ია აბულაშვილი
31.03.2017

 "1991 წლის 31 მარტი იყო უდიდესი მოვლენა საქართველოს ისტორიაში, რომელმაც ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის იურიდიული გარანტია შექმნა" - ასე აფასებენ ისტორიკოსები ამ ღირსშესანიშნავ თარიღს.

ამ თემაზე ბევრი დაწერილა და მომავალშიც ბევრი დაიწერება, თუმცა დღევანდელ სტატიაში გვინდა რამდენიმე ისტორიული ფაქტი გავიხსენოთ 26 წლის წინ საქართველოში სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხზე ჩატარებული პირველი რეფერენდუმის შესახებ.

რა ხდებოდა საქართველოში რეფერენდუმის ჩატარების წინ

როგორც ისტორიკოსები ამბობენ, 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ საქართველოში 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობის აღდგენის სურვილი გაძლიერდა.

საქართველოს სსრ-ის უზენაესი საბჭო კომუნისტური რეჟიმის დასუსტების, ეროვნული მოძრაობის და საზოგადოებრივი აზრის ზეგავლენის პირობებში იძულებული გახდა, 1990 წლის 9 მარტსა და 20 ივნისს მიეღო დადგენილებები, რომლებითაც, ფაქტობრივად, უკანონოდ ცხადდებოდა საბჭოთა ხელისუფლება საქართველოში.

9 მარტს უზენაესი საბჭოს რიგგარეშე სესიაზე მიღებულ იქნა დადგენილება "საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის გარანტიების შესახებ", რომლითაც აღიარებული იქნა, რომ 1921 წლის თებერვალში საქართველოში საბჭოთა რუსეთის ჯარების შემოყვანა და მთელი ტერიტორიის დაკავება სამართლებრივი თვალსაზრისით იყო ინტერვენცია და ოკუპაცია არსებული პოლიტიკური წყობის დამხობის მიზნით, ხოლო პოლიტიკური თვალსაზრისით - ანექსია.

საქართველოს სსრ-ის უზენაესმა საბჭომ აღიარა მრავალპარტიული არჩევნები და მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალა დაკანონებული იქნებოდა არა როგორც საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ფორმალური გამგრძელებელი, არამედ როგორც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართალმემკვიდრე.

არჩევნები დაინიშნა 1990 წლის 28 ოქტომბერს. მასში კომუნისტური პარტია დამარცხდა და გაიმარჯვა პოლიტიკურმა ბლოკმა "მრგვალი მაგიდა- თავისუფალი საქართველო", რომელსაც ზვიად გამსახურდია ხელმძღვანელობდა.

საქართველოს უზენაესი საბჭო, როგორც ქართველი ხალხის ნების გამომხატველი, ლეგიტიმური უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, მიზანმიმართულად შეუდგა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას.

საქართველოს უზენაესი საბჭოს ძირითადი ამოცანა იყო საბჭოთა ინსტიტუტების გაუქმება და სანაცვლოდ ეროვნულ - სახელმწიფოებრივი დემოკრატიული სტრუქტურების ფორმირება.

საბჭოთა კავშირის შენარჩუნების მიზნით კი კრემლში ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულება შეიმუშავეს. საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი სუვერენული საბჭოთა რესპუბლიკების კავშირად - ახალ ნებაყოფლობით, დემოკრატიულ- ფედერაციულ სახელმწიფოდ უნდა ჩამოყალიბებულიყო პრინციპით: - "ძლიერი ცენტრი- ძლიერი რესპუბლიკები", რაზეც საქართველოს ხელისუფლებამ გადაჭრით განაცხადა, რომ ამ ხელშეკრულებაზე ხელს არ მოაწერდა.

შექმნილ ვითარებაში საკავშირო სახელმწიფო გადარჩენის ბოლო საშუალებად მიჩნეულ იქნა მოსახლეობის პლებისციტი - რეფერენდუმი, რომლის ჩატარება 1991 წლის 17 მარტისთვის დაინიშნა.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალა საკავშირო რეფერენდუმი და მის საპირისპიროდ ეროვნული რეფერენდუმის ჩატარების დადგენილება მიიღო.

რეფერენდუმი დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 28 თებერვლის დადგენილების საფუძველზე. ამ დადგენილებით გაუქმდა საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის მიერ 1991 წლის 17 მარტს დანიშნული რეფერენდუმი სსრ კავშირის შენარჩუნების საკითხზე და 1991 წლის 31 მარტს დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე.

დღესაც ბევრს ჰგონია, რომ 26 წლის წინ საქართველოში ჩატარებული საერთო- სახალხო რეფერენდუმი საგანგებოდ დაამთხვიეს პირველი პრეზიდენტის-ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს, მაგრამ ამ ფაქტს გამსახურდიას თანამედროვეები სხვა ფაქტორებით ხსნიან და ამბობენ, რომ მას თარიღზე არ უფიქრია.

9 აპრილი მოდიოდა, რომელიც ქართველებისთვის როგორც ტრაგიკული, ასევე ყველას გამაერთიანებელი დღე იყო. თანაც 1990 წლის ოქტომბერში ეროვნული მოძრაობიდან მოსული ხელისუფლების წინაშე უამრავი გადასაჭრელი პრობლემა იდგა.

უნდა გარკვეულიყო სსრ კავშირის მემკვიდრეობის საკითხი, დაჩქარებულიყო დიპლომატიური საქმიანობა საერთაშორისო არენაზე მას შემდეგ, რაც ქვეყანა დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა.

მთავარი კი იყო ის, რომ ჯერ ხალხს, სრულიად საქართველოს, ქართველ და არაქართველ მოსახლეობას, ქვეყნის მოქალაქეებს უნდა გაეცათ პასუხი კითხვაზე - სურთ თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობა.

უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ნემო ბურჭულაძე იხსენებს: "დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის ჩატარება დააჩქარა საბჭოთა კავშირის მასშტაბით ჩატარებულმა რეფერენდუმმა, რომლის შეკითხვა ასეთი სახით იყო ჩამოყალიბებული - გსურთ თუ არა საბჭოთა კავშირის შენარჩუნება?

სხვა ყოფილმა რესპუბლიკებმა მიიღეს მონაწილეობა, ჩვენ კი უარი განვაცხადეთ და ამის საპასუხოდ ჩავატარეთ ჩვენი რეფერენდუმი, რაც ძალიან რთული იყო, თუნდაც მწირი ტექნიკური შესაძლებლობების გამო. მაგრამ სულ რაღაც ორ კვირაში მოვამზადეთ ყველაფერი და ჩავატარეთ რეფერენდუმი.

მაშინ მოსახლეობის განწყობაც სხვანაირი იყო. 90%-ზე მეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. რეფერენდუმი გაიმართა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. მათ შორის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას აფხაზეთში მცხოვრებმა 210 000 ხმის უფლების მქონე ქართველმა და აფხაზმა დაუჭირა მხარი.

გარდა ამისა, რეფერენდუმში მონაწილეობდნენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოში მაშინდელი მოსახლეობის 32%-ს შეადგენდნენ.

წინააღმდეგობა იყო, ჩვენ გვიწევდა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა რუსეთთან, რომელიც წინააღმდეგობას გვიქმნიდა. 1991 წლის 31 მარტს არანაირი ექსცესი, არანაირი დაპირისპირება, არანაირი ყოყმანი არ ყოფილა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ხმის მისაცემად უპრეცედენტოდ ბევრი ხალხი მოვიდა, არც ერთ შემდგომ პერიოდს ასეთი რამ არ ახსოვს" - ამბობს ნემო ბურჭულაძე.

რეფერენდუმის შედეგები

1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა საყოველთაო -სახალხო რეფერენდუმი. რეფერენდუმის შეკითხვას - "ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?" საქართველოს მოსახლეობის 98%- მა დადებითი პასუხი გასცა.

რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე კი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

ცენტრალურ საარჩევნო და სარეფერენდუმო კომისიაში რეფერენდუმის და არჩევნების მიმდინარეობის შესახებ პირველი ოპერატიული ცნობები ადგილებიდან დილის 9 საათისთვის მოვიდა.

1991 წლის 5 აპრილს გამოქვეყნდა რეფერენდუმის შედეგები, რომელიც მიღებული იყო საქართველოს მთელი ტერიტორიიდან, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ჩათვლით. ამომრჩეველთა საერთო რიცხვი იყო 3072 423; რეფერენდუმის მონაწილეთა რიცხვი-3 334 236, რაც ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 90%-ს შეადგენდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ამომრჩეველთა რიცხვი იყო 347.175.

რეფერენდუმში მონაწილეობდა 61%-ზე მეტი ამომრჩეველი. ცხინვალში რეფერენდუმის კითხვას დადებითი პასუხი გასცა 10 180 ამომრჩეველმა.

რეფერენდუმის შედეგები იმავე დღეს ლეგიტიმურად ცნო აშშ-ს კონგრესმა. 1991 წლის აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობა დე- იურედ ცნეს: რუმინეთმა, უკრაინამ, თურქეთმა, ყაზახეთმა, მონღოლეთმა, ლიტვამ, კანადამ, მოლდოვამ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა.

1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის სამართლებრივი და პოლიტიკური მნიშვნელობა

კონსტიტუციონალისტთა და ისტორიკოსთა შეფასებით, 31 მარტი იყო ის დღე, როდესაც რეფერენდუმი ჩატარდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

მათი თქმით, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, ქვეყანამ დაკარგა აფხაზეთი და სამაჩაბლო, მაგრამ 31 მარტის რეფერენდუმი მაინც მტკიცე იურიდიულ არგუმენტად რჩება.

ამის ნათელი დადასტურებაა საქართველოს კონსტიტუცია, სადაც წერია, რომ "საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ- ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით".

31 მარტის რეფერენდუმის ერთ-ერთი უმთავრესი პოლიტიკური ღირებულება იყო ის, რომ იგი გაიმართა საქართველოს რესპულიკის იურისდიქციის ქვეშ მყოფ მთლიან ტერიტორიაზე და ნებისმიერი საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტი საქართველოსთან მიმართებაში იქნება ბათილი, თუ იგი არ გაითვალისწინებს 31 მარტის რეფერენდუმით ჩამოყალიბებულ სამართლებრივ რეალობას.

როგორც ისტორიკოსები ამბობენ, ეს რეფერენდუმი გაიმართა მაშინ, როცა საბჭოთა კავშირი დაშლილი არ იყო. პირიქით, რუსეთი ცდილობდა სსრკ-ს შენარჩუნებას. ამ რეფერენდუმით საქართველოს მოსახლეობის რეკორდულმა ნაწილმა, და არა მარტო ქარველებმა, ქვეყნის დამოუკიდებლობა ისურვა და უარი თქვა საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობაზე.

ასევე მნიშვნელოვან მომენტად თვლიან იმას, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ საქართველო სწორედ ამ რეფერენდუმის შედეგებისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის საფუძველზე აღიარა; ანუ საქართველო აღიარა იმ საზღვრებში, რა საზღვრებშიც ის იყო, სანამ ტერიტორიული მთლიანობა დაირღვეოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×