რატომ ანგრევდა ტყვეთა სყიდვა უნიკალურ ქართულ სოციალურ მოდელს
მამუკა ნაცვალაძე
11.03.2017

 ღირსება ყველა დროისა და ფორმაციის საქართველოს ისტორიის მთავარი ქვაკუთხედი გახლავთ. ქვეყნის ღირსებისთვის იბრძვის მეფე, ფეოდალი, თავად-აზნაურობა, ღირსებას იცავს გლეხი, ღირსება ეროვნულ ცნობიერებაში უპირველესი პოსტულატია, რომელსაც გამორჩეულად უფრთხილდებიან და რომლის შებღალვასაც არავის პატიობენ.

საკუთარი ღირსების დაცვა ქვეყნის ღირსების დაცვის ტოლფასად ქცეულა და ამიტომაც არის, რომ ქართველი მტერსაც ღირსეულად ხვდება და ისიც ზოგჯერ ღირსებით პასუხობს ჩვენს წინაპარს.

რატომ იყო ტყვეთა სყიდვის აკრძალვა ქვეყნის ფიზიკური გადარჩენის ერთადერთი საშუალება

მეთვრამეტე საუკუნის 50-იანი წლები სწორედ ღირსებისათვის ბრძოლის ბატალიებით შემორჩა ჟამთასვლას. ეს დრო განსაკუთრებულად რთული აღმოჩნდა დასავლეთ საქართველოსთვის. ოსმალთა იმპერიას უკავია ყველა მნიშვნელოვანი ციხე-სიმაგრე, ყველა ქალაქი. ჩამკვდარია სულიერი ცხოვრება, ქვეყანა ფაქტობრივად ოტომანთა კარნახითა და ინტერესებით იმართება. რაც მთავარია, მკვიდრდება ქართული რეალობისთვის უჩვეულო მოვლენა, ტყვეთა სყიდვა.

ოსმალეთი ორმაგად მოგებულია - ერთი მხრივ, ხარკი ხვავრიელად შესდის, მეორეც, ამ პოლიტიკით ფაქტობრივად შინაგანად არღვევს გარემოს, რომელსაც საკუთარ ტერიტორიად მოიაზრებს.

ტყვეთა სყიდვით ფაქტობრივად მთლიანად ირღვეოდა ის სოციალური სისტემა ყველა დროის საქართველოს რეალური ყოფა რომ ეფუძნებოდა და რომელიც ბატონისა და გლეხის ინტერესთა ერთიანობას გულისხმობდა.

აყველაზე სამწუხარო და საცნაური გახლდათ ის, რომ ტყვეთა სყიდვა არ იყო ოსმალთათვის ორმაგი მოგება, ამით ხეირობდნენ ქართველი ფეოდალები. რაც მანამდე უპრეცედენტო მასშტაბურ სოციალურ დაპირისპირებას ამწიფებდა. ამგვარი მძიმე სოციალური ფონი ევროპისა და აზიის ქვეყნებისთვის ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ, ქართული სამყაროსათვის კი - უპრეცედენტო.

მასშტაბური სოციალური ბუნტი ქართულ სულიერ სივრცეში დიდ კატაკლიზმებს ამზადებდა. ოსმალთა მიერ დასავლეთ საქართველოს რეალურ დაპყრობასა და ქვეყნის გადაგვარებამდე ერთი ნაბიჯი რჩებოდა. სამწუხარო რეალობა კი ის გახლდათ, რომ ფეოდალთა დიდ უმრავლესობას ეს სრულიადაც არ ანაღვლებს.

რატომ დაუპირისპირდა სოლომონ პირველს აფხაზ-იმერთა კათალიკოსი ბესარიონი

1752 წელს სოლომონ პირველის ტახტზე ასვლამ ერთიანად აურია დავთრები არა მარტო ოსმალებს, არამედ ქართველ ფეოდალებს. სოლომონი სულ სხვა პოლიტიკას მისდევს, აზნაურ მესხის ოჯახში გაზრდილი კარგად ხედავს ქვეყნის ჭირ-ვარამის სათავეს და ამიტომაც არ ეგუება ქართულ სოციალურ რეალობაში დამკვიდრებულ ახალ მოვლენას, ტყვეთა სყიდვას, თავის რჩენისა და უზრუნველი ცხოვრების ერთადერთ საშუალებად რომ ქცეულა ფეოდალთათვის.

ფაქტია, დასავლეთ საქართველოს ფეოდალები კარგად მოერგნენ უმძიმეს რეალობას. ოსმალეთთან ომსა და წინააღმდეგობას მათ მტერთან შეგუება არჩიეს და ხარკის საფასურს ტყვეთა სყიდვით მიღებული შემოსავლიდან ისტუმრებენ, ამიტომაც არ აწყობთ სოლომონის პოლიტიკა ქვეყნის გაჯანსაღების საქმისათვის ტყვეთა სყიდვის აკრძალვას რომ ითვალისწინებს.

ძალა ერთობაშიაო, ნათქვამია და ერთად შეიკრნენ დასავლეთ საქართველოს ფეოდალები 17 წლის სოლომონის წინააღმდეგ, აქ ყველას თავისი ინტერესი აქვს, ზოგს ტახტის ხელში ჩაგდება სურს, ზოგს გავლენის სფეროს გაფართოება, ყველანი ერთად კი იმ მანკიერ სოციალურ სისტემას იცავეს, მასშტაბურ ტრაგედიამდე რომ მიჰყავს სრულიად საქართველო.

სოლომონის წინააღმდეგ იბრძვიან მამამისის, ალექსანდრე მეხუთის უმცროსი ძმები მამუკა და გიორგი ბატონიშვილები, სოლომონის ღვიძლი ბაბუა არგვეთის თავადი ლევან აბაშიძე, სოლომონის დედა თამარ აბაშიძე, რომელიც მამამისის გავლენის ქვეშაა მოქცეული.

ამ დაპირისპირებისას გამორჩენას ელიან გურიის მთავარი მამია გურიელი, რაჭის ერისთავი როსტომი, ასევე, აფხაზ-იმერთა კათოლიკოსი ბესარიონი, რომელიც დასავლეთ საქართველოს უმაღლესი სასულიერო პირია.

კათალიკოსმა ბესარიონმა, რაჭის ერისთავის, როსტომის ძმამ, ვერ დასძლია ვიწრო ფეოდალური ინტერესები და აქტიურად ჩაერთო სოლომონის წინააღმდეგ გამართულ კამპანიაში.

რატომ დაეხმარა ოსმალეთი სოლომონს ტახტის დაბრუნებაში

ამ გავეშებული ბრბოს წინააღმდეგ უძლურია სოლომონი, ის ტახტიდან რამდენიმე თვეში ჩამოაგდეს, ფიზიკური არსებობა რომ შეინარჩუნოს, სამცხე-ჯავახეთს აფარებს თავს, ახალციხის ფაშის კარზე თბილად იღებენ იმერეთის მეფეს. ფაშა ოსმალეთის იმპერიის ნების აღმსრულებელია და, ბუნებრივია, აქ სურთ იმერეთის სამეფოში განვითარებული მოვლენები თავიანთ სასარგებლოდ შემოატრიალონ.

მიუხედავად იმისა, რომ სოლომონი ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგია და ეს კარგად იციან ოტომანებმა, მაინც ცდილობენ, სათავისოდ გამოიყენონ სოლომონი. ისინი თვლიან, რომ თუკი დაეხმარებიან სოლომონს ტახტის დაბრუნებაში, მათგან დავალებული იმერეთის მეფე ოსმალური პოლიტიკის ყურმოჭრილი აღმსრულებელი იქნება.

ოსმალთა ჯარის მეშვეობით სოლომონმა დაიბრუნა სამეფო ტახტი, იმერეთიდან გააძევა ბიძა მამუკა ბატონიშვილი და დედამისი თამარი. გარდა ამისა, ბაბუას, ლევან აბაშიძეს წაართვა სამკვიდრო მამული კაცხი, გადააყენა მამია გურიელი და გურიის მთავრის ტიტული მის ძმას, გიორგის უბოძა. გარდა ამისა, მის წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებაში მხილებული რამდენიმე პირი დააპატიმრა, თუმცა ეს სადამსჯელო ღონისძიებები სრულიადაც არ არის ადეკვატური ბაბუამისის, ლევან აბაშიძის მიმართ, რაც შეეხება რაჭის ერისთავ როსტომს, ის ჯერაც დაუსჯელია.

რატომ გაეყარა სოლომონი აფხაზთა მთავრის, შერვაშიძის ასულს

როგორც ჩანს, ოსმალეთს დაპირისპირებულ მხარეთა ბალანსის შენარჩუნება სურს, ამიტომაც ერთიანად არ აძლევს საშუალებას სოლომონს აშკარა უპირატესობა მოიპოვოს მოწინააღმდეგეებზე. ამას კარგად გრძნობს სოლომონიც, რომელიც იწყებს გამოსავალის პოვნაზე ფიქრს. ერთადერთი შანსი გაძლიერებისა პოლიტიკური ქორწინებაა - ამ პერიოდში საკმაოდ დიდი გავლენა აქვს სამეფოში სამეგრელოს მთავარს, ოტია დადიანს, ამიტომაც გადაწყვიტა სოლომონმა ცოლად შეერთო მისი ასული მარიამი, სწორედ ამ პოლიტიკურ სვლას შეეწირა სოლომონის პირველი ქორწინება აფხაზთა მთავრის, შერვაშიძის ასულ თინათინთან. ეს პირველი ნაბიჯია მოძლიერებისაკენ, მეორე ნაბიჯი კი საიმედო დასაყრდენის შექმნაზე ზრუნვა და ამ მიზნით "ფიცის კაცების ერთობის" ჩამოყალიბებაა. თუმცა ისიც აშკარაა, მანამდე ეკლესიას უნდა მიხედოს.

რა მოუტანა სოლომონს საეკლესიო რეფორმამ

თურქების პარპაშის გამო ეკლესია დაუძლურებულია. საეკლესიო მამულების დიდი ნაწილი საერო ფეოდალებმა მიიტაცეს, შესაბამისად, გაუქმდა არაერთი მონასტერი და საეპისკოპოსო კათედრა. თურქები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ძველი მონასტრების შეკეთებას, ახლის აგება ხომ ფანტაზიის სფეროა.

ამ მძიმე ვითარებიდან გამოსავალი ერთია - სოლომონმა ეკლესიას თავისი წინაპრების მიერ წართმეული მამულები უნდა დაუბრუნოს. ამ პოლიტიკის შედეგად ისევ ჩნდებიან იმერეთში საეკლესიო გლეხები, რომელთაც ყოველგვარი გადასახადისგან ათავისუფლებს მეფე. მათი ერთადერთი მოვალეობაა ლაშქრობაში მონაწილეობა.

სწორედ ეკლესიის მოძლიერება იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, "ფიცის კაცთა" ინსტიტუტის შექმნა იოლი რომ აღმოჩნდა.

ფიცის კაცთა დაუწერელი კონსტიტუცია

ამ რეფორმებმა უდიდესი პოპულარობა მოუტანა სოლომონს, ამას ემატებოდა პაპამისის, ლევან აბაშიძისა და როსტომ ერისთავის მიერ შევიწროებული გლეხობის სიმრავლე, ისინი სოლომონთან გამორბოდნენ, როგორც ერთადერთ იმედთან. გარდა გლეხებისა, აქ იყვნენ აზნაურებიც და ზოგიერთი თავადიც.

ასე ჩამოყალიბდა ტრადიცია - ყოველ 15 მაისს ლეკერწაზე იკრიბებოდნენ სამღვდელოებასთან ერთად და წმინდა ხატების წინაშე მეფის ერთგულების ფიცს დებდნენ. მინდორზე დიდი სუფრა იშლებოდა, კარგი ამინდის შემთხვევაში ლხინი ორ კვირას გრძელდებოდა.

ფიცის კაცებს, რომელთა რიცხვი ათასს აღწევდა, თავიანთი დაუწერელი კონსტიტუცია ჰქონდათ. ისინი ომში ერთად შედიოდნენ, მთავარი სწორედ ერთობა იყო. ბრძოლის ველზეც თავიანთი წესებით მოქმედებდნენ - დაჭრილს უვლიდნენ და არც დაღუპულთა ცხედრებს ტოვებდნენ.

სწორედ, "ფიცის კაცებს" ეყრდნობოდა სოლომონი თავისი მეფობის მანძილზე როგორც ურჩი ფეოდალების, ასევე ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლისას.

როგორ შეიქმნა ახალი კოალიცია სოლომონ პირველის წინააღმდეგ

სოლომონის პოლიტიკამ ოსმალთა იმპერიაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, ისინი კატეგორიულად სთხოვდნენ სოლომონს, არ შეეზღუდა ტყვეთა სყიდვა. სტამბულის ბაზარზე ქართველი ტყვეები ფაქტობრივად აღარ იყვნენ, და თუ ვინმეს მოიხელთებდნენ და გაიტაცებდნენ, მისი ფასი არნახულად დიდი იყო.

ახლა უკვე აშკარაა ოსმალთათვის, რომ სოლომონ პირველმა მასზე გაცემული დივიდენდები არ გაამართლა, არ გამოდგა იმერეთის მეფე მათთვის იოლად სამართავი მარიონეტი.

სოლომონის პოლიტიკური სტრატეგია და კურსი შეუვალი იყო, ამიტომაც გადაწყდა ახალი კოალიციის შექმნა მის წინააღმდეგ, ამ კოალიციას საბოლოოდ უნდა დაესამარებინა ქართული ეროვნული ინტერესები.

"ტყვეთა სყიდვით" მიღებული შემოსავალის დაკარგვის გამო დასავლეთ საქართველოს ფეოდალებმა იოლად გამონახეს საერთო ენა ოსმალებთან. სოლომონის წინააღმდეგ დიდი გამოსვლა მზადდება და რაოდენ საცნაურია, რომ ამ საქმეში მთავარი მებაირახტრე ისევ ლევან აბაშიძეა, სოლომონის ღვიძლი ბაბუა, რომელიც საგანგებო მისიით ჩადის ახალციხეში, საიდანაც იქ შეკრებილ ოსმალთა ჯარს მოუძღვება იმერეთში შვილიშვილის ხელახლა დასამხობად.

და იწყება კიდევ ერთი უშეღავათო ბრძოლა, ბრძოლა ღირსებისათვის...

როგორ ცდილობდა სოლომონი შეენარჩუნებინა როსტომ ერისთავისთვის ღირსება

სოლომონი გრძნობს, ასე იოლად არ დათმობს ოსმალეთი თავის პოზიციებს, ყველაფერს ეცდება იმისთვის, რომ მიზანს მიაღწიოს და აქ იმერეთის მეფე, თავისი უახლოესი მეგობრის, პაპუნა წერეთლის რჩევით, გადაწყვეტს, ეახლოს როსტომ ერისთავს ბარაკონში. კიდევ აქვს სოლომონს ილუზია იმისა, რომ როსტომი ღირსეული კაცია, რომ მასში სინდისი და ეროვნული განცდა გაიღვიძებს, ამიტომაც სთავაზობს თურქების წინააღმდეგ ერთობლივ გამოსვლას.

უხერხულობა იგრძნო მეფის სტუმრობისას როსტომმა, ოთხი ათასი კაცის გამოყვანას დაჰპირდა მეფეს, მაგრამ ეს მხოლოდ ფარსია და მეტი არაფერი. ერისთავს დრო გაჰყავს, ოსმალოს უნდა აცნობოს მეფის განზრახვა.

ამბავი სოლომონის ცრემლისა

1757 წლის დეკემბერში ხრესილის ბრძოლა დიდი გამოცდა აღმოჩნდა სოლომონისთვის, ის პირდაპირ ვერ დაუპირისპირდებოდა ოსმალთა ჯარს, რომელიც იმერეთის მეფის არმიას ოთხჯერ აღემატებოდა.

საგულისხმოა, რომ ამ ეტაპზე სოლომონის გვერდით იბრძვიან სამეგრელოსა და გურიის მთავრები, ოსმალთა მხარეს კი მისი ბაბუა ლევან აბაშიძე და რაჭის ერისთავი როსტომ დადიანი არიან. ბრძოლა ქართველთა გამარჯვებით დასრულდა.

ხრესილში დაიღუპა ლევან აბაშიძე, სოლომონის ბაბუა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი შეგნებული ცხოვრება სოლომონს უპირისპირდებოდა ლევანი, დედამისის მამა, იმერეთის მეფემ სძლია თავის თავს, ღირსება დააყენა ყველაზე მაღლა და ბრძანა, მოეძებნათ გარდაცვლილი ბაბუის ცხედარი.

საკმაოდ ემოციური იყო იქ მყოფთათვის ის, რაც სოლომონმა მოიმოქმედა - გულწრფელად დაიტირა საკუთარი წინაპარი და სათანადო პატივითა და ღირსებით დაკრძალა.

ეს იყო 22 წლის სოლომონ პირველის კიდევ ერთი ღირსეული, მეფური საქციელი - მან მიუტევა გარდაცვლილ ბაბუას მტრობა, მიუტევა გულწრფელად... საცნაური კი ის გახლავთ, რომ ის, რაც ვერ შეძლო ვერც ხმალმა და ვერც სიტყვამ, ერთმა უბრალო ცრემლმა მოახერხა...

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×