ქართული ეკლესიისა და მისი თვალსაჩინო წარმომადგენლების ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ბევრი დაწერილა და მომავალშიც ბევრი დაიწერება, მაგრამ დღევანდელ სტატიაში მკითხველს გვინდა შევთავაზოთ რამდენიმე საინტერესო მასალა საქართველოს ეკლესიის ისტორიიდან.
ისტორიკოსთა თქმით, საქართველოს ეკლესიის მმართველთა ქრონოლოგიური სიის დადგენა ყოველთვის დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. დღეისათვის ქართველ კათალიკოსთა რამდენიმე ნუსხა გაგვაჩნია, მათგან უძველესია "მოქცევაი ქართლისა"-ის ქრონიკებში დაცული სია.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთა შესახებ ცნობები გვხვდება "ქართლის ცხოვრების" თითქმის ყველა თხზულებაში, აგრეთვე შიო მღვიმელის 1172 წლის ხელნაწერებში და ნიკორწმინდის მე-16 საუკუნის ხელნაწერის მეფეთა და კათალიკოსთა მოსახსენიებელში.
საქართველოს კათოლიკოსთა ქრონოლოგიური სიის დადგენა სცადა არაერთმა ქართველმა ისტორიკოსმა. პირველი ასეთი ცდა ეკუთვნის მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწე დავით რექტორს, რომელსაც შემდეგში იყენებდნენ და აზუსტებდნენ პლატონ იოსელიანი, მიხეილ თამარაშვილი და სხვები.
გარკვეული წვლილი ქართველ კათოლიკოსთა ზეობის ქრონოლოგიის დადგენაში მიუძღვით ცნობილ ქართველ მეცნიერებს: ექვთიმე თაყაიშვილს, ივანე ჯავახიშვილს, კორნელი კეკელიძეს და სხვებს.
საქართველოს პატრიარქები
ქართლის ეკლესიის პირველი მამამთავარი იყო მცხეთის ეპისკოპოსი იოანე პირველი. "მოქცევაი ქართლისაის" და ლეონტი მროველის მიხედვით, მას შემდეგ, რაც მეფე მირიანი ქრისტიანობაზე მოექცა და აშენდა პირველი ეკლესია, იმპერატორ კონსტანტინესთან გაემგზავრა ელჩობა, რომელიც ითხოვდა, სამღვდელოება გამოეგზავნა ქართლში.
იმპერატორმა კონსტანტინემ "წარმოაგზავნა მღვდელი ჭეშმარიტი იოანე ეპისკოპოსად, და მის თანა მღვდელნი ორნი, დიაკონნი სამნი". ქართლში ჩამოსული სასულიერო პირები ნათლავდნენ მეფის ოჯახს, ქართლის წარმატებულებს და ხალხს.
მცხეთის საეპისკოპოსოს საყდარი იოანეს შემდეგ ეპყრა იაკობ მღვდელს, დაახლოებით მეოთხე საუკუნის 60-იან წლებში, რომელიც ეპისკოპოს იოანესთან ერთად გამოაგზავნა ქართლში იმპერატორმა კონსტანტინემ და მისი ეპისკოპოსად კურთხევა იოანეს შემდეგ მოხდა წმინდა ნინოს თხოვნით.
ლეონტი მროველის ცნობით, მეოთხე საუკუნის 90-იან წლებში, ქართლის ეკლესიის მამამთავარი იყო ელია, მისი ეპისკოპოსობის დროს აშენდა ბოლნისის სიონი და ნეკრესის ეკლესიები.
ბაგრატ მეოთხის მეფობის ხანაში კათოლიკოსად დაჯდა გაბრიელ მესამე (საფარელი). დავით აღმაშენებლის თანამედროვე იყო კათოლიკოსი ბასილ მესამე, მას სწავლა-განათლება მიღებული ჰქონდა ბიზანტიაში. კარგად იცნობდა ბერძენ მოწამეთა ცხვრებას და საეკლესიო ლიტერატურას.
სავარაუდოდ, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ იგი დამკვიდრდა შიო მღვიმის მონასტერში. მის კალამს ეკუთვნის თხზულება "თხრობაი სასწაულთათვის წმინდისა და ღმერთ შემოსილისა მამისა შიოსი".
ბასილ მესამის შემდეგ საპატრიარქო ტახტი დაიკავა დავით აღმაშენებლის პოლიტიკური კურსის გამტარებელმა იოანე მეექვსემ, რომელიც თავმჯდომარეობდა რუის-ურბნისის საეკლესიო კრებას.
მეთორმეტე საუკუნის 50-იან წლებში, ათონის ქართლის ეკლესიას, რომელიც რთულ ვითარებაში აღმოჩნდა, ყადაღა დაედო მის მიწებს, იზრდებოდა ვალები და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ათონის მონასტერზე ქართველთა უფლებები.
საქართველოში მოღვაწე ნიკოლოზ გულაბერიძე ათონს გაემგზავრა, სადაც მონასტრის წინამძღოლ პავლესთან ერთად იზრუნა მონასტრის რთული მდგომარეობიდან გამოყვანისა და შედგომი აღორძინებისათვის. გამეფების შემდეგ თამარ მეფემ იხმო ნიკოლოზი იმ მიზნით, რომ მეფესთან დაპირისპირებული მიქელ კათოლიკოსის ნაცვლად კათოლიკოსის ტახტი მას დაეჭირა.
ანტონ ქუთათელთან ერთად თამარის მიერ მოწვეული საეკლესიო კრების მუშაობას სწორედ ნიკოლოზი ხელმძღვანელობდა. ამ კრებაზე ვერ მოხდა პატრიარქ მიქაელის გადაყენება, მაგრამ კრებამ შეცვალა რამდენიმე უღირსი ეპისკოპოსი და "განმართა საეკლესიო წესნი", რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ნიკოლოზ პირველს.
საეკლესიო რეფორმა საქართველოში
როგორც ისტორიკოსები ამბობენ, პირველი საეკლესო რეფორმა ჩაატარა ვახტანგ გორგასალმა, რომლის ძალითაც განმტკიცდა სახელმწიფოს შინაგანი სტაბილურობა.
ვახტანგ გორგასლის თაოსნობით, 472 წელს ქართლის კათალიკოსად დადგინდა პეტრე და მთავარეპისკოპოსად სამველი. მანვე დაადგინა თორმეტი საეპისკოპოსო - "აქედან იწყის კათოლიკოსთა მთავრობად" - წერს "მოქცევაი ქართლისა".
ვახტანგ გორგასლის დროიდან ქართლის ეკლესიას გააჩნდა საკუთარი საეკლესიო კრება, რომელიც უფლებამოსილი იყო თავისი შინაგანი საქმეები, ეპისკოპოსთა ხელდასმა-გადაყენება თავადვე განეგო.
დავით აღმაშენებლის მიერ გატარებულ რეფორმებს შორის, რომელიც ეხებოდა, როგორც პოლიტიკურ, ისე თავდაცვით საკითხებს, ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი ეკავა საეკლესიო რეფორმას.
მეფე დავითმა გადაწყვიტა რა საეკლსიო რეფორმის ჩატარება, 1104 წელს მოიწვია დიდი საეკლესიო კრება, რომელიც გაიმართა ქართლში, რუის-ურბნისის მიდამოებში და იგი ცნობილია რუის- ურბნისის კრების სახელით.
კრებას უძღვებოდა დავით აღმაშენებლის უერთგულესი ადამიანი, მისი მეგობარი და აღმზრდელი, გიორგი მწიგნობართუხუცესი. სწორედ მან გაატარა დავითის ინიციატივით ის პრინციპები, რომელსაც ქადაგებდა ბაგრატ მეოთხის დროს ათონის ქართველთა მონასტრის წინამძღოლი გიორგი მთაწმინდელი; თუმცა მათი საეკლესიო ცხოვრებაში გატარება, პოლიტიკური სიტუაციის გამო, ვერ მოხერხდა.
აღმაშენებლის რეფორმის ძირითადი პრინციპი იმაში მდგომარეობდა, რომ დიდი საეკლესიო თანამდებობები - საეპისკოპოსო კათედრები მემკვიდრეობით კი არ უნდა გადასცემოდათ დიდგვაროვნებს, საეკლესიო წრეებში გავრცელებული სიმონიის შედეგად, არამედ კანდიდატურები ღირსების მიხედვთი უნდა ყოფილიყო შერჩეული.
როგორც დავითის მემატიანე გადმოგვცემს, "ეკლესიას დიდი რამე შეჰყროდა, ეკლესიას დაეუფლენ "ქუაბ ავაზაკნი", რომლებიც "მამულობით" დაეპატრონენ ეპისკოპთა თანამდებობებს. წმინდანი ეკლესიანი, სახლი ღმრთისანი ქვაბ ავაზაკთა ბუდედ ქცეულიყო. საეკლესიო თანამდებოები უღმერთოსა და უწესოთა დაიპყრეს.
"ჩვენ ის ადამიანები, ვინც ამ ბიწის შემყრელნი იყვნენ - ეკლესიიდან უცხო ვყანით" რუის-ურბნისის კრება, რამდენიმე ხნის განმავლობაში მწვავე დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა, მაგრამ დავით აღმაშენებლის მომხრებმა გაიმარჯვეს და როგორც მემატიანე გადმოგვცემს: "ყოველი ცდომათა, განმართეს, კეთილი და სათნო ღმრთისა წესი ყოველი დაამტკიცეს, უღირსად გამორჩეულნი განკუეთნეს".
"რუის-ურბნისის ცნობილი საეკლესიო კრება ჩვეულებრივი მორიგი კრება არ იყო, ეს იყო საგანგებო და განსაკუთრებული ყრილობა" - ასე შეაფასა დავით აღმაშენებლის ინიციატივით მოწვეული რუის-ურბნისის კრება ივანე ჯავახიშვილმა.
საქართველოს ეკლესია ავტოკეფალიის დაკარგვისა და მისი აღდგენის შემდეგ
1811 წელს რუსეთის საიმპერატორო კრებამ უკანონოდ გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. მოსპო საპატრიარქო მმართველობა და საქართველოს ეკლესია საეგზარხოსოს უფლებით დაუქვემდებარა რუსეთის ეკლესიის სინოდს.
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდეგენისათვის ბრძოლა მე-20 საუკუნის დამდეგს დაიწყო. ამ ბრძოლას სათავეში ედგენ ეპისკოპოსები კირიონი (გიორგი საძაგლიშვილი) ეპისკოპოსი ლეონიდე (ლონგინოზ ოქროპირიძე), არქმიმანდრიტი ამბროსი (ხელაია), დეკანოზი კალისტარტე (ცინცაძე).
ქართული სამღვდელოების გვერდით იდგნენ: საქართველოს ეროვნულ განმანთავსუფლებელი მოძრაობის მესვეურები, რომლებმაც დაიწყეს ზრუნვა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისთვის.
ქართული საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლებმა, ილია ჭავჭავავძის თაოსნობით, მეფისნაცვალ ვორონცოვ-დაშკოვს ოფიციალურად მოსთხოვეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხის განხილვა.
ქართული სამღვდელოების და მოწინავე საზოგადოების ერთსულოვნებამ აღაშფოთა საქართველოს ეგზარქოსი ალექსი. იგი ყოველ ღონეს ხმარობდა ძალისმიერი მეთოდებით ხელი შეეშალა ამ პროცესისათვის, ამის გამო რუსეთის ხელისუფლება იძულებული გახდა ეგზარქოსი საქართველოდან გაეწვია.
ახალი ეგზარქოსის, ნიკონის დანიშვნას კი ქართველი სამღვდელოება პროტესტით შეხვდა. მდგომარეობა იმდენად დაიძაბა, რომ რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ მეორე იძულებული გახდა 1906 წელს პეტერბურგში ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხების განსახილველად დაენიშნა სინოდის კრება, სადაც მომხსენებლები იყვნენ ქართული ეკლესიის თვალსაჩინო წარმომადგენლები კირიონი და ლეონიდე.
ამ სხდომაზე რუსული სამღვდელობისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა გლებოვსკიმ, ვოსტოროგოევმა, ბუტკევიჩმა და სხვებმა უარყვეს ქართული სამღვდელოების სამართლიანი მოთხოვნები.
1917 წლის სექტემბერში, საქართველოს ეკლესიამ 106 წლის იძულებითი შუალედის შემდეგ დაიბრუნა ავტოკეფალია. პირველი საკლესიო კრება შედგა თბილისში 1917 წლის სექემბერში, სადაც დაადგინეს მართვა-გამგეობის დებულება. დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნები.
კენჭს იყრიდა ორი კანდიდატი: მიტროპოლიტი ლეონიდე და ეპისკოპოსი კირიონი. კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს ეპისკოპოსი კირიონი. მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში განსაკუთრებული ზეიმით მოხდა კირიონ მეორის აღსაყდრება.
მეორე საკელესიო კრება გაიმართა თბისლისში 1920 წელს. განიხილეს ეკლესიის სახელმწიფოსაგან გამოყოფისა და ეკლესიის ბიუჯეტის საკითხი. კრებამ მიტროპოლიტი ლეონიდე სრულდიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად არიჩია.
მესამე საეკლესიო კრება შედგა გელათში. 1921 წლის სექტემბერში, რომელზედაც სრულიად საქართველოს პატრიარქად აირჩიეს ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ამბროსი (ხელაია). რომელიც შემდგომ ბოლშევიკი აქტივისტების სამიზნე გახდა.
სწორედ მის პერიოდში ბოლშევიკები უმოწყალოდ ძარცვავდნენ ეკლესია- მონასტრებს. განადგურდა უძვირფასესი ხატები და საღვთო წიგნები.
ამ ბარბაროსობით აღშფოთებულმა პატრიარქმა ამბროსიმ წერილით მიმართა გენუის კონფერენციას 1922 წელს, სადაც ამხილა ბოლშევიკების უზნეობა და ტერორი ქართული ეკლესიის მიმართ. ბოლშევიკებმა ეს არ აპატიეს საქართველოს ეკლესიის მეთაურს და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ამბროსი ხელაიას შემდეგ საპატრიარქო ტახტი დაიკავა ცხუმ - აფხაზეთის მიტროპოლიტმა ქრისტეფორემ (ციცქიშვილმა), ეს მოხდა 1924 წლის ივნისში მეოთხე საეკლესიო კრებაზე. იმ დროს ქართული ეკლესიის საკითხი ყოფნა-არყოფნის ზღვარზე იყო, მაგრამ ქართველ მღვდელმთავართა დიდი ძალისხმევით რამდენიმე ეპარქია შენარჩუნებული იქნა, მათ შორის ალავერდის, ბოდბის, ნინოწმინდის, ქუთაისი-გელათის, ცხუმ-აფხაზეთის, წილკნის, ჭყონდიდის და მცხეთა-თბილისის.
მეექვსე საეკლესიო კრებაზე, რომელიც შედგა თბილისში 1932 წელს, კათოლიკოს-პატრიაქად არჩებული იქნა კალისტრატე ცინცაძე, რომელიც გარდაიცვლა 1952 წელს, მის შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქად არჩეული იქნა მელქისედეკ მესამე. 1960 წელს საქართველოს პატრიარქად არჩეული იქნა ეფრემ მეორე. მისი გარდაცვლების შემდეგ, 1972 წლის ივლისში გამართულ საეკლესიო კრებაზე, რომელსაც ესწრებოდა 58 დელეგატი, პატრიარქად არჩეული იქნა ურბნელი მიტროპოლიტი დავით მეხუთე.
1977 წლის 23 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქად არჩეული იქნა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია შიოლაშვილი. კრებას ესწრებოდა 47 დელეგატი. ასევე უცხოეთის ეკლესიის წარმომადგენლები: სრულიად რუსეთის პატრიარქი პიმენი, ბულგარეთის ეკლესიიდან არქიმანდრიტი ნაუმი. ალექსანდრიიდან არქიმანდრიტი გრიგორიუსი.
1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრება.
ფოტო: მეფე დავითმა გადაწყვიტა რა საეკლესიო რეფორმის ჩატარება, 1104 წელს მოიწვია დიდი საეკლესიო კრება, რომელიც გაიმართა ქართლში, რუის-ურბნისის მიდამოებში და იგი ცნობილია რუის-ურბნისის კრების სახელით
ფოტო: პირველი საეკლესო რეფორმა ჩაატარა ვახტანგ გორგასალმა, რომლის ძალითაც განმტკიცდა სახელმწიფოს შინაგანი სტაბილურობა