აქემენიდური ირანი ძველი მსოფლიოს გამორჩეული ცივილიზაციაა. ქრისტეშობამდე მეექვსე საუკუნიდან იწყება მისი ზეობის ხანა, ლეგენდარული კიროს მეორე ის ხელისუფალია, რომლის მოღვაწეობაც დღესაც ამ უდიდესი კულტურის სავიზიტო ბარათად რჩება.
ცხოვრება ჩქეფს პერსეპოლისში, ულამაზესი და იმ დროის მასშტაბებით გრანდიოზული აპადანის სასახლე არნახულ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველთა შორის. ეს უკვე დარიოს პირველის ნახელავია, მისი ეპოქის შედევრი.
როგორ იქარგებოდა აპადანის სასახლის ინტრიგათა ქსელი
სწორედ აქ, პერსეპოლისში ვითარდება დრამატიზმით აღსავსე მოვლენები. დარიოსის ვაჟი ქსერქსე დაბადებიდანვე მოექცა მამამისი ჩრდილქვეშ. ძლევამოსილი მბრძანებლის დიდება ერთგვარ არტახებად ექცა ყმაწვილს. და მან მაინც მოახერხა ამ არტახებისგან გათავისუფლება და იმ დროისათვის საკმაოდ უჩვეულო, მოწიფულობის ჟამს, 36 წლის ასაკში ავიდა აქემენიდური ირანის სამეფო ტახტზე.
არ იყო იოლი7 ისეთ ქაოტურ სიტუაციაში დაგემკვიდრებინა თავი და პირველობა მოგეპოვებინა, როცა ტახტის მემკვიდრის განმსაზღვრელი კანონი არ არსებობდა. აქ მხოლოდ ძალას, შეფარულ თუ აშკარა ინტრიგებს უნდა გადაეწყვიტა საქმე და აპადანის სასახლეც ინტრიგათა ქსელით მოიქარგა.
ასე უნდა გადაელახა ქსერქსეს, ჯერ კიდევ ყმაწვილს, უამრავი ბარიერი და სახელოვანი მამის გზას გაჰყოლოდა.
როგორ იქცა აქემენიდთათვის ომმოუგებელი ქსერქსე ტრიუმფატორად
ქსერქსეს ცხოვრება და საქმიანობა, მისი ეპოქა და ის ბატალიები, რაც მას თავს გადახდა, საზოგადოებამ მხოლოდ ბერძნული წყაროებიდან გაიცნო. ქსერქსესთან დაპირისპირებაში ბერძნებმა იმარჯვეს, თუმცა ამ წყაროების გვედრით არსებობს სპარსული წყაროები, სადაც ასევე მითითებულია, რომ ქსერქსე დაუმარცხებელია, ტრიუმფატორია, უძლეველია.
ასეთი იდეოლოგიური მანქანებით იქცა ბერძნების მიერ ძლეული ქსერქსე სპარსელთა თვალში უძლეველად, არადა, სპარსელთათვის უძლეველ მეფე ქსერქსეს არც ერთი ომი არ მოუგია.
ქრისტეშობამდე მეხუთე საუკუნის დასაწყისის აქემენიდური ირანი იმდროინდელი მსოფლიოს უდიდეს ნაწილს ფლობს, მისი მმართველი ქსერქსე სპარსული სახელმწიფოს ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. აქემენიდები სამი ასწლეულის მანძილზე მსოფლიო პოლიტიკის ჰეგემონები არიან. ეს კი აქემენიდთა მბრძანებელს განსაკუთრებით დიდ მოვალეობას სძენს. ქსერქსე ბერძენ-სპარსელთა დაპირისპირების მეორე ეტაპს ხელმძღვანელობს, იმ ეტაპს მსოფლიოს შემდგომი განვითარება რომ განსაზღვრა.
აღმოსავლეთისა და დასავლეთის ჭიდილში დასავლეთმა იმარჯვა. არადა, აქემენიდებს ტრიუმფატორად ქსერქსე ჰგონიათ, საკმაოდ შთამბეჭდავადაა წარმოდგენილი მისი მოღვაწეობა ქვაზე ამოკვეთილ წარწერაში, რომელიც პერსეპოლისის მახლობლად არქეოლოგიური გათხრებისას იქნა აღმოჩენილი.
რატომ გახდა დარიოსი ქსერქსეს პოლიტიკური საქმიანობის ორიენტირი
მისი ცხოვრება აქემენიდური დესპოტიზმის კლასიკური მაგალითია, ის სამაგალითო დესპოტია, ქსერქსე, სავარაუდოდ, ქრისტეშობამდე 521 ან 519 წელს დაიბადა პერსეპოლისში. პერსეპოლისი იმ პერიოდის მსოფლიოს მოდის კანონმდებელია, ქალაქი მამამისმა, დარიოს პირველმა დააარსა. ეს აქემენიდთა მმართველობის უსაყვარლეს ადგილად რჩება მანამ, სანამ ალექსანდრე მაკედონელმა არ გადაწვა დაარსებიდან 130 წლის შემდეგ.
ქსერქსეს მოღვაწეობა შესაძლოა ხშირ შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, თუმცა მამამისი დარიოს პირველის ღვაწლი უდავოდ დადებითადაა შეფასებული. დარიოსი ქმნის სახელმწიფო მმართველობის მოდელს, რომლითაც მეტ-ნაკლებად წარმატებულად იმართება საკმაოდ ვრცელი და ეთნიკური თვალსაზრისით მრავალფეროვანი მოსახლეობა.
ქსერქსეს დროს ეს მექანიზმი მთლიანად მოიშალა. საუბარია სახელმწიფოს მოდელზე, რომელიც დარიოსმა შექმნა და რასაც შთამბეჭდავად აღწერს ბეჰისთუნის წარწერა, დღევანდელ ირანში რომ მდებარეობს, ჰამადანიდან ასიოდე კილომეტრში. სწორედ აქაა აღწერილი დარიოსის მოღვაწეობა, ომები და მისი სახელოვანი გამარჯვებები. აქ აღწერილია, როგორ სძლია დარიოსმა თვითმარქვია ბარდიას, სინამდვილეში კი გაუმატა მოგვს. არადა, გაუმატა მოგვის ყველას სჯეროდა, ყველა დარწმუნებული იყო, რომ ის ჯადოსნურ ძალას ფლობდა.
რატომ დასჭირდა ქსერქსეს ბეჰისთუნის წარწერის ანალოგის შექმნა
ამ ამბებს ბეჰისთუნის წარწერა საკმაოდ დეტალურად აღწერს, ტექსტი კი მთავრდება მეტად საგულისხმო რამდენიმე ფრაზით: "შენ, რომელიც ამ წარწერას კითხულობ, ირწმუნე იმისი, რაც მე გავაკეთე, არ იფიქრო, რომ ეს ტყუილია... მე უფრო მეტიც გამიკეთებია, რაც აქ არ წერია, ჩემამდე ვინც მეფობდა, ყველას ერთად აღებულს იმდენი არ გაუკეთებია, რაც მე გავაკეთე აჰურამაზდას ნებითა და წყალობით."
ამ ტექსტს თითქმის იმეორებს ქსერქსეს წარწერა, ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ქსერქსე მამამისს ბაძავს. ბუნებრივია ეს განწყობა - დარიოსმა მთელი ეპოქა შექმნა, იყო მის შემდეგ ისეთივე წარმატებული, ურთულესი ამოცანაა, არადა, ქსერქსეს ამბიციები აქვს და სწორედ ამ ამბიციებს იკმაყოფილებს კიდეც წარწერით, ქვის ფილაზე რომა არის ამოკაწრული.
ქსერქსეს მეფობა სწორედ ამ წარწერით იწყება - ეს სხვა არაფერია, თუ არა მანიფესტი, სადაც საკუთარი კონცეფციით წარდგება დარიოსის შვილი. სწორედ ამ მანიფესტში წერს, რომ ის საქმიანი და ბრძენია, რომ სუსტებს იცავს და ძლიერებს ავიწროვებს, იცავს სამართლიანობას, რომ აქვს გრძნობების მოთოკვის უნარი, რომ მაღალი რანგის მეომარია.
რატომ გახდა ქსერქსე დარიოსის მემკვიდრე
ქსერქსეს მამა დარიოსი აქემენიდების გვერდითი შტოს წარმომადგენელი და ლეგენდარული კიროსის შორეული ნათესავია. დარიოსი კიროს მეორის ქალიშვილზე, ატოსზე ქორწინდება და ამით განამტკიცებს საკუთარ ძალაუფლებას.
სწორედ ქსერქსეა დარიოსისა და ატოსის შვილი, ატოსი დარიოსისისთვის მეორე ცოლი გახლავთ. ეს ის პერიოდია, როცა მრავალცოლიანობა ჩვეულებრივი ნორმაა. გამეფებამდე დარიოსს სამი ვაჟი ჰყავდა სხვა ქალისგან. მაშინ მემკვიდრეებად მხოლოდ ვაჟებს თვლიდნენ, ქალიშვილებს არაფრად მიიჩნევდნენ. ატოსისგან, მეორე ცოლისგან, რომელიც გამეფების შემდეგ შეირთო, დარიოსს კიდევ ოთხი ვაჟი შეეძინა.
ატოსს, ბუნებრივია, უპირატესობა ჰქონდა პირველ ცოლთან შედარებით, იმიტომ, რომ ის კიროს მეორის ქალიშვილია, შესაბამისად, მას სამეფო სისხლი აქვს, დარიოსის პირველ მეუღლეს კი სამეფო დინასტიასთან არაფერი აკავშირებდა.
ქსერქსე ატოსის უფროსი ვაჟია, ამიტომაც, ბუნებრივია, უდავოა, რომ სწორედ ის უნდა იყოს დარიოსის მემკვიდრე. მაგრამ საცნაურია ისიც, რომ ამ დროს აქემენიდებში არაა ზუსტად განსაზღვრული ტახტის მემკვირდეობის წესი. ამიტომაც ჯერ კიდევ დარიოსის მეფობისას იწყება შიდა ბრძოლები პირველობისთვის.
ამ რეალობისას საკმაოდ საინტერესოა ის ფსიქოლოგიური ფონი, რაც დარიოსის ჰარემში სუფევს. ჰარემის ბავშვებს, მით უფრო ვაჟებს, არ ასვენებთ ფიქრი, ვინ უნდა იყოს პირველი და ეს ფიქრი, ბუნებრივია, ისახება შიშის ფონზე და ამ რეალობისას ჩნდება უმთავრესი კითხვა - ხომ არ მომკლავენ, თუკი ვიქნები პირველი?
და ამ ურთულეს ვითარებაში ქსერქსე ხდება პირველი. მის გამეფებასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია არსებობს - მას, როგორც დარიოსის მეფობისას დაბადებულ პირველ ვაჟს, ერგო ტახტი, თუმცა, მეორე ვერსიით, ქსერქსე თავად დარიოსმა გაამეფა და თანამმართველად დაისვა სიცოცხლეშივე.
არის ვერსია, რომ დარიოსი ქსერქსესთან ერთად საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, 11 წელი მართავდა ქვეყანას და შვილს ტახტი მანვე გადააბარა. საქმე ისაა, რომ სპარსული ტრადიციის მიხედვით, მეფეს, რომელიც 52 წლის გახდებოდა, ტახტი მისი მემკვიდრისათვის უნდა დაეთმო. 52 წელზე ზემოთ იკრძალებოდა მეფობა.
მიუხედავად იმისა, რომ დაბადების თარიღები საკმაოდ ბუნდოვანი იყო, მაინც ახერხებდნენ ამ წლოვანების გარკვევას. მეფის გარემოცვა ამას თვალს ადევნებდა.
რატომ ანებივრებდა ქსერქსეს საკუთარი დედა
საგულისხმოა კიდევ ერთი დეტალი, საკმაოდ სახასიათო - დარიოსს თავის სიცოცხლეში არც ერთხელ არ გაუგზავნია დამოუკიდებლად ქსერქსე სალაშქროდ, მაშინ როცა ქსერქსეს უფროსი ნახევარძმები (დარიოსის პირველი ცოლისგან) რიგრიგობით ხელმძღვანელობენ საკმაოდ მრავალრიცხოვან ჯარს, რომელსაც სადამსჯელო ოპერაციები ევალება ქვეყნის სხვადასხვა მხარეში. აქ მოქმედებს ერთი ფორმულა - ყველა უფლისწული მეომარი უნდა იყოს. და ამ ფონზე თითქოს უფრო გასაკვირია ქსერქსეს ასეთი პასიურობა. თუმცა ამასაც აქვს ახსნა.
როგორც ჩანს, ქსერქსეს ნამეტანი ანებივრებს დედა. შვილის ასეთი ნამეტანი მოფრთხილება გახლავთ დარიოსის მეუღლის ათოსის კაპრიზი. ათოსი ანგარიშგასაწევი ქალია დარიოსისთვის, რამდენადაც ის ლეგენდარული კიროს მეორის ასულია, ამიტომაც იძულებულია, დაუთმოს ცოლს. ათოსი უფროს ვაჟიშვილს გვერდიდან არ იშორებს, ხან მის ავადმყოფობას იგონებს და სალაშქროდ არ უშვებს, ხანაც სხვა მიზეზს იშველიებს.
ქალური განცდა იმისა, რომ შვილს მოუფრთხილდეს და დაიფაროს, მომეტებულად აქვს ქსერქსეს დედას. მას ეშინია, რომ ლაშქრობისას ქსერქსეს მოკლავენ. პირველობა ხომ ყველას უნდა და ქსერქსე, როგორც კიროსის შვილიშვილი და სიცოცხლეშივე ტახტის მემკვიდრედ აღიარებული, საუკეთესო სამიზნეა ძმებისთვის.
ერთი სიტყვით, ქსერქსე პერსეპოლისში საკმაოდ ნებიერად, დედიკოს ბიჭივით იზრდება, არადა, ეს სულაც არ არის მისი სურვილი, მასაც სურს ლაშქრობა, მასაც სურს სახელის მოხვეჭა.
აქემენიდებში მეფობა სხვა ფენომენია, მომავალ მეფეს სწორედაც რომ სამხედრო წარმატებები სჭირდება, სხვაგვარად ვერ მოიპოვებს აღიარებას.
ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში მთავარი სამიზნე ქსერქსეა, მაგრამ არც დანარჩენი ძმების ამბიციების გაუთვალისწინებლობა იქნება, ამიტომაც ყველა ყველას თვლის კონკურენტად, საქმე კი სრულდება აღმოსავლური სამყაროსათვის საკმაოდ ბანალურად - სისხლიანი გარჩევებით, შიდა დაპირისპირებით. როცა 36 წლის ქსერქსე ადის აქემენიდთა სამეფო ტახტზე, მისი არც ერთი ძმა ცოცხალი აღარაა.
შეუწყო თუ არა ხელი ქსერქსეს მეფედ აღზევებას ბერძნული ომის პროექტმა
არ უნდა გამოვრიცხოთ ისიც, რომ ქსერქსე ხელისუფლებაში მოდის ბერძნების წინაღმდეგ ომის იდეით. ესეც ლოგიკურია, რამდენადაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაპირისპირება უკვე დაწყებულია, აქემენიდები ბერძნებს ეომებიან და ამ ომებს მათთვის საკმაოდ წარუმატებელი შედეგები მოაქვს. ამას გარდა, მეტად დაძაბული და მძიმე ფონია ირგვლივ - არაერთ სატრაპიაში აქემენიდებისადმი ზიზღი და სიძულვილი ჩვეულებრივ ნორმად ქცეულა, მართალია, აქემენიდური მმართველობის წესი მაქსიმალურად ითვალისწინებს დაპყრობილი ხალხების ინტერესებს, თუმცა ის მაინც დამპყრობელია და ამის გაცნობიერება არავის უჭირს.
ეს დიდი არეულობის ნიშანია. არეულობაა ეგვიპტეში, ეს ქსერქსეს გამეფების პირველსავე წელს ხდება, ქრისტეშობამდე 486 წელს. ქსერქსე ნილოსის ნაპირელთათვის ჩვეულებრივი ბოროტმოქმედია და რაოდენ საცნაურია, რომ აქემენიდთა გამგებელი ყველაფერს აკეთებს, რომ ეგვიპტე დაამციროს, წინამორბედთა მსგავსად, არ იღებს ეგვიპტის მეფის სტატუსს და მას აქემენიდთა პროვინციად აცხადებს.
თითქოსდა ბერძნების რევანშის დრო უნდა დადგეს, არადა, ქსერქსე ჯერ კიდევ ვერ იცლის საბერძნეთისთვის.
ახლა ბაბილონი აჯანყებულა და ამ ულამაზესი და უმნიშვნელოვანესი ქალაქის მოსახლეობის ჭკუის სწავლების ჯერი დამდგარა.