ამბავი მზეჭაბუკ ათაბაგის პოლიტიკური იწილო-ბიწილოსი
მამუკა ნაცვალაძე
01.04.2017

 მეთექვსმეტე საუკუნე განსაკუთრებული ომიანობით გამოირჩა საქართველოს ისტორიაში. მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე ცვლილებებმა თავისი კვალი დაატყო კავკასიას, ეს ის დროა, როცა საქართველოს სამხრეთით ორი უძლიერესი, ერთმანეთს დაპირისპირებული მაჰმადიანუ-რი სახელმწიფო წინაურდება. ორივეს საქართველოზე უდგამს თვალი, ორივეს საქართველო სურს, თუმცა, ქართველების გარეშე.

და აქაც ამუშავდა მსოფლიო ისტორიის ყველა დროისა და ფორმაციის დაუწერელი ფორმულა - კავკასიის დაპყრობა და მასზე კონტროლი მსოფლიო ბატონობის ერთ-ერთი წინაპირობაა. კავკასიის გული კი საქართვე-ლოა, სწორედ ამ გულზე უნდა მიიტანონ იერიში მაჰმადიანურმა სახელმწიფოებმა.

ამბავი მაჰმადიანური სივრცით გარემოცული საქართველოსი

თითქოს შანსი აღარ უნდა ჰქონდეს საქართველოს, რომელიც უკვე დაქუცმაცებულია სამეფო სამთავრო-ებად, მაჰმადიანური სივრცე უდიდეს საფრთხეს უქადის ჩვენ ქვეყანას და აქ ამ უმძიმეს რეალობაში მაინც გა-დარჩა საქართველო. მიუხედავად მაჰმადიანთა მცდელობისა, მათი მიზანი ვერ აღსრულდა, ერთ-ერთი მიზეზი სწორედ მაჰმადიანურ სამყაროში შიდაკონფესიური დაპირისპირება იყო.

შუღლმა თავისი ქნა. ვერ ჩამოყალიბდა ერთიანი მაჰმადიანური გლობალური სივრცე, რაც ფაქტობრივად მუსულმანური სარწმუნოების აღმოცენების პირველივე წლებიდან ისახებოდა. იმ დაპირისპირებებმა და დრამა-ტულმა სიტუაციებმა მძიმე კვალი დაატყო მაჰმადიანური გლობალიზაციის მცდელობას.

საბოლოოდ ეს ერთობა არ შედგა, იმის გამო რომ მაჰმადიანური სივრცე ორ ნაწილად გაიყო - შიიტებად და სუნიტებად.

შიდაკონფესიური თვალსაზრისით დაპირისპირებული ეს ორი მხარე, გარდა პოლიტიკურისა, გეოგრაფი-ულადაც გაიმიჯნა. ამ ფონზე სწორედ შიდაკონფესიური დაპირისპირება ქმნიდა უმთავრეს ბარიერს მაჰმადი-ანური სივრცის ერთიანობისათვის, რამდენადაც ოსმალები სუნიტები იყვნენ, ყიზილბაშები კი - შიიტები.

როგორ იწყებოდა დიდი პოლიტიკური თამაშების ეპოქა

სწორედ ეს შიდაკონფესიური და პოლიტიკური დაპირისპირება გახლდათ ქართველთა ერთადერთი კოზირი გადარჩენისა. და იწყება პოლიტიკური დიდი თამაშების ეპოქა, რომელიც სამწუხაროდ ხშირად ღალატისა და ერთგულების ბეწვის ხიდზეც გადიოდა და ასევე ხშირად ეროვნული ინტერესების იგნორირების კლასიკური მაგალითი იყო.

ოსმალურ-ყიზილბაშური დაპირისპირება 1514 წელს საომარი მოქმედებაშიც გადაიზარდა, ეს ომი, რომე-ლიც კავკასიის განაწილებას ისახავდა მიზნად, შესვენებებით 41 წელი გაგრძელდა. დროებითი წერტილი კი ამ დაპირისპირებას ამასიის ზავით დაესვა. იმ ზავით, რომელმაც ფაქტობრივად ჩამოაყალიბა ერთგვარი პოლი-ტიკური სტერეოტიპი, აღმოსავლეთ საქართველო ირანის პროტექტორატის ქვეშ რომ უნდა ყოფილიყო და დასავლეთ საქართველო - ოსმალეთის.

ასე გაინაწილეს მაჰმადიანებმა საქართველო. ყველაზე საცნაური კი ის არის, რომ ისინი იმ ქვეყნებს ინაწი-ლებდნენ, დაპყრობილი რომ არ ჰქონდათ ჯერ, ეს იყო შეთანხმება ურთიერთინტერესის აღიარებისა და ცნობის შესახებ, ის შეთანხმება, რაც ხშირ შემთხვევაში არ სრულდებოდა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ოსმალოსაც და ყიზილბაშსაც მსოფლიო ბატონობა სურდათ, და ასეთ დროს ისინი კავკასიას, მიუხედავად დათქმული პი-რობისა, მეტოქეს ვერ დაუტოვებდნენ.

ქართული პოლიტიკური ერთეულები, სამეფო-სამთავროები, ბუნებრივია ვერ აუვლიდნენ გვერდს ამ დაპი-რისპირებას. შესაბამისად, იმ პოლიტიკურ წიაღსვლებსა და ლავირებებს, რაც ქართული შიდა სამზარეულოსათვის იყო დამახასიათებელი, სწორედ ეს რეალობა განსაზღვრავდა.

ამბავი სამცხის ათაბაგ მზეჭაბუკის ორმაგი თამაშისა

მეთექვსმეტე საუკუნის პირველივე წლებიდან სამცხეს მზეჭაბუკ ჯაყელი მართავს - სამხრეთ საქართველოს უკანასკნელი ერთპიროვნული მმართველი. მიზნის მიღწევა მისთვის პრიორიტეტულია, მისთვის მიზანი ყოველ-თვის ამართლებს საშუალებას - ეს თეზა ქვეცნობიერად აქვს გააზრებული ჯაყელს.

მისი წარმატების მთავარი გარანტია ოსმალეთის იმპერია, მაგრამ ის არც ირანული კოზირის გამოყენებაზე ამბობს უარს. არც გაემტყუნება - ძალაუფლების შესანარჩუნებლად და განსამტკიცებლად ხომ იმ პოლიტიკურ ორომტრიალში ცალსახად ფილიგრინული დიპლომატიაა წარმატების გარანტი. თავის გადარჩენა მხოლოდ ასე თუ შეიძლება, თუმცა ყველაზე სამწუხარო და საცნაური ის გახლავთ, რომ ამ რეალობას ეწირება ერთიანი საქართველოს იდეა, ერთიანი ქართული ეროვნული ცნობიერება.

როგორ ჩაიგდო ხელში მზეჭაბუკმა ხელისუფლება

მზეჭაბუკი სამცხის ათაბაგ ყვარყვარე მეორის შვილია. მას შემდეგ რაც 1498 წელს ყვარყვარე გარდაიცვა-ლა, ხელისუფლებას მისი შვილი ქაიხოსრო იბარებს, თუმცა, სამცხის ახალი მმართველს დიდი ხანი არ უწერია სიცოცხლე, ის ორიოდ წელში აღესრულა.

ქაიხოსროს კანონიერი მემკვიდრეა ყვარყვარე მესამე - ჯერ კიდევ მცირეწლოვანი. ბუნებრივია, ასაკის გა-მო ის ვერ მართავს სამთავროს, ამიტომაც რეგენტობას ბიძამისი მზეჭაბუკი კისრულობს. სწორედ მზეჭაბუკი ხდება ხელისუფალი, ყვარყვარე მესამე კი მისთვის მხოლოდ მარიონეტია.

ქაიხოსროს სიკვდილი გახდა სამცხის საათაბაგოს პოლიტიკური ორიენტაციის ცვლილების საფუძველი. ადრე თუ ქაიხოსროს ქართველ მეფეებთან საკმაოდ კეთილგანწყობილი ურთიერთობები და საერთო ქართული ინტერესები გააჩნდა და შესაბამისად, წმინდა ფეოდალურ მისწრაფებებს მეტ-ნაკლებად საერთო ქართულ ინტერესებსაც უხამებდა, მის შემდეგ ეს პოლიტიკური ორიენტაცია თავდაყირა დგება, თუმცა, ეს ყველაფერი ერთბაშად არ მომხდარა - ხელისუფლებაში მოსვლისას მზეჭაბუკსაც კარგი ურთიერთობა აქვს საქართველოს სამეფო-სამთავროებთან. თუმცა, სიტუაცია შემდეგ კარდინალურად იცვლება.

ამ არეულობაში მშვიდობა ყველაზე ფასეულია, ბუნებრივია, მზეჭაბუკი თავის დროს ელის და პირველივე შემთხვევაში პოლიტიკური პოზიციის განმტკიცებას ცდილობს.

იმერეთის სამეფოს გაძლიერება პირველი ნიშანია იმისა, რომ მზეჭაბუკი საქმეზე უნდა გადავიდეს და თა-ვისი უპირატესობა ოსმალთა ხელით უნდა განიმტკიცოს. ოსმალებისთვის კი ეს ყველაზე კარგი სვლაა - ეს იმის ნიშანია, რომ სამცხე-საათაბაგო მათი კარნახით მოქმედებს და ყიზილბაშებთან დაპირისპირებისათვის სა-უკეთესო ბუფერულ ზონას ქმნის.

როგორ ააოხრეს სელიმმა და მზეჭაბუკმა ქუთაისი

აქედანვე უნდა ითქვას, რომ მზეჭაბუკი არასდროს გამხდარა ოსმალების ყურმოჭრილი მონა, ის მხოლოდ თავისი პოლიტიკური პრიზმიდან ხედავს და აფასებს მოვლენებს და საკუთარი, ვიწრო ფეოდალური ინტერესებით მოქმედებს.

განსაკუთრებული თემაა ოსმალური კოზირის გამოყენება საკუთარი ძალაუფლების განსამტკიცებლად. მზეჭაბუკს მჭიდრო ურთიერთობა აქვს ოსმალთა უფლისწულთან სელიმთან. ეს ის სელიმია, სულ მალე რომ მოწამლავს მამამისს, სულთან ბაიაზიდ პირველს, საჯაროდ რომ დახოცავს ყველა ძმას და ასე სისხლიანი ხელებით რომ ავა ოსმალთა ტახტზე.

სწორედ ასეთ ულმობელ ადამიანს სთხოვს მზეჭაბუკი დახმარებას და ოსმალსაც აბა მეტი რა უნდა?!

ასე, უცხო ტომის შემოყვანით და წაქეზებით ფაქტობრივად სრულიად განადგურდა ქუთაისი, ცეცხლს მისცეს გელათი. არავინ უწყოდა რას მოიმოქმედებდა სელიმისა და მზეჭაბუკის უსასტიკესი ტანდემი, ამიტომაც იმერლებს ყველაზე უკეთური ვარიანტიც კი გაუთვლიათ.

მაჰმადიანთაგან წმინდა საფლავების დაცვის მიზნით, სავარაუდოდ ოსმალთა სწორედ ამ შემოსევის შემდეგ უსაფრთხო ადგილას უნდა გადაესვენებინათ როგორც თამარ მეფე, ასევე დავით აღმაშენებელი.

თამარ მეფის საფლავი დღემდე უცნობია, რაც შეეხება დავით აღმაშენებელს, მას შემდეგ რაც 1909 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა გათხარა დიდი მეფის სამუდამო განსასვენებელი, გაირკვა რომ არც დავითის ცხედარია იმ ადგილას, საზოგადოება აღმაშენებლის საფლავად რომ აღიქვამს.

როგორ მოიპოვა მზეჭაბუკ ათაბაგმა ირანელთა თვალში პოლიტიკური დივიდენდები

მზეჭაბუკი საკმაოდ ამბიციური პიროვნებაა, მას თავის გამოჩენა სურს და პირველივე შანსს იყენებს იმი-სათვის, რომ პოლიტიკური დივიდენდები მოიპოვოს. პოლიტიკური ვაკჰანალია ამისთვის შესანიშნავ პირობებს ქმნის.

ეს ის პერიოდია, აღმოსავლეთით რომ მიდის საინტერესო პროცესები. სულ მალე თეთრბატკნიანთა ბატო-ნობა წარსულს ჩაბარდება და ირანის სათავეში სეფიანთა დინასტია მოვა.

არდებილი შიიტების წმიდა ქალაქია, სწორედ ეს ქალაქი უნდა დაიკავოს ისმაილ პირველმა, სეფი ად-დინის შთამომავალმა. ეს უმძიმესი ამოცანაა, რთულად შესასრულებელი. რამდენიმე ხნით ადრე სწორედ შირვან-შა-ჰებთან ბრძოლას შეეწირნენ ისმაილის მამა და ბაბუა.

ეს განსაკუთრებული გამოწვევაა ისმაილისათვის, შირვან-შაჰებთან ბრძოლა მისთვის წმინდათაწმნიდა საქმეა, ამიტომაც განსაკუთრებულად ემზადება. თავად სულ რაღაც შვიდი ათასამდე მეომარი ჰყავს, დახმარე-ბისთვის ქართველ მეფეებს მიმართავს. ბუნებრივია, ისმაილმა უწყის, თეთრბატკნიან თურქმანებთან ბრძოლა რომ ქართველთა ინტერესებშია. მათ ერთობლივად უნდა დაამარცხონ არასასურველი მეტოქე.

ისმაილის წინადადება ფაქტობრივად გამოწვევაა ქართველი მეფეებისთვისაც, ისინი 9 ათას მეომარს უგ-ზავნიან ისმაილს. ამ უმნიშვნელოვანეს საქმეს არ დააკლდა სამცხე საათაბაგო. დახმარების შესახებ თხოვნა სამცხის ათაბაგსაც მისდის. გადაწყვეტილება მისმა მეურვემ ბიძამისმა მზეჭაბუკმა უნდა მიიღოს. მისი ინიციატივით 3 ათასი მებრძოლი გააგზავნეს თეთრბატკნიანებთან საბრძოლველად სამცხის საათაბაგოდან.

ამბავი მზეჭაბუკის ოსმალური კოზირისა

მას შემდეგ რაც ოსმალთა იმპერიაში გადატრიალების შედეგად ტახტზე ადის სელიმ პირველი, მისი უმ-თავრესი მიზანი ხდება სეფიანთა ირანის ძლევა და ერთიანი მაჰმადიანური სივრცის შექმნა. სუნიტების ჰეგე-მონია ცალსახად შიიტების განადგურებით უნდა დასრულდეს.

სწორედ ამ მიზანს ისახავს 1513 წელს აღმოსავლეთ ანატოლიაში ლაშქრობა, რასაც 40 ათასი შიიტი მო-სახლეობის მასობრივად ჟლეტვა მოჰყვა. ეს ოსმალთა პოლიტიკური წარმატების აუცილებელი პირობაა, რამ-დენადაც ანატოლიაში მცხოვრები შიიტები ყიზილბაში შიიტებისთვის საკმაოდ საიმედო მოკავშირეები არიან. სწორედ ეს კოზირი მოუსპო სელიმმა ისმაილს.

ეს ისეთი გამოწვევაა, რაზეც თავმოყვარე მმართველს სათანადო რეაგირება უნდა ჰქონდეს. ყიზილბაშებმაც დაძრეს ჯარი ოსმალთა წინააღმდეგ. ეს 1514 წელს ხდება.

ომი მარტო ხმლის ქნევა არაა, ომს საკმაოდ მნიშვნელოვანი ეკონომიკური მხარდაჭერა სჭირდება, მებრძო-ლებს გამოკვება უნდათ, ეს კი აბა სხვა ვინ უნდა იტვირთოს, თუ არა ოსმალეთის მეკავშირემ, მზეჭაბუკმა, სე-ლიმმა ჯარის გამოკვება სწორედ სამცხის ათაბაგს სთხოვა.

მზეჭაბუკი დიპლომატია, მას არ სურს ოსმალთა სურვილების უპირობო შემსრულებლად იქცეს. ამიტომაც დროს უცდის, შესაბამის მომენტს ელის იმისათვის, რომ გადაწყვეტილება მიიღოს. უცდის ვის მხარეს გადაიხრება გამარჯვების სასწორი.

ეს ლოდინის პოლიტიკა ბუნებრივია არ მოსწონს სელიმს, ამიტომაც მუქარას უთვლის სამცხის ათაბაგს, დრო გადის და გამარჯვების სასწორიც ოსმალებისკენ იხრება. ახლა კი თამამად მოქმედებს მზეჭაბუკი, სამი ათას ცხვარს უგზავნის სელიმს. ოსმალთა სულთანს ავიწყდება მუქარა და საპასუხოდ მზეჭაბუკს ძვირფას ხა-ლათს ჩუქნის.

როგორ იწყებოდა მზეჭაბუკ ათაბაგის შეტევა ქართულ ეკლესიაზე

საცნაური კი ის გახლდათ, რომ ამის პარალელურად, მზეჭაბუკი სეფეიანთა ირანის მმართველთან შაჰ ის-მაილთანაც არ წყვეტს ურთიერთობას, უფრო მეტიც - ის ანტიოსმალურ კოალიციაში შედის, ასეთი ორმაგი თამაში ერთადერთი გზაა ხელისუფლების შესანარუნებლად, თუმცა, ეს თამაში წმინდა ფეოდალურ ინტერესებს არ სცდება და არაფრად არგია ერთიან ქართულ იდეას.

სულ მალე მზეჭაბუკი საკმაოდ მზაკვრულ თამაშს დაიწყებს, თამაშს, რომელიც ქართული ეკლესიის ერთი-ანობის მორღვევას ითვალისწინებს... ეს კიდევ ერთი ნიშანი იქნება იმისა, რომ მისთვის ხელისუფლების შენარ-ჩუნება და განმტკიცება წმინდათაწმინდაა და ქართული იდეა, ქართული ეროვნული ინტერესები ჩირადაც არ უღირს...

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×