მეთხუთმეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან ურთულესი პერიოდი იწყება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ხანა, რომელმაც უდიდესი განსაცდელი მოუვლინა საქართველოს, რომელიც უკვე ერთიანი პოლიტიკური სივრცე აღარ გახლდათ და სამეფო-სამთავროებად იყო დანაწილებული.
ერთიანობის იმპულსები საქართველოზე გამავალი მსოფლიო მნიშვნელობის სავაჭრო გზით იკვებებოდა, სწორედ ამ გზის მოშლა გახლდათ საწყისი საქართველოს ტრაგედიისა - ქვეყანა მსოფლიო მნიშვნელობის სახელმწიფოდან ერთ უმნიშვნელო რეგიონალური რანგის სივრცედ იქცა.
ამბავი ოსმალთა საქართველოსთან გამეზობლებისა
ამ ტრაგედიას კი საფუძველი 1453 წელს ჩაეყარა - კონსტანტინოპოლის დაცემამ თავდაყირა დააყენა მსოფლიო ისტორია, რაც ბუნებრივია, საქართველოსაც შეეხო. მაჰმადიანებმა გადაკეტეს აბრეშუმის გზის სახელით ცნობილი მსოფლიო მნიშვნელობის სავაჭრო გზა. ფაქტობრივად, ამ პოლიტიკურმა მოვლენამ ურთულესი გავლენა მოახდინა კავკასიაზე, ამას დაერთო შვიდიოდე წლის შემდგომ, 1461 წელს კიდევ ერთი სახელმწიფოს, ტრაპიზონის იმპერიის დაცემა, რის შემდეგაც ოსმალეთის იმპერია უშუალოდ გაუმეზობლდა საქართველოს.
ეს პირველი ნიშანია იმისა, რომ ოსმალეთის მზარდი იმპერია სრულიადაც არ დაკმაყოფილდება მიღწეულით, მისი სამიზნე ამჯერად სამხრეთი და დასავლეთი საქართველო ხდება, თუმცა, მომავალში ბუნებრივია, ის არც აღმოსავლეთ საქართველოს დამორჩილებაზე იტყვის უარს.
რატომ დაეხმარნენ ქართველები შაჰ ისმაილს თეთრბატკნიანებთან ბრძოლისას
საკმაოდ ინტენსიური და საინტერესო პროცესები მიმდინარეობს იმ პერიოდის ირანის ტერიტორიაზე, სადაც ხდება ახალი პოლიტიკური ერთეულის ჩამოყალიბება. სეფიანთა ირანის წარმოქმნას წინ უძღვის თეთრბატკნიანთა სამეფოს დაშლა, რომელსაც საკმაოდ ვრცელი ტერიტორია ეკავა, სამხრეთაზერბაიჯანელი მმართველი ისმაილი გამოდის თეთრბატკნიანებთან დაპირისპირების მოტივით, გადამწყვეტი ბრძოლა 1501 წელს ხდება, სადაც ისმაილი იმარჯებს და თავრიზს იკავებს.
სწორედ ასე ჩაეყარა საფუძველი სეფიანთა ირანს, სახელმწიფოს, რომელიც თავისი არსებობის მანძლზე შიშის ზარს სცემდა საქართველოს, პარადოქსი კი ის გახლავთ, რომ რომ არა ქართველთა დახმარება, რომ არა მათი თანადგომა აზერბაიჯანის შაჰ ისმაილისადმი, ასე მარტივად ვერ ჩამოყალიბდებოდა ირანის ისტორიაში ერთ-ერთი უძლიერესი ფორმაციის პოლიტიკური ერთეული.
არადა, საკმაოდ მწირი სამხედრო რესურსები ჰქონდა შაჰ ისმაილს, სულ რაღაც შვიდი ათასი მეომრის გამოყვანა თუ შეეძლო მას, აქ გადამწყვეტი გახლდათ ქართლისა და კახეთის მეფეთა და სამცხე-საათაბაგოს მმართველის დახმარება, მათ 9 ათასი მეომარი მიაშველეს ისმაილს, რამაც გადამწყვეტი როლი შეასრულა თეთრბატკნიანთა დამარცხებაში.
ერთი სიტყვით, ირანის აზერბაიჯანის შაჰის ისმაილისა და ქართველი მეფე მთავრების მოკავშირეობით შეიქმნა ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში ერთ-ერთი უძლიერესი პოლიტიკური ერთეული სეფიანთა ირანი.
მაშინ ბუნებრივია, არავინ უწყოდა, თუ როგორ მწარედ შემოუტრიალდებოდა აზერბაიჯანის ირანის შაჰთან მეკავშირეობა საქართველოს. საგულისხმო იყო ის, რომ თეთრბატკნიანი თურქმანი ტომების განადგურება ქართული სამეფო-სამთავროების ინტერესში შედოდა და მათი ნაბიჯიც კონკრეტული ამოცანის შესაბამისობით გახლდათ განპირობებული.
როგორ დასამარდა ერთიანი საქართველოს იმპულსები
ასე რომ, ერთი მხრივ, სეფიანთა ირანის, ხოლო მეორე მხრივ ოსმალეთის იმპერიის გაძლერებამ ფაქტობრივად განსაზღვრა საქართველოში მიმდინარე საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის პროცესები. ის პროცესები, რამაც საბოლოოდ დაასამარა საქართველოს ერთიანობის იმპულსები.
ამ იმპულსების დასამარებას მოჰყვა საქართველოს დაშლა ოთხ პოლიტიკურ ერთეულად, კახეთის, ქართლის, იმერეთის სამეფოებად და სამცხის სამთავროდ. საგულისხმოა, რომ დაქუცმაცების პროცესი აქ არ ჩერდება და იმერეთის სამეფო კიდევ უფრო მცირე სამთავროებად იშლება. ასე ჩნდებიან გურიის, სამეგრელოს სამთავროები.
ეს პოლიტიკური პროცესები თავისთავად ურთიერთდაპირისპირებითა და შუღლით გამოირჩევა, ჩაკეტილ სივრცეში სულ სხვა ცხოვრება მიდის, განსხვავებული ადრე არსებული მჩქეფარე ცხოვრებისგან. შესაბამისად, პოლიტიკური თვალთახედვის არეალი მცირდება - ახლა მეზობელი საფეოდალოს მამულს იქით ვერ ხედავს მეორე ფეოდალი სამყაროს. აქ მთავრდება მისი ორიენტირი.
სწორედ აქ, სხვადასხვა ვექტორში იკვეთება სამცხისა და იმერეთის ინტერესები, ასევე დაპირისპირებული არიან ქართლი და კახეთი, დიდი არეულობაა გურიისა და სამეგრელოს მთავრებს შორისაც.
როგორ მოერგო რომაული მოდელი "გათიშე და იბატონე" მაჰმადიანური იმპერიული პოლიტიკის მოდელს
საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი პროცესები მიმდინარეობს, უკეთესს რომ ვერ ინატრებს მტერი - განცალკევებულ და ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სამეფო-სამთავროებისათვის ერთმანეთთან ქიშპი და ომი ერთადერთ გასართობად ქცეულა. საქმე კი ის არის, რომ როცა ერთი წყნარადაა, მეორე იბრძვის და ეს ყველაფერი საკმაოდ დაბალანსებულია.
ასეთი ბალანსის პოლიტიკა აშკარად მაჰმადიანთა ინტერესშია, რამდენადაც ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ საქართველოს დაშლილი სამეფოები და სამთავრები არ გაერთიანდნენ და ერთიანი ძალით არ დაუპირისპირდნენ მათ.
სამწუხაროდ, იმდროინდელ საქართველოში საკმაოდ რთულად გასაცნობიერებელი აღმოჩნდა ის რეალობა, ეს დროებითი სიმშვიდე და პასიურობა სრულიადაც რომ არ იყო მარადიული მშვიდობის გარანტი და ადრე თუ გვიან მაჰმადიანური სამყარო სისხლის კალოს მათ თავზეც გალეწავდა.
როცა ქართლი იბრძოდა, კახეთი მშვიდად იყო, როცა კახეთს დაატყდა მაჰმადიანთა რისხვა, ქართლი გახლდათ გარინდებული - რომაული ფორმულა "გათიშე და იბატონე" საკმაოდ კარგად მოერგო მაჰმადიანური იმპერიული პოლიტიკის შუასაუკუნეების დროინდელ მოდელს.
და ეს ყველაფერი იმ სისხლიან ფონზე ვითარდება, დღემდე სამარცხვინო ლაქად რომ შემორჩა ჩვენი ქვეყნის ისტორიას.
კახეთის სამეფო კარის ინტრიგები
განსაკუთრებით აქტიურობს კახეთის მეფე ავ-გიორგი. ის გამუდმებით ლაშქრობს ქართლში. ასეთი დაპირისპირებები ჯერ კიდევ უცხოა ქართული ცნობიერებისთვის, ჯერ კიდევ ახსოვს ხალხს ქართლ-კახეთის არათუ პოლიტიკური, სულიერი ერთიანობა, ამიტომაც ულმობელი თიკუნით დაასაჩუქრა ქართველობამ კახეთის მეფე გიორგი და მას ავ-გიორგი უწოდა.
ავ-გიორგი, რომელმაც სულ ორიოდ წელი იმეფა კახეთში, ისეთი ცნობილი და აღიარებული მეფის შვილი გახლდათ, როგორიც ალექსანდრე იყო. ალექსანდრეს ეყო ჭკუა და გამოცდილება იმისათვის, რომ, ერთი მხრივ, შეენარჩუნებინა სიმშვიდე და გამოენახა საერთო ენა ოსმალეთთანაც და ირანთანაც. მაგრამ, სამწუხაროდ, ის ვერ აღუდგა წინ იმ ინტრიგებს, მის ოჯახში რომ იხლართებოდა.
მიზეზი ალექსანდრეს უფროსი ვაჟის, გიორგის განცდები იყო - ის რატომღაც ფიქრობდა, რომ მამამისი უმცროს შვილ დიმიტრის ამზადებდა ტახტის მემკვიდრედ.
გიორგის, რომელიც ჯერ კიდევ არ გახლავთ ავ-გიორგის თიკუნით დაჯილდოებული, ამოჩემებული ჰქონდა ქართლზე ლაშქრობა. სამწუხაროდ, ალექსანდრე უძლური გახლდათ, რაიმე ეღონა, ვერაფრით გადაათქმევინა შვილს, უკეთურ განზრახვაზე ვერ ააღებინა ხელი.
სწორედ ამ თემაზე გამწვავდა მათი დაპირისპირება. ქართლზე მორიგი ლაშქრობის წინ მამა-შვილს შორის შელაპარაკება დასრულდა იმით, რომ გიორგიმ მოკლა მამა, უმცროს ძმა დიმიტრის კი თვალები დასთხარა და კახეთიდან გააძევა.
ასე დაიკავა კახეთის სამეფო ტახტი გიორგიმ, ავ-გიორგის სახელით რომ შემორჩა ჟამთასვლას.
.როგორ იწყება მუხრან ბატონთა ზეობა ავ-გიორგისთან დაპირისპირების იდეით
ავ-გიორგის ასპარეზი გაეხსნა, აღარავინ ჰყავს ხელის შემშლელი, რასაც უნდა, იმას აკეთებს, როდესაც უნდა, მაშინ მიდის ქართლის ასაწიოკებლად.
ქართლში ამ დროს ზეობს დავით მეათე. ის უძლურია, ავ-გიორგის დაუხვდეს ტოლ-სწორად, ამას ყველა ხედავს, ყველა განიცდის, არადა, გამოსავალი უნდა მოინახოს, ასე გაგრძელება მეტი აღარ შეიძლება.
სწორედ ავ-გიორგისთან დაპირისპირებისათვის უფლისწულ ბაგრატის ინიციატივით იქმნება მუხრანის საფეოდალო. ამ ინიციატივის მიზეზი მარტივია - კახეთიდან მოსალოდნელი თავდასხმების აღკვეთა სასიცოცხლოდ აუცილებელია, ეს კი სწორედ სამუხრანბატონომ, როგორც კახეთის სამეფოს მოსაზღვრე საფეოდალომ, უნდა იტვირთოს.
ასე ჩამოუყალიბდა ქართლის შუაგულში ბაგრატიონთა საგვარეულო საფეოდალო, უნდა ითქვას, რომ ის პრაქტიკული ამოცანა, რა მიზანიც მას გააჩნდა, წარმატებით გადაიჭრა, ბაგრატმა შეიპყრო ავ-გიორგი. თუმცა, მანამდე ჯერ კიდევ რამდენიმე წელია დარჩენილი...
.ამბავი ბაგრატის თევზისა და ავ-გიორგის ღვინისა
ავ-გორგისა და ბაგრატის დაპირისპირების საკმაოდ საინტერესო ეპიზოდი შემოგვინახა ზეპირსიტყვიერებამ. ქართლზე ერთ-ერთი ლაშქრობისას ავ-გიორგიმ ალყაში მოაქცია ციხე, სადაც ბაგრატი იყო გამაგრებული. საკმაოდ რთული იყო ციხის აღება, ალყა კი უჩვეულოდ დიდხანს გაგრძელდა.
ავ-გიორგიმ ფსიქოლოგიური ზემოქმედება სცადა მოწინააღმდეგეზე. ბაგრატს ციხეში ერთი ხელადა ღვინო გაუგზავნა და თან შიკრიკს დააბარა - რომ მოსწყურდება, ეს ღვინო მიირთვასო. ავ-გიორგის ძღვენი მიიღეს ციხეში, თუმცა, მოხდა ის, რასაც კახეთის მეფე ვერ წარმოიდგენდა - ალყაშემორტყმული ციხიდან ახლად დაჭერილი კალმახი გამოუგზავნეს და შიკრიკს ავ-გიორგისთან დააბარეს - უკვე მერამდენე დღეა, ქსნის ნაპირზე უქმად დგახარ, თევზი არ გიგემია, ჰოდა, გიგზავნით, გემრიელად მიირთვიო.
ამის შემდეგ აშკარა იყო კახელებისთვის, რომ ციხის აღება შეუძლებელი იქნებოდა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ციხეს მდინარეზე გასასვლელი გააჩნდა. ამიტომაც მოხსნეს ალყა, ციხეს კი უცნაური სახელი შეარქვეს, საკმაოდ უცენზურო - ისეთი, საქვეყნოდ თქმა, მით უმეტეს დაწერა რომ არ ჯდება არანაირ ეთიკურ ნორმებში.
როგორ დასრულდა ქართლ-კახური სამარცხვინო კატათაგვობანა
1513 წელს დამთავრდა ქართლკახური სამარცხვინო კატათაგვობანა - როგორც იქნა, ბაგრატმა შეიპყრო ავ-გიორგი. კახეთის მეფეს ქართლი ისევ აეწიოკებინა და ნადირობიდან ბედნიერი ბრუნდებოდა შინ, თან მცირე ამალა ახლდა. უძლური აღმოჩნდა ქართლელების წინაშე მამის მკვლელი გიორგი.
ავ-გიორგი ციხეში მალე გარდაიცვალა, წყაროები არაფერს ამბობენ, როგორ მოკვდა ის, თუმცა, თუკი მის ნამოქმედარს გავითვალისწინებთ, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ის მოკლეს.
ავ-გიორგის შეპყრობისთანავე ქართლის მეფე დავით მეათე გადადის კახეთში და კახეთის სამეფოს ქართლის სამეფოსთან აერთიანებს.
როგორ იკვეთებოდა მრისხანე შაჰ-თამაზის ლანდი
თუმცა, რჩება კიდევ ერთი საჩოთირო მომენტი, ავ-გიორგის შვილი ჰყავს, მცირეწლოვანი ლევანი, რომელსაც ბუნებრივია, სულ მალე კახელები ქართლელების წინააღმდეგ ბრძოლაში კოზირად გამოიყენებენ. ამიტომაც საჭიროა ლევანის ხელში ჩაგდება. ეს საქმეც ბაგრატ მუხრან ბატონმა იტვირთა.
კახეთში, ჩოლოყაშვილის სასახლეში საქართველოს ისტორიის საკმაოდ საინტერესო ეპიზოდი ჩაიწერება, ეპიზოდი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ერთდროულად ბოლომდე მართალი დარჩე საკუთარ თავთანაც, უფლისწულთანაც და მეფესთანაც...
სულ რამდენიმე ხანში, 1518 წელს ლევანი კახეთის ტახტს იბრუნებს და ქართლ-კახეთის სამეფო ისევ იშლება... ქართლში კი ასპარეზზე გამოდის დავით მეათის ძე, ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული მეფე, ლუარსაბ პირველი, კაცი, რომელსაც უნდა ვუმადლოდეთ, რომ ქართველობა შეგვინარჩუნა...
მის დროს შიდაპოლიტიკურ კატათაგვობანას საგარეო საფრთხეებიც დაემატება... ახლა საქართველოზე კბილებს შაჰ-აბასის პაპა, შაჰ თამაზი ილესავს...