ქართული ჟურნალისტისკის ორ საუკუნოვან ისტორიაზე ახალს ვერაფერს ვიტყვით, ეს სფერო კარგად არის შესწავლილი ჩვენი ისტორიკოსების მიერ და მასზე ბევრიც დაწერილა, მაგრამ დღევანდელ სტატიაში მხოლოდ ფაქტების კონსტატაციას მოვახდენთ, რათა მკითხველს კიდევ ერთხელ შევახსენოთ თუ რა გზა განვლო ქართულმა ჟურნალისტიკამ.
ახალი ამბების ჯერ ხელნაწერით, ხოლო შემდეგ ბეჭდური ბიულეტენების გავრცელება ევროპის დიდ სავაჭრო და კულტურულ ცენტრებში მე-16- მე-17 საუკუნეებიდან იწყება, რისთვისაც ვენეციაში თავდაპირველად წვრილ მონეტას "გაზეტას" ახდევინებდნენ, ამიტომ ამ გამოცემებს "გაზეტა", ანუ გაზეთი ეწოდა.
პირველი ნაბეჭდი ყოველკვირეული გაზეთი გამოვიდა 1609 წელს სტრასბურგში, გერმანულ ენაზე. 1620 წელს კი ამსტერდამში დაიბეჭდა პირველი ინგლისური გაზეთი, მათ მოჰყვა გაზეთები გამოცემული პარიზსა და შვეციაში.
პირველი ქართული გაზეთი
გაზეთის მსგავსი ნაბეჭდი ფურცლები, განცხადებები, "ბრძანება და უწყება" "ლეპორტი" მე-18 საუკუნეში ერეკლე მეორის დროს გამოჩნდა. გაზეთის გამოცემის აუცილებლობაზე მიუთითებდა იოანე ბატონიშვილი მეფე გიორგი მე-12- ისთვის 1799 წელს წარმოდგენილ სახელმწიფო მართვა- გამგეობის რეფორმატორულ პრექტში:
"იბეჭდებოდეს გაზეთი თვეში ორჯერ, აქადამაც იქნება შემოსავალი და ხალხნიც შეეჩვევიან", ხოლო თავის სახელგანთქმულ თხზულება "კალმასობაში" იოანე ბატონიშვილი ავალდებულებს სამეფო მოხელეებს "აქვნდეთ გაზეთნი და უწყოდენ იგი".
პირველი ქართული გაზეთის დაარსების იდეა 1818 წელს გაჩნდა. 1819 წლის იანვარში კი ამ საქმის ინიციატორებმა დაბეჭდეს და გაავრცელეს განცხადება ყოველკვირეული ქართული გაზეთის გამოცემის შესახებ, სადაც მითითებული იყო გაზეთის გამოცემის მიზანი, პირველი ნომრის გამოცემის თარიღი, გაზეთის ენა, ფასი, გამოცემის ხანგრძლივობა, პერიოდულობა და მოცულობა, ხელმლმწერთა რაოდენობა.
როგორც ისტორიკოსები ამბობენ, მოწინავე ქართულმა საზოგადოებამ, ქართული გაზეთის საჭიროებაში ისე დაარწმუნა საქართველოს მთავარმართებელი ერომოლოვი, რომ მან ნებართვა რუსეთის იმპერატორს სთხოვა, გამოცემის ხელმძღვანელობა კი დაავალა თბილისის გუბერნატორს ხოვენს, რომელმაც თავის ხელქვეითებს საგანგებო წერილები დაუგზავნა.
პირველი გაზეთი უნდა გამოსულიყო 1819 წლის 1 მარტს, მაგრამ ხელმომწერთა სიმცირის გამო, ვერ მოხერხდა მისი გამოცემა, საჭირო იყო 500 ხელისმომწერი. ამ საქმეში მათ დაეხმარა არქიეპისკოპოსი ნერსე.
"არქიეპისკოპოს ნერსეს შეუგროვებია ფული, უმეტეს ასის გაზეთის ხელმომწერისაგან". 1819 წლის 8 მარტს გამოვიდა პირველი ქართული გაზეთი "საქართველოს გაზეთი". დაწესდა: გაზეთი ღირდა 2 მანეთი, მომდევნო წელს -3 მანეთი, აბაზი - საფოსტო ხარჯებისთვის დაემატა. გაზეთი კვირაში ერთხელ, პარასკეობით გამოდიოდა.
1820 წელს გაზეთს სახელი შეეცვალა და იგი გამოდიოდა "ქართული გაზეთის" სახელით. მასალები გაზეთში ასეთი თანმიმდევრობით იბეჭდებოდა: "ჯერ სანკტ-პეტერბურგში მომხადრი ამბები და ბრძანებები; უმაღლეს პირთა დანიშვნა-დაწინაურება, დაჯილდოვება" "ადგილობრივი ცხოვრება", რომელიც ასახავდა იმ პერიოდის საქართველოს სოციალურ- პოლიტიკურ და კულტურულ ვითარებას.
"უცხო ქვეყნების ამბები"-ში იბეჭდებოდა ცნობები ამერიკის, ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის და სხვა ქვეყნების შესახებ. ასევე ვაჭრობის განცხადებები, "უქაზები".
გაზეთს მასალებს აწვდიდნენ "საქართველოს კეთილშობილ დეპუტატთა შეკრებულობა"; თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელი და სხვა ორგანიზაციები.
"ქართული გაზეთის" გამოცემის პერიოდში საქართველოში მხოლოდ ერთი სტამბა მოქმედებდა და გაზეთიც იქ იბეჭდებოდა. გაზეთი პატრა ფორმატის იყო, ოთხ გვერდიანი. სურათები და ტექსტი აწყობილი იყო ერთიანირი შრიფტით. წინადადებები ასომთავრულით იწყებოდა. გაზეთის ტირაჟი დაახლოებით 150-200 ეგზემპლიარი.
"ქართულმა გაზეთმა" სულ სამი წელიწადი იარსება, გამოცემა შეწყდა 1822 წელს. როგორც ისტორიკოსები ამბობენ, "ქართული გაზეთი" იმდროინდელ საქართველოში ერთ-ერთი პროგრესული გამოცემა იყო.
ქართული პრესის სათავეებთან
გაზეთი "ივერია" გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან. იგი იყო ყოველკვირეული გაზეთი და მისი რედაქტორი იყო ილია ჭავჭავაძე. გაზეთი "ივერია" იყო მთავრობის წინააღმდეგ მებრძოლი ორგანო, რომელიც აშუქებდა საქართველოს ამბებს, საზღვარგარეთის ქვეყნების ისტორიას. ენათმეცნიერების, ეთნოგრაფიის, გეოგრაფიის, სოციოლოგიის საკითხებს.
სწორედ ილია ჭავჭავაძემ დანერგა გაზეთში პუბლიცისტური ჟანრი. გაზეთთან თანამშრომლობდნენ, აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი. ვაჟა ფშაველა. ალექსანდრე ყაზბეგი და სხვა გამოჩენილი ქართველი მწერლები. გაზეთი ასევე მდიდარ ინფორმაციას აწვდიდა მკითხველს თანამედროვე საზღვარგარეთის ლიტერატურაზე.
ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი "დროება": დაარსდა 1866 წლის 4 მარტს თბილისში. იგი გამოდიოდა კვირაში სამჯერ. ისტორიკოსთა შეფასებით, "დროების" რედაქცია იქცა ეროვნულ - გამანთავისუფლებელი მოძრაობის და ეროვნული კულტურის ცენტრად.
გაზეთი აშუქებდა ისტორიის, ფილოსოფიის, ენათმეცნიერების, ეკონომიკის, სახალხო განათლების, ხელოვნების, ლიტერატურათმცოდნეობის, სოფლის მეურნეობისა და ქართული მრეწველობის პრობლემებს.
"დროებამ" დიდად შეუწყო ხელი ქართული ჟურნალისტიკის, მწერლობის და ლიტერატურის განვითარებას. გაზეთთან თანამშრომლობდნენ გამოჩენილი ქართველი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები: გიორგი წერეთელი, სერგი მესხი, პეტრე მელიქიშვილი და სხვები.
გაზეთის თავდაპირველი რედაქტორი იყო გიორგი წერეთელი, ხოლო 1873 წლიდან ილია ჭავჭავაძე. 1885 წლის სექტემბერში "რადიკალური მიმართულებისა და საცენზურო წესდების დარღვევის გამო" ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებით გაზეთი "დროება" დაიხურა.
რაც შეეხება გაზეთ "ცნობის ფურცელს", ისტორიკოსთა აზრით, არ დარჩენილა იმდროინდელი საზოგადოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვანი არცერთი სფერო, რომელზეც გაზეთ "ცნობის ფურცელს" თავის აზრი არ გამოეთქვა.
სწორედ "ცნობის ფურცელმა" გამოაქვეყნა ყველაზე ადრე, მეორე დღესვე, ივანე მაჩაბლის საიდუმლო ვითარებაში გაუჩინარების ცნობა.
"დილით ადრე, თითქმის ოთხ საათზე ივანე მაჩაბელი გამოვიდა სახლიდან და დაუტოვებია პორტმანი, საათი და ოქროს ღილები პერანგისა, ერთი სიტყვით ძვირფასი თან არ წაუღია.
ამ ამბავმა მომეტებულად ააღელვა მისი ოჯახი და მაშინვე აგერ კიდევ ვერ უპოვნიათ" - წერდა 1898 წლის 27 ივნისის ნომერში გაზეთი "ცნობის ფურცელი".
1901 წლიდან გამოდის გაზეთ "ცნობის ფურცელის" სურათებიანი დამატება. მეორე ნომერში ჩნდება გერმანელი წარმოშობის ქართველი მხატვრის ოსკარ შმერლინგის კარიკატურა. სატირული რუბრიკის ავტორი - ფსევდონიმით "ხუმარა" მკითხველს სთავაზობს იმ პერიოდის "ათ სასაცილოებს".
ამ პერიოდში საქართველოში ყალიბდება საჟურნალო გრაფიკაც. პირველი ქართველი გრაფიკოსი თვითნასწავლი გრავიორი გრიგოლ ტატიშვილი, რომელიც ხეზე ჭრიდა ნახატებს და კლიშეების დამზადებაზე ზრუნავდა, სწორედ მან შეასრულა თავფურცლები პერიოდული გამოცემისთვის.
გაზეთში იბეჭდება ასეთი შინაარსის სარეკლამო განცხადებებიც:
"გამოვიდა და იყიდება ახალი წიგნი "სადღეგრძელოები" ფასი 5 კაპ".
"სათავადაზნაურო თეატრი დღეს 16 ნოემბერს, აჩვენებენ განთქმულს მთელს ევროპაში კინომატოგრაფს. ცხოველი ფოტოგრაფიული სურათები ლიუმიერისა. დასაწყისი 8 საათზედ. ადგილების ფასი ძლიერ დაკლებულია".
ქართული ემიგრანტული პერიოდიკა
მეოცე საუკუნის ეროვნული ჟურნალისტიკის ისტორიას ავსებს ქართული ემიგრანტული გაზეთები. ქართული ჟურნალისტიკა, რომელიც ქართველი ერის ინტერესების დაცვის სადარაჯოზე იდგა სასტიკად იდევნებოდა, რუსეთის იმპერიული რეჟიმის ცენზორის მიერ. ხშირი იყო ქართული ჟურანლ- გაზეთების მთლიანად აკრძალვა, ან რედაქციების დარბევა.
ასეთ მკაცრ პირობებში იზღუდებოდა თავისუფალი აზრის გავრცელება, თუმცა ქართული საზოგადოების მოწინავე ნაწილი, ცნობილი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები არ ეპუებოდნენ მეფის ცენზურას და ცდილობდნენ ევროპაში ქართული ჟურნალ -გაზეთების დაარსება - გამოცემას.
ხშირ შემთხვევაში ეს გაზეთები გამოდიოდა ევროპის დიდ ქალაქებში პარიზში, ჟენევასა და ბერლინში. პირველი მერცხლები იყვნენ გაზეთები "დროშა", "საქართველო" "თავისუფალი საქართველო" "ქართული გაზეთი".
უცხოეთში ჩასულ ქართველ გამომცემლებს უამრავი დაბრკოლება ხვდებოდათ. საკუთარი სტამბის შექმნაზე საუბარი ზედმეტი იყო, რადგან იქ არსებულ სტამბებში კუთხესაც კი ვერ შოულობდნენ. ძლივს ახერხებდნენ გაზეთების დაბეჭდვას, მაგრამ ყველაზე რთული მაინც დაბეჭდილი გაზეთის საქართველოში გამოგზავნა იყო.
"1903 წლის აპრილში გამოვეცით "საქართველოს" პირველი ნომერი. დაბეჭდვა შევძელით, მაგრამ საქმე ამ გაზეთის გამოგზავნა გახდა. ამ საქმის ორგანიზება ითავა გიორგი ლასხიშვილმა. ამისთვის ორი საშუალება გვქონდა. ერთი - მარსელიდან გემებზე მომსახურეთა საშუალებით გადმოზიდვა ბათუმში და მეორე გვადრუცებით (ჩემოდნებით) ხმელეთის გზით წამომსვლელებთან ერთად გამოგზავნა.
გვადრუცების ძირს ისე ვავსებდით, რომ თვალით არც კი ჩანდა, თუ შიგ რამე იყო. წესად გვქონდა - ყველა სამშობლოში მომავალი ქართველისთვის გამოგვეტანებინა ახლად გამოსული ნომერი" - წერდა გაზეთ "საქართველოს" რედაქტორი თედო სახოკია.
საზოგადო მოღვაწე გიორგი დეკანოზიშვილი კი წერდა: "სირცხვილია ამგვარი ხრიკებით გაგზავნა ჟურნალების მეოცე საუკუნეში, მაგრამ რას იზამ ადამიანი, სად წაუხვალ ამგვარ დესპოტიას, ვინ დაიჯერებს, რომ მეოცე საუკუნეში დაბეჭდილი ჟურნალ - გაზეთები გადაგვაქვს უბეებით, ჯიბეებით, მალვით და მოსყიდვით.
ჩვენი ამბავი "სამი მუშკეტერის" ამბავს მაგონებს. მხოლოდ ოქროსთმიანი ქალი გვაკლია, მაგრამ ამისთვის საჭირო დიუმას ფანტაზიაა".
პარიზში დაბეჭდილი ქართული გაზეთის "საქართველოს" წლიური ფასი იყო 5 მანეთი, თითოეული ნომერი 25 კაპიკი ღირდა. ტირაჟი 600 ეგზემპლიარი. იბეჭდებოდა ორ კვირაში ერთხელ, შეფერხების გამო, ზოგჯერ სხვადასხვა ინტერვალით.
გაზეთი ხშირად იყო თორმეტგვერდიანი და დაბეჭდილი საგანგებო ქართული შრიფტით, რომელსაც "პარიზულა" ერქვა. გაზეთის ნომერებში მოთავსებული ცალკეულ ავტორთა წერილების გარდა, იყო მუდმივი რუბრიკები: "ჩვენის (ქართული) ცხოვრების მატიანე; "ევროპის პრესა" - სხვადასხვა ამბები; "ფოსტის ყუთი"; "განცხადებები".
"ეს საქმე საჭირო იყო, რადგან ჩვენ უცხოეთიდან უნდა გვეთქვა ის, რისი თქმაც საქართველოში არ შეეძლოთ. ჩვენ თავისუფალნი ვიყავით ყოველგვარი ცენზურისაგან და მიუდგომლათ შეგვეძლო ყველაფრის შეფასება" - წერდა წლების შემდეგ ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენელი, გაზეთ "თეთრი გიორგი" რედაქტორი ალექსანდრე მანველიშვილი.