როგორ ებრძოდა კომუნისტური რეჟიმი საუფლო დღესასწაულს და რა მეთოდებს იყენებდა, ეს ამბები კარგად ახსოვთ ძველი თაობის წარმომადგენლებს, მაგრამ დღევანდელ ახალგაზრდობას რამდენიმე საინტერესო მასალას მაინც შევთავაზებთ იმ პერიოდის გასახსენებლად.
რელიგიასთან და კონკრეტულად მართლმადიდებლობასთან ბრძოლა ბოლშევიკებმა ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან დაიწყეს. ეკლესიის წინააღმდეგ შეტევამ საქართველოში აგრესიული ხასიათი მიიღო. ქართველი კომუნისტები რადიკალიზმს იჩენდნენ და მათი მთავარი მიზანი საზოგადოებაში ეკლესიის ავტორიტეტის მოსპობა და მის ნაცვლად ათეისტური იდეოლოგიის დამკვიდრება იყო.
1921 წელს რევკომის მიერ გამოცემული დეკრეტით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ფაქტობრივად, კანონგარეშედ გამოცხადდა. ბოლშევიკები კონკრეტულ საქმეზე გადავიდნენ, ტაძრების ძარცვა პირდაპირ ლენინის დირექტივით ხორციელდებოდა. ჩამოხსნეს ზარები და ჯართში ჩააბარეს. სპეციალური გეგმაც იყო. მაგალითად, მახარაძის რაიონს 2 ტონა უნდა ჩაებარებინა, ზესტაფონს - 1 ტონა, ლანჩხუთს - 1 ტონა, ქუთაისს - 4 ტონა, აბაშას - 2 ტონა და ა.შ. სულ 15 ტონა.
იარაღს ესროდნენ ეკლესიის გუმბათზე აღმართულ ჯვრებს და ანადგურებდნენ ხატებს. ეკლესიის დახურვა-დარბევაში რაიონებს შორის სოციალისტური შეჯიბრება ეწყობოდა. ტაძრები საწყობებად და აბანოებად აქციეს.
რელიგიასთან ბრძოლა ისეთ აბსურდამდე მივიდა, რომ ქართული ზღაპრებიდან ამოიღეს ფრაზა "იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა". კომუნისტი აქტივისტები ასეთ ლოზუნგებსაც ისროდნენ: "სახარების ცრუ ზღაპრებს არარსებული ქრისტეს აღდგომის შესახებ ფაროდ იყენებენ მასების მოსატყუებლად. წინააღმდეგ აღდგომისა, წინააღმდეგ რელიგიისა და ხუცების ბოდვისა, გავშალოთ სოციალისტური მშენებლობა... ლითონზე დარტყმული ჩაქუჩისა და დაზგების ხმაურმა უნდა ჩაახშოს ზარების გუგუნი და რელიგიური გალობანი. ამით ჩვენ გამანადგურებელ ლახვარს ვცემთ რელიგიურ ჩვეულებებს, ძველ ყოფა-ცხოვრებას".
ეკლესიაში იდევნებოდა ჯვრისწერა, მიცვალებულის წესის აგება. ერთ-ერთ სოფელში ერთმა ბოლშევიკმა ქრისტიანული წესით დაკრძალული საკუთარი მამა ამოასვენა და წითელი დროშებით და სასულე ორკესტრის თანხლებით კომუნისტურად დამარხა.
ქრისტიანული ნათლობის ნაცვლად კომუნისტური ნათლობა შემოიღეს. 1924 წლის გაზეთ "კომუნისტის" ერთ-ერთ ნომერში ასეთი ინფორმაცია გამოქვეყნდა: "კვირას, 25 მაისს კარლ-მარქსის სახელობის კლუბში შესდგა ნათლობა პურის საცხობის მუშების შვილების. მოინათლა შვიდი ბავშვი, ქალ-ვაჟები, რომლებსაც ხმის უმრავლესობის გადაწყვეტილებით შემდეგი სახელები დაარქვეს: როზა ლუქსემბურგი, ლენინგრადი, კამო. ერთ-ერთმა ბავშვმა დიდი შთაბეჭდილება დასტოვა იქ დამსწრეთა შორის, მან თავისი სახელი თვითონ ამოირჩია - ლენინი. ნათლიებად ამხანაგი მუშები იყვნენ, მონათლულები დაასაჩუქრეს ფართლეულით".
ბრძოლა აღდგომის აღნიშვნის წინააღმდეგ
რაც შეეხება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, აღდგომის დღეებში სპეციალური სამოქმედო გეგმა ჰქონდათ. ანტირელიგიური პროგრამა დიდ ხუთშაბათს იწყებოდა. იმართებოდა პარტიული სხდომები. პარტიული და კომკავშირული აქტივი ლიტონიობის ღამეს ქუჩაში რეიდებს აწყობდა.
აღდგომა სამუშაო დღედ იყო გამოცხადებული და სამუშაოს გაცდენა მკაცრად ისჯებოდა. შემოიღეს "საწარმოო კვირა" და ამ დღეებში გამომუშავებული ხელფასი "ინდუსტრიალიზაციის ფონდში" ირიცხებოდა.
გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოდან კომუნისტური რეჟიმი საქართველოში აღარ იყო ისეთი აგრესიული ეკლესიის მიმართ, როგორც გასულ 20-30 წლებში. მაგრამ ხელის შეშლა რეალური რეპრესიების გარეშე მაინც ხდებოდა. თუნდც ის, რომ აღდგომა დღეს უცხოური ფილმების გამოყენება ტრადიციად იქცა; ანუ წესად ჰქონდათ შემოღებული აღდგომის ღამეს, ლიტონიობას პოპულარული უცხოური ფილმების ჩვენება, რომელთაც სხვა დროს ტელევიზიით არ უშვებდნენ. მაგალიათად, ამერიკული ფილმი "შესანიშნავი შვიდეული" წლების მანძილზე მხოლოდ ლიტონიობის ღამეს გადიოდა, რომელიც ძალიან პოპულარული იყო 60-იანი წლების ახალგაზრდებში.
ფილმს აუცილებლად შუაღამისას აჩვენებდნენ, რომ ახალგაზრდები ლიტონიობას არ დასწრებოდნენ და სახლში გაეჩერებინათ. კომკავშირელი აქტივისტები კი ეკლესიებთან იდგნენ, იწერდნენ თანაკურსელების სახელებს და გვარებს, ვინც ეკლესიაში შედიოდა. ეკლესიებთან აღდგომის დღეებში სულ იდგა ორი, სამი სამთავრობო შავი "ვოლგა".
აღდგომის დღეს სკოლებში მოსწავლეებს დილის 9 საათზე იბარებდნენ "შაბათობაზე" სკოლის ეზოს დასასუფთავებლად და თუ კომუნისტი აქტივისტები რომელიმე ბავშვს თიითებზე წითელ ლაქას შეამჩნევდნენ, ვაი იმ მოსწავლეს, ვისაც საღებავის კვალი ექნებოდა ხელებზე, რაც იმას ნიშნავდა, რომ მის ოჯახში კვერცხი შეიღება და "პარტიული სასჯელიც" მზად იყო მათი მშობლებისთვის.
მიუხედავად ამ იდეოლოგიისა, თავად ცეკა-ს წევრების ოჯახებში წითელ კვერცხებსაც ღებავდნენ და პასკასაც აცხობდნენ. პარტიული მუშაკები, ცეკა-ს წევრების ჩათვლით, აღდგომის ღამეს, მართალია, ეკლესიაში ვერ მიდიოდნენ, მაგრამ მათი ოჯახის წევრები სააღდგომო წირვა-ლოცვას ინკოგნიტოდ მაინც ესწრებოდნენ.
რაც შეეხება აღდგომის მეორე დღეს საფლავზე გასვლის ტრადიციას, ედუარდ შევარდნაძის ცეკა-ს მდივნობის დროს ეს ტრადიცია "ოფიციალურად დაკანონდა", ოღონდ ფერნაცვალი და მას "ხსოვნის დღე" ერქვა. ამ ინიციატივით გამოსულა საბჭოთა კავშირის გმირი მელიტონ ქანთარია, რომ საქართველოში ხსოვნის დღე აღნიშნულიყო. ცხადია, იგულისხმებოდა საერო და არა საეკლესიო აღნიშვნა. საფლავებზე გასვლის ინიციატივა მიღებული იქნა, მაგრამ რატომღაც ისე იყო შერჩეული, რომ ყოველთვის აღდგომას ემთხვეოდა, ვინმეს რომ არ ეფიქრა, აღდგომის მეორე დღეს საფლავებზე გასვლის ტრადიციის ანალოგი იყო.
როგორ გაუშვეს გოდერძი ჩოხელის "აღდგომა"
გოდერძი ჩოხელის "აღდგომა", ამონარიდი წერილიდან: "აღდგომა" რომ გადავიღე, 1981 წელი იყო და ეგეთი ფილმების გაშვებაზე ოცნებაც არ შეიძლებოდა. შეიძლება დავეჭირეთ კიდევაც. აღდგომას ვიღებდით ჩოხში, გუდამაყარში, მთიულეთის ხეობაში, ფასანაურში...
"პირველად ჩემმა პედაგოგმა ომარ გველესიანმა ნახა. ისე მოეწონა, გადაირია. წავიდა და ნუგზარ ფოფხაძეს აჩვენა:
- ნახე, რა ფილმი გადავიღეთო.
- ვის გარეშეც ვერ გავუშვებთ, იმათ უნდა ვაჩვენოთო, ცეკა-ში წავიღოთო, - უთქვამს ნუგზარს.
შევარდნაძის დაბადების დღე ყოფილა იმ დღეს. ნუგზარ ფოფხაძეს უთქვამს: საჩუქარი მოგიმზადე და უნდა გაჩვენოო.
დამიბარა. წავედით მე და ნუგზარ ფოფხაძე, წავიღეთ "აღდგომა".
ცეკა-ს კინოდარბაზში სხედან შევარდნაძე და სხვა ცეკას მდივნები.
- მოდი, მოდი, ჩემთან დაჯექიო, - დამიძახა.
მივედი და გვერდით დამისვა შევარდნაძემ.
დაიწყო "აღდგომა". მე ვარ გოდერძი ჩოხელი, ქართველი, მინდა, დაგიბრუნოთ სიცოცხლე... მინდა, ცოტა ხნით საიქიოში წაგიყვანოთ, - ისმის ეკრანიდან.
ჩუმად არიან. გატრუნულია ყველა. როგორია, ცეკა-ს მდივნები საიქიოში წაიყვანო! ამ დროს მე ვფიქრობ, თუ არ დამიჭირეს, საერთოდ ამიკრძალავენ კინოს გადაღებას-მეთქი. რა უნდოდა ამ ფოფხაძეს, რას აიჩემა ფილმის ჩვენება-მეთქი.
უცებ შეკითხვა რომ დავიწყე მკვდართან და იმანაც რომ მიპასუხა, შევარდნაძემ გაიცინა. გაიცინა შევარდნაძემო და გაიცინეს ცეკა-ს მდივნებმა. მთელი ფილმი ასე იყო. აუტყდებოდა შევარდნაძეს სიცილი. განსაკუთრებით იცინა, მკვდარს რომ ეუბნება, ქარი ხომ არსაიდან გიქშუტუნებსო. ისინიც იცინიან.
მერე ხომ ფილმი ასე მთავრდება: ღირსეული გმირები ამოდიან და როგორც მართლა იყო, იქაც ილიაზე შეწყდა ყველაფერი. დღემდე ვთვლი, რომ ილიაზე შეწყდა დიდი ბრძოლა.
შევარდნაძემ უთხრა ცეკა-ს მდივნებს:
- აბა, ეხლა თქვენ გაარჩიეთ ეს კინოო.
სოლიკო ხაბეიშვილი ადგა და თქვა:
- თქვენი არ ვიცი, მაგრამ გოდერძი ჩოხელმა კომუნისტი კაცი დამარწმუნა, რომ საიქიო არსებობსო.
ზოგმა რა თქვა, ზოგმა - რა. მენთეშაშვილი ადგა, ქალაქის საბჭოს მდივანი თუ თავმჯდომარე იყო, ის გადამეკიდა:
- ილიაზე რატომ მთავრდება ეს ფილმიო. დღეს ადამიანი აღარ გვყავსო, რომლის ხსენებაც შეიძლებაო.
აქცენტი აქვს აღებული, რომ ედუარდზე დავამთავრო. წავა-წამოვა, ვიღაცა რაღაცას იტყვის, ეს ისევ იმას მეუბნება. ბოლოს შევარდნაძე მოუტრიალდა და უთხრა:
- შენ, მგონი, ამ ფილმში ილია ჭავჭავაძე გიშლის ნერვებსო.
გაჩუმდა ეს კაცი. გაისუსა.
"აღდგომა" იმავე საღამოს ტელევიზიაში გაუშვეს.
ატყდა ერთი ამბავი. ბაზარში როი შევიდოდი, ისე, უფასოდ მატანდნენ ყველაფერს. შენა, შვილო, საიქიო ალაპარაკე და ფულს როგორ გამოგართმევო, - მეუბნებოდნენ".