ია აბულაშვილი
25.03.2017

 სულ მალე თბილისში, მახათას მთაზე ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ახალი პანთეონი გაიხსნება. მერიის ამ გადაწყვეტილების საფუძველი ისაა, რომ ოფიციალურად დაიხურა დიდუბის პანთეონი, რადგან დასაკრძალავად ადგილი ფიზიკურად აღარ იყო. ახალი პანთეონი კი გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ახალმა პანთეონმა ქალაქი არ დაამძიმოს, პირიქით, შეიქმნას დამატებითი კულტურული ადგილი და შემოგარენში მცხოვრები მოსახლეობისთვის დისკომფორტის შემქმნელი არ იყოს.

დიდუბის პანთეონის დახურვასა და მახათას მთაზე ახალი პანთეონის გახსნას არ ეთანხმება საზოგადო მოღვაწეთა გარკვეული ნაწილი. რამდენიმე ხნის წინ მათ პრემიერ-მინისტრს და თბილისის მერს წერილით მიმართეს და ითხოვდნენ დიდუბის პანთეონის კვლავ გახსნას და ეკლესიის ეზოს ხარჯზე გაფართოებას.

წერილს ხელს აწერდნენ ჯანსუღ ჩარკვიანი, მერაბ ბერძენიშვილი, კახი კავსაძე, რევაზ მიშველაძე, გივი ბერიკაშვილი, ომარ მხეიძე, ლეილა აბაშიძე, მაყვალა გონაშვილი, გოგი ქავთარაძე, ვაჟა აზარაშვილი, გივი თოიძე და სხვები.

დიდუბის პანთეონის ტერიტორიის გაფართოებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცმა, რომელიც თვლის, რომ დიდუბის პანთეონის ტერიტორიის გაფართოება სხვადასხვა მიზეზის გამო მიუღებელია.

"300 მეტრით ახლოს მოსახლეობასთან მისვლა და სასაფლაოს გაშენება არ შეიძლება. ახალი საფლავის გაჩენა, გარდა იმისა, რომ კანონი დაირღვეოდა, იქნებოდა ადამიანების რისკის წინაშე დაყენება. არა მხოლოდ კედლის მოშლაზე იყო საუბარი, გარკვეული ჯგუფებისაგან იყო სკოლის დანგრევაზე საუბარი.

"მერია თავისი პასუხისმგებლობის ფარგლებში საფლავებზეც ზრუნავს, სხვა ღონისძებებსაც ახორციელებს, მაგრამ ძალიან ხშირად ჩვენ ქელეხის გადახდის ფულსაც გვთხოვენ", - აცხადებს თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი.

დიდუბის პანთეონის საკითხთან დაკავშირებით "რეზონანსი" საზოგადო მოღვაწეთა მიერ პრემიერ-მინისტრის და თბილისის მერის სახელზე გაგზავნილი წერილის ერთ-ერთ ხელმომწერს, რუსთაველის პრემიის ლაურეატს, მწერალ რევაზ მიშველაძეს ესაუბრა.

"საჭირო არის თუ არა ქვეყნისთვის პანთეონი, ანუ გამოჩენილ პიროვნებათა, საზოგადო მოღვაწეთა დასაფლავების ადგილი - ამაზე კამათიც კი აბსურდია. შეიძლება ამაზე ილაპარაკოს მხოლოდ იმ ცინიკურად განწყობილმა ადამიანმა, რომელსაც არად უღირს ერისთვის დამაშვრალი პიროვნებები.

"ვინც ამ პანთეონების დაარსება მოიფიქრა თავის დროზე, მან კარგად იცოდა, რას აკეთებდა. პანთეონი არის ერთ-ერთი ისტორიული და წმინდა ადგილი ქვეყნისთვის. ამიტომაც ვისაც ჰყავს სახელოვანი შვილები (ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ რუსთაველის ერი ვართ), მას დიაღაც სწორადაც მიაჩნია, რომ იმათ უკვდავსაყოფად, ვისაც პანთეონში დასაფლავება ეკუთვნის, უნდა განახორციელოს თავისი ჩანაფიქრი, რათა ქვეყანაში შემოსულ სტუმრებს და მომავალ თაობასაც საშუალება ჰქონდეთ, მივიდნენ და გვირგვინებით შეამკონ იმ ადამიანის საფლავები, ვინც თავის დროზე დიდი საქმე გააკეთეს ქვეყნისთვის.

"მე რომ მკითხოს კაცმა, პანთეონიდან იქ დაკრძალულთა შერჩევა-დახარისხება, გადასვენება-გადმოსვენება დიდი მკრეხელობაა. როცა ეპოქამ თავის დროზე ამა თუ იმ პიროვნებას პანთეონში მიუჩინა ბინა, მათი თვალსაზრისით, ეს ასე უნდა გაკეთებულიყო. ჩვენ მორალური უფლება არ გვაქვს, პანთეონში დასაფლავებულებს ხელი ვახლოთ.

"ახლა რაც შეეხება დიდუბის პანთეონის დახურვას და მახათას მთაზე ახალი პანთეონის გახსნას. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი თბილისიდან ასე შორს პანთეონის გახსნის და მოვუწოდებდი ჩემს მეგობრებს მერიასა თუ კულტურის სამინისტრეობში, იქვე როგორმე გაეკეთებინათ პანთეონი. მაგრამ რაკი ეს ვერ ხერხდება, კატეგორიულად ვეღარ შევეწინააღმდეგები ამ საკითხს. ეს ჩემი მხრიდან უკან მიდევნებული ლამპარი იქნება.

"ასე რომ, რადგან მახათას მთაზე ახალი პანთეონის შექმნა კატეგორიულად გადაწყვიტა ხელისუფლებამ, მე არ შევეწინააღმდეგები ამ გადაწყვეტილებას.

"ერთს კი ვიტყვი - მთაწმინდის და დიდუბის პანთეონებში უკანასკნელ წლებში დასაფლავდა არაერთი ისეთი პიროვნება, ღმერთმა სული გაუნათლოს, ვინც არ იმსახურებდა თავისი სოციალური დამსახურებით პანთეონში დამარხვას. იმ დროს წინა პლანზე გამოდიოდა მეგობართა და ნათესავთა ენერგიული ჯგუფი, რომლებიც მიცვივდებოდნენ მერიასა და კულტურის სამინისტროში და კატეგორიულად მოითხოვდნენ მავანის და მავანის პანთეონში დასაფლავებას.

"მე მინდა, ვურჩიო თბილისის მერიას და კულტურის სამინისტროს, მომავალში მსგავსი რეციდივები თავიდან რომ ავიცილოთ, ერთ უწყებას, თუნდაც მერია იყოს, ან კულტურის სამინისტრო, ან საპატრიარქო, ნუ ექნება უფლება, გადაწყვიტოს პანთეონში დასაფლავების საკითხი. უნდა შეიქმნას კომპეტენტური კომისია დედაქალაქის სხვადასხვა უწყების წარმომადგენელეთა შემადგენლობით და ფარული კენჭისყრით გადაწყვიტოს პანთეონში გამოჩენილი პირის დასაფლავების საკითხი", - განაცხადა "რეზონანსთან" რევაზ მიშველაძემ.

როგორ გაჩნდა პანთეონები თბილისში

ვიდრე ხელისუფლებასა და საზოგადო მოღვაწეების გარკვეულ ნაწილს შორის ამ საკითხზე პოლემიკა გრძელდება, მანამდე ჩვენს მკითხველს რამდენიმე საინტერესო მასალას შევთავაზებთ დიდუბის პანთეონის ისტორიიდან.

1893 წლის აპრილში "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" გადაწყვეტილებით, ქალაქ განჯიდან გადმოასვენეს და დიდუბის ეკლესიასთან, მოკრძალებულ სასაფლაოზე დაკრძალეს ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტი.

დიდუბის სასაფლაოს პანთეონად გადაკეთება დააჩქარა 1893 წლის 22 დეკემბერს გამოჩენილი მწერლის, ალექსანდრე ყაზბეგის გარდაცვალებამ, რომელიც მის მშობლიურ სოფელ სტეფანწმინდაში დაკრძალეს. მაშინ ქართველ პუბლიცისტ კოტე მესხს წერილი დაუწერია, სადაც გულისტკივილით აღუნიშნავს:

"რატომ დედა-ქალაქში, სადაც ჩვენი ერის მაჯა სცემს, სადაც სძგერს მისი გული, სადაც წარსულის ჩვენი დიდების ნაშთი სხვაც ბევრი გვაქვს, არ გაგვაჩნია ჩვენი შესაფერისი პანთეონი ან მამადავითისა ან დიდუბის ეკლესიის ზღუდეთა შორის. ნუთუ სასარგებლო არ იქნება, მშვენიერი ქანდაკებით მორთული სამშობლო მოღვაწეთა სასაფლაო ყოველთვის წინ გვქონდეს სამაგალითოდ ჩვენ და ჩვენს შემდგომ თაობას".

"ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ფონდში დაცული მასალებით კი ირკვევა, რომ დიდუბის სასაფლაოს პანთეონად გადაკეთება უფრო გვიან, 1915 წელს მომხდარა. საზოგადოებას გამოუქვეყნებია განჩინება დიდუბის ეკლესიის გალავანში პანთეონის მოწყობის შესახებ:

"გადაიდოს ათას-ათასი მანეთი ხუთი წლის განმავლობაში უკვე შემოღობილი ადგილის შესასყიდად. დაევალოს გამგეობას, შეადგინოს განსაკუთრებული კომისია, რომელმაც უნდა შეიმუშაოს როგორც არქიტექტურული გეგმა, აგრეთვე ხარჯთაღრიცხვა პანთეონის მოწყობისა და ინსტრუქცია ქონების მართვა-გამგებლობისა".

კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ გიორგი ყაზბეგი, გიორგი ლასხიშვილი, გრიგოლ რცხილაძე, ანატოლი კალგინი და იაკობ ნიკოლაძე.

1918 წლის 2 ივლისს "წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" გამგეობამ განიხილა ქართველ მოღვაწეთა სავანის მართვა-გამგებლობის "ნაკაზის" (გარიგების) პროექტი, სადაც ნათქვამი იყო:

"პანთეონში დაიკრძალება მეცნიერების, ხელოვნების და საზოგადოების სარბიელზე გამოჩენილ მოღვაწეთა ნეშტნი, აგრეთვე ქველმოქმედ პირთა ნეშტნიც, რომელნიც შეწირვენ ეროვნულ საქმეს არანაკლებ ათი ათასი მანეთისა და აღიმართება ძეგლი იმ ქართველ მეომართა სახსოვრად, რომელნიც დაიღუპნენ ბრძოლის ველზე.

"უფლება პანთეონში დაკრძალვისა ეკუთვნის მხოლოდ იმ მოღვაწეთ, რომლებიც აკმაყოფილებდნენ ნაკაზს. ამასთანდ, საკითხს წყვეტს მთავარი გამგეობის პანთეონის სექცია და თბილისში არსებული კულტურულ-განმანათლებელ საზოგადოებათა წარმომადგენლობის შეერთებული კრება.

"პანთეონის ღირსების დასაცავად შეერთებულ კრების წევრები ვალდებულნი არიან, პირუთვნელად დააფასონ განსვენებულის ღვაწლი სამშობლო ერის წინაშე და საკითხი გადასჭრან ფარული კენჭისყრით, რისთვისაც საჭიროა დამსწრე წევრთა უპირატესობის სურვილი.

"ვინაიდან პანთეონში ყველა ადგილი საპატიოდ ითვლებიან, ამიტომ პანთეონის მთლიანობის დასაცავად სასაფლაო ადგილები ერთნაირის წესის მიხედვითა და განსაზღვრული ზომით უნდა მივსცეთ".

შენიშვნის სახით დამატებული იყო: "სავანეში შეიძლება დაკრძალვა პოლიტიკურ სარბიელზე მოღვაწის ნეშტისაც, თუ მას პოლიტიკური მოღვაწეობის გარდა რაიმე თვალსაჩინო ღვაწლი მიუძღვის საზოგადოებრივ სარბიელზე, როგორც პუბლიცისტს, მწერალს ან მეცნიერს".

1916 წელს ჩატარდა კონკურსი, რომელშიც წარმოდგენილი იყო სამი პროექტი. საბოლოოდ გაიმარჯვა პრივენსკის და კალგინის პროექტმა.

დიდუბის პანთეონთან დაკავშირებით ვითარება შეიცვალა კომუნისტების დროს. 1928 წლის 9 მაისს, თბილისის საბჭოს აღმასკომის პრეზიდეუმის დადგენილებით, "საფლავებისთვის ადგილის უქონლობის გამო" დაიხურა მთაწმინდისა და დიდუბის სასაფლაოები. ქალაქის საბჭოს იმდროინდელი მესვეურების ამ გადაწყვეტილებამ უკმაყოფილება გამოიწვია საზოგადოებაში, რასაც მოჰყვა პროტესტი.

დიდუბის პანთეონის არსებობის აუცილებლობა კატეგორიულად მოითხოვეს ივანე ჯავახიშვილმა, შალვა დადიანმა, გიორგი ლეონიძემ და სხვა გამოჩენილმა ადამიანებმა. ამის გამო ქალაქის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა, "ახალ შესაძლებლობათა გამონახვამდე" თავი შეეკავებინა. ასე გადარჩა დახურვას და განადგურებას დიდუბის პანთეონი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×