ქართული ჟურნალისტიკის 200-წლიანი ისტორია იმდენად საინტერესო დეტალებითაა სავსე, რომ ერთ სტატიაში მათი თავმოყრა ნამდვილად გაგვიჭირდება, ამიტომ დღევანდელ სტატიაში მკითხველს შევთავაზებთ რამდენიმე ეპიზოდს ქართული საგაზეთო რეკლამის ისტორიიდან.
როგორც ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, რეკლამა არც მე-19 საუკუნის და არც მე-20 საუკუნის მონაპოვარი არ არის. ერთ-ერთი პირველი სარეკლამო მასალა, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, ეგვიპტური პაპირუსია და მასში მონის გაყიდვის შესახებ იუწყებიან. ძველ საბერძნეთსა და რომში მეორე და მესამე საუკუნეებში სავაჭრო განცხადებებს ხის დაფებზე, სპილენძის ფირფიტებსა და ძვლებზე წერდნენ და თვალსაჩინო ადგილებზე აკრავდნენ.
1474 წელს ინგლისში გამოჩნდა პირველი ბეჭდური სარეკლამო განცხადება, ხოლო მე-15 საუკუნის მიჯნაზე და მე-16 საუკუნის დასაწყისში ვენეციელმა წიგნის გამყიდველმა მანუციმ მომხმარებლის მიზიდვის მიზნით დაიწყო წიგნების სათაურების ბეჭდვა და თავფურცლების გამოფენა თავისი მაღაზიის ვიტრინებში. ამავე პერიოდში რომში გამოდიოდა ხელნაწერი გაზეთი "ყოველდღიური შემთხვევები", რომელშიც განთავსებული იყო სარეკლამო განცხადებები. მე-17 საუკუნიდან კი ევროპის წამყვან ქვეყნებში ინგლისსა და საფრანგეთში იწყება მასოვრივად გაზეთების გამოცემა და ბეჭდვითი რეკლამის განვითარება.
საქართველოში პირველი საგაზეთო რეკლამა მე-19 საუკუნეში გამოჩნდა, როგორც კი ქართულმა ბეჭდურმა პრესამ არსებობა დაიწყო. როგორც ამ დარგის სპეციალისტები ამბობენ, რეკლამა ორ კატეგორიად იყოფოდა, პირველი განცხადებების ფორმას არ სცილდებოდა, ხოლო მეორე სახის რეკლამაში მოთხრობილი იყო პროდუქციის დანიშნულება.
1861 წელს თბილისში გამოდიოდა სასოფლო-სამეურნეო გაზეთი "გუთნის დედა", რომელშიც პირველი ქართული რეკლამა განთავსდა. გაზეთის გარეკანზე დაიბეჭდა რეკლამა - "დღეში ცხრა თუნგის მომწველი ფლამანდრიული ძროხა", რომელიც იტყობინებოდა თუ რომელი ქვეყნიდან ჩამოყვანილი ძროხა რამდენ ლიტრს იწველიდა. რეკლამა უკეთდებოდა ყველაფერს, უცხოურ ფეხსაცმელს, საკერავ და სათიბ მანქანებს, აბანოებს (ძმები ჟორჟოლაძეების აბანო), მაღაზიებს. იმ დროს თბილისში ძალიან პოპულარული იყო ლაღიძის სარეკლამო აბრები, რომლებიც მისსავე მაღაზიაში იყო გამოკრული "თუ გინდა იყო ლამაზი ქალი, უნდა დალიო ლაღიძის წყალი".
ცნობილი სარეკლამო განცხადებები, რომლებიც მე-19 საუკუნის ქართულ ჟურნალ-გაზეთებში იყო განთავსებული:
გაზეთი "დროება"- 1884 წელი. # 6, 2 იანვარი, სამშაბათი
"ინგლისის მაღაზიებში
თმის ამომყვანი, ამაგრებს თმას და ადრინდელ ფერს აძლევს. ფასი: ერთი შუშისა - 2 მანეთი. გაგზავნით -ი2 მანეთი და 28 კაპ.
მაკ-მასტერი: აქვე იყიდება ქ-ნის პომადა, თმის გასამყარებლად. ფასი - 1 მანეთი. სჩოტკები თავის ტკივილის მოსასპობად."
გაზეთი "დროება" - 1884 წელი
"განცხადებანი
საპონი - გლიცერინის, ნუშის, ვარდის, კორბოლოკისა, ლატოშისა, ბრინჯისა და სხვა ბევრი ინგლისის მაღაზიაში. იქვე ოდეკოლონი და ტუალეტის კუთვნილებანი. 25%-ით უფრო იაფად, ვიდრე სხვაგან სადმე.
იქვე იყიდება ხელოვნური ყვავილები მინის ხუფებით, ლამპა, ქუდები, ტრიკო და სხვა მრავალი საქონელი ნახევარ ფასად".
1898 წელი, "ცნობის ფურცელი"
"აუარებელი რიცხვი საკერავი მანქანებისა, ყოველგვარი სისტემისა და ყოველგვარი ხარისხისა, როგორც ოჯახში სახმარებლად, აგრეთვე სხვა და სხვა სახელოსნოებისთვის".
"პირველი ხარისხოვანი და საგანგებო ველოსიპედები
(თვით მავალა)
ინგლისის, საფრანგეთისა და გერმანიის ქარხნებიდან. ყველაფერი იყიდება შეღავათიანის ფასით. ფასის გადახდა ნაწილ-ნაწილად შეიძლება. ყველაფერი, რაც კი ამ სავაჭრო სახლიდან გაიყიდება მკვიდრი და მაგარია, რაშიაც სრული თავდედობაა.
"ტორგოვი დომ" ს.პ. პავლოვისა
ტფილისში. ლორის-მელიქოვის ქუჩა # 6".
"ცნობის ფურცელი"- 1898 წელი
"ეს არის ეხლა მიღებული საზღვარ-გარეთიდან და ისყიდება მწვანე და მოლაპარაკე თუთიყუშები; და სხვა მრავალი საზღვარ-გარეთული მშვენიერი ფრინველები. აქვე ყიდულობენ კავკასიის ცოცხალ პირუტყვებს ირმებს, ჯეირნებს, გარეულ ყოჩებს და სხვადასხვა ფრინველს.
ტფილისი.მიხეილის ქუჩა. #106
ბარამოვის სახლის ეზოში. გუგო გინკლერის"
"სასადილო "ინტელიგენტი" 14 სექტემბრიდან გადადის გამოცდილი მზარეულების ბოდელისა და ჩიკურის ხელში".
"თეოდორ ზალღმანის ტრაქტირი - საკუთარი ლუდით უმასპინძლდება სტუმრებს"
"პირველი საოჯახო რესტორანი
მიხეილის ქუჩაზე, თამამშევისა და მანთაშოვის
სახლში.
აყოველდღე იმართება გრანდიოზული კონცერტი, ვარშავის, კიევისა და ოდესის ცნობილი ბალეტმეისტერის ვალენტინოვის ხელმძღვანელობით.
სამზარეულო აზიური და ევროპული. სადილს ამზადებს შეფ-კულინარი პაპაშა ვანიჩკა. პრინც ოლდენბურგსკის ყოფილი მზარეული. აზიური კერძები: შემწვარი იხვი ვარდის მურაბით, გოგრა ინდაურის ხორცით, შინდისა და ნიგვზის შიგთავსით. ევროპული კერძები: "შარლოტა" "ბლომანჯე".
სადილის დროს უკრავს სიმებიანი კვინტეტი".
"კლუბი-კაბარე" - ცეკვავს "გასპაჟა თარხანოვა"
გოლოვინის პროსპექტი".
"კარლო მოროჯის ტრაქტირი. გოლოვინის პროსპექტი"
"სასტუმრო "პალე-როიალი" - კაროლინა ლოტის საკონდიტრო".