"ის რომ ახალი ცივი ომი უკვე მიმდინარეობს და შავი ზღვის რეგიონი ამის ცენტრალური ადგილია, ეს უკვე შემდგარი ფაქტია", - ასე აფსებენ ექსპერტები შავი ზღვის რეგიონში ნატოსა და რუსეთის სამხედრო წვრთნების ტერიტორიულ სიახლოვეს, რომელსაც საერთაშორისო მედია "სახიფათო თამაშად" მოიხსენიებს.
ოთხშაბათს, წვრთნების ფარგლებში, რუსული სარაკეტო გემების, ასევე თავდასხმითი და სადესანტო თვითმფრინავების გამოცდა მოხდა, რასაც რუსეთის მხარე თავდაცვითი სისტემების შემოწმებით ხსნის.
სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ამ წვრთნებით ნატოც და რუსეთიც სამხედრო მუქარის რეჟიმშია გადასული.
"ამჟამად ვითრება არის იმგვარი, რომ ორივე მხარე სამხედრო მუქარებზე და ძალების დემონტსტრირებაზე გადავიდა. წვრთნების დაწყება ერთდროულად, ასე ახლოს, განსაკუთრებით რუსული მხარის მხრიდან, რომელმაც არაგეგმიურად და მოულოდნელად დაიწყო, როგორც ხედავთ, საკმაოდ რთულ სიტუაციას ქმნის", - ამბობს ვახტანგ მაისაია.
მისივე შეფასებით, ახლა მთავარია, ამ ყველაფერმა უფრო ფართომასშტაბიანი შეიარაღებული დაპირისპირების ხასიათი არ მიიღოს.
"რუსეთი უკვე საუკუნეა რაც შავ ზღვას თავის შიდა ტბად თვლის, იქ თურქეთის გემებსაც კი რთულად იტანს და რასაკვირველია, დასავლეთის გემები და სამხედრო ფლოტი, მისთვის გამაღიზიანებლია", - ამბობს სოსო ცინცაძე.
მისივე თქმით, საერთაშორისო ნორმების და წმინდა იურიდიული თვალსაზრისით, რუსეთის უფლებები არ ირღვევა, შესაბამისად, მოსკოვს არ აქვს საბაბი, რომ საკითხი გაეროში დააყენოს ან საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართოს პრეტენზიით, რაც მას კიდევ უფრო აღიზიანებს.
"ამას თვლის დასავლეთის თავხედობად, მისი პოზიციაა, რომ აშშ-ს, ნატოს შავ ზღვაში, არაფერი ესაქმება. მაგრამ მარტო შავი ზღვა ხომ არ არის, მთელ პერიმეტრზე რუსეთი უკვე სამ სამხედრო ბრიგადას ქმნის და დიდი ნაწილი უკვე განალაგა კიდეც დასავლეთის საზღვარზე.
"თავის მხრივ, ნატოსაც ბალტიისპირეთში, პოლონეთში შეჰყავს ჯარები და კიდევ უფრო ძლიერდება. ასევე, ტრამპი 54 მილიარდით ზრდის სამხედრო ხარჯებს. ეს ყველაფრი კი რა თქმა უნდა, ცეცხლთან თამაშია", - ამბობს ცინცაძე.
როგორც ის აცხადებს, დიდი კატასროფა მოსალოდნელი არ არის, მაგრამ მსოფლიო რომ სახიფათო გზით მიდის, ეს ფაქტია.
"პროვოკაცია, რომელსაც შეიძლება ბირთვული ომი მოჰყვეს, ამის საშიშროება არ არსებობს, ვინაიდან ფანატიკოსი გიჟები კრემლში არ სხედან. იქ არიან ისეთი ადამიანები, ვინც გემო გაუგო კარგ ცხოვრებას.
"თუნდაც, ანტიკორუფიული აქციის მაგალითი რომ გავიხსენოთ, რომელიც მედვედევის დაგროვილმა ქონებამ გამოიწვია, როგორ ფიქრობთ, პუტინს მასზე ნაკლები აქვს?! ესენი მიეჩვივნენ კარგ ცხოვრებას. გარდა ამისა, კრემლის უახლოესი გარემოცვა, მთელი მილიარდელების კამპანია, როგორ ფიქრობთ, თვითმკვლელობაზე წამსველელები არიან? - გამორიცხულია.
"ამათ ყველას მთელი ოჯახები დასავლეთში ჰყვათ, ომი არავის უნდა, მაგრამ საქმე ისაა, რომ ომის გარეშე უნდათ ყველაფრის მიღწევა. თუმცა, იმასაც გეტყვით, რომ დაზღვეული არავინ და არაფერია. დიდ კატასტროფას მე არ ველოდები, მაგრამ ეს ყველაფერი რომ უსიამოვნოა და მსოფლიო სახიფათო გზით მიდის, ეს ფაქტია", - აცხადებს სოსო ცინცაძე.
მისი შეფასებით, დიდი საშიშროებას ორივე მხარე გრძნობს, თუმცა პირველ სამშვიდობო ნაბიჯს ვერცერთი დგამს, რადგან მოწინააღმდეგემ სისუსტედ არ ჩაუთვალოს.
"უახლოეს პერიოდში ამერიკის სახელმწიფო მდივანს ელოდებიან მოსკოვში და ალბათ დაძაბულობის განმუხტვაზეც იქნება საუბარი, რაღაცაზე მოილაპარაკებენ. ნატო-რუსეთის ფორმატიც გააქტიურდა ბოლო ხანებში.
"ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ერთის მხრივ, ორივე მხარე გრძნობს საშიშროებას, მაგრამ მეორეს მხრივ, ვერცერთი დგამს სამშვიდობო პირველ ნაბიჯს, რადგან მოწინააღმდგემ ეს სისუსტედ არ ჩაუთვალოს. ჩვენ ისღა დაგვრჩენია იმედი გვქონდეს, რომ ორივე მხარე საღი აზრის ინტერესებით იმოქმედებს", - ამბობს პოლიტოლოგი.