საიდუმლო ზარი კრემლიდან თბილისში - რისთვის რეკავდა საბჭოთა კავშირის პრეზიდენტი
ია აბულაშვილი
22.03.2017

 31 მარტს ზვიად გამსახურდიას 78 წელი შეუსრულდება. რა გზა განვლო ზვიად გამსახურდიამ ეროვნული მოძრაობიდან პრეზიდენტობამდე, ამის შესახებ ბევრი დაწერილა და მომავალშიც ბევრი დაიწერება, მაგრამ დღევანდელ სტატიაში გვინდა მკითხველს შევთავაზოთ რამდენიმე ეპიზოდი მისი პოლიტიკური ცხოვრების სურათის აღსადგენად.

ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური ცხოვრება დაიწყო 1956 წელს, როდესაც მან და მისმა მეგობრებმა საბჭოთა კავშირის მიერ უნგრეთში სისხლიანი ინტერვენციის დაგმობის პროკლამაცია გამოაქვეყნეს თბილისის ქუჩებში, რაც იმ დროს უპრეცედენტო აქცია იყო მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით. ამის გამო სკოლის მოსწავლეები ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა დააპატიმრეს.

ანტისაბჭოური პროკლამაცია

"ქართველებო!

ხომ არ დაგავიწყდათ 9 მარტის სისხლიანი ღამე? ხომ არ დაგავიწყდათ სისხლიანი 1924 და 1937 წლები? როდემდის უნდა გვქონდეს ქედი მოხრილი მტარვალი კომუნისტების მახვილქვეშ? ჩვენს წინაპრებს სისხლი არავისთვის შეურჩენიათ და არც ჩვენ უნდა შევირცხვინოთ თავი.

დღეს, როდესაც მთელი შეგნებული კაცობრიობა აღშფოთებულია მოსკოვის საშინელი ბოროტმოქმედებით, დროა, შევუერთდეთ ერთი დროშის ქვეშ ჩვენი სამშობლოს დამპყრობლების წინააღმდეგ საბრძოლველად. ბრძოლით უნდა მივაღწიოთ თავისუფლებას. ძირს მოღალატე ქართველი კომუნისტები! გაუმარჯოს თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს!" - ასეთი იყო ამ პროკლამაციის შინაარსი, რომელიც თბილისის ქუჩებში იმ დღეებში გამოჩნდა.

1976 წელს ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თაოსნობით თბილისში დაფუძნდა "საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი", რომელიც იატაკქვეშა თვითგამოცემებს გამოსცემდა: ჟურნალი "საქართველოს მოამბე", "ოქროს საწმისი" და სხვა. გამსახურდიას ინიციატივით თბილისში პირველად, თვითგამოცემის სახით, გამოიცა რუსი დისიდენტის, მწერალ ალექსანდრე სოლჟენიცინის "გულაგის არქიპელაგი".

1977 წლის აპრილში საქართველოს უშიშროების კომიტეტმა ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა დისიდენტური საქმიანობისთვის დააპატიმრა. საქმე აღიძრა საქართველოს სსრ სამოქალაქო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ანტისაბჭოთა აგიტაცია-პროპაგანდას ითვალისწინებდა.

ზვიადი და მერაბი ჯერ მოსკოვში სუკ-ის ციხეში გადაიყვანეს. შემდეგ ზვიად გამსახურდია მოსკოვის ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს - საბჭოეთის ყველაზე რესპრესიულ დაწესებულებაში.

საქმის წარმოება თითქმის ერთი წელი გაგრძელდა და 1978 წლის მაისში ჩატარებულ სასამართლო პროცესზე გამოტანილი იქნა განაჩენი - 3 წლით პატიმრობა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში და 2 წლით გადასახლება.

1979 წლის ივნისში ზვიად გამსახურდია გადაასახლეს ყიზლარის რაიონის სოფელ კოჩუბეიში, მერაბ კოსტავა კი სასჯელს იხდიდა პერმის ოლქში.

დაპატიმრებიდან მაშინვე ქართულ პრესაში გაჩნდა მათ წინააღმდეგ მიმართული პასკვილები, სადაც ისინი "მოღალატეებად" და "იმპერიალისტებად" შერაცხეს. მსგავსი პასკვილი უნდა დაბეჭდილიყო გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტის" აპრილის ნომერში, მაგრამ სტამბის მუშებმა, რომლებიც თანაუგრძნობდნენ ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას, ეს მასალა არ დაბეჭდეს და მეორე დღეს სტატიისთვის განკუთვნილი გვერდი თეთრი გამოვიდა.

1977 წლის 1-ელ აპრილს მწერალთა კავშირიდან გარიცხეს ზვიად გამსახურდია. "მწერალთა სახლში შედგა საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომა, რომელმაც განიხილა საკითხი "მწერალთა კავშირის წევრ ზვიად გამსახურდიას საბჭოთა მწერლობისათვის შეუფერებელი საქმიანობის შესახებ".

მწერლებმა ერთსულოვნად დაგმეს გამსახურდიას საბჭოთა მწერლისა და მოქალაქის სახელთან შეუფერებელი საქციელი. პრეზიდიუმმა ერთხმად გარიცხა ის სსრკ-ის მწერალთა კავშირის რიგებიდან" - ამ განცხადებას აქვეყნებდა გაზეთი "კომუნისტი".

1977 წლის 5 აპრილს კი შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტში ჩატარდა სამეცნიერო საბჭოს გაფართოებული სხდომა, რომელმაც ასევე განიხილა "ინსტიტუტის თანამშრომლის ზვიად გამსახურდიას საბჭოთა მეცნიერებისათვის შეუფერებელი საქმიანობა".

ეროვნული მოძრაობა

80-იანი წლების ბოლოს ასპარეზზე გამოდიან ეროვნული ძალები. იქმნება არაფორმალური ორგანიზაციები, რომელთა ინიციატივითაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმართებოდა აქციები და მიტინგები. 1987-1990 წლებში ქვეყანაში გამართული თითქმის ყველა მშვიდობიანი მასობრივი აქციები იმართებოდა ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ორგანიზებით.

1988 წლის ნოემბრიდან ეროვნული ძალების მიერ გამართული მიტინგები პერმანენტულ ხასიათს იღებს. ამ პერიოდში პოლიტიკურ ამინდს ქმნიან ისეთი პოლიტიკური პარტიები და ორგანიზაციები, როგორებიც იყო: "ჰელსინკის კავშირი", "ილია ჭავჭავაძის საზოგადოება", "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია", "რესპულიკელები" და სხვები. ძირითადად ეს ძალები წარმოადგენდნენ საქართველოში ეროვნულ მოძრაობას.

დასასრული

1988 წლის 12 ნოემბერს თბილისში იპოდრომზე მასშტაბური საპროტესტო მანიფესტაცია გაიმართა. მიტინგზე სიტყვით გამოვიდა ზვიად გამსახურდია. 1988 წლის 12 ნოემბრის მიტინგზე პირველად გამოჩნდა პოლიტიკური მოთხოვნები, მათ შორის მთავარი - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.

"ფიცარნაგ-ტრიბუნაზე დგანან ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ირაკლი წერეთელი, ირაკლი ბათიაშვილი, თამრიკო ჩხეიძე და სხვები. ორ საათზე დაიწყო მიტინგი, ეს გახლდათ პირველი ყველაზე მასშტაბური მიტინგი თბილისში.

"ზვიადმა სიტყვა რომ დაამთავრა, ქაქუცა ჩოლოყაშვილის სურათი აღმართა ორივე ხელით და დაიძახა "აი, ვისი გზით უნდა ვიაროთ, მეგობრებო!" ტაშმა და ოვაციამ იქაურობა გააყრუა. გულში გამიელვა, ამ ხალხის დაოკება და მოთმინების ბუდეებში შერეკვა უკვე არავითარ ძალას აღარ შეეძლო, "საქართველომ გაიღვიძა"!

იპოდრომის მიტინგი ნოემბრის ბოლო კვირას მთავრობის სახლის წინ გრანდიოზული შიმშილობით გვირგვინდება. ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა გამსახურდიას თაოსნობით ხელში აიღეს სახალხო მოძრაობის მართვა.

პროცესი სტიქიურად არ მიმდინარეობდა, მაგრამ ყოველდღე სასიკვდილო ყუმბარებს უშენდნენ კომუნისტურ რეჟიმს" - ასე იხსენებს შოთა რუსათველის პრემიის ლაურეატი მწერალი რევაზ მიშველაძე 1988 წლის ნოემბრის მოვლენებს.

1989 წლის აპრილის მოვლენები

საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით 4 აპრილს დაწყებული საპროტესტო აქცია საბჭოთა არმიის ნაწილებმა 9 აპრილს დილის 4 საათზე მთავრობის სახლის წინ არანახული სისასტიკით დაარბიეს. როგორც შემდეგ გაირკვა, გამოყენებული იყო ქიმიური იარაღიც, ექიმები დაზარალებულებს ვერ ეხმარებოდნენ, რადგან არ იცოდნენ ამ ქიმიური იარაღის შემადგენლობა. სამხედროებმა კი, რა თქმა უნდა, ეს საიდუმლო არ გაამხილეს.

7-8 აპრილს თბილისში გადმოიყვანეს მილიციისა და შინაგანი ჯარების ქვედანაყოფები, მათ შორის - ძერჟინსკის სახელობის დივიზიის პოლკი. ღამით დედაქალაქაში შემოვიდა ამერკავკასიის სამხედრო ოლქის დისლოცირებული საავიაციო პოლკი. ლენინაკანიდან ჩამოვიდა გენერალ-პოლკოვნიკი როდიონოვი სსრკ-ის თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან კოჩეტოვთან ერთად.

8 აპრილს როდიონოვმა საქართველოს მაშინდელ მთავრობას მოახსენა, რომ დაინიშნა მიტინგის აღმკვეთი ოპერაციის ხელმძღვანელად, სსრ კავშირის თავდაცვის მინისტრ იაზოვის ბრძანებით.

მიტინგის დარბევის შემდეგ, იმავე დღეს კრემლში გაიგზავნა დეპეშა, სადაც ნათქვამი იყო: "მდგომარეობა უკიდურესად გამწვავდა და უკონტროლო გახდა. გაუთვალისწინებელი შედეგების თავიდან აცილების მიზნით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, დღის 4 საათზე ძალის გამოყენებით მთავრობის სახლის წინ არსებული მოედნის მომიტინგეებისაგან გასათავისუფლებლად. წარმოქმნილი ჭყლეტის შედეგად დაიღპა 16 ადამიანი, 13 ახალგაზრდა ქალი და სამი მამაკაცი".

საგამოძიებო კომისიის დასკვნაში კი ეწერა, რომ მიტინგი მშვიდობიანი იყო, არ ყოფილა ძალადობა და ეს იყო ხალხის საერთო ეროვნული მისწრაფების გამოხატულება".

9 აპრილის დილას დააპატიმრეს ზვიად გამსახურდია და ეროვნული მოძრაობის სხვა ლიდერები.

9 აპრილის შემდეგ საქართველოში ბევრი რა მოხდა. დასრულდა კომუნისტური რეჟიმი. ჩატარდა პირველი დემოკრატიული და მრავალპარტიული არჩევნები. 1991 წელის მარტში უზენაესმა საბჭომ გამსახურდია საქართველოს რესპულიკის პრეზიდენტად აირჩია, იმავე წლის 26 მაისს კი საპრეზიდენტო არჩევნებზე გაიმარჯვა ზვიად გამსახურდიამ.

31 მარტის რეფერენდუმი

31 მარტს საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმზე - ხართ თუ არა თანახმა, რომ აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე? - ამ კითხვას საქართველოს მოსახლეობის 98%-მა დადებითად უპასუხა.

რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე კი საქართველოს რესპულიკის უზენაესმა საბჭომ 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

"სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 9 აპრილის წამებული სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერის. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!" - ასე მიმართა ხალხს ზვიად გამსახურდიამ.

რეფერენდუმის შედეგები გამოქვეყნდა 1991 წლის აპრილში, რომელიც მიღებული იყო საქართველოს მთელი ტერიტორიიდან, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ჩათვლით. 31 მარტის რეფერენდუმის ერთ-ერთი უმთავრესი პოლიტიკური ღირსება იყო ის, რომ იგი გაიმართა საქართველოს რესპულიკის იურისდიქციის ქვეშ მყოფ მთელ ტერიტორიაზე.

საერთაშორისო საზოგადოებამ კი საქართველო სწორედ ამ რეფერენდუმის შედეგებითა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდეგნის აქტის საფუძველზე აღიარა.

31 მარტის რეფერენდუმის შედეგები იმავე დღეს ლეგიტიმურად ცნო აშშ-ის კონრესმა. 1991 წლის აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობა დე იურედ ცნეს: რუმინეთმა, უკრაინამ, თურქეთმა, ყაზახეთმა, მონღოლეთმა, ლიტვამ, კანადამ, მოლდოვამ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა.

რეფერენდუმის ჩატარების დღეს საქართველოში ვიზიტად იმყოფებოდა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი. მას თავის თვალით უნახავს, თუ რა ხდებოდა საარჩევნო უბნებზე. კმაყოფილება გამოუთქვამს, რომ პროცესი დემოკრატიულად მიმდინარეობდა.

"უფლება რომ მქონდეს, სიამოვნებით მივცემდი ხმას საქართველოს დამოუკიდებლობას" - უთქვამს რიჩარდ ნიქსონს ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე.

როგორც "რეზონანსთან" ისტორიულ მეცნიერებთა დოქტორმა ედიშერ გვენეტაძემ განაცხადა, საქართველოს დამოუკიდებლობას ეწინააღმდეგებოდა ჯერ კიდევ დე ფაქტო და დე იურედ არსებული საბჭოთა კავშირი.

"პირადად გორბაჩოვმა დაურეკა ზვიად გამსახურდიას და უთხრა, რომ თუ ის არ შეწყვეტდა ქვეყნის დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვას, მას პრობლემები შეექმნებოდა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში, რაც ასეც მოხდა.

"ყველაფერი კი დაიწყო იმით, რომ საქართველოს შესთავაზეს, ხელი მოეწერა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შესვლაზე, რაზეც გამსახურდიამ და ტაშკენტში მის მიერ გაგზავნილმა დელეგაციამ უარი განაცხადა. ეს მოხდა 1992 წლის 21 დეკემბერს.

"ამ შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ნემო ბურჭულაძე იგონებდა, რომ ჩვენ ელცინმა მოგვცა დაფიქრებისთვის ვადა 22 დეკემბრის დილის 8 საათამდე და მართლაც 22 დეკემბერს დილის 8 საათზე რუსთაველზე პირველი ტყვია გავარდა", - ამბობს ედიშერ გვენეტაძე.

თბილისის ომი

"ამ ომის დაწყებაში უდიდესი როლი მიუძღვის გამსახურდიას ე.წ. თანამებრძოლებს, მათ შორის - თავდაცვის ყოფილ მინისტრ თენგიზ კიტოვანსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრ თენგიზ სიგუას. 1992 წლის 22 დეკემბრის წინა საღამოს ოპოზიციამ სასახლესთან განალაგა ტანკები და მოითხოვა, გამსახურდია გადამდგარიყო. მთავრობის სასახლესთან დაიწყო სროლა. თბილისის ზღვიდან ჩამოვიდა ეროვნული გვარდიის ნაწილები კიტოვანის მეთაურობით" - იხსენებს თბილისის ომის დაწყების დღეს ისტორიკოსი ედიშერ გვენეტაძე.

მისი თქმით, კიტოვანი განაწყენებული იყო გამსახურდიაზე. აგვისტოში ე.წ. მოსკოვის პუტჩის დროს გამსახურდიამ ეროვნული გვარდია დაუქვემდებარა შინაგან საქმეთა სამინისტროს. გვარდია თვლიდა, რომ მისთვის შეურაცხმყოფელი იყო მილიციის რიგებში ყოფნა და განუდგა გამსახურდიას.

გამსახურდიამ კიტოვანი გვარდიის მეთაურის თანამდებობიდან გადააყენა. ამ დროს ჯაბა იოსელიანი და მხედრიონის ნაწილი დაპატიმრებული იყო, რომლებიც ოპოზიციის ხელშეწყობით გამოუშვეს ციხიდან.

"პარალელურად იმართებოდა მიტინგები და მატულობდა საპროტესტო ტალღა. 22 დეკემბერიდან 27 დეკემბრამდე მიმდინარეობდა პოზიციური ბრძოლები. ოპოზიციის შტაბი განლაგებული იყო სასტუმრო "თბილისში".

1992 წლის 3 იანვარს შეიქმნა ე.წ. სამხედრო საბჭო, რომელშიც შედიოდნენ თენგიზ კიტოვანი, თენგიზ სიგუა და ჯაბა იოსელიანი. მათ ულტიმატუმი წაუყენეს საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას, რომელიც ამ დროს სრულ იზოლაციაში იყო და გრძნობდა, რომ გარეშე ძალების დახმარებით უტევდა ოპოზიცია. ამაში მათ მხაში ედგა და დახმარებას უწევდა მოსკოვში მოღვაწე ედურად შევარდნაძე.

თანაც ვრცელდებოდა ხმები, რომ ოპოზიცია აპირებდა, ვერტმფრენებიდან გადმოეყარათ საწვავით სავსე ავზები და ცოცხლად დაეწვათ უზენაეს საბჭოს შენობაში მყოფი ადამიანები. იმასაც ამბობდნენ, რომ ოპოზიცია გეგმავდა, დიდი ოდენობით შემოეტანა ტროტილი და მიწისქვეშა გვირაბების მეშვეობით მთლიანად აეფეთქებინა უზენაესი საბჭოს შენობა.

6 იანვარს ზვიად გამსახურდიამ დატოვა უზენაესი საბჭოს შენობა. მას უნდოდა დასავლეთ საქართველოში გამგზავრება, რის პირობაც მისცა ოპოზიციამ, მაგრამ შემდეგ არ შეასრულა. უფრო მეტიც, მის კოლონას ცეცხლი გაუხსნა.

გამსახურდია იძულებული იყო, ჯერ სომხეთში ჩასულიყო, ხოლო შემდეგ თვითმფრინავით გროზნოში გაფრინდა ოჯახსა და მთავრობის წევრებთან ერთად. თბილისის ომის დაწყების მიზეზი იყო ის, რომ საქართველო ეურჩებოდა კრემლის პოლიტიკას. გამსახურდიას აუჯანყეს თავისივე თანამებრძოლები, რის შედეგადაც იხეირეს მხოლოდ ქვეყნის მოშურნე ძალებმა" - ასე იხსენებს ედიშერ გვენეტაძე ამ პერიოდს.

1993 წლის ოქტომბერში ზვიად გამსახურდია საქართველოში დაბრუნდა. ზუგდიდში მან "დევნილი მთავრობა" აღადგინა. ამას მოჰყვა დასალეთ საქართველოში სამოქალაქო ომი. იმავე წლის 31 დეკემბერს ზვიად გამსახურდია გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიზეზი დღესაც უცნობია.

"დიდი ადამიანები გამორჩეულნი არიან იმით, რომ მათი პირადი ცხოვრებისეული ტრაგედია იქცევა ხოლმე ეპოქის ტრაგედიად. მათ პიროვნებებში ხშირად ირეკლება იმ დროის ყველა სიდიადე და სიმტკიცე, რომელშიც ისინი ცხოვრობენ" - წერდა ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ მწერალი ადამ ლაზი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×