მამუკა ნაცვალაძე
04.03.2017

 ქრისტეშობამდე 44 წელი, 15 მარტი... იულიუს კეისრის მკვლელობა. ეს მოვლენა სამუდამოდ შევიდა ყველა დროისა და ფორმატის მსოფლიო ისტორიის სახელმძღვანელოში, როგორც ყველა დროის ყველაზე გახმაურებული პოლიტიკური აქტი.

რომი უპირისპირდება დემოკრატიის ნიღბით იმპერატორის სამოსელში გახვეულ გაიუს იულიუს კეისარს. რომაულ დემოკრატიულ საზოგადოებაში ვერ აღიქვამენ ერთმმართველობას. რომაული დემოკრატია ვერ ჰგუობს იმპერატიულ ტონს. არადა, რომის სახელმწიფოს უკიდეგანო სივრცეები სხვაგვარად ვერ იმართება.

ეს ორი სრულიად განსხვავებული პოლიტიკური კონცეფცია წითელ ზოლად მიჰყვება ქრისტეშობამდე პირველი საუკუნის რომის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებას. სწორედ ამ ფონზე ვითარდება მოვლენები, რომელზეც შემდგომში არაერთი ლიტერატურული შედევრი შეიქმნება.

გაიუს იულიუს ცეზარი უკანასკნელად მოემართება სენატისაკენ, იმ შენობისკენ, სადაც მისმა კარიერამ ჩაიარა. სულ რამდენიმე წუთი რჩება იმ შემზარავ პოლიტიკურ მკვლელობამდე, საუკუნეებს რომ გაჰყვება რეზონანსად.

რატომ არ ჰყავდა იულიუს კეისარს დაცვა

კეისარმა იცის, რომ მის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდება, იცის, რომ მისი მმართველობით უკმაყოფილები ბევრნი არიან, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისევ დაცვის გარეშე დადის. ხალხისადმი ნდობა ხომ მისი პოლიტიკური დოქტრინის მთავარი პოსტულატია. სწორედ ამ პოსტულატმა განაიარაღა კეისარი.

ხალხისგან გამიჯვნა მისთვის მიუღებელი ფორმაა. მიუხედავად იმისა, რომ ის რომის ტრადიციულ დემოკრატიას, როგორც მმართველობის ფორმას ალმაცერად უყურებს და არცთუ უსაფუძვლოდ, ხალხთან კონტაქტებს არ გაურბის, პირიქით ყველაფერს აკეთებს, რომ ხალხთან იყოს და მისი საქმიანობის შედეგით ხალხმა ისარგებლოს. ამაში სულ მალე ყველა დარწმუნდება, როცა მისი ანდერძი საზოგადოებისათვის გახდება ცნობილი.

სანამ სენატის შენობაში შევა, კეისარს წერილს გადაცემენ. აქ ზუსტადაა აღწერილი ის მზაკვრობა, რაც რამდენიმე წუთში მოხდება, თუმცა, გაიუს იულიუსი წერილს არ ხსნის, არ კითხულობს.

როგორც ვთქვით, დაცვა კეისარს არ ჰყავს, ის ხალხთან ახლოს მდგომი პოლიტიკოსის სახეს ბოლომდე ერთგულებს. რაც შეეხება მის ახლობლებსა და მეგობრებს, ისინი იმ საბედისწერო მომენტში შეთქმულებმა იქაურობას განარიდეს. ესეც წინაწარ გათვალეს. განარიდეს მარკუს ანტონიუსი, რომელიც აუცილებლად დაეხმარებოდა იულიუს კეისრს უმძიმეს წუთებში.

იყო თუ არა კეისრის ბოლო ფრაზა "შენც, შვილო ბრუტუს?"

შეთქმულები კეისარს სენატის სხდომათა დარბაზის ახლოს, პომპეუსის ქანდაკებასთან ხვდებიან. ისინი მრავლად არიან, მიღებულია გადაწყვეტილება ყოველმა მათგანმა თითო ჭრილობა მიაყენოს კეისარს. არავის სურს ეს პოლიტიკური მკვლელობა საკუთარ თავზე აიღოს. კეისარი ყველამ ერთად უნდა მოკლას!

პირველი დარტყმა უშედეგო აღმოჩნდა, გაიუს იულიუსი ვერ მოკლეს, ახლა სხვებმა აღმართეს მახვილი. ბოლომდე იბრძვის კეისარი, ცდილობს ალყის გარღვევას, მოწინააღმდეგეებს უძალიანდება. მას ხელში ბასრპირიანი სტილი უჭირავს, მისი მთავარი, საწერი იარაღი. რამდენჯერმე მოუქნია კიდეც მომხვდურთ, თუმცა, ხდება რაღაც მოულოდნელი და უცებ კეისარი წინააღმდეგობას წყვეტს, უმოქმედოდ დგას. ამას პლუტარქე გადმოგვცემს.

მაინც რა ხდება, რამ მონუსხა კეისარი? საქმე ისაა, რომ მოულოდნელად შეთქმულთა შორის მარკუს იულიუს ბრუტუსს, მისი ჭაბუკობისდროინდელი გატაცების სერვილიას შვილს ხედავს და გაოგნებულს სიმწრისგან აღმოხდება ფრაზა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს გაუგონია - "შენც ბრუტუს?". არის მეორე ვერსიაც, რომლიც მიანიშნებს, რომ კეისარს ბოლო ფრაზა იყო "შენც შვილო ბრუტუს?"

რამდენად იყო შეურაცხმყოფილი ბრუტუსი კეისრის შვილის სტატუსით

ხმები იმის შესახებ, რომ მარკუს იუნიუს ბრუტუს უმცროსი მარკ იუნიუს ბრუტუს უფროსის შვილი კი არა, იულიუს კეისრის შვილი იყო, რომში დიდი ხანია დადიოდა. ყველა ხედავდა, როგორ გამორჩეულად უყვარდა გაიუს იულიუსს სიცოცხლის ბოლო წუთამდე თავისი ჭაბუკობისდროინდელი გატაცება სერვილია, როგორ მოხდა გაიუს იულიუსის ინიციატივით პოპეუსის წინააღმდეგ შეთქმულებაში დადანაშაულებული სერვილიას შვილის ბრუტუსის არათუ შეწყალება, მივლინება სახელმწიფოებრივი დავალებით კვიპროსზე, როგორ გამოარჩია კეისარმა ფარსალოსის ბრძოლის წინ ყველასგან მარკუს ბრუტუსი, როგორ ჩაიკრა გულში და როგორ აპატია მისი მოწინააღმდეგის, პომპეუსის ბანაკში ყოფნა.

თუმცა, ბრუტუსი უძღები შვილი აღმოჩნდა, ის კეისრის წინააღმდეგ შეთქმულთა მთავარ იარაღად იქცა. და საცნაური სწორედ ისაა, რომ შეთქმულება მზადდება იმ სახლში, სადაც თავად იულიუს კეისარი დადის ხშირად - ეს სერვილიას სახლია, ბრუტუსის დედის სახლი.

აქ ბუნებრივია ჩნდება კითხვა - რამდენად შეურაცხოფილია ბრუტუსი კეისრის შვილის სტატუსით? რამდენად იყო მისი ქმედება მოტივირებული მორალური შეურაცხყოფით, რომელშიც ის მისდაუნებურად აღმოჩნდა?

რატომ არ ითვლებოდა უკანონო შვილობა რომში სირცხვილად

რომში ბოჰემა და ორგია ცხოვრების ჩვეულებრივი წესი გახლდათ და შესაბამისად უკანონოდ შობილნიც მრავლად იყვნენ. ამდენად ის აზრი, რომ ბრუტუსს დისკომფორტს უქმნიდა იულიუს კეისრის უკანონო შვილობა, იმ დროინდელ კონტექსტში არ ჯდება, რამდენადაც ქორწინების გარეშე ბავშვის გაჩენა ჩვეულებრივი მოვლენა იყო და ასეთთა სიმრავლის გამო ეს სტატუსი დიდი ალბათობით იმდროინდელ რომში არავის უქმნიდა დისკომფორტს. ასეთი უარყოფითი განწყობები უფრო მომდევო საუკუნეების პირმშოა, რომაულ საზოგადოებაში კი უკანონოდ შობილის სტატუსი არაფრითაა გამორჩეული და შეურცხმყოფელი.

ისიც უნდა ითქვას, რომ რომში ადვილი იყო შვილად აყვანა, ეს წესი თავად იმპერატორთა შერჩევის დროსაც გამოიყენებოდა ტრაიანეს მმართველობის დროიდან.

ამიტომაც ვფიქრობთ, ბრუტუსის მონაწილეობას შეთქმულებაში ცალსახად პოლიტიკური საფუძველი გააჩნდა და არა პირადი, სუბიექტური.

უძღვნა თუ არა ბრუტუსმა კეისრის მკვლელობა ციცერონს

პომპეუსის ბიუსტთან დატრიალებული ამბავი დასრულდა. დიქტატორი უკვე მკვდარია, დემოკრატიის მთავარი შემაფერხებელი იულიუს კეისარი აღარ არის ცოცხალი. გაიუს კასიუს ლონგინოსი და მარკუს იუნიუს ბრუტუსი გამარჯვებულები არიან, გამარჯვებულები იულიუს კეისრის სიკვდილით...

არის ვერსია, რომ თითქოს კეისრის ცხედარის წინ სისხლიანი ხანჯალი შეუმართავს მარკუს იუნიუს ბრუტუსს და ხმამაღლა დაუძახია "ციცერონი". ეს ერთი სიტყვა თავის თავში იტევდა ცალსახა ქვეტექსტს და ფრაზას - "ეს პოლიტიკური აქტი შენ გეძღვნება, დიდებული რესპუბლიკელო".

და აქ ხდება ის, რაც ვერცერმა შეთქმულმა ვერ გათვალა - საშინელი სიცარიელე და აგონიამდე მისული დაბნეულობა გამოიწვია ამ პოლიტიკურმა მკვლელობამ. ეს კარგად გამოჩნდა ციცერონის რეაქციის მაგალითზეც. ციცერონმა არაფერი უწყოდა შეთქმულების შესახებ, თუმცა, როცა ეს ამბავი გაიგო, ჯერ აღფრთოვანდა - ის ფიქრობდა, რომ გადაიდგმებოდა ქმედითი ნაბიჯები რესპუბლიკის აღდგენის თვალსაზრისით, მაგრამ მარკუს ბრუტუსი და გაიუს კასიუს ლონგინოსი არაფერს აკეთებდნენ, დროს წელავდნენ. ყველაზე საცნაური ის გახლდათ, რომ თავად ხალხს არანაირი სიხარული არ გამოუხატავს კეისრის მკვლელობის გამო. ამან ციცერონის აღფრთოვანებაც გაანელა.

როგორ დატოვა სახტად შეთქმულები კეისრის ანდერძმა

ეს მას შემდეგ გახდა უფრო თვალსაჩინო, რაც მარკუს ანტონიუსმა რომაულ საზოგადოებას გააცნო იულიუს კეისრის ანდერძი. კეისარი ყოველ რომაელ მოქალაქეს 300 სესტერციას უტოვებდა - ეს არ იყო პატარა თანხა, ამასთან საზოგადოებას კეისრის ანდერძით გადაეცა მისი კუთვნილი შესანიშნავი ბაღები.

და აქ კიდევ ერთხელ შეძრწუნდა სრულიად რომი. ამ რეალობაში ბუნებრივია ისმის კითხვა - რაში სჭირდებოდა რომს ასეთი ადამიანის სიკვდილი? და რით იქნება იულიუს კეისარზე უკეთესი ის, ვინც მის შემდეგ მოვა რესპუბლიკის სათავეში? სწორედ აქ დაიბნენ ბრუტუსი და კასიუსი. ისინი უმოქმედოდ არიან და ფაქტობრივად არაფერს აკეთებდნენ, დროს აჭიანურებენ.

ამ პოლიტიკურ ფონზე მარკუს ანტონიუსისითვის აშკარა ხდება, რომ ხელისუფლების სათავეში მოსვლა რეალურია და მას კონკურენტი არ ჰყავს. ამასთან, მისი მთავარი კოზირია ის, რომ ანტონიუსი კეისრის უახლოესი მეგობარი გახლდათ.

და იწყება ახალი ეტაპი რომის ცხოვრებაში - ხანა შურისძიებისა, ხანა კეისრის საქმეების უკვდავყოფისა. საგულისხმოა ისიც, რომ კეისრის პომპეზურ დაკრძალვას სწორედ მარკუს ანტონიუსი ხელმძღვანელობს. ესეც კიდევ ერთი ნიშანია მარკუს ანტონიუსის მომავალი პირველობისა.

რატომ შეხვდა ათენი კეისრის მკვლელებს, როგორც ტრიუმფატორებს

მოვლენათა განვითარებამ აჩვენა, რომ მარკუს იუნიუს ბრუტუსსა და გაიუს კასიუს ლონგინოსს საზოგადოებაში არანაირი დასაყრდენი აღარ გააჩნდათ, არავინ იყო მათი იდეების გამზიარებელი. ძნელი იყო ასეთ ფსიქოლოგიურ ატმოსფეროში ყოფნა, ერთი თვეც კი ვერ გასძლეს რომში. 12 აპრილს ისინი რომს ტოვებენ და საბერნეთში მიდიან.

საბერძნეთში მათ ხვდებიან როგორც ტრიუმფატორებს და ამ საზეიმო შეხვედრისას ბუნებრივია ჩნდება კიდეც იმის ილუზია, რომ ის რაც გააკეთეს, გამართლებული იყო, რომ მათ ჰქონდათ შანსი რომში რესპუბლიკური მმართველობის რეინკარნაციისა, შანსი ისტორიაში საკუთარი სახელის უკვდავყოფისა.

მზადება რევანშისათვის

და აქ იწყება რევანშისთვის მზადება, მარკუს იუნიუს ბრუტუსისა და გაიუს კასიუს ლონგინოსის განკარგულებაშია დიდი არმია, რომელიც საკმაოდ მალე შეგროვდა. საბერძნეთის, მაკედონიის, ადრიატიკის სანაპიროზე მცხოვრებთაგან. მათ ციცერონი ამხნევებს. აგულიანებს თავისი ემოციური მიმართვითა თუ წერილებით...

ასეთი თავხედობა მარკუს ანტონიუსისათვის მიუღებელია, მითუმეტეს მაშინ, როცა მან იცის ციცერონის განწყობები და შეხედულებები, ამიტომაც ქრისტეშობამდე 43 წლის დეკემბერში ანტონიუსის დავალებით ციცერონს კლავენ.

და დგება ჟამი, როცა საბოლოოდ უნდა გაირკვეს გამარჯვებული. ქრისტეშობამდე 42 წლის 3 ოქტომბერს მარკუს ანტონიუსისა და ბრუტუსის ჯარები ერთმანეთის პირისპირ განლაგდნენ. გადამწყვეტ ბრძოლაში ძალები თანაბარია და აქ ანტონიუსი იმარჯვებს. იმარჯვებენ გაიუს იულიუს კეისრის მომხრეები, ისინი, ვინც რომში გახმაურებული პოლიტიკური მკვლელობის მოწინააღმდეგენი იყვნენ. სწორედ ამ დამარცხებამ საბოლოოდ გააკოტრა კეისრის მკვლელები.

რატომ მიუჩინა დანტე ალეგიერმა ბრუტუსს ადგილი ჯოჯოხეთის მეცხრე შრეზე

და აქ ხდება ის, რაც ასეთ პოლიტიკურ და იდეურ გაკოტრებას მოსდევს ხოლმე. ადამიანები, რომელთაც ისტორიაში დიადი იდეებით სურდათ დამკვიდრება, უბრალო მკვლელები აღმოჩნდნენ, არაფრით გამორჩეული მკვლელები...

ცხოვრება კი ორივემ თვითმკვლელობით დაასრულა. განსაკუთრებით შემზარავი აღმოჩნდა მარკუს იუნიუს ბრუტუსის აღსასრული - სასოწარკვეთაში მყოფმა თავის მონას უბრძანა ხანჯალი დაეჭირა. იმ ხანჯალზე წამოეგო თავად ბრუტუსი. დანტე ალეგიერმა თავის "ღვთაებრივ კომედიაში" ბრუტუსს ჯოჯოხეთის ყველაზე საშინელ, მეცხრე შრეზე მიუჩინა ადგილი, როგორც მზაკვარსა და მოღალატეს, თანაც იუდა ისკარიოტელის გვერდით...

და ამ პოლიტიკურ ბატალიების წყალობით მარკუს იუნიუსი ისტორიას მაინც შემორჩა, შემორჩა ფრაზით, რომელიც ყველა დროსა და სივრცეში გამოიყენება მოულოდნელი მზაკვრული ღალატის სინონიმად - "შენც, ბრუტუს?"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×