დახურულ შენობებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სტადიონებზე შესაძლოა მოწევა აიკრძალოს, - ამას ითვალისწინებს თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები, რომელიც პარლამენტშია წარდგენილი.
კანონპროექტის ავტორი თამბაქოს კონტროლის ალიანსში შემავალი ორგანიზაციებია, ხოლო ინიციატორი - პარლამენტის წევრი გუგული მაღრაძე.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ცვლილებების მიღების შემთხვევაში, ნებისმიერ შენობა-ნაგებობაში, გარდა კერძო საცხოვრებელი სახლებისა, თამბაქოს კვამლის შემსწავლელი სპეციალიზირებული ლაბორატორიული დანადგარებისა, პატიმრობის და თავისუფალი აღკვეთის დაწესებულებებისა, და საზოგადოებრივ ტრანსპორტის ყველა სახეობაში, მოწევა სრულიად აიკრძალება.
სააღმზრდელო, საგანმანათლებლო, ნებისმიერი სხვა სასწავლო დაწესებულებების, აგრეთვე ბიბლიოთეკების, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკები, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების, როგორიც შენობა-ნაგებობებში, ისე მათ ტერიტორიაზე, აგრეთვე 18 წლამდე პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე. სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებათა შენობა-ნაგებებოში და ტერიტორიაზე, გარდა სტაციონარული ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისთვის განკუთვნილი დაწესებულებების ხელმძღვანელების მიერ განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოცემული სპეციალური ბრძანებით ზოგიერთი ქმედუუნარო ან მძიმე ავადმყოფი პაციენტებისთვის განსაზღვრულ ადგილისა (ადგილების), რომელიც სრულიად (კედლებით) განიჯმული უნდა იყოს დაწესებულების სხვა ნაწილებისგან/ტერიტორიისაგან, ჰქონდეს ვენტილაცია ან ღია სივრცეში გამავალი განფარა. ასევე სტადიონებზე.
პროექტით მკაფიოდ ისაზღვრება მოწევის აკრძალვისა და შეზღუდვის აღსრულებაზე დაწესებულებათა ხელმძღვანელების პასუხისმგებლობა, კერძოდ, დარღვევის შემთხვევაში, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მან დაუყოვნებლივ უნდა აღკვეთოს დაწესებულებაში თამბაქოს მოხმარება იმ ადგილებში, სადაც კანონით მოწევა აკრძალულია.
აღნიშნული კანონპროექტი გუშინ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა განიხილა.
საჭიროა თუ არა მსგავსი რეგულაციების დაწესება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წევრებს მიმართა.
თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): არ ვარ მწეველი, აქედან გამომდინარე არ მიყვარს როდესაც ხელოვნურად პასიურ მწევლად მხდიან. როგორც ევროპაშია ადგილები გამოყოფილი, სადაც მოწევა შეგიძლია, ისე ჩვენთანაც უნდა იყოს. უბრალოდ აკრძალვა შეუძლებელია. თუ დაარეგულირებენ და მოსაწევ ადგილებს გააკეთებენ, ძალიან კარგი იქნება, რადგან, ადამინისთვის რომელიც არ ეწევა, კაფეში შესვლა შეუძლებელია.
გივი სიხარულიძე (მსახიობი): არ მეგონა, ეს პარლამენტი რაიმე ჭკვიანურს თუ გამოიგონებდა. ყველაზე მისაღები რამ არის. მსოფლიოს არცერთ ცივილიზებულ ქვეყანაში არ არის დასაშვები არამწეველმა სიგარეტის კვამლი ისუნთქოს. დასაშვებია ოთახების გამოყოფა, სადაც მოწევა იქნება დაშვებული.
მიშა მშვილდაძე (პროდიუსერი): მწეველთა იმ რაოდენობის შემთხვევაში, რომლებიც არიან საქართველოში, რეგულაციების დაწესება საჭიროა, მიუხედავად იმისა, რომ მწეველი ვარ და გარკვეულ დისკომფორტს შემიქმნის. კანონი ისე უნდა წარიმართოს, რომ როგორც მწეველმა ისე არამწეველმა, თავი კომფორტიულად იგრძნოს. არამწეველი დაცული უნდა იყვნენ, რომ მოულოდნელად არ აღმოჩნდნენ სივრცეში, სადაც თამბაქოს ეწევიან, ხოლო მწევლებს უნდა ჰქონდეთ ადგილები, სადაც შეძლებენ მოწევას, რომ მთელი ცხოვრება წინ და უკან სიარულაში არ გაატარონ. გარკვეული შუალედი არის საპოვნელი. კანონი ადამიანებს ცხოვრებას უნდა უადვილებდეს და არა ურთულებდეს.
თემურ ნანეიშვილი ფიზიოლოგი): დადებითად ვაფასებ აღნიშნულ კანონპროექტს, თუმცა ჯოხი არ უნდა გადაიღუნოს, რადგან ყველგან არ შეიძლება აკრძალვა. გამონაკლისი უნდა დააწესონ, რომ მწეველებისთვის ცალკე ოთახი იყოს გამოყოფილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე