"1956 წელი. მარტი. სანაპიროზე სტალინის ძეგლთან პატარა სკვერში ტევა არ იყო. მღეროდნენ, ლექსებს კითხულობდნენ. გორიდან ჩამოსული მანქანა "ჯავშნოსანი", რომელზედაც ბელადები "ლენინი" და "სტალინი" იდგნენ, ქალაქის ქუჩებში დაგრიალებდა. ბელადის ძეგლის საკმაოდ მაღალი კვარცხლბეკი გვირგვინებით იყო შემოსილი. აქა-იქ ვოროშილოვის, კაგანოვიჩის, მოლოტოვისა და მაო ძედუნის სურათებიც ეკიდა. ეკიდა ხრუშჩოვის სურათიც, ოღონდ თავდაყირა. ყველასთვის ნაცნობ, თბილისელ კიკას ჩინური ლაბადა ჩააცვეს, თავზე ფეტრის "შლაპა" დაახურეს, ორად ორი ფრაზა დააზეპირებინეს და ისიც მხიარულად დააბოტებდა დემონსტრანტთა შორის და ცდილობდა გარკვევით ეყვირა: "მე ხრუშჩოვი ვარ".
ასეთივე წარწერით შეამკეს ჩასუქებული ღორი, რომელსაც მოზღვავებული ხალხის ნაკადისთვის თავი ვერ დაეღწია. ასე გამოვხატავდით მაშინ ჩვენს დამოკიდებულებას იმ პიროვნების მიმართ, ვინც სტალინი და ქართველი ერი გააიგივა, ვინც პირადი ანგარიშსწორებისთვის მთელი თავისი გესლი ქართველ ხალხზე გადმოანთხია.
9 მარტს, კარგად შებინდებულზე, ჯერ კავშირგაბმულობის შენობასთან ახმაურდნენ ავტომატები და ტანკები, ხოლო შემდეგ ხიშტებიც დატრიალდა სანაპიროზე. გვიან ღამემდე ისმოდა სროლის ხმა. მერე ყველაფერი მიწყნარდა. მიყუჩდა. დილა ქალაქში საბჭოური ჰიმნით და ავტომატმომარჯვებული სალდათებით შემოვიდა. ქვაფენილები სველი იყო. ვიღაცამ თქვა, მთელი ღამე ქუჩებს სისხლისაგან რეცხავდნენო. ხმამაღლა არავინ აგლოვეს. დახოცილები უხმაუროდ, ქურდულად მიაბარებინეს მიწას," - ასე იხსენებს 1956 წლის 9 მარტს კინორეჟისორი გივი ვეფხვაძე.
აყველაფერი კი ასე დაიწყო. 1953 წლის მარტში გარდაიცვალა სტალინი, ხოლო 1956 წელს სკკპ პარტიის მე-20 ყრილობაზე ხრუშჩოვმა გააკეთა მოხსენება "პირვნების კულტისა და მისი შედეგების შესახებ". სტალინის კრიტიკამ ქართველი ახალგაზრდების მღელვარება გამოიწვია, ეს ეროვნულ შურაცხყოფად აღიქვეს და თავიანთი პროტესტი მშვიდობიანი მიტინგებით, მანიფესტაციებით გამოხატეს, რაც თანადათან მძლავრ ეროვნულ მოძრაობად იქცა.
როგორ განვითარდა მოვლენები თბილისში, ამის შესახებ რამდენიმე მოგონებას გავიხსენებთ, რომელსაც თავი მოუყარა თავის წიგნში კინორეჟისორმა გივი ვეფხვაძემ "9 მარტი. 1956 კადრში და კადრგარეთ".
"ქართველ კაცს ყოველთვის ჰქონდა თავისი სწორი და მიუდგომელი შეფასება სტალინის მიმართ, მაგრამ მაინც შეძრა კულტის საკითხმა, პირველი დღეებიდანვე ხალხმა თანდათანობით იწყო სვლა სანაპიროზე მოჰქონდათ ყვავილები, გვირგვინები, დაწესდა საპატიო ყარაული... შეიქმნა სამიტინგო შტაბი. ათენებდნენ და აღამებდნენ სტალინის ძეგლთან. მომდევნო დღეები საყოველთაო მიტინგის დღეებად გადაიქცა... მომიტინგეები ითხოვდნენ სტალინის ძეგლთან იმ ადამიანების მობრძანებას, ვისაც მინიჭებული ჰქონდა ბელადის სახელობის პრემიები, წოდებები... მოვიდა ხორავა, მოვიდა ვასაძე, ნონეშვილს ლექსიც კი წააკითხეს: "მამავ, ძვირფასო". 9 მარტი. ტრიბუნაზე ერთმანეთს ცვლიდნენ ორატორები. ვიღას ახსოვდა ან სტალინი, ან ლენინი. მთელი ქალაქი ეროვნულმა მოძრაობამ მოიცვა: "ძირს რუსეთის იმპერია..." "გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს"... ისმოდა რეპროდუქტორში. ხალხი ოვაციით ხვდებოდა ამ მოწოდებებს.
მაგრამ არ ეძინა ეშმაკს. ერთ-ერთი ორატორი მიკროფონთან მივიდა და "ამაღელვებელი" სიტყვებით მომიტინგეებს მოუწოდა კავშირგაბმულობის ხელში ჩაგდება, რათა მსოფლიოსათვის ემცნოთ, რომ ქართველ ერს არ სურდა საბჭოთა სახელმწიფოს შემადგენლობაში ყოფნა, რომ საქართველო ძალით იყო დამონებული რუსეთის იმპერიის მიერ... და აღგზნებული ხალხიც კავშირგაბმულობის შენობისკენ დაიძრა. უკვე კარგად შებინდებული იყო, სანაპირზე ქოშინით მოირბინა რამდენიმე ახალგაზრდამ. ისინი ტრიბუნაზე აიჭრენ: "ძმებო! კავშირგაბმულობისაკენ! სალდათები იარაღით გადაგვეღობნენ და გვესროლეს, რამდენიმე კაცი დახოცილი და დაჭრილია."
აღელდა, აბობოქრდა მასა! ვნებათაღელვა არც კი დამცხრალიყო, ავტომატის სროლის შორეული ხმა გაისმა. ხალხი ჯერ გაინაბა, ყველას ეგონა, რომ ყურთასმენამ უღალატა. ხოლო როდესაც ორიოდე წამის შემდეგ ამჯერად უკვე რამდენიმე ავტომატის კაკანმა მკაფიოდ მოაღწია სანაპირომდე, მომიტინგეებს ახოვანი აღნაგობის მამაკაცი გამოეყო, ელვის სიწრაფით შეხტა პედესტალზე და მიკროფონში მთელი ხმით ჩასძახა: "აბა, ქართველებო! წავიდეთ ჩვენი ძმების დასაცავად!"
ვინ ქვას წაავლო ხელი, ვინ ხეს ჩამოატეხა ტოტი. ვინ ბაღის გრძელ სკამებს აგლეჯდა ფიცრებს და ასე, ამგვარად "შეიარაღებულნი" გავემართეთ კავშირგაბმულობის შენობისაკენ - ზოგი ჯორჯიაშვილის ქუჩით, ზოგი ალექსანდროვის ბაღის ავლით, ზოგი მუხრანის ხიდიდან პუშკინის ქუჩის აყოლებით. ავლაბრიდან მომავალ ცისფერ 9 ნომერ ტრამვაის წინ გადავუდექით. თავზარდაცემული ვატმანი და მგზავრები სწრაფად გადმოცვივდნენ ვაგონებიდან. ერთ-ერთი ახალგაზრდა საჭეს მიუჯდა და ტრამვაი მთელი სისწრაფით დაიძრა პუშკინის ქუჩისკენ. აქედან ფეხით ავირბინეთ ლენინის მოედანზე. როდესაც რუსთაველის პროსპექტზე გავედით და საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს მივუახლოვდით, ისევ გაისმა ავტომატების ჯერი. ზოგი შენობის კუთხეს აეკრა, ზოგიც მუზეუმის კარს ამოვეფარეთ... სროლა შეწყდა, ვიღაცამ დაიძახა: "ნუ გეშინიათ, "პუსტოის" ისვრიან."
გათამამებულებმა, პროსპექტის მოპირდაპირე მხარეს გადავირბინეთ. სროლა არ ისმოდა. უფრო გავთამამდით. "პუსტოი" ტყვიების ვერსია დავიჯერეთ: ჩიტაძის ქუჩიდან მუქი ფერის მსუბუქი ავტომანქანა ჩამოდიოდა. ერთი ჯგუფი მანქანას წინ გადაუდგა. მძღოლი გულგახეთქილი გადმოხტა კაბინიდან. მანქანა გვერდულად ავაყუდეთ... წამიც და ისევ ახმაურდა ავტომატები. ვინ ბარიკადად აყირავებულ მანქანას შეაფარა თავი, ვინ კიდევ - პიონერთა სასახლის წინ გამწკრივებულ ჭადრებს. სროლა ორ წუთამდე გაგრძელდა. ხეს ამოფარებული მე და ჩემი მეგობარი ბაღის სკამიდან აგლეჯილი ჯოხით ხელში ვცდილობდით, თვალი შეგვევლო, საიდან და რომელ მხარეს ისროდნენ. მთავრობის სახლის წინ სიცარიელე იყო. არც პროსპექტზე ჩანდა ვინმე. არ ვიცოდით, რა გვექნა, ან რა უნდა გვეღონა ხის "თოფ-იარაღით" აღჭურვილებს.
პროსპექტზე შემზარავი სიჩუმე იყო. ვიღაცამ დაიძახა: "წინ!" და ყველანი კავშირგაბმულობის შენობისკენ გავიქეცით... საკუთარი თვალით პირველად მხოლოდ ახლა დავინახე, თუ როგორ გამოცვივდნენ ჯარისკაცები მთავრობის სახლის თაღებიდან. დაგვიშინეს ცეცხლი... ჩიტაძის ქუჩისკენ გავიქეცი და გაზონებში გავწექი. სულ ახლოს, თავსზევით მკაფიოდ მესმოდა ტყვიების ზუზუნი... ხოხვით გადავსერე ქუჩა. ამჯერად უკვე დავრწმუნდი, რომ სალდათები არც "პუსტოის" ისროდნენ და არც - ჰაერში. თავქუდმოგლეჯილი დავეშვი ქვევით... სანაპირზე, სტალინის ძეგლთან, ისევ გუგუნებდა, მძვინვარებდა ხალხი. ვორონცოვის ხიდზე ჯავშანტრანსპორტიორებისა და სალდათებით სავსე სამხედრო მანქანების რიგი მოდიოდა. ჩემ წინ ვიღაც ჭაბუკი მტკვარში გადახტა. მე ხიდის რიკულებთან ჩავიმუხლე და მანამდე ვიყავი ასე, სანამ სამხედრო ტექნიკამ არ ჩაიარა. ტოლსტოის ქუჩას რომ მივუახლოვდი, კვლავ გამოჩნდნენ "წესრიგის დამცველები" ამჯერად მათ სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო მანქანები მოჰყვებოდნენ კუდში.." - იხსენებს გივი ვეფხვაძე.
როგორც ამბობენ, ძალიან ბევრი დაიხოცა იმ დღეს, ბევრიც დაიჭრა, უმეტესად ახალგაზრდები. არასრული სია იმ ახალგაზრდებისა, რომლებიც დაიღუპნენ 1956 წლის 9 მარტს: თენგიზ შანიძე - 16 წლის, რკინიგზის #1 საშუალო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე; გულიკო სვანი - 19 წლის, სტუდენტი; კიაზო ჭანტურიძე - 16 წლის, მე-9 კლასის მოსწავლე; ალავიძე ვალერი - 15 წლის, მე-8 კლასის მოსწავლე; ჯიმშერ მამალაძე - 19 წლის, მუშა-ახალგაზრდობის სკოლის მე-11 კლასელი, მუშაობდა აბრეშუმის ფაბრიკაში; გოგია რეზო - 16 წლის, მოსწავლე; წერეთელი იუზა - 18 წლის, მე-11 კლასელი; მერკვილიშვილი უშანგი - 18 წლის; ხანგულოვი ლევანი - 16 წლის, მე-8 კლასის მოსწავლე; ნაზი ბენიძე- 30 წლის, თელავიდან; ჩაკვეტაძე ანზორი - 24 წლის; ტუნიევი გურამი - 20 წლის; რევაზიშვილი კლიმენტი - 20 წლის; გობეჯიშვილი ოთარი - 25 წლის; რაულ ლოლუა - 29 წლის; ნოზაძე შენგელი - 20 წლის; თოფურია თემური - 24 წლის; ქოქრაშვილი ამბროსი - 27 წლის; ელიზბარაშვილი შოთა - 26 წლის; მაზავრიშვილი შალვა - 39 წლის; მიხეილ მათიაშვილი - 19 წლის; ბაჯიაშვილი კოტე - დაღუპვის დღეს შეუსრულდა 26 წელი; თეიმურაზ ბურდული - 25 წლის; ბორის ზარგარიანი- 20 წლის; მჭედლიძე ვალერი - 27 წლის...
როგორ იხსენებდა წლების შემდეგ 1956 წლის 9 მარტის მოვლენებს საქართველოს უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ალექსი ინაური:
"ვესწრებოდი მე-20 ყრილობას. თბილისიდან ყოველდღე მომახსენებდნენ არსებულ ვითარებას. თბილისში შექმნილი ვითარება მოვახსენე ყრილობაზე მყოფ მჟავანაძეს, ასევე სსრ კავშირის უშიშროების კომიტეტსაც(როგორც ამბობენ, მჟავანაძე ყრილობას არ ესწრებოდა, მან კარგად იცოდა, რომ ხრუშჩოვს სურდა, სტალინის კრიტიკაში მხარი საქართველოს ხელისუფლებას დაეჭირა, ამიტომ მჟავანაძემ ავადმყოფობა მოიმიზეზა, მოსკოვის ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც საქართველოს დელეგაცია იყო გაჩერებული, მათ შორის მჟავანაძე, მას სპეციალურად გაუვსია აბაზანა ყინულებით და შიგ ჩაწოლილა, რის შედეგადაც გაცივდა. ხრუშჩოვს არ დაუჯერებია მჟავანაძის ავდმყოფობა და კრემლის მთელი მედპერსონალი მასთან გაგზავნა. უკან დაბრუნებულ ექიმებს უთქვამთ, რომ მჟავანაძე მართლაც ავად არის და 39 აქვს სიცხეო. მაშინ უთქვამს ხრუშჩოვს მთელ საქართველოს მუხლებზე დავაჩოქებო. რედ.).
ყრილობის შემდეგ საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიუროს ყველა წევრი მატარებლით გამოემგზავრა. მე კი თვითმფრინავით გამოვფრინდი. თბილისში ჩამოვიდა სკკპ ცენტრალური კომიტეტის ადმინისტრაციული განყოფილების გამგის მოადგილე - გვარი არ მახსოვს. საქართველოს ცეკას ბიუროს წინაშე დავსვი საკითხი, ან ახალგაზრდობას ნება უნდა დავრთოთ, სტალინის ძეგლთან სახალხოდ გამოვიდნენ და თვითონვე უზრუნველყონ საზოგადოებრივი წესრიგის კონტროლი, ან ოფიციალურად ავკრძალოთ ამგვარი აქციები. ის მოსკოველი პასუხისმგებელი მუშაკი წინააღმდეგი წავიდა: - როგორ შეიძლება ნებართვის მიცემა, ეს ხომ მე-20 ყრილობის ხაზს ეწინააღმდეგება, მაგრამ აკრძალვაც არ ივარგებს, ამან შეიძლება გამოიწვიოს...
ლენინის მოედანზე, მაშინ ლენინის ძეგლს აგებდნენ, იქაც იკრიბებოდა ახალგაზრდობა. ასევე სანაპიროზეც, სტალინის ძეგლთან და რუსთაველის პროსპექტზე - კავშირგაბმულობის სახლთან. დრო გადიოდა, ვითარება იძაბებოდა, მაგრამ არავითარ გადაწყვეტილებას არავინ იღებდა. თავდაცვის მინისტრი, მგონია, ჟუკოვი იყო. ჯარის შემოყვანის საკითხი არ მდგარა. არ ვიცი, ვის შეუთანხმდა მჟავანაძე, მაგრამ ამერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდალმა, გენერალმა ფუდუნინსკიმ იკისრა ცენტრალური კომიტეტის, მთავრობის სასახლისა და კავშირგაბმულობის სახლის დაცვა.
ოთხი დღე იმართებოდა მიტინგები, გამოსვლები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი დიდი ხანია აღარ მოქმედებდა. ქუჩებში, პარკებში უამრავ ახალგაზრდას მოეყარა თავი. ვითარება სულ უფრო იძაბებოდა... მაგრამ არავითარი ექსცესი - სროლა ან ხულიგნობა - არ ყოფილა. გამოსვლები მიმართული იყო ხრუშჩოვის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ, ლენინ-სტალინის პარტიის დასაცავად, ასეთი იყო საერთო მიმართულება.
9 მარტს, შუაღამისას, მორიგემ მომახსენა კავშირგაბმულობის სახლთან სროლააო. სანამ იქ მივირბინეთ, სროლა შეწყდა. რა მოხდა? თურმე რომელიღაც თბილისელმა კავშირგაბმულობის სახლის ხელში ჩაგდების ცდისას ჯარისკაცს თვალში მოახვედრა დროშის ტარი. ჯარისკაცმა კი უბრძანებოდ ავტომატი გაისროლა. ატყდა სროლა. ამბობდნენ, აჯანყებულებიც ისროდნენო. მაგრამ ვერ დავადგინეთ. სკკპ ცენტრალური კომიტეტის ამ პასუხისმგებელმა მუშაკმა, მარშალ ჟუკოვის განკარგულებით, თბილისში შემოიყვანა დივიზია. ქუჩებში ჯავშანტრანსპორტიორები გამოჩნდა; სუკ-ი ამ საქმეში არ მონაწილეობდა, არ ვიცი, იქნებ არც გვენდობოდნენ. სამხედროებმა ჩვენთან კავშირი არ დაამყარეს. უბრალოდ, მომახსენეს, რომ ცენტრალური კომიტეტის წარმომადგენელი ჯავშანტრანსპორტიორში იჯდა, კოლონას წინ მოუძღოდაო. სროლამ 25-30 წუთს გასტანა. 23 თუ 35 კაცი მოკლეს. სულ ეს იყო. შემდგომში მოიგონეს ასობით მოკლული იყო, ბევრი მტკვარში გადააგდესო. ტყუილია.
საქართველოს ცენტრალური კომიტეტის ბიუროს ყველა წევრი სკკპ ცენტრალურ კომიტეტში გამოგვიძახეს. ძირითადი მოხსენება გააკეთა იმ ცენტრალური კომიტეტის განყოფილების გამგის მოადგილემ, რომელიც თბილისში ყველაფერს განაგებდა მარტის მოვლენების დროს. მან თქვა, რომ "საქართველოში მოქმედებდნენ იატაკქვეშა ანტისაბჭოთა ორგანიზაციები"; რომ იყო "მენშევიკური განწყობილება". მიქოიანი გამოვიდა: "მე ვიცნობ საქართველოს, მენშევიკური ბუნაგიაო". გამოვიდნენ მოლოტოვი და სხვები. ვხედავ, საქმე ცუდად არის. ყველა მხრიდან მოდის დეზინფორმაცია; ხრუშჩოვს ბარათი გავუგზავნე - გთხოვთ, სიტყვა მომეცით-მეთქი. ამასობაში ექვსი საათი გავიდა, სიტყვა მომცეს. უმალ იერიშზე გადავედი, ასეთი ტაქტიკა ავირჩიე. - არავითარი იატაქვეშა ორგანიზაციები საქართველოში არ ყოფილა და არც ახლაა. რომელ ანტისაბჭოთა ფორმირებაზე შეიძლება მსჯელობა, როცა მომიტინგე მასის ძირითადი ლოზუნგია - "გაუმარჯოს ლენინ- სტალინის პარტიას"?! აქ არის ვინმე, ვინც ამ ლოზუნგის წინააღმდეგია? ხმა არავინ ამოიღო. სეროვს (სსრ კავშირის სუკის თავმჯდომარე. რედ) მივმართე: მე ხომ ნიადაგ მოგახსენებდით, რაც ხდებოდა საქართველოში სტალინის სახელთან დაკავშირებით. რა ვნებები ბობოქრობდა. რა მოვლენები მწიფდებოდა. მითხარით, რა გადაწყვეტილება მიიღეთ ამის გამო? არავითარი! საქმე უბედურებამდე მივიდა. მაშ რაში მდებთ ბრალს, იმაში, რომ ცენტრმა დროზე არაფერი იღონა? შემდეგ ხრუშჩოვმა ილაპარაკა. იგი არ მიყვარდა, მაგრამ უნდა ვაღიარო, მაშინ თქვა - შეცდომა საქართველოში კი არა, ცენტრში დაუშვესო," - ამონარიდი ალექსი ინაურის ინტერვიუდან.
თბილისში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ გენერალ-პოლკოვნიკი ელგუჯა ჯოხაძე კი ამ ამბავს ასე იხსენებს: "თუ ინაურს დავუჯერებთ, თურმე ქართველებს დაუწყიათ, რომელიღაც თბილისელმა კავშირგაბმულობის ხელში ჩაგდების ცდისას ჯარისკაცს თვალში მოახვედრა დროშის ტარი. ჯარისკაცმა კი უბრძანებოდ ავტომატი გაისროლა. ეტყობა, მარშალ ჟუკოვის განკარგულებით თბილისში შემოიყვანა დივიზია, ქუჩებში ჯავშანტრანსპორტიორი გამოჩნდა. სუკი ამ საქმეში არ მონაწილეობდა. არ ვიცი, იქნება არ გვენდობოდნენ. ბრძოლამ 25-30 წუთს გასტანა. 23-25 კაცი მოკლეს. სულ ეს იყო. შემდგომში მოიგონეს, ასობით მოკლული იყოო. ბევრი გვამი მტკვარში გადააგდესო. ტყუილი, ამბობს ინაური".
იმას, ვისაც კრემლი არ ენდობა, 1953 წლიდან 1988 წლამდე სუკ-ის თავმჯდომარედ არ გააჩერებს. ლენინის სამ ორდენს და სსრკ-ს გმირობას არ უბოძებს. გენერად-პოლკოვნიკობას არ აღირსებს. ეს ანბანური ჭეშმარიტებაა. შევარდნაძე ამბობს, რომ ხრუშჩოვს გაუცია ბრძანება, ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები შემოეყვანათ თბილისის ქუჩებში; 150 ახალგაზრდა დაიღუპა დემონსტრანტთა წინააღმდეგ ამ ოპერაციის დროს. რომელს დავუჯეროთ?" - ამბობს ინტერვიუში გენერალ-პოლკოვნიკი ელგუჯა ჯოხაძე.
ამონარიდი ვასილ მჟავანაძის თანაშემწის, გივი მელაძის ინტერვიუდან: "ძნელად გასაგებია და ასახსნელი, თუ რატომ გასწირეს თავი ახალგაზრდებმა სტალინის დასაცავად. მათ სტალინის კრიტიკა აღიქვეს, როგორც ეროვნული შეურაცხყოფა. "დიდი ქართველისა და ქართველი ხალხის გალანძღვად". სპონტანურად გამოვიდნენ ქუჩებში. ისინი მასობრივად მართავდენენ მანიფესტაციებს და მიტინგებს. მოსახლეობის დიდი ნაწილი, მათ შორის მეც, ვფიქრობ, ისინიც კი, ვისაც გულზე არ ეხატებოდა არც სტალინი, არც კომუნისტური პარტია, თანაუგრძნობდა აზალგაზრდებს. ალბათ მიცვალებულის ლანძღვა-გინება ქართველმა კაცმა შეაფასა, როგორც უზნეობა.
ერთი ფაქტი მახსენდება: 1949 წელს, როდესაც მსოფლიოში დიდი ზარზეიმით აღინიშნა სტალინის დაბადებიდან 70 წლისთავი. მე ბელგიაში ვმუშაობდი. საბჭოთა საელჩოს არ ჩაუვლიდა ბელგიელი, რომ არ გაჩერებულიყო. ქუდი არ მოეხადა და თავი არ დაეხარა საბჭოთა დროშის წინ სტალინის პატივსაცემად... და ამას აკეთებდნენ თავისუფლებისმოყვარე ბელგიელები. დემოკრატიისა და უმაღლესი ზნეობის სულისკვეთებით აღზრდილი ადამიანები. ცივილიზებული ქვეყნის შვილები.
9 მარტის წინა დღეებში ყოველდღიურად იმართებოდა ცეკას ბიუროს სხდომები. დღემდე მახსოვს საკავშირო კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პარტიული ორგანოების განყოფილების გამგის მოადგილის, გიორგი შიკინის აგრესიული გამოსვლა. მახსოვს ცეკას მეორე მდივნის მიხეილ გიორგაძის საუბარი ჩემთან, რომელიც შეწუხებული იყო, თითქოს გრძნობდა, რომ ახალგაზრდების გამოსვლები შეიძლება ცუდად დამთავრებულიყო და აუცილებლად თვლიდა მიტინგის მონაწილენი დაეშალათ სახანძრო რაზმების დახმარებით, წყლის ჭავლით.
მდგომარეობა დაიძაბა 7-8 მარტს. ცეკას თანამშრომლების აბსოლუტურ უმრავლესობას, მათ შორის მეც, ცენტრალური კომიტეტის შენობა არ დაგვიტოვებია და როდესაც 9 მარტს (ალბათ 2 საათი იქნებოდა) სროლის ხმა მოგვესმა, პირველი მდივნის კაბინეტში შევვარდი... მაგიდაზე დამხობილ მჟავანაძეს ტელეფონი ეკავა და ბღაოდა: "არ ისროლოთ"..."