ია აბულაშვილი
22.02.2017

 დღევანედელი სტატიის მიზანი არ არის საბჭოთა ეპოქის განსჯა და გაანალიზება. არც კრემლის ღრმად წასული ინტრიგების წარმოჩენა, მაგრამ მკითხველს გვინდა რამდენიმე ნაცნობი თუ უცნობი ამბავი შევახსენოთ, როგორი იყო საბჭოთა ელიტის მიერ გატარებული საკადრო პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში.

1953 წელს, საქართველოში ცეკას პირველ მდივნად ვასილ მჟავანაძე ინიშნება. მისი წინამორბედები, ცეკას ყოფილი პირველი მდივნები კანდიდ ჩარკვიანი და აკაკი მგელაძე გადასახლებულები არიან, ხოლო ალექსანდრე მირცხულავა, სულ ექვსი თვის გამოსული იყო ციხიდან.

"როგორც კი ნიკიტა ხრუშჩოვი საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელი გახდა, დადგა საკითხი - ვინ უნდა იყოს საქართველოს სოციალისტური რესპულიკის კომპარტიის ცეკას პირველი მდივანი? ვინ - არის ყველაზე სანდო, ვის იცნობს ნიკიტა? ხრუშჩოვს საქართველოში სჭირდებოდა კაცი, რომელიც უპირატესად მოსკოვის ინტერესებს გაატარებდა. ხრუშჩოვი მამას, უკრაინიდან იცნობდა, როგორც გენერალს, პატივს სცემდა და ენდობოდა. იცოდა მისი ბიოგრაფია და მას უფრო გენერლად თვლიდა, ვიდრე ქართველად. ამდენად საქართველოს ცეკას პირველი მდივნის პოსტზე ვასილ მჟვანაძის კანდიდატურის წარდგენა მიზანშეწონილად მიიჩნია.

1953 წელს საქართველოში რთული და დაძაბული პოლიტიკური სიტუაცია იყო. სტალინის სამშობლოს სამართავი ბერკეტები სანდო პირისთვის უნდა გადაეცათ და ხრუშჩოვი კრემლში ორ ქართველს იბარებს. მამა იხსენებდა - შევედი კაბინეტში ხრუშჩოვი მეუბნება "საქართველოს ცეკას პირველ მდივნად გიშვებთ" - რა თქმა უნდა ვთანხმდები, ეს ბრძანებაა. როცა მისი კაბინეტიდან გამოვედი მისაღებში ალექსი ინაური შევნიშნე და ვკითხე, "აქ რას აკეთებ?" "არ ვიცი",- მიპასუხა ინაურმა.

მეორე დღეს მოსკოვი-თბილისის რეისზე თვითმფრინავში გვერდიგვერდ აღმოვჩნდით. ისევ ვეკითხები ინაურს "ხრუშჩოვთან რატომ იყავი?" "ვერ გეტყვიო"- ისევ მპასუხობს. ახლა თვითონ მეკითხება "თქვენ რატომღა იყავით ხრუშჩოვთანო?" - "ვერც მე გეტყვი" - ვუპასუხე. ჩამოვფრინდით თბილისში. საქართველოს ცეკას ბიურომ ჩვენი კანდიდატურები განიხილა და მეორე დღეს მე საქართველოს ცეკას პირველი მდივანის კაბინეტი დავიკავე, ალექსი ინაურმა კი სუკის თავმჯდომარის," - იხსენებს ვასილ მჟავანაძის ქალიშვილი ნინა მჟავანაძე.

ინაურს ეს წყენა, რატომ არ დამნიშნა ხრუშჩოვმა საქართველოს ცეკას პირველ მდივნადო, ბოლმდე გაჰყოლია და ამბობენ - მჟავანაძის ამ თანამდებობიდან გათავისუფლება და მისი "პენსიაში" გაშვება უშიშროების მაშინდელი შეფის, ინაურის აქტიურმა ძალისხმევამ განაპირობა, რომელსაც მხარს უჭერდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე. იმასაც ამბობენ, რომ 1972 წელს საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივანს ლეონიდ ბრეჟნევს შეატყობინეს, რომ საქართველოში საქმე ცუდადაა. ადგილობრივი შსს მინისტრი გაშმაგებით ებრძვის "ნეგატიურ მოვლენებს", პირველ რიგში მექრთამეობას და ბიძაშვილ-მამიდაშვილობას, თუმცა უფლება-მოვალეობა არ ყოფნისო. კრემლის მაღალ ეშელონებში შევარდნაძის პროტექტორი ყოფილა საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრი შოლოკოვი. ეს ის შოლოკოვია, რომელმაც შემდეგ თავი მოიკლა, მის გასვენებაში კი შევარდნაძე არ მივიდა...

"საქართველოში ჩამოყალიბდა ე.წ. იატაკქვეშა "საქმიანობა", რომლებიც "სოციალისტური კანონიერების" დარღვევით ახერხებდნენ სხვადასხვა სახის ეკონომიური ოპერაციების წარმართვას და მისი მეშვეობით დიდი რაოდენობის ფინანსების დაგროვებას. ამ დროს შსს მინისტრის პოსტზე დანიშნეს ედუარდ შევარდნაძე, რომელმაც ამ თანამდებობაზე მუშაობის დროს აგენტურული ქსელების მეშვეობით საფუძვლიანად შეისწავლა საქართველოში ე.წ. სოციალისტური ჩრდილოვანი ეკონომიკა. მას შემდეგ, რაც ის მოვიდა ხელისუფლებაში 1972 წლის შემოდგომაზე, დაიწყო მასობრივი დაპატიმრებები" - ასე იხსენებს ამ პერიოდს ისტორიკოსი ედიშერ გვენეტაძე.

მისი თქმით, თავდაპირველად შეტევა განხორციელდა ე.წ. "ცეხავიკებზე" მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია "ლაზიშვილების საქმე". ძმებ ლაზიშვილებს ჰქონდათ იატაქვეშეთა საწარმოები, სადაც დასაქმებული ჰყავდათ მუშები, რომლებსაც სახელმწიფოსთან შედარებით მაღალ ხელფასს უხდიდნენ. როგორც ჩანს მათ ვერ მოახერხეს საერთო ენის გამონახვა შევარდნაძესთან, ამიტომ ისინი მისი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დააპატიმრეს.

"მოგვიანებით დააპატიმრეს თბილისის პირველი მაისის რაიონის აღმასკომის თავმჯდომარე იუზა კობახიძე, შევარდნაძის მეგობარი, რომელიც შემდეგ დახვრიტეს. დახვრეტა გამოუტანეს იმის გამო, რომ ქრთამი აიღო ათი ათასი მანეთი, მოქალაქეს ურიგოდ რომ მიეღო ბინა. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური დანაშაულისათვის ასეთი სასჯელი თითქმის არ გამოიყენებოდა, შევარდნაძემ, მისი ავტორიტეტი, როგორც სოციალისტური კანონიერებისათვის მებრძოლის ამაღლებულიყო, მოითხოვა იუზა კობახიძე უმკაცრესად დაესაჯათ. შევარდნაძეს სხვა მიზნები ჰქონდა და როგორც შემდეგ მოვლენების განვითარებამ აჩვენა, ფიქრობდა კრემლის ქონგურებისაკენ მიმავალ გზაზე. მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა მაშინდელ საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრთან შოლოკოვთან, რომლის მეშვეობითაც ასევე კარგი ურთიერთობა დაამყარა კრემლის გავლენიან ფიგურებთან.

შევარდნაძეს მხარს უჭერდნენ მოსკოვიდან და ამიტომ ის არავის და არაფერს ინდობდა. მისი მმართველობის პერიოდში უზომოდ გაიზარდა ე.წ. სოციალისტური გეგმები. ამის მაგალითია, ყურძნის ჩაბარების დიდი გეგმები, რომელიც შემდეგ საქართველოს უახლეს ისტორიაში "მეღვინეების საქმედ" შევიდა. ანუ შევარდნაძე ნებას აძლევდა მეღვინეებს შეეზიდათ ქარხნებში შაქარი და ფალსიფიცირებული ღვინის გამოშვებით შეასრულა სოციალისტური ვალდებულება. ამ გზით გეგმების შესრულება მთავრდებოდა იმით, რომ შევარდნაძე გარდამავლ წითელ დროშებს და ორდენებს იღებდა, ხოლო ნებადართულ მაქინაციებში მონაწილე მეღვინეებს "გეგმის შესრულების" შემდეგ ციხეში ისტუმრებდა.

სწორედ მისი მმართველობის დროს იყო უსაქონლო მიწერები ყველა სფეროში, მაგალითად ერთი კვერცხი ასზე მეტ ადგილას იყო გაფორმებული. ანეგდოტად დადიოდა "ქათამმა თავი ჩამოიხრჩო, მეტი კვერცხის დადება არ შემიძლიაო". ასე რომ, შევარდნაძის პარტიული ლიდერის თანამდებობაზე მოსვლით ქვეყანაში არაფერი შეცვლილა, პირიქით გაიზარდა კორუფციის მასშტაბი და საქართველო "განვითარებული მექრთამეობის" რესპულიკად ჩამოყალიბდა. მისი ბრძოლის შედეგი იყო ის, რომ თუ მჟავანაძის დროს, რისთვისაც ის გააგდო საქართველოდან, საქმის "გაჩარხვა" ღირდა 100 მანეთი, გახდა 200 მანეთი; ქრთამი, ნათლიმამობა და ძმაკაცობა კი ყველაფრის გაკვალვის გზა იყო," - განაცხადა "რეზონანსთან" ედიშერ გვენეტაძემ.

მას შემდეგ, რაც ედუარდ შევარდნაძე საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა, საქართველოს ცეკას პირველ მდივნად დაინიშნა ჯუმბერ პატიაშვილი.

"ორშაბათი დღეა, კაბინეში ზურაბ ჩხეიძე დამიკავშირდა და მითხრა, რომ შევარდნაძე პოლიტბიუროს წევრად აირჩიეს და საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრად ნიშნავენო. პრველი რეაქცია გაოგნება იყო. შევარდნაძის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნა, უმაღლესი რანგის დიპლომატის და მსოფლიო პოლიტიკაზე უდიდესი გავლენის მქონე გრომიკოს შემდეგ ყოვლად დაუჯერებელი იყო. ამ დროს ცენტრალური კომიტეტის პასუხისმგებელი მუშაკი მიკავშირდება და მეუბნება, რომ ხვალ დილით მოსკოვში უნდა ვიყო. ეს დღე ამით არ დამთავრებულა, კვლავ გაისმა ზარი და ამჯერად უკვე შევარდნაძე მიკავშირდება მოსკოვიდან.

- შინაგან საქმეთა მინისტრად გნიშნავენ, თუ საგარეო საქმეთა მინისტრად? - ალალად ვკითხე შევარდნაძეს.

- ჩამოხვალ და ყველაფერის გაიგებ- მიპასუხა.

აეროპორტიდან პირადპირ ცენტრალურ კომიტეტში მივედი, ჩემთვის უცნობმა პირმა კრემლამდე მიმაცილა. პრეზიდუმის ოთახში ცენტრალური კომიტეტის მდივანი ლიგაჩოვი შემოვიდა. შემიძღვა ოთახში, სადაც პოლიტბიუროს მთელი შემადგენობა დამხვდა. ლიგაჩოვმა პოლიტბიუროს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის ვაკანტურ პოსტზე ჩემი კანდიდატურა წარუდგინა.

- კითხვები ხომ არ გაქვთ? იკითხა გორბაჩოვმა. კითხვა არავის ჰქონდა. მათ შორის, არც შევარდნაძეს.

შემდეგ, საქართველოს წარმომადგენლობაში მივედი. ფეხდაფეხ მომყვა შევარდნაძე. მან დეპუტატებს გააცნო პოლიტბიუროს გადაწყვეტილება და განმარტა, რომ პატიაშვილის კანდიდატურა კონკრეტულად გორბაჩოვმა დაასახელა და თქვა, რომ სხვა პრეტენდენტებიც იყვნენო. ამით ყველას გასაგებ ენაზე თქვა, რომ პატიაშვილისთვის მას რეკომენდაცია არ გაუწევია," - იხსენებს ჯუმბერ პატიაშვილი.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან ერთი კვირის შემდეგ საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარედ გივი გუმბარიძე დაინიშნა. საზოგადოებაში მაშინვე გაჩნდა კითხვები, თუ როგორ გახდა გუმბარიძე ცეკას პირველი მდივანი. ამ კითხვას პასუხი ისევ პატიაშვილმა გასცა: "ჰკითხეთ შევარდნაძეს, გუმბარიძე მისი რჩეულია".

"1985 წლის ივლისში, როგორც რესპულიკის ხელმძვანელი პირველად გამომიძახეს მოსკოვში, სამუშაო მივლინებით. გამიკვირდა როცა კრემლში მითხრეს, რომ საკავშირო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ჩებრიკოვს ჩემთან შეხვედრა სურდა. შევხვდი ჩებრიკოვს, მან საუბარი საქართველოს უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ალექსი ინაურის ქებით დაიწყო. ამის შემდეგ სრულიად მოულოდნელად მეუბნება, ინაური დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადაგეს. გავოცდი, მაგრამ გავაცნობიერე საკავშირო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, პოლიტბიუროს წევრის კაბინეტში ვიყავი და პრინციპულად დამეცვა ჩემი პოზიცია, ვის გადააყენებდნენ, ან ვის დანიშნავდნენ საქართველოს უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარედ, ეს საქართველოს გადასაწყვეტი არ იყო. საუბრის დასასრულს ჩებრიკოვს სხვათაშორის ვკითხე, საქართველოს უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარედ ვის კანდიდატურას მოიაზრებდა. გუმბარიძის, მიპასუხა ჩებრიკოვმა. სახტად დავრჩი, ერთი პირობა ვიფიქრე, რომ მომესმა... იმდენად აბსურდული და ლოგიკას მოკლებული იყო გუმბარიძის კანდიდატურის განხილვა ამ თანამდებობაზე, ამაზე დიდი რეაქცია, რომელიმე კოლმეურნეობის თავმჯდომარე რომ დაესახელებინა, მაშინაც არ მექნებოდა. შემდეგ შევარდნაძეს შევხვდი, ჩებრიკოვთან შეხვედრის შესახებ ვუთხარი, გუმბარიძის ხსენება არ გაჰკვირვებია. მივხვდი, რომ იგი ინფორმირებული ჩემამდე იყო. მაინც ვერ გავიგე, ისეთი ძლიერი ხელმძღვანელი პირის, როგორც ინაური იყო, რატომ ფიქრობდნენ გუმბარიძით ჩანაცვლებას, რომელსაც უშიშროებასთან არანიარი შეხება არ ჰქონია.

1988 წელს ნოემბრის აქციების დროს, საქართველოში საკავშირო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე პონომარიოვი ჩამოვიდა. საღამოს ჩემთან შეხვედრამდე ერთი საათითი ადრე დამირეკა და მითხრა, რომ ინაურმა თანამდებობიდან გადაგომის თაობაზე განცხადება დაწერა. გაოცებული ვურეკავ ინაურს, საყვედურს არ მოვრიდებივარ; მან პასუხად მხოლოდ ერთი წინადადება მითხრა - "ასე იყო საჭროო". მივხვდი, რომ გუმბარიძეს პროტექცია იმ დონეზე გაუწიეს, სადაც დამატებით კითხვებს აღარ სვამენ. ასე გახდა ნოემბრის აქციების შემდეგ გივი გუმბარიძე საქართველოს უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ კი უკვე ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი," - ასე იხსენებს ჯუმბერ პატიაშვილი საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე გუმბარიძის გამოჩენას, რომელის ხანმოკლე მმართველობის დროსაც დასრულდა კომუნისტური ერა საქართველოში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×