ია აბულაშვილი
29.03.2017

 დღესაც და ადრეც ასეთი აზრი იყო დამკვიდრებული, რომ საბჭოთა პერიოდის პარტიული ფუნქციონერის ცხოვრება უშუალო, ადამიანურ ურთიერთობებს მოკლებული იყო და მათი ცხოვრება მხოლოდ კაბინეტებში პარტიული სამუშაოთი შემოიფარგლებოდა. ეს ამბავი რომ მთლად ასე არ ყოფილა, რამდენიმე საინტერესო მოგონება გვინდა გავიხსენოთ ცეკა-ს ყოფილი პირველი მდივნის ვასილ მჟავანაძის პარტიული ცხოვრებიდან. ამ მოგონებების ავტორთა უმრავლესობა კი უბრალო რიგითი ადამიანები არიან, რომლებიც იმ ეპოქის თვითმხილველი და მონაწილე იყო.

თბილისელი ჯუმბერ გიგაური: "მაშინ 14 წლის ბიჭი ვიყავი. სვანეთის უბანში ვცხოვრობდი. ჩემ მეზობლად ქურთი ჯალილა ცხოვრობდა. 45 წელი უსრულდებოდა ჯალილას და გადაწყვიტა, დიდი დაბადების დღე გადაეხადა. თბილისელებმა ვიცოდით, რომ ცეკა-ს პირველი მდივანი ვასილ მჟავანაძე ხალხში დადიოდა, ესაუბრებოდა და ეხმარებოდა მათ.

ჯალილამ მეზობლებს უთხრა - ყველა რაღაცას სთხოვს ვასილ პავლოვიჩს, მე კი დაბადების დღეზე დავპატიჟებ, აბა, ვნახოთ, თუ მიკადრებს და მოვაო. ადგა ჯალილა და ცეკა-ში დეპეშა გააგზავნა ვასილ მჟავანაძის სახელზე: ძალიან გთხოვთ, დაბადების დღეზე მეწვიოთო. მეზობლებმა დასცინეს, ეგღა აკლია ცეკა-ს პირველ მდივანს, შენთან სტუმრად მოვიდესო. არც ჯალილას სჯეროდა, რომ მჟავანაძე მის დაბადების დღეზე მოვიდოდა, მაგრამ მაინც გაბედა.

ეზოში სუფრაა გაშლილი, ჯალილა დაბადების დღეს იხდის, - ნათესავები, მეზობლები, მეგობრები სხედან და ქეიფობენ. ამ დროს შავი "ზიმი" გაჩერდა და... გაოცებული სუფრის წევრები თვალებს არ ვუჯერებთ - თვით ვასილ მჟავანაძე ორ თანმხლებ პირთან ერთად ჩვენკენ მოდის, ყველანი გამშრალი და დამუნჯებული შევცქერით, ყველაზე მეტად კი ჯალილა დაიბნა, ხმას ვეღარ იღებდა. უხერხულობა თავად ვასილ პავლოვიჩმა დაარღვია, ძალიან უშუალოდ, უბრალოდ მოგვესალმა ყველას და სუფრასთან დასხდნენ. მჟავანაძემ სამი სადღეგრძელო დალია. პირველად სუფრის ყველა წევრი გვადღეგრძელა. შემდეგ ჯალილა დალოცა, ბოლოს კი ყველა ეროვნების - ქურთების, სომხების, ქართველებისა და სხვათა ძმური ცხოვრება ადღეგრძელა".

წყნეთელი მემაწვნე ნორა ზურაბაშვილი: "ზამთარი იყო. თოვდა. ქალაქში მაწონი გავყიდეთ და წყნეთში ვბრუნდებოდით. გაჩერებაზე რამდენიმე ქალი ვიდექით. ავტობუსი იგვიანებდა. ამ დროს სახელმწიფო მანქანა გაჩერდა და "ვიღაცამ" გვკითხა, - საით მიდიხართ? - მაწონი გავყიდეთ და წყნეთში გვინდა წასვლა, - ვუპასუხეთ ქალებმა; - ჩასხედით? -გვითხრა იმ "ვიღაცამ" მანქანიდან.

ძალიან ბნელოდა და სახეზე ვერ ვიცანით, ვინ იყო. ჩავსხედით მანქანაში. ავუყევით წყნეთის გზას... თურმე ვასილ პავლოვიჩი არ ყოფილა? თავიდან ძალიან მოგვერიდა. გავისუსეთ, მაგრამ ისე თბილიად გვესაუბრებოდა ჩვენი ცხოვრების შესახებ, რომ უხერხულობას ვეღარ ვგრძნობდით. ყველანი სახლებში მიგვიყვანა. ბევრჯერ ფეხითაც ჩამოუვლია წყნეთში, გვესალმებოდა ხოლმე, გამოგვკითხავდა, როგორ ცხოვრობთ, რა გიჭირთო. მარტო სიარულის არ ეშინოდა."

"თურმე ვიღაცას შინ ერთი ცალი მოპარული თუნუქი მიჰქონდა და დაუჭერიათ. ეს ამბავი მჟავანაძის ყურამდე მისულა. მჟავანაძეს დაუვალებია, გაეგოთ - ვინ იყო და რატომ მოიპარა. როცა მოუხსენებიათ, წვრილშვილიანი კაცია და სახლის გადასახურად უნდოდაო, ვასილ პავლოვიჩს უთქვამს, გაათავისუფლეთო, სამყოფი თუნუქი კი თავად გაუგზავნია მისთვის."

"ფერმაში თურმე ერთ თანამდებობის პირს ტომარა ფქვილი მოუპარავს. ატყდა ერთი ამბავი. კრებაზე გაიყვანეს და პარტიიდანაც გარიცხვას უპირებდნენ. უსმენს თურმე მჟავანაძე და მერე უკითხავს ამ კაცისთვის, რამდენი შვილი გყავსო; შვიდიო, უპასუხია დასაჭერად გამზადებულ კაცს. მჟავანაძეს უთქვამს, კაცმა საქართველოს შვიდი შვილი აჩუქა; ე.ი. ჩვენ მოვაკელით მას ყურადღება, რამაც აიძულა, ეს ნაბიჯი გადაედგაო, " - იხსენებს ცეკა-ს ყოფილი თანამშრომელი მაღრაძე.

აყაზბეგის რაიონის ყოფილი რაიკომის მდივანი ვალიკო ფირანიშვილი: "1962 წელია, თბილისში გამომიძახეს. იქ კი ცეკა-ს მდივანმა გიორგი გეგეშიძემ მითხრა: დღეს ამა და ამ საათზე თბილისიდან რომ გახვალ, გზაზე "პირველი" ე.ი. ვასილ პავლოვიჩი დაგელაპარაკებაო. მივხვდი, ძალიან სერიოზულად იყო საქმე. მართლაც თბილისიდან გავედი თუ არა, ვხედავ, მჟავანაძის ავტომანქანა დგას. გადმოვედი. ვასილ პავლოვიჩიც გადმოვიდა;

- რა ხდება ფირანიშვილი? - მეუბნება. ვუყურებ გაჩუმებული, არ ვიცი, რა ვუთხრა. რამდენი ცხვარი ჰყავთ ყაზბეგელ გლეხებს პირად მფლობელობაში? - მეკითხება. არ დამიმალავს - 50 ცხვარი-მეთქი, ვუპასუხე. დაქირავებულ შრომას ხომ არ იყენებენ, მოჯამაგირეები ხომ არ ჰყავთო? - ჩამეკითხა. არა-მეთქი, ვიუარე და მჟავანაძემაც შვებით ამოისუნთქა, კარგი, ვალიკო, იყოლიონ ცხვრები. ყელში არ წვდე გლეხებს, კოლმეურნეობაში რამდენი ცხვარია თითოეულ გლეხზე განპირობებულიო? 100-მეთქი, ვუპასუხე. მჟავანაძე მეუბნება - იყოლიონ 100 ცხვარი, ოღონდ მოჯამაგირეები არ დაიყენონო.

თურმე, ერთ-ერთ რაიკომის მდივანს ცეკა-ს მეორე მდივანთან, კოვანოვთან დავუბეზღებივარ - ყაზბეგში ფირანიშვილს კულაკები ჰყავს, ცხვარს ამრავლებენ, მჟავანაძე ხელს უწყობს და ამ ამბავს ხრუშჩოვს უმალავენო. მჟავანაძეს არ უნდოდა, ამაზე ცეკა-ში დამლაპარაკებოდა, რადგან იქ ასი თვალი და ყური იყო. ამიტომ ქალაქის გასასვლელში დამიბარა".

ოთარ ჭითანავა: "ოცი წლის განმავლობაში ინტენსიურად შენდებოდა ენგურჰესი და მას მთელი საქართველო აშენებდა. მჟავანაძის პენსიაზე გასვლის შემდეგ კი ტემპმა იკლო; 40 წელი გავიდა და ენგურჰესის მშენებლობა ახლაც არ არის დამთავრებული. ის კი არა, რაც აშენდა ისიც ინგრევა..

ერთ დღეს ენგურჰესზე მჟავანაძე ჩამოვიდა. მშენებლობის დაწყებიდან დაახლოებით ათი წელი იყო გასული. ადგილობრივ მცხოვრებთ, რომელთაც ადრე მიწურები ჰქონდათ, ირგვლივ ორსართულიანი სახლები წამოეჭიმათ. ვიღაცამ მჟავანაძეს უთხრა, გარშემო დიდი სახლები რომ არის აშენებელი, ენგურჰესიდან მოპარული ცემენტითააო. გადახედა მჟავანაძემ სახლებს, სახეზე სიამოვნება დაეტყო, მარლაც ლამაზი სახლები იყო, და თქვა: - ცემენტი ბევრია, ენგურჰესს რომ სჭირდება, იმაზე მეტი. ხალხმა სახლები თუ აიშენა, ამაზე კარგი რა უნდა იყოს - კუთხე გალამაზდა, ოჯახები გამრავლდა, საქართველო დამშვენდა...".

გიგა ლორთქიფანიძე: "კახეთში ერთ-ერთ კოლმეურნეობის თავმჯდომარეს რამდენიმე სახლი აუშენებია თავისთვის და ამის თაობაზე ცეკა-ში ოფიციალური წერილი შევიდა. მჟავანაძეს უყვარდა კახეთი, ხშირად დადიოდა. მოხდა ისე, რომ მაშინ ცეკა-ს რამდენიმე წარმომადგენელთან ერთად მჟავანაძემ კახეთში წამიყვანა. მივედით კოლმეურნეობის თავმჯდომარესთან და ვხედავთ - წამოჭიმულია ერთი სახლი, მეორე, მესამე...

თავმჯდომარე დამფრთხალი დაგვხვდა. მჟავანაძემ უთხრა, რამ გაგაფუჭა ქართველი კაცი, გაშალე სუფრა, სტუმრები მიგვიღეო. გამოცოცხლდა ეს კაცი, სულ მთლად დაღუპული არ არის ჩემი საქმეო. გაშალეს სუფრა და შემოვიდნენ ოჯახის წევრები - დაახლოებით 35 სული. ესენი ვინ არიანო? - ჰკითხა მჟავანაძემ. ჩემი შვილები და შვილიშვილები არიანო - მიუგო თავმჯდომარემ. ხუთი კი არა, ათი სახლი გეკუთვნისო...

როცა მჟავანაძეს კახეთის ნავთობის საბადოების გეგმა წარუდგინეს, უთხრა, ეგ ამბავი სარკეში რომ ჩაიხედავთ, საკუთარ თავსაც კი აღარ გაუმეოროთ... კახეთს ნავთობს არ გავაფუჭებინებო. მას არ უნდოდა, კახეთის ნავთობის შესახებ რუსეთს გაეგო რამე".

ვასილ მჟავანაძის პირადი მძღოლი ანდრო ნადირაშვილი: "კახეთში მივდივართ, შემოგომაა. მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე გივი ჯავახიშვილიც მანქანაში ზის და ვასილ პავლოვიჩს ეუბნება: კოსიგინმა ბრძანება გამოგზავნა - არყის გამოხდა აიკრძალოსო. ვასილ პავლოვიჩს ხმა არ ამოუღია. ცოტა ხნის შემდეგ მითხრა, ზემოთ აუხვიეო. ავედით სოფელში. არყის გამოხდის დროს კახეთში ქეიფი იციან. სახელმწიფო მანქანა რომ დაინახეს, გამოეფინენ, ყველას ვასილ პავლოვიჩის მიპატიჟება უნდოდა. გადმოვიდა მანქანიდან და ერთ-ერთ ოჯახში შევედით. მასპინძლები დატრიალდნენ - სახელდახელოდ გამოიტანეს ხილი, არაყი. დავლოცეთ ოჯახი, ორმოცი წუთი მაინც გავჩერდით. ისევ მანქანაში ჩავსხედით. ვასილ პავლოვიჩი ეკითხება - როგორია, მოგეწონაო? - ძალიანო! - უპასუხა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ. ჰოდა, თუ კარგია, ის ქაღალდი რომ გაქვს, არ გამოაჩინო, გადააგდეო."

დედოფლისწყაროს სოფელ გამარჯვების კოლმეურნე გოდერძი პოპიაშვილი: "ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარე ვანო ფიროსმანაშვილი დილაადრიან კალოზე მიდიოდა, სანამ ცენტრალური გზიდან ჩვენს კალოსთან მისასვლელად გადასახვევს მიაღწევდა, დაინახა, რომ კოლმეურნეობის ნაკვეთის თავში 500-600 მეტრში ნამჯის ზვინთან მსუბუქი ავტომანქანა იდგა. მიუახლოვდა და რას ხედავს - ვასილ პავლოვიჩი და მისი მძღოლი აკაციის ჩრდილში სხედან, მოლზე პატარა სუფრა გაუშლიათ... პური, ყველი, პომიდორი და საუზმობენ. თავმჯდომარე დაიბნა, აღარ იცოდა, რა ექნა, მაგრამ ისევ მჟავანაძემ გამოიყვანა მდგომარეობიდან და სუფრასთან მიიპატიჟა. ვანომ თავისი საგზალი მიამატა და ერთად ისაუზმეს. ვასილ პავლოვიჩს ვანოსთვის კოლმეურნეობის ამბები გამოუკითხავს, ნათესები დაუთვალიერებია და უკან თბილისში დაბრუნებულა."

ვასილ მჟავანაძის ქალიშვილი ნინა მჟავანაძე: "მამას ძალიან უყვარდა ფეხით სიარული, მძღოლს ანდრო ძიას ცეკა-სთან დაიბარებდა, თვითონ კი ფეხით მიდიოდა. იმხანად კალანდაძის ქუჩაზე ვცხოვრობდით. მამა ძალიან პუნქტუალური იყო და ზუსტად ერთსა და იმავე დროს გადიოდა სახლიდან. ვერაზე მოგეხსენებათ, ძველი ბინებია და ზოგიერთი ფანჯარა პირდაპირ ქუჩაში, გზის პირზე გამოდის. პირველ სართულზე თურმე ქალი ცხოვრობდა, რომელიც დაინახავდა თუ არა მამას ფანჯარაში, შვილს აღვიძებდა, - ადე, შვილო, მჟავანაძე უკვე სამსახურში მიდის, სკოლაში არ დაგაგვიანდესო.

აყოველ ცისმარე დღეს ასე მეორდებოდა. ერთ დღესაც ჩაიარა მამამ იმ ფანჯარასთან და ქალის ხმა არ მოესმა. გაჩერდა, დააკაკუნა ფანჯარაზე და ბავშვს უთხრა - ადექი, შვილო, სამსახურში მივდივარ, სკოლაში რა დაგაგვიანდესო. ბავშვი წამომხტარა და გაოცებული უყურებდა.

მამა მოსკოვში გარდაიცვალა, თბილისში რომ გადმოვასვენეთ, პანაშვიდზე უამრავი ხალხი მოდიოდა, უმეტესწილად - უბრალო, რიგითი ადამიანები. როდესაც სასაფლაოზე მამას ცხედარს უკანასკნელად გამოვემშვიდობეთ, როგორც წესი, ქალები წამოვედით. ჩემი ძმა და მამას მძღოლი ანდრო დარჩნენ. მოშორებით მოხუცებული, შავებში ჩაცმული ხუთი თუ ექვსი კაცი შევნიშნე. პატარა შავი საკვოიაჟებით ხელში. ჩუმად იდგნენ. მერე ჩემს ძმასთან მივიდნენ და სთხოვეს, გვინდა უკანასკნელი პატივი ვცეთ და მანამ მიწას მიაბარებთ, უფლება მოგვეცით, მის ცხედართან დავუკრათო. ძველი ქართული საკრავები ამოიღეს და მამას ცხედართან დაუკრეს. ეს მოხუცები, თურმე ცნობილი სახალხო დამკვრელები, ქსოვრელები ყოფილან. მამა ამბობდა ხოლმე, ისე უნდა იცოცხლო, რომ სასაფლაოს დარაჯსაც კი ცრემლი წამოუვიდესო. ასეც იყო. სასაფლაოს დარაჯიც იქ იდგა თვალზე ცრემლმომდგარი."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×