დედაქალაქის უამრავ უბანში წყლის მიწოდების პრობლემაა. მოსახლეობა წუხს, რომ წყალი შეზღუდვით მიეწოდება და ამას დასასრული არ უჩანს. ამის გამო თვეში რამდენიმე დღე უწყლოდ უწევთ ყოფნა. უმეტეს შემთხვევაში ხარვეზი წყლის მილების დაზიანებაა.
არის შემთხვევები, როცა ახლად გამოცვლილი მილები პირველივე კოკისპირული წვიმის დროს ზიანდება და მოსახლეობისთვის პრობლემა თავიდან იწყება.
ბოლო დროს "რეზონანსის" რედაქციაში უკმაყოფილო თბილისელები აქტიურად მოგვმართავენ და საუბრობენ პრობლემაზე, რაც დედაქალაქის მოსახლეობის დიდ ნაწილს აწუხებს. მათ შორის არიან ჩვენი თანამშრომლებიც. პრობლემის სიმწვავე ჩანს სოციალურ ქსელებშიც, რომელთა მომხმარებლები კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მიმართ უკმაყოფილებას საკმაოდ ემოციურად, ზოგი კი აგრესიულადაც გამოხატავენ.
კონკრეტული შემთხვევები, რომლებზეც ვწერთ, სხვადასხვა უბანში არსებულ მდგომარეობას ასახავს.
ამ მხრივ ყველაზე მეტ დისკომფორტს, როგორც აღმოჩნდა, გლდანი-ნაძალადევში მცხოვრებლები განიცდიან. მართალია, ცნობილია მიმდინარე სამუშაოებზეც, რომელსაც კომპანია ამ ტერიტორიაზე აწარმოებს, თუმცა, ადგილობრივების თქმით, პრობლემა წყალმომარაგების მხრივ მათ მუდმივად აქვთ.
ნაძალადევში, იმერეთის ქუჩის მცხოვრები ნელი მგალობლიშვილი ამბობს, რომ ხშირია შემთხვევა, როცა ოჯახს კვირაში 2 დღე უწყლოდ ყოფნა უწევს.
"იმერეთის ქუჩაზე ვცხოვრობ. პარალელურ ქუჩაზე ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რის გამოც წყალი შეფერხებით მოგვეწოდება. ამ შემთხვევაში კომპანიის გვესმის, ვცდილობთ, დისკომფორტი ავიტანოთ, მაგრამ პრობლემა ჩვენ მუდმივად გვაქვს. ეს არის დაუსრულებელი პროცესი. გვეუბნებიან, რომ წყლის მიწოდება აღდგება იმავე დღის, ვთქვათ, 7 საათზე, მაგრამ რეალურად წყლის ჩართვას მეორე დღის 7 საათამდე ვერ ახერხებენ. კომპანიის მხრიდან მიზეზი არ ილევა, რაც ხალხს ნაკლებად აინტერესებს. მე ვიხდი გადასახადს და ნორმალურ მომსახურებას ვიმსახურებ. მთელი ზამთარი დაძაბული ვიყავი, რა იქნება, როცა ზაფხული მოახლოვდება?" - ამბობს უკმაყოფილო მომხმარებელი.
ანალოგიური პრობლემა აქვთ ვარკეთილშიც. ვარკეთილი ოთხი, მესამე მიკროში მცხოვრები ირინა გამყრელიძე ამბობს, რომ თვეში მინიმუმ 3 დღე წყლის გარეშეა.
"პრობლემა თითქმის ყველა შემთხვევაში წყლის მილების დაზიანების გამო გვაქვს. რა დროც უნდა იყოს, ვხედავ, რომ სულ საქმეში არიან, რაღაცას აკეთებენ, მაგრამ რამდენიმე დღეში უკვე ჩატარებულ სამუშაოს ხელახლა უბრუნდებიან. ფაქტია, რომ ხარისხის პრობლემაა, სხვა მხრივ, რატომ უნდა ფუჭდებოდეს გამოცვლილი მილი, მილიონობით ლარი იხარჯება ისე, რომ მოსახლეობას ელემენტარული პრობლემაც ვერ მოუგვარეს", - ამბობს ირინა გამყრელიძე.
სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში მცხოვრები მარიკა გოლეთიანი აღნიშნავს, რომ თებერვალში ორჯერ იყო შემთხვევა, როცა 3 დღით შეწყდა წყლის მიწოდება.
"წინა თვეში უწყლობის პიკი გვქონდა, მთელი თვის განმავლობაში ორჯერ შეგვიწყდა წყალი, თანაც, ორივე შემთხვევაში, 3 დღით. ხშირად ხდება ხოლმე, რომ წინასწარი გაფრთხილების გარეშე წყვეტენ წყალს, ამ დროს შეიძლება ადამიანი აბაზანას იღებდეს და სერიოზული დისკომფორტი გამოიწვიოს. მესმის, რომ არსებობს ტექნიკური ხარვეზი, მაგრამ როცა გადასახადს იხდი, პრობლემა ამდენ ხანს მოუგვარებელი არ უნდა დარჩეს", - ამბობს უკმაყოფილო დიასახლისი.
გლდანი-ნაძალადევში, ილორის ქუჩაზე მცხოვრებ ლიკა გარდავას უკვირს, თუ რატომ წყდება წყალი მაინცდამაინც უქმ დღეებში, რაც მობინადრეებში სერიოზულ უსიამოვნებას იწვევს.
"ვმუშაობ, რის გამოც შაბათ-კვირის გარდა, სხვა დღეებში სახლში არ მიწევს ყოფნა. ჩემი მცდელობა, რომ ეს დღეები მაინც გამოვიყენო და მივხედო სახლსაც და საკუთარ თავსაც, ხშირად არ გამომდის. გუშინ გამონაკლისი შემთხვევა იყო, რომ წყალი არ შეწყვეტილა. კარგი იქნება, თუ სამუშაოებს უქმ დღეებში არ დაგეგმავენ. ძალიან მიკვირს, რა გახდა ეს მილები ისეთი, რომ ვერ მოაწესრიგეს. როდემდე შეიძლება ამ პრობლემის არსებობა ქალაქში", - ამბობს უკმაყოფილო მომხმარებელი.
ანალოგიური პრობლემით მოგვმართა თემქაზე, ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებმა ნათია წირღვავამ, რომლის თქმითაც, ადგილობრივებს წყალი ხშირად შეფერხებით მიეწოდება, რის მიზეზიც, მისი ვარაუდით, წყლის მილების დაზიანებაა.
მოსახლეობის პრეტენზიებთან დაკავშირებით "ბიზნეს-რეზონანსი" "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს" დაუკავშირდა. როგორც კომპანიაში განმარტეს, წყალმომარაგების შეზღუდვა რამდენიმე მიზეზით არის გამოწვეული და უკავშირდება წყალმომარაგების ქსელის გეგმურ რეაბილიტაციას, ასევე ტექნიკურ სამუშაოებს, კერძოდ, სხვადასხვა ტიპის ინფრასტუქტურული ელემენტების მონტაჟს, როგორიცაა: ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, წნევის რეგულატორები, ვანტუზები და ა.შ. წყალმომარაგების წყვეტა შესაძლებელია ასევე გამოწვეული იყოს ქსელზე ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოების წარმოების აუცილებლობით.
რაც შეეხება ჩვენ მიერ მიწოდებულ მისამართებს, კომპანიის წარმომადგენელთა განმარტებით, ნაძალადევის რაიონში, იმერეთისა და ილორის ქუჩებზე წყალმომარაგების შეზღუდვა გამოიწვია დიდი ჯიხაიშის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებმა, რომელიც ეტაპობრივად მიმდინარეობს და 20 მარტს დასრულდება. რეაბილიტაციის ფარგლებში, გლდანის მიკრორაიონების წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, კომპანიამ 4 ახალი ევროსტანდარტის წყლის წნევის რეგულატორი დაამონტაჟა.
"სამუშაოების მიმდინარეობისას გლდანის მე-8 მიკრორაიონის მე-12 კორპუსში რამდენიმე საათის განმავლობაში იყო წყალმომარაგება შეზღუდული. კომპანიამ ასევე, სანზონაში, ახალი რეგულატორები და ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დაამონტაჟა, რის გამოც წყალმომარაგება რამდენიმე საათით ველისციხის ქუჩაზე შეიზღუდა. ამ მომენტისთვის სამგორის რაიონში, ჭიჭინაძის ქუჩაზე წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, კომპანია მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს - წყალსადენის ქსელის 5 კმ-მდე სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით იცვლება და 76 ახალი, ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მონტაჟდება, რაც ჭიჭინაძის და გუმათჰესის ქუჩებზე პერიოდულად წყალმომარაგების შეზღუდვას იწვევს.
რაც შეეხება თემქის მესამე მიკრორაიონის მეხუთე კვარტალს და ვარკეთილი 3-ის მე-4 მიკრორაიონს, კომპანიამ წყალმომარაგების ქსელზე გადაუდებელი ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოები აწარმოა, რის გამოც რამდენიმე საათის განმავლობაში იყო წყალმომარაგება შეზღუდული", - განაცახდეს კომპანიაში.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" განცხადებით, სარეაბილიტაციო და ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოების წარმოება მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლის გარეშე შეუძლებელია. შესაბამისად, სამუშაოების შესახებ აბონენტების ინფორმირებას კომპანია "ესემეს" შეტყობინებით და მედიასაშუალებებით ახდენს.