 წელს და სულ 40 წელი იცოცხლა. ეს ის დროა, დაბალი სოციალური წარმომავლობა რომ უკვე აღარაფერს ნიშნავს რომში. დემოკრატიულმა მმართველობამ თავისი კვალი დაატყო საზოგადოების მოწყობას.
ბრუტუსის ოფიციალური მამა მარკ იუნიუს ბრუტუსია, მისი მოსახელე - ძველ რომში საკმაოდ ხშირი იყო ფაქტი, როცა მამას და შვილს ერთი და იგივე სახელი ერქვათ. უფროსი ბრუტუსი სენატორი გახლდათ და მხარს უჭერდა რესპუბლიკას, სადაც მთავარ როლს წარმომადგენლობითი ორგანო, საზოგადოების ყველა ფენის პოზიციის გამომხატველი სენატი ასრულებს, ამავდროულად აქტურად იბრძოდა თავისი იდეის დასაცავად და ეწინააღმდეგებოდა რომის არისტოკრატიული საწყისებზე დაბრუნებას.
პომპეუსმა, რომელიც რომის არისტოკრატიული პრინციპით მოწყობას ემხრობოდა, მკვლელები მიუგზავნა უფროს მარკუს იუნიუს ბრუტუსს. მათ გამოასალმეს უფროსი ბრუტუსი სიცოცხლეს. ეს ამბავი მაშინ მთელ რომს მოედო.
უმცროსი ბრუტუსი ამ დროს მხოლოდ შვიდი წლისაა, ბუნებრივია ის ბავშვობიდანვე პომპეუსისადმი ზიზღით იზრდება.
რატომ აჩუქა იულიუს კეისარმა ბრუტუსის დედას ექვსმილიონიანი მარგალიტი
ბრუტუსის დედა სერვილია იმ პერიოდისთვის საკმაოდ სახასიათო ფიგურა გახლდათ, მან აღვირახსნილი ცხოვრებით გაითქვა სახელი, ამგვარი ცხოვრების წესი რომის რესპუბლიკის ბოლო პერიოდის საზოგადოებისთვის არ იყო უჩვეულო ამბავი. ახალგაზრდობისას სერვილია გაიუს იულიუს კეისრის საყვარელი გახლდათ და რაოდენ საცნაურია, რომ სწორედ გაიუს იულიუს კეისარი შეასრულებს საკმაოდ მნიშვნელოვან როლს მისი შვილის ბრუტუსის ცხოვრებაში, სანამ ეს უკანასკნელი სასიკვდილო ჭრილობას მიაყენებს კეისარს ქრისტეშობამდე 44 წლის 15 მარტს.
უნდა ითქვას, რომ კეისარი სერვილიას საკმაოდ გულუხვად აჯილდოვებდა, უძღვნიდა ძვირფას საჩუქრებს, ეს იულიუსისათვის დამახასიაღებელი შტრიხია, ის საკუთარ მტრების, მითუმატეს ყოფილი შეყვარებულების, მიმართ კეთილგანწყობით გამოირჩევა.
როგორც რომაელი ავტორები მიანიშნებენ, კეისარი თავისი ქალებიდან სწორედ სერვილიას გამოარჩევდა, ამის დასტურად მოჰყავთ ის ფაქტი, რომ კეისარმა სერვილიას 6 მილიონად შეფასებული მარგალიტი აჩუქა. ეს იმ პერიოდის მასშტაბებით ასტრონომიული თანხაა.
თუმცა, კეისრის გულმოწყალება და ხელხვავიანობა სერვილიასადმი ამით არ დასრულებულა. როცა მისი ქონებრივი შესაძლებლობები და გავლენა გაიზრდა, ეს მის მიერ ნაბოძებ საჩუქრებზეც ადექვატურად აისახა. მაგალითისთვის გამოდგება ის ფაქტი, რომ სერვილიას კეისარი ხალხის მტრებისათვის ჩამორთმეულ სახლებსაც ჩუქნიდა.
კეისრის ხასიათის ეს შტრიხი მარკუს იუნიუს ბრუტუსის ცხოვრებასაც წაადგა სასიკეთოდ.
როგორ ეზიარა ბრუტუსი ბერძნულ დემოკრატიას
კლასიკური განათლება ბრუტუსმა საბერძნეთში მიიღო, მას ძალიან უყვარდა ეს ქვეყანა, ეს ის კულტურული სივრცეა, რომელიც რომმა დაიპყრო, თუმცა, მოხდა ის რაც ისტორიაში იშვიათად ხდება - დაპყრობილმა საბერძნეთმა მოახერხა დამპყრობლი რომის კულტურული დამორჩილება. ამდენად, ეს დაპყრობა უფრო სიმბოლურ ხასიათს ატარებდა, რამდენადაც რომმა ფაქტობრივად თავისი არაერთი კულტურული ტრადიცია სწორედ ბერძნულ კულტურულ ტრადიციებზე დააფუძვნა.
ბრუტუსისათვის ათენი იმ თვალსაზრისითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ ეს იყო დემოკრატიული, რესპუბლიკური იდეების მექა, სწორედ აქ გახდა ბრუტუსის იდეალი დემოსთენე, როგორც სიცოცხლის ბოლო წუთამდე დამპყრობელი მაკედონიის წინააღმდეგ მებრძოლი.
ბრუტუსი ათენში დელფოსს, ბერძნულ კუნულებს სტუმრობდა, აქ გაეცნო საკმაოდ საინტერესო საზოგადოებას, რომელიც დემოკრატიულ საწყისებზე მოწყობილი გახლდათ, ამ რეალობამ მოხიბლა ბრუტუსი. ერთი სიტყვით, დემოკრატიის იდეალებით საბერძნეთში ბრუტუსის ცნობიერება საკმაოდ ხვავრიელად იკვებება.
ეს ქრისტეშობამდე 60 წელია. ის წელი, ტრიუმვირატი რომ მოდის რომის ხელისუფლებაში.
რა კავშირი ჰქონდა ტრიუმვირატის ორი წევრს ბრუტუსის ოჯახთან
საცნაურია, რომ პირველი ტრიუმვირატი მარკუს იუნიუს ბრუტუსისთვის საკმაოდ ნაცნობი და ახლობელია. პომპეუსი მამამისის მკვლელია, კეისარი კი დედამისის საყვარელი. ტრიუმვირატის ორი წევრი მის ოჯახთან პირდაპირაა დაკავშირებული. ასე რომ ტრიუმვირატის წევრები იოლად შეამჩნევენ მას, რამდენადაც ბრუტუსის წარმომავლობა არაა მათთვის უმნიშვნელო ფაქტორი.
სწორედ ამიტომაც აშკარაა, რომ რომში დაბრუნებული რესპუბლიკური იდეებით შეპყრობილი მარკუს იუნიუს ბრუტუსი საკმაოდ დიდი საფრთხის წინაშეა. და აქ იხლართება საკმაოდ საინტერესო ინტრიგა.
პომპეუსის წინააღმდეგ შეთქმულების ბრალდებით აკავებენ ერთ პიროვნებას, რომელმაც თანამონაწილედ მარკუს იუნიუს ბრუტუსი დაასახელა. ბრუტუსი ახალი დაბუნებულია საბერძნეთიდან, ის რესპუბლიკურ იდეებს ეტრფის, ეს მნიშვნელოვანი დეტალია მის წინააღმდეგ ბრალის წასაყენებლად, ამ ყველაფერს უფრო ამძაფრებს ის, რომ ბრუტუსს ყველანაირი საფუძველი აქვს ეზიზღებოდეს პომპეუსი, მამამისის მკვლელი. ამიტომაც თითქოს მისი ბედი განწირულია. პომპეუსს შესანიშნავი შანსი ელევა თავისი ცხოვრებიდან განდევნოს მტრულად განწყობილი ახალგაზრდა. მის დასჯასაც ბუნებრივია, წინ არაფერი უდგას, მაგრამ...
რატომ დააკისრეს დიპლომატიური მისია შეთქმულებაში ბრალდებულ ბრუტუსს
ბუნებრივია გრძნობს სერვილია რა დონის საშიშროების წინაშეა მისი შვილი და თავის ყოფილ სატრფოსთან, იულიუს კეისართან მიდის თხოვნით. კეისარი ახლაც არაა გულგრილი სერვილიასადმი, ამიტომაც ყველაფერი მთავრდება ისე, როგორც უნდა დამთავრდეს. იულიუსმა იხსნა 26 წლის ახალგაზრდა, კეისარი სარგებლობს იმით, რომ ჯერჯერობით პომპეუსი მისი თანამებრძოლია, ის და პომპეუსი, როგორც ტრიუმვირატის წევრები ვალდებულნი არიან ერთმანეთს მოუსმინონ და ერთმანეთის აზრს ანგარიში გაუწიონ, ბუნებრივია, პომპეუსიც გრძნობს, რომ არ ღირს ბრუტუსის გამო კეისართან ურთიერთობის გამწვავება.
ასე რომ, მარკუს იუნიუსს არავინ შეხებია. და რაც ყველაზე საცნაურია, დასჯის მაგივრად სახელმწიფო სამსახურში ჩააყენეს და მნიშვნელოვანი დიპლომატიური მისია შესთავაზეს.
ეს ბრუტუსის მოშორების საინტერესო ფორმაა.
კეისრის გადაწყვეტილებით მიავლინეს მარკუს იუნიუსი სახელმწიფო დიპლომატიური მისიით კვიპროსზე, სადაც მისი კარიერა მეტ-ნაკლებად წარმატებული იყო, ფინანსურ საკითხებში. ფაქტია, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით მას არაფერი გაუფუჭებია.
ბრუტუსის ცხოვრებაში გარდამტეხი აღმოჩნდა ქრისტეშობამდე 51 წელი, როცა ის მარკუს ტულიოს ციციერონს ხვდება პირველად... სულ მალე ისინი თანამოაზრეები ხდებიან.
სწორედ მათი ურთიერთობისას მწიფდება იდეები, რაც რომაულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ ააფორიაქებს...
ქრისტეშობამდე 44 წლის 15 მარტს მომხდარ პოლიტიკურ მკვლელობამდე სულ რარაც შვიდიოდე წელი რჩება...