ქრისტეშობამდე 44 წელს, 15 მარტს რომში, სენატში დატრიალებული ტრაგიკული მოვლენები ყველა დროისა და ფორმატისგმსოფლიო ისტორიის სახელმძღვანელოს უცვლელი ნაწილი გახდა. იულიუს კეისრის აღსასრული, საუკუნის მკვლელობა, ღალატის განზოგადებულ სახედ დამკვიდრდება განათლებული საზოგადოების ცნობიერებაში.
მარკუს იუნიუს ბრუტუსი ხსენებისას მხოლოდ ერთი ფრაზა ამოტივტივდება - "შენც, ბრუტუს?!"
ეს ის სიტყვებია, მომაკვდავმა იულიუს კეისარმა მის ერთ-ერთ მკვლელს რომ მიაძახა. საცნაური კი ის იყო, რომ მას შემდეგ რაც ბრუტუსი მკვლელებს შორის დაინახა, კეისარს წინააღმდეგობა აღარ გაუწევია. მისი გაოგნება და უმოქმედობა კიდევ ერთი ჭორის საფუძველი გახდება - ბრუტუსი ხომ კეისრის ჭაბუკობის დროინდელი სატრფოს, სერვილიას შვილი გახლდათ და დიდი ალბათობით მისი შვილიც...
მახვილის ერთმა მოქნევამ და კეისრის სიკვდილმა ბრუტუსის სახელი საუკუნეების ლაბირინთებმა სამარადჟამოდ შემოინახა.
თუმცა, პოპულარობასაც თავისი ფორმები აქვს, ბრუტუსი კაცობრიობას ღალატის ალეგორიულ სახედ შემორჩა. ამიტომაც კანონზომიერი გახლდათ ის ფაქტი, გენიალურმა დანტე ალეგიერმა ბრუტუსს იუდა ისკარიოტელთან ერთად ჯოჯოხეთის მეცხრე შრეზე რომ მიუჩინა ადგილი.
როგორ აღმოჩნდა კატონ უმცროსის უმწიკვლოება ბრუტუსის ზნეობრივი ორიენტირი
ჯერ კიდევ შვიდი წლის ასაკში დაობლდა ბრუტუსი. ცნობილმა პომპეუსმა, შემდგომში ტრიუმვირატის წევრმა, მოაკვლევინა მამამისი, როგორც რესპუბლიკურრი იდეების უკომპრომისო დამცველი. მართალია მარკ იუნიუს ბრუტუსს მამინაცვალი ჰყავდა, დეცან იუნიუს სელანი, კაცი, რომელიც არ ზღუდავდა გერს, თუმცა, მისთვის მისაბაძი მაინც ვერ აღმოჩნდა. მამის ნიშა ბრუტუსისათვის მისმა ბიძამ, დედის ნახევარძმამ რომაული საზოგადოებისათვის საკმაოდ ცნობილმა და პოპულარულმა პიროვნებამ მარკუს პორციუს კატონმა, კატონ უმცროსად ხმობილმა შეავსო.
კატონი სამაგალითო ადამიანია არა მარტო დაკნინებული, არამედ კლასიკური რომის რესპუბლიკისთვის. მისი მსგავსი პიროვნებები ერთეულები იყვნენ. ის გამორჩეული გახლდათ თავისი წესიერებით, პატიოსნებითა და გულწრფელობით. მის ხასიათსა და მენტალიტეტზე მისი გამონათქვამი მეტყველებენ. მაგალითისათვის ერთ მოვიყვანთ: "ერთი მოწმე, მოწმე არ არის, ეს თუნდაც კატონი იყოს".
კატონი იმ პერიოდისთვის საკმაოდ ნათელი და არაორდინალური პიროვნება გახლდათ, ის ბრუტუსთან საკმაოდ დაახლოვდა, ეს იმ დროს, როცა სასიყვარულო თავგადასავლებს გადაყოლილ დედამისს, სერვილიას ყმაწვილის გასაზრდელად დრო არ რჩება. ფაქტობრივად სერვილიამ შვილი თავის ნახევარძმას გადაულოცა, არადა, ბიძასა და დისშვილს შორის ასაკობრივი სხვაობა სულ ცხრა წელია. ალბათ ამიტომაც ჩამოყალიბდა მათ შორის განსაკუთრებული ურთიერთობა და ნდობა, კატონი ბრუტუსისათვის მისაბაძი ადამიანია, მოზარდის აღზრდისთვის ასეთ ორიენტირს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს, მითუმეტეს გარდატეხის ასაკში, როცა ღირებულებები და ფასეულობები ყალიბდება.
რატომ იყო აუცილებელი რომაულ საზოგადოებაში წინაპრების კულტისადმი პატივისცემა
ბუნებრივია, ბრუტუსის ფსიქოლოგიაზე სამშობლოს მოყვარული უწესიერესი კატონის მაგალითი გადამდები აღმოჩნდა. აქვე საგულისხმოა ის იდეალი, რაც მას თავისი ოფიციალური მამისის მხრიდან შემორჩა. ასე რომ ბრუტუსი გამორჩეული იდეალების ტყვეობაში იზრდება.
ეს რომაული ყოფისთვის სრულიად ბუნებრივი გახლდათ, რამდენადაც ამ საზოგადოებაში წინაპრის კულტს საკმაოდ დიდი დატვირთვა გააჩნდა. ნებისმიერ რომაულ ოჯახში სპეციალურად გამოყოფილი იყო ადგილი, წინაპრებისთვის მიძღვნილი საკურთხეველი, სადაც წარჩინებული გვარების ოჯახური დღესასწაულები და მსხერპლშეწირვები იმართებოდა.
როგორც წესი, გარდაცვლილი მამა მოიაზრებოდა ოჯახის მფარველ ღმერთად. არისტოკრატიულ ოჯახებში ინახებოდა მიცვალებული წინაპრების ცვილის ნიღბები, ის გვარები, რომლებსაც ბევრი ასეთი ნიღაბი ჰქონდა, უფრო მეტად ფასობდა საზოგადოებაში. ოჯახში შემოსული ახალი წევრისთვის სავალდებულო იყო ამ ოჯახის კულტის აღიარება.
ერთი სიტყვით, კატონის ხელში, იმ გარემოცვაში სადაც წინაპართა კულტი ზეობს, ყველანაირი პირობაა იმისათვის, რომ ბრუტუსი წესიერ ადამიანად ჩამოყალიბდეს, რომლისთვისაც მაღალი ზნეობრივი ორიენტირებია დამახასიათებელი. თითქოს მასაც უნდა სურდეს ისეთივე მითოლოგიურ პერსონად იქცეს, როგორც ოფიციალური მამა იქცა მისთვის.
ამბავი ბრუტუსის რუბიკონისა
ქრისტეშობამდე 51 წელს ბრუტუსის ცხოვრებაში გარდამტეხი აღმოჩნდა მარკუს ტულიოს ციციერონთან შეხვედრა, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მომენტია, ციცერონი გენიალური ორატორია, წარმატებული და პოპულარული მწერალი, ამავდროულად საზოგადო მოღვაწე. ბრუტუსი კილიკიაში, რომის პროვინციაში ხვდება ციცერონს, სადაც ის რომის რესპუბლიკის წარმომადგენელია. აქ ის საკმაოდ გავლენიანი ფიგურაა. ციცერონს თავისმა მეგობარმა ატიკმა სთხოვა შეხვედროდა ახალგაზრდა ბრუტუსს, რომელთანაც ჰქონდა რაღაც სათხოვარი.
ამ დროს ბრუტუსი მეტ-ნაკლებად უკვე ცნობილია საზოგადოებისთვის, გამოდის სიტყვით როგორც ორატორი, დაწერილი აქვს რამდენიმე თხზულება, სასამართლო პროცესების დროსაც აქტიურობს, ერთი სიტყვით, ის საზოგადოებისთვის უკვე შესამჩნევი ფიგურაა და სრულიად ბუნებრივად ერთვება რომაულ ცხოვრებაში.
მაგრამ მოვლენები მოულოდნელი სცენარით განვითარდა - სწორედ ამ შეხვედრისას აღმოაჩინა ციცერონმა ის, რასაც ბრუტუსი საგულდაგულოდ მალავდა. გაირკვა, რომ მარკუს იუნიუს ბრუტუსი ჩვეულებრივი მევახშე გახლდათ. ეს რომში დიდ სირცხვილად ითვლებოდა, ამიტომაც იყო რომ ბრუტუსი ამ საქმიანობას მალულად ეწეოდა. ის თამასუქში არა საკუთარ სახელს, არამედ ფსევდონიმს წერდა. თანაც საკმაოდ ძვირად, 48 პროცენტში აძლევდა თანხას გაჭირვებულებს.
ციცერონი შეძრწუნებულია ამ ამბით, ის აცხადებს რომ არ სურს მევახშესთან, ამგვარ ანგარებიან პიროვნებასთან ურთიერთობა.
ბუნებრივია, ბრუტუსის საქციელში აშკარად იკვეთება დედამისის სერვილიას გენები, რომელიც საკმაოდ ანგარებიანი ადამიანი გახლდათ, დიდი ალბათობით, სავარაუდოდ სწორედ დედამისის ინიციატივით მოჰკიდა ასეთ სამარცხვინო საქმეს ბრუტუსმა ხელი. არადა არც სერვილია და არც ბრუტუსი სოციალური თვალსაზრისით არ მიეკუთვნებოდნენ გაჭირვებულებს, არ იყვნენ ღარიბნი, მიუხედავად, ამისა ბრუტუსს ასეთი სამარცხვინო საქმის კეთება მოუწია.
გაივლის რამდენიმე წელი და ციცერონისა და ბრუტუსის ცხოვრება კიდევ ერთხელ გადაიკვეთება, ამჯერად სულ სხვა ასპექტით. მაშინ აღარავის გაახსენდება ბრუტუსი როგორც მევახშე, ისინი არა მარტო ახლო მეგობრები, არამედ თანამოაზრეები ხდებიან (მათი ეპისტოლარული მიმოწერა ორ ტომს შეადგენს). როგორც შემდეგ მოვლენათა განვითარება აჩვენებს, იულიუს კეისრის მკვლელობა ფაქტობრივად დაგეგმილი იყო ციცერონის აღზევებისთვის.
ამბავი ბრუტუსის ოჯახური იდილიისა
მარკ იუნიუს ბრუტუსს დედამისისგან განსხვავებით საკმაოდ აწყობილი ოჯახური იდილია გააჩნდა. პირველ ცოლთან კლავდიასთან მართალია სულ რამდენიმე თვე იცხოვრა, თუმცა, უფრო მტკიცე და რომაული საზოგადოებისთვის საკმაოდ უჩვეულოდ ხანგრძლივი გამოდგა მისი მეორე ქორწინება. ამჯერად მისი რჩეული ბიძამისის, კატონ უმცროსის ქალიშვილი პორცია გახლავთ, ეს იყო საკმაოდ სათუთი ურთიერთობები, რაც რომაული საზოგადოებისთვის ერთგვარად გაუცხოვებული იყო.
რატომ ელოდა თავისუფლება მონას მოჭრილი თავის საფასურად
საგულისხმოა, რომ სწორედ კეისარს უკავშირდება ბრუტუსის უსაყვარლესი ბიძის, კატონის სიკვდილი - უტეკასთან ქრისტეშობამდე 46 წელს იულიუსის ჯარებმა ალყაში მოაქციეს ქალაქი, რასაც კატონის სიცოცხლე შეეწირა. ეს სამოქალაქო ომის პერიოდია, საკმაოდ მძიმე და აუტანელი. მეტად დიდ მასშტაბებს იძენს სამოქალაქო დაპირისპირებები, ბრუტუსს უმძიმეს ხანაში უხდება ცხოვრება. არაფერი მსგავსი საშინელება არ ყოფილა ისტორიაში, როგორიც რომაული შიდა დაპირისპირებები გახლდათ. მიცვალებულები უპატრონოდ ეყარნენ, სისხლის მდინარეები უწყვეტად მოედინებოდა, ეს იყო ულმობელი ანგარისსწორება მტერთან.
ჯერ კიდევ სულამ შემოიღო პროსკრიპციები, ეს იმ ხალხის სიაა, რომელნიც რესპუბლიკის მტრად არიან მოაზრებულნი. სწორედ ეს ხალხი უნდა მოიცილოს საზოგადოებამ, თან ძალიან მძიმე ფორმით. მაგალითად: ნებისმიერ მონას, რომელიც მტრად შერისხული ადამიანის მოჭრილ თავს მოიტანდა, ჯილდოდ თავისუფლება ელოდა.
ასე, ერთი ხელის მოსმით შეიძლებოდა გადაწყვეტილიყო ნებისმიერი ადამიანის ბედი - სიაში შეტანა ცალსახად სასიკვდილო განაჩენს ნიშნავდა. ამით წახალისებული იყო დაბეზღება, ღალატი. ენის მიტანას ფულადი ჯილდო მოჰყვებოდა.
როგორ აღმოჩნდა ბრუტუსი მამამისის მკვლელის მხარეს
სამოქალაქო ომში პომპეუსისა და იულიუს კეისრის მომხრეები უპირისპირდებიან ერთმანეთს. ახლა ტრუიმვირატიდან ორნიღა შემორჩნენ სააქაოს. მესამე, კრასუსი პართიელთა წინააღმდეგ აღმოსავლური ლაშქრობისას იღუპება.
საცნაური კი ისაა, რომ პომპეუსიც და კეისარიც ერთმანეთთან დაპირისპირებისას ისეთ მატერიებზე აპელირებენ, როგორიცაა სამშობლო, რომი, რესპუბლიკა, წესრიგი.
პომპეუსი არისტოკრატული რესპუბლიკის მომხრეა, მას მიაჩნია, რომ რომის რეალურ ხელისუფლებას სენატი უნდა ფლობდეს, კეისარი დაბალი სოციალური ფენების ინტერესებს იცავს, ის სახალხო რესპუბლიკის მომხრეა. კეისარი ხალხს უყვარს. სწორედ ხალხი, დაბალი სოციალური ფენები უპირისპირდებიან არისტოკრატიას. ერთ მხარეს
პომპეუსის დგას, მეორე მხარეს კეისარი.
სიტუაცია ისე ვითარდება, რომ ნებისმიერმა მოქალაქემ კონკრეტული არჩევანი უნდა გააკეთოს. აქ ნეიტრალური პოზიცია გამორიცხულია - ადამიანი ან ერთ, ანდა მეორე მხარეს უნდა დადგეს. სწორედ ასეთი არჩევანის წინაშე დადგა მარკ იუნიუს ბრუტუსიც.
ქრისტეშობამდე 49 წელს, 10 იანვარს კეისარმა მდინარე რუბიკონი გადალახა, სამოქალაქო დაპირისპირებამ ახალი მასშტაბები შეიძინა. ამ დროს ბუნებრივია ყველა მომავალზე ფიქრობს, მომავლის გეგმებს აწყობს და აქ ნეიტრალური პოზიცია ნიშნავს იმას, რომ ომის დასრულების შემდეგ მისი მიმდევარი აღარაფერი იქნება, გადარჩენილებს აუცილებლად მოუწევთ პასუხის გაცემა - სად იყვნენ ისინი რუბიკონის გადალახვისას - პომპეუსთან, რომელიც სენატის ინტერესებს იცავს, თუ კეისართან და ხალხთან.
მარკ იუნიუს ბრუტუსი აქ უჩვეულო არჩევანს აკეთებს, ის იმ ადამიანის მხარეზე დგება, რომელმაც რამდენიმე წლის წინ მამა მოუკლა. ეს პომპეუსია.
რატომ მითხოვდა კეისარი ბრუტუსის უსაფრთხოებას
პომპეუსსა და კეისარს შორის გადამწყვეტი ბრძოლა ფარსალოსთან თესალიაში შედგა. აშკარა უპირატესობა იულიუს კეისრის მხარესაა, ამ ბრძოლამ ფაქტობრივად გადაწყვიტა კეისრის გამარჯვება. თუმცა, ყველაზე სახასიათო დეტალი გახლდათ ომის დაწყების წინ იულიუსის მიერ გაცემული ბრძანება, თუ თხოვნა თავისი მეომრების მიმართ, ხელი არ ეხლოთ მოწინააღმდეგე ბანაკში მყოფი მარკ იუნიუს ბრუტუსისათვის და ცოცხალი და უვნებელი მიეყვანათ კეისართან.
ეს მარტო სერვილიასადმი, ბრუტუსის დედისადმი სიმპათიით არ უნდა იყოს განპირობებული. საცნაური ის გახლდათ, რომ როცა ფარსალოსის ბრძოლის შემდეგ კეისარს ბრუტუსი მიუყვანიათ, გულში ჩაუკრავს და უთქვამს მისთვის - ამიერიდან ერთად ვიქნებითო.
ბრუტუსი თანახმაა, ის უკვე კეისრის გვერდით იკავებს განსაკუთრებულ ადგილს. ნიშანდობლივია ისიც, რომ კეისარი ღალატად არ უთვლის ბრუტუსს თავნებობას და პომპეუსის გვერდით დგომას.
ეს არ უნდა იყოს შემთხვევითი - ასეთი ლბობიერები და მიმტევებლები კაცები მხოლოდ თავიანთი შვილების მიმართ არიან...
ეს იდილიური ეპიზოდი ქრისტეშობამდე 48 წელს, 9 აგვისტოს ხდება.
საუკუნის მკვლელობამდე ოთხ წელზე ნაკლები რჩება...