საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებები, თუ ვის საკუთრებაში უნდა დარჩეს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გარკვეული ტერიტორია, გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოდან მიმდინარეობს. გასულ წელს აზერბაიჯანის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორ სახელმწიფოს შორის საზღვრის დელიმიტაციის დასრულებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს და როგორც ცნობილია, 2017 წელს სავარაუდოდ უნდა დასრულდეს საქართველო-აზარბაიჯანის საზღვრის დემილიტაციის საკითხი.
როგორ დასრულდება ეს პროცესი, მომავლის საქმეა, თუმცა როგორც ამ რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანელმა სამხედრო ექსპერტმა უზიერ ჯაფაროვმა განაცხადა, აზერბაიჯანისთვის ეს ზონა სტრატეგიული მნიშვნელობისაა და იურიდიულად აზერბაიჯანს მასზე უფრო მეტი უფლება აქვს, ვიდრე საქართველოს.
იგივე აზრს გამოთქვამს პოლიტიკური ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელი მურაბაზ აჰმედოღლუ, რომელიც აცხადებს, რომ საუბარია სტრატეგიული მნიშვნელობის ზონაზე და ისტორიულ მემკვიდრეობაზე.
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებულ საკითხებზე დიდი ხანია მსჯელობენ ქართველი მეცნიერებიც, რომელთა აზრითაც, დავით გარეჯის მთელი სამონასტრო კომპლექსი დღიდან დაარსებისა (მე-6 საუკუნე), ყოველთვის ეკუთვნოდა და ეკუთვნის საქართველოს, როგორც სარწმუნოებრივ-ისტორიული, ისე ტერიტორიული თვალსაზრისით.
ვიდრე ორი ქვეყნის მთავრობები და მეცნიერები ერთიან პოზიციაზე შეჯერდებიან, მანამდე გვინდა მკითხველს გავაცნოთ სასაზღვრო დავასთან დაკავშირებული რამდენიმე საარქივო მასალა, კერძოდ, ბოლშევიკების დროინდელი ის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც გაივლო ადმინისტრაციული საზღვარი ორ რესპულიკას შორის.
1917 წლის 15 ნოემბერს შეიქმნა ადგილობრივი დროებითი ხელისუფლება - ამიერკავკასიის კომისარიატი, 1918 წლის 10 იანვარს, აზერბაიჯანის ბოლშევიკური ხელისუფლების მიერ წაქეზებული აზერბაიჯანებლი მწყემსები, რომლებიც ცხვარს იმ დროს საქართველოს მფლობელობაში მყოფ ყარაიის ველზე აძოვებდნენ, ყაჩაღურად თავს დაესხნენ და ააოხრეს წმ. დავითის ლავრა და უდაბნოს მონასტერი.
"იანვრის ათს დავით გარეჯის უდაბნოს დაეცა თათრების შეირაღებული რაზმი. რაზმს თან ახლდნენ უიარაღონიც. მთლად გაძარცვეს უდაბნო, გახრწნეს, ბერები დალახეს. ყარაულს იარაღი აჰყარეს და უწყალოდ სცემეს. დაამტვრიეს და მილეწ-მოლეწეს კანდელები, ტრაპეზები, ხატები.
"მოგეხსენებათ დავით გარეჯის უდაბნო შესანიშნავი ისტორიული ნაშთია, აღსავსე ფასდაუდებელი ისტორიული მნიშვნელობის საღმრთო ნივთებითა. ასეთი დღე ამ უდაბნოს შაჰ აბასის დროსაც არ დასდგომია. გაძარცვა არ აკმარეს, შენობებს ცეცხლის წაუკიდეს. სიმდიდრე რომ წაიღეს, შეურაცყვეს და წაბილწეს ისტორიული სიწმინდეები და ძეგლნი, გააფუჭეს გამოკვეთილში მხატვრობა, თითქოს განგებ შემოსევია ვინმე და დაუვალებია, ყოველივე ნიშან-წყალი გაექროთ ძველის ქართული კულტურისა.
"ეს ადგილები ჩვენია - გვიყვიროდნენ. მთავრობამ ჩვენ მოგვაკუთვნა, როგორც გვსურს, ისე მოვიხმაროთ, გვნებავს - დავანგრევთ, გვნებავს - დავწვამთო. მე მგონი ქართველი ერი მოვალეა ხმა აღმაღლოს და მოსთხოვოს თათართა საეროვნო საბჭოს, ალაგმონ თავისი ხალხი, ნუ იწვევენ უსიამოვნების ჟინსა", - ასე იხსენებდა დავით გარეჯის უდაბნოს წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი გერმოგენი 1918 წელს მომხდარ ამ ამბავს.
ამიერკავკასიის კომისარიატს დავით გარეჯში მომხდარ ვანდალიზმზე არანაირი რეაქცია არ მოუხდენია. დამნაშავეები არ დაუსჯიათ.
1918 წლის 26 მაისს დაიშალა ამერკავკასიის დამოუკიდებელი ფედერაციის რესპულიკა და მასში შემავალმა სამმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
1918 წლის 4 ივნისს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ გაავრცელა საპროტესტო განცხადება აზერბაიჯანისა და სომხეთის მიერ თურქეთში წარმოებული მოლაპარაკებების გამო, რომლებიც აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს შორის არსებული საზღვრების კორექციასა და დადგენას ეხებოდა. საქართველოს მთავრობის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ სადავო საკითხები უნდა დასმულიყო თურქეთის ჩარევის გარეშე.
1918 წლის 14 ივნისს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაჯინსკიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს წერილით მიმართა, სადაც ტერიტორიული პრეტენზიები იყო წაყენებული. 17 ივნისს ნოე რამიშვილის ხელმოწერით გაიგზავნა საპასუხო წერილი, სადაც ეწერა, რომ ბორჩალოს მაზრა ყოველთვის წარმოადგენდა საქართველოს ტერიტორიას და არასდროს გამხდარა კამათისა და ეჭვის საგანი. რამიშვილი იმედს გამოთქვამდა, რომ აზერბაიჯანის რესპულიკის მთავრობა მომავლში არასდროს წამოაყენებდა ტერიტორიულ პრეტენზიებს.
როგორც ისტორიკოსები ამბობენ, დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ საინგილო, კახი, ბელექანი და ზაქათალა იყო საქართველოს ტერიტორია. 1921 წლის კონსტიტუციაში ჩაწერილი იყო, რომ ზაქათალა შემოდის საქართველოს შემადგენლობაში. იმასაც ამბობენ, რომ არსებობდა 1920 წელს გამოცემული ოფიციალური რუკა, რომელიც ახლა უკვე დაკარგულია, სადაც მითითებული იყო საქართველოს სახელმწიფო საზღვრები, ხოლო დავით გარეჯის ტერიტორია მთლიანად საქართველოს შემადგენლობაში იყო.
ამით საქმე არ დამთავრებულა. ტერიტორიულ დავასთან დაკავშირებული პროცესი "წითლების" მოსვლის შემდეგაც გაგრძელდა. ბოლშევიკური რუსეთის ჯარების მიერ საქართველოს ოკუპაციიდან ორი თვის შემდეგ, 1921 წლის 2 მაისს ამიერკავკასიის რესპულიკათა ტერიტორიული საკითხების მოგვარების მიზნით, რკპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის დადგენილებით, შეიქმნა სპეციალური კომისია სერგეი კიროვის თავმჯდომარეობით. ეს ის კიროვია, რომელიც ჟორდანიას მთავრობის თბილისში რუსეთის ელჩი იყო და საქართველოს დამოუკიდებლობას ძირს უთხრიდა; ამ თავმჯდომარეობის დროს კი აზერბაიჯანის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი იყო.
1921 წლის 26 ივნისს თბილისში გაიმართა სხდომა, როლმელზეც იხილებოდა ზაქათალის ოლქისა და ყარაიის ველის სადავო საკითხები. საქართველოს მხრიდან კომისიაში შედიოდნენ სახალხო კომისრები სვანიძე და თორდია, აზერბაიჯანის მხრიდან გაჯინსკი, რასულ-ზადე და სხვები. კომისიის წევრების გარდა სხდომას ესწრებოდნენ სერგო ორჯონიკიძე, მამია ორახელაშვილი, შალვა ელიავა.
ამ სხდომას მოჰყვა ასევე თბილისში 5 ივლისს გამართული კონფერენცია, რომელზეც მიღებული იქნა დადგენილება: "პოლიტიკური საზღვრები აზერბაიჯანის სსრ და საქართველოს სსრ-ს შორის უცვლელი რჩება". 1921 წლის 15 ნოემბერს ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოს სსრ-სა და აზერბაიჯანის სსრ-ს ადმინისტრაციული საზღვრის გატარების შესახებ.
როგორც ისტორიკოსები ამბობენ, 1924 წელს თავისუფლებისადმი სწრაფვის გამო საქართველო მკაცრად დაისაჯა. ამერკავკასიის ცაკ-თან არსებული ამიერკავკასიის სოციალისტურ-ფედერაციულ რესპულიკაში შემავალ რესპულიკებს შორის არსებული მიწის, ტყის და წყლით სარგებლობის სადავო საკითხთა მომგვარებელი კომისიის სხდომაზე, 1924 წლის 20 ნოემბრის დადგენილებით, აზერბაიჯანის იურიდიულ მფლობელობაში გადავიდა საკმაოდ ვრცელი ტერიტორია, რომელზეც აღმოჩნდა ბერთუბანისა და უდაბნოს მონასტრები მთლიანად. აგრეთვე ჩიჩხიტურის მონასტრის ის ნაწილი, რომელიც უდაბნოს ქედის სამხრეთ ფერდობზე მდებარეობს.
ასე გადაწყვიტა პარტიული შეხედულებით საბჭოთა ხელისუფლებამ ქართული ტერიტორიების ბედი.