"25 თებერვალს, 1921 წელს საბჭოთა ჯარები შემოდიოდნენ თბილისში; წინ მოუძღოდა წითელი ბაირაღით ხელში, თეთრ ცხენზე მჯდომი, ერთი ქართველი კომისართაგანი. მას გვერდით უხილავათ მოჰყვებოდა გაძვალტყავებულ ჯახრიკაზე ძონძებში გახვეული ჩონჩხი და გასისხლიანებულ თითებში ეჭირა ნგრევის ცელი..." - ასე შეაფასა ისტორიკოსმა ზურაბ ავალიშვილმა 1921 წლის 25 თებერვლის დილა.
"წითელი არმია თბილისში კოჯრის გზიდან 1921 წლის 25 თებერვალს დღის 12 საათსა და 15 წუთზე შემოვიდა. ქალაქში პირველად ველიკანოვის მე-20 დივიზიის ნაწილები გამოჩნდნენ. კოლონას წინ მოუძღოდა თეთრ ცხენზე ამხედრებული რევკომის წევრი ელიავა, მის უკან კი წითელი დროშა მოჰქონდათ.
"იმავე დღეს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება გამოცხადდა. მთავრობა ნოე ჟორდანიას მეთაურობით თბილისიდან ქუთაისში გაემგზავრა, შემდეგ ბათუმში, სწორედ აქ გადაწყდა მთავრობის ემიგრაციაში წასვლა და უცხოეთში ბრძოლის გაგრძელება", - იუწყებოდა ქართული პრესა.
იმ დღეებში ასეთი ცნობაც ვრცელდებოდა, რომ ბოლშევიკებს საქართველოს მთავრობის წევრების დაპატიმრება თბილისში უნდოდათ, ჟორდანიას კაცი მიუგზავნეს, რომ ხელი მოეწერა მთავრობის გადადგომის აქტზე და დაეთხოვა პარლამენტი. ნოე ჟორდანია ამ მოთხოვნას არ დაეთანხმა. მოსალაპარაკებლად დატოვებული მთავრობის თავმჯდომარე გრიგოლ ლორთქიფანიძე, სამხედრო მინისტრი პარმენ პაჭკორია და გენერალი მაღლაკელიძე გააფთრხილა, რომ ხელი არ მოეწერათ კაპიტულაციის აქტზე, მხოლოდ სამხედრო მოქმედებების შეჩერებაზე.
რატომ მიიღო საქართველოს მთავრობამ ემიგრაციაში წასვლის გადაწყვეტილება, დღესაც კვლევის საგანია. როგორც ისტორიკოსები ამბობენ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ თავი აარიდა ახალ სისხლისღვრას და ქვეყანაში სამოქალაქო ომის გაჩაღების საშიშროებას, რათა შემდეგ პოლიტიკური გზებით, მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მომხრობით და თანადგომით დაებრუნებინათ საქართველოს დაკარგული დამოუკიდებლობა.
ისტორიკოსთა მოსაზრებების სიღრმეებში ჩაწვდომას არ ვაპირებთ, დღევანდელ სტატიაში მხოლოდ რამდენიმე საინტერესო ეპიზოდს გავიხსენებთ - რა გზა განვლო ქართულმა პოლიტიკურმა ემიგრაციამ თბილისიდან პარიზამდე.
ჯერ კიდევ 1921 წლის 16 თებერვალს ნოე ჟორდანიამ რადიოდეპეშით მიმართა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მეთაურებს. ეს მიმართვა მიმართვად დარჩა და რეალური დახმარება არსაიდან ჩანდა. საქართველო, რომელსაც არ ჰქონდა საკმარისი საბრძოლო ტექნიკა და არ ჰყავდა რეალური მოკავშირე, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.
"მთავარი საკითხი იყო იარაღი. ვაფრინე ყველგან დეპეშები. არსაიდან დაპირება, ხოლო ლონდონიდან ცივი უარი. საფრანგეთი დაგვპირდა რუსის იარაღის მოცემას სტამბოლიდან, მაგრამ ესეც ვერ მოაღწია ომის ბოლომდის და ისიც ყველა გაფუჭებული და შეკეთებული", - წერდა მოგვიანებით ნოე ჟორდანია.
1921 წლის მარტს საქართველოს დემოკრატიული რესპულიკის მთავრობის მხრიდან გრიგოლ ლორთქიფანიძემ და რევკომის წარმომადგენელმა მამია ორახელაშვილმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ, რომლის თანახმადაც, ერთადერთ კანონიერ მთავრობად კვლავ ნოე ჟორდანიას მთავრობა რჩებოდა. თუმცა, საქართველოს ხელისუფლების საკანონმდებლო ორგანოს ფუნქცია დაეკისრა რევკომს, რომლის უკანონო გადაწყვეტილებით გაუქმდა აღმასრულებელი და სასამართლო ორგანოები, ადგილობრივი მმართველობები, დაშალეს ქართული ჯარი და სამხედრო გვარდია.
18 მარტს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დატოვა საქართველო და ემიგრაციაში წავიდა. ჟორდანია თბილისიდან მატარებლით გაემგზავრა ქუთაისში, სადაც ორი დღე დაყო. შემდეგ ბათუმში ჩავიდა და იქიდან მთავრობის და დამფუძნებელი კრების წევრებთან ერთად ჯერ თურქეთში, შემდეგ კი საფრანგეთში გაემგზავრა.
ამ დროს ბათუმში სპეცმატარებლით უკვე ჩასული იყო სერგო ორჯონიკიძე. მან ბათუმის რევკომის თავმჯდომარის სერგო ქავთარაძისა და ქალაქის სამხედრო კომენდანტ გიორგი მაზნიაშვილისაგან ქალაქი ჩაიბარა. სერგო ორჯონიკიძეს სერგო ქავთარაძემ პატაკი ჩააბარა და ისიც უკითხავს:
- რა ვუყოთ ნოე ჟორდანიასა და ნოე რამიშვილის ეტლებს, რომლებიც ბათუმის პორტში დარჩა?
- ერთი მე-11 წითელი არმიის კავალერიის უფროს ჟლობას მიეცი, მეორე კი შენ დაიტოვეო, - უპასუხა სერგო ორჯონიკიძემ.
გზა სტამბოლიდან პარიზამდე
"სტამბოლში მინახულა საფრანგეთის ელჩმა შევალიემ, შემდეგ იტალიის - ჩერიტიმ და ორივემ თავიანთი მთავრობის სახელით გადმომცეს მიპატიჟება მათ სამშობლოში. მე ეს მივიღე კარგ ნიშნათ, ვიფიქრე, საფრანგეთის და იტალიის მთავრობები გადადგამენ ოფიციალურ ნაბიჯს მოსკოვის წინაშე ჩვენი საკითხის გამო.
"ვინაიდან განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვაწერდი საფრანგეთის თაოსნობას, ამიტომ შევალიეს მიპატიჟება მივიღეთ. ჩერიტოს მადლობა გადავუხადეთ.
"აპრილის პირველ რიცხვებში ჩავედით პარიჟში. ჩამყვა შეავალიე. სადგურზე მისვლისთანავე გული გამიტყდა - არავინ ოფიციალური წარმომადგენელი მთავრობისა არ შეგვხვდა. შევალიეც გაოცებული იყო, თუმცა არა უთქვამს რა.
"ეს მივიღე გლახა ნიშნათ, არა ოფიციალურ მიღებათ, მაშასადამე, კერძო პირათ... საფრანგეთის ოფიციალური წევრები ინტერესს არ იჩენდნენ", - წერდა ნოე ჟორდანია.
საქართველოს სამუზეუმო და საეკლესო განძეულობა კი, რომელიც მთავრობამ ემიგრაციაში წაიღო, ჯერ თურქეთში ჩავიდა, შემდეგ კი საფრანგეთში.
"განძი რკინიგზით თბილისიდან წაიღეს და ქუთაისის გავლით და იქ ახალი ნაწილების შემომატებით 3 მარტს ბათუმში ჩაიტანეს. ამიერკავკასიაში საფრანგეთის მთავრობის სრულუფლებიანი დესპანის და უზენაესი კომისრის აბელ შევალიეს დახმარებით ბათუმში ჩატანილი განძი მატარებლიდან 5 მარტს ფრანგულ სამხედრო კრეისერ "ერნესტ რენანზე" გადატვირთეს, მათთან ერთად ბათუმში სხვადასხვა მატარებლით ჩატანილი ბორჯომის და ლიკანის სასახლეების ქონებაც და 11 მარტს კონსტანტინეპოლისკენ გაისტუმრეს.
"14 მარტს გემით ექვთიმე თაყაიშვილმა "ერნესტ რენანს" კონსტანტინეპოლში ჩაუსწრო და საფრანგეთში გასაგზავნი განძი ძველ ფრანგულ სამხედრო-სატრანსპორტო გემზე "ბიენ ჰოაზე" გადაიტანა.
"ზღვაზე თითქმის 2-თვიანი მომქანცველი მგზავრობის შემდეგ 1921 წლის 10 აპრილს, საღამოს "ბიენ ჰოა" მარსელის სანაპიროს მიადგა, სადაც დახვდნენ ზურაბ ავალიშვილი და ანდრია დეკანოზიშვილი. 11 აპრილს, დილით გემიდან განძი გადმოალაგეს და საფრანგეთის ბანკის მარსელის განყოფილებაში მოათავსეს. თვითონ კი პარიზში ჩავიდნენ", - წერდა გურამ შარაძე თავის პუბლიკაციებში.
საქართველოს მთავრობა დასახლდა პარიზში, ვიქტორ ჰიუგოს ქუჩაზე. თუმცა, დღის წესრიგში მაინც დადგა შენობის შეძენის საკითხი, სადაც ემიგრანტთა შტაბი განთავსდებოდა.
დევნილმა ხელისუფლებამ საქართველოდან ჩატანილი სახაზინო ვერცხლი გაყიდა, მაგრამ პარიზში შესაფერისი შენობა ვერ იყიდეს. ამიტომ დედაქალაქიდან მოშორებით, სოფელ ლევილში, ორსართულიანი სახლი და მიწის ნაკვეთი შეიძინეს.
"დაბინავდა რა საფრანგეთში, პარიზში საქართველოს ეროვნულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით გადაწყვიტა ეყიდა პატრა მამული, რომელიც თავშესაფარი იქნებოდა ქართული პოლიტიკური ლტოლვილებისათვის და საქართველოს განთავისუფლების შემდეგ საქართველოს საკუთრებად დარჩებოდა", - იხსენებდა ქართული მამულის ასოციაციის თავმჯდომარე მამია ბერიშვილი.
1922 წლის 24 ივნისს ნიკოლოზ ჯაყელისა და ბენია ჩხიკვიშვილის სახელზე შეიძინეს ის პატარა მამული, რომელსაც დღესაც ლევილის ქართული კერა ეწოდება. ემიგრაციაში ბრძოლის გასაგრძელებლად კი შეიქმნა ახალი ქართული პოლიტიკური ორგანიზაციები; პოლიტიკური პარტიების საზღვარგარეთული ბიუროები. უცხო მიწაზე მოხერხდა ყველა ქართული პოლიტიკური ძალის გაერთიანება და დაარსდა "ინტერპარტიული საზღვარგარეთის ბიურო".