გვანცა წულაია
07.03.2017

"რუსთავი 2"-ის ადვოკატებმა გუშინ სტრასბურგში აღსრულების შეჩერების მექანიზმის გასახანგრძლივებლად დამატებითი დოკუმენტაცია გადააგზავნეს. დოკუმენტებს შორის არის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტების, საქართველოს პრეზიდენტის, არასამთავრობო სექტორის, პოლიტიკური პარტიებისა და მედიის განცხადებები.

მათ შორის არის ტელეკომპანიის იურისტების არგუმენტირებული პოზიცია - თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება.

"სტრასბურგის სასამართლოს, ბოლო მოვლენების შესახებ, რომელიც ამ დღეებში მოხდა, ვუგზავნით განახლებულ ინფორმაციას. განახლებულ დოკუმენტებში იგულისხმება, მაგალითად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, სადაც "რუსთავი 2"-ის საქმე მოხვდა.

"ასევე, პოლიტიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული მხარდამჭერი განცხადებები, არის წარმოდგენილი, თუ რა მნიშვნელოვანია "რუსთავი 2"-ის საქმე და სარედაქციო დამოუკიდებულება რატომ უნდა შენარჩუნდეს.

"ასევე დამატებითი ინფორმაცია ჩვენი პოზიციების გასამყარებლად იქნება წარმოდგენილი, თუ რატომ ვთვლით, რომ უნდა გახანგრძლივდეს დროებითი ღონისძიება და არ აღსრულდეს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, სანამ სტრასბურგი არსებითად არ განიხილავს და საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს", - განაცხადა "რუსთავი 2"-ის ადვოკატმა თამთა მურადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებული დროებით შეჩერების მექანიზმს ვადა 8 მარტს ეწურება.

რა მოლოდინი გაქვთ სტრასბურგის სასამართლოსგან "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წევრებს მიმართა.

 ლადო ვარდოსანიძე (არტიტექტორ-ურბანისტი):  ევროსასამართლოს ობიექტურობის მოლოდინი მაქვს - ჯერ ფაქტობრივ მასალას და შემდეგ კონტექსტს განიხილავს. ეკონომიკურ თუ სამართლებრივ მხარეს შეისწავლის და ობიექტურ გადაწყვეტილებას გამოიტანს.

 

 

 

 ავთო სულაბერიძე  დემოგრაფი): ჩემი აზრით, სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობას არ ეხება - საკუთრების უფლებას ემყარება. საქართველოში დემოკრატია როგორია, სტრასბურგმა რატომ უნდა განიხილოს? უნდა განიხილოს სამართლებრივი მხარე.

 

 

 გია ბუღაძე  (მხატვარი): მოლოდინი მაქვს, რომ სტრასბურგის სასამართლო შეჩერების მექანიზმს გაახანგრძლივებს. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში "რუსთავი 2" გამარჯვებული აღმოჩნდება. აშკარად ჩანს და ფაქტია, რომ ეს ყველაფერი დღევანდელი ხელისუფლების მიერ მართული პოლიტიკური პროცესია.

 

 

 გრიგოლ გეგელი (ისტორიკოსი): ამ პროცედურებს ზედმიწევნით არ ვიცნობ, მაგრამ არის ვარაუდი, რომ შეიძლება დროებითი შეჩერება გაგრძელდეს, რათა სასამართლომ საქმე უკეთ გაეცნოს.

როდესაც, რამდენიმე დღის წინ პირველი გადაწყვეტილება გავიგეთ, რეალურად ბევრი შეხვდა ზედმეტად დრამატიზებულად. უპრეცედენტო იყო და ამასთანავე ძალიან სწრაფად მოხდა. მათ არც საქმის შინაარსზე და არც სწორ ან არასწორ გადაწყვეტილებაზე უთქვამთ რამე.

აქ დროებით შეჩერებაზეა საუბარი. საქართველოში ეს გვიკვირს, თუმცა პროცედურულად ეს ნორმალური, რეალური და ჩვეულებრივი პროცესია. არაფერი განსაკუთრებული და დრამატული არ მომხდარა.

 მიხეილ ცარაგელი  ასტროლოგი): დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენს შიდა საქმეებში სტრასბურგის სასამართლო საერთოდ არ უნდა ერეოდეს. დარწმუნებული ვარ, არცერთი სხვა რესპუბლიკა სტრასბურგის სასამართლოს მათ საქმეში ჩარევის უფლებას არ მისცემდა. ეს ჩვენი შიდა და არა მათი საქმეა.

რატომღაც ბევრს ავიწყდება, როდესაც "იმედი" საშინელ დღეში ჩააგდეს. მაშინ სტრასბურგის სასამართლო, უცხოელი დამქაშები, ამერიკის ელჩი, ან თუნდაც "რუსთავი 2", სად იყვნენ? რას ქადაგებდნენ ისინი? თუ კრიმინალი არ იყო, რაც "იმედთან" დაკავშირებით მოხდა? რატომ არ იხსენებენ "იმედს"? თუ აქ სამართლის პოვნა უნდათ "იმედთან" დაკავშირებით რატომ იყვნენ უსამართლონი?

თუ ჩვენი მთავრობა და პრემიერი რამე გუნდრუკს არ უკმევენ ევროპას და თავის სისუსტეს კიდევ ერთხელ არ გამოავლენს, მაშინ მიმაჩნია, რომ არაფერი არ უნდა შეიცვალოს და როგორც ჩვენმა სასამართლომ გადაწყვიტა, ყველაფერი ისე უნდა დარჩეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×