როგორ დაიხსნეს ქართველებმა ქრისტეს საფლავი ირანელთაგან სულთან სულეიმანის წაქეზებით
მამუკა ნაცვალაძე
03.04.2017

 ისტორიის ანალებს არაერთი საინტერესო ფურცელი შემოუნახავს. შიდა დაპირისპირებები, პოლიტიკურ ძალთა მუდმივი ცვალებადობა და დაჯგუფებები ინტრიგათა ქსელის საინტერესო ვარიაციებს გვთავაზობს.

მეთექვსმეტე საუკუნიდან განსაკუთრებულად გამძაფრდა ასეთი ტენდენციები. მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე მომხდარმა უმნიშვნელოვანესმა ცვლილებებმა სულ სხვა განზომილებაში გადაიყვანა საქართველო, რომელიც კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ მხოლოდ წინა აზიის რეგიონში დაწინაურებულ პოლიტიკურ ერთეულებს, ირანსა და ოსმალეთს თუ აინტერესებთ. რუსეთიც ერთვება ამ პოლიტიკურ ორომტრიალში, თუმცა, ჯერ შორიდან უყურებს პროცესებს და თავის დროს ელის. ჯერ ვერ ბედავს ირანსა და ოსმალეთთან გატოლებას.

მიუხედავად ერთი რჯულისა, ირანი და ოსმალეთი სამკვდრო-სასიცოცხლოდ არიან გადაკიდებულნი. მათი დაპირისპირება შეუვალია, შიდაკონფესიური განსხვავება კიდევ უფრო ამძაფრებს ურთიერთობას. სუნიტ ოსმალებს განსაკუთრებული ჯინი სჭირთ შიიტი ირანელებისა.

ამბავი სელიმის ჩალდირანული ტრიუმფისა

მეთექვსემეტე საუკუნეს მაჰმადიანური ქვეყნების ასეთი უშეღავათო დაპირისპირება გასდევს წითელ ზოლად. ამ პოლიტიკური პროცესებისას ბუნებრივია ირანისა და ოსმალეთის მცდელობა საკუთარი ინტერესების შესაბამისად გამოიყენონ ქართული სამეფოები და სამცხის სამთავრო. ეს კიდევ უფრო მეტ დრამატიზმს სძენს ისედაც ურთულეს პოლიტიკურ ვითარებასა და განწყობებს.

და ამ ფონზე ხანმოკლე შესვენებებით იწყება ის ხანგრძლივი, 41 წლიანი ბრძოლა, რომელიც ამასიის ზავით დასრულდება 1555 წელს და რომელიც ფაქტობრივად დაამკვიდრებს იმ პოლიტიკური სტერეოტიპს ირან-ოსმალების შორის საქართველოს განაწილებას რომ გულისხმობს.

პირველივე დიდი დაპირისპირება 1514 წელს 22 აგვისტოს მოხდა. სამხრეთ აზერბაიჯანში, ჩალდირანში ერთმანეთს ყიზილბაშები და ოსმალები შეერკინენ, ირანს ისმაილ პირველი უდგა სათავეში, ის ისმაილი, ქართველთა დახმარებით რომ ჩაიგდო ძალაუფლება ხელთ და სეფიანთა ირანს რომ დაუდო სათავე. მეორე მხარესაა სელიმ პირველი - თურქეთის სულთანი, საკუთარი მამა ბაიზიდი და თავისი ყველა ძმა რომ გამოასალმა სახალხოდ სიცოცხლეს.

ირან-ოსმალეთის სისხლისმღვრელი ბრძოლა ოსმალთა გამარჯვებით დასრულდა. სელიმი აქ არ ჩერდება და ირანის სიღრმეში მიდის, იღებს ყიზილბაშთათვის უმნიშვნელოვანეს ქალაქს თავრიზს, თუმცა, სათანადო რესურსი არ გააჩნია აქ პოზიციები გაიმაგროს. ამიტომაც ერთადერთ გამოსავლად რჩება უკან გაბრუნება.

ამბავი ყიზილბაშური ანტიოსმალური კოალიციისა

აყიზილბაშთათვის ეს პირველი ნიშანია იმისა, რომ უფრო აქტიურ ქმედებაზე გადავიდნენ, მათი საფიქრალია საქართველო არ დაიპყრონ ოსმალებმა, ეს ის პლაცდარმი იქნება, სელიმ პირველის ქვეყანას სულ სხვა განზომილებაში რომ გადაიყვანს. ამიტომაც ქმნის ანტიოსმალურ კოალიციას.

ამ კოალიციაში შედიან ეგვიპტის სულთანი, ევფრატზე მდებარე ალბისტანისა და მარაშის მფლობელი ალა-ად-დოვლე და სამცხის მთავარი ათაბაგი ყვარყვარე ||| (1515-1535).

მოკავშირეებს პირობა აქვთ ერთმანეთთან - ისინი თანხმდებიან, რომ ერთად იმოქმედებენ და ერთად იქნებიან, თუკი თავს დაესხმება სულთანი. მიუხედავად ასეთი აქტუალური განწყობისა, ამ კოალიციამ ვერ იმუშავა.

საპასუხო სვლაზე გამოჩნდა, რომ ოსმალთა შეჩერება შეუძლებელია. სულ რაღაც ორიოდ წელში (1516-1517 წწ.) სელიმ პირველი იპყრობს ალბისტანსა და მარაშს, ამარცხებს ეგვიპტის სულთანს, სირიას, პალესტინას. ბუნებრივია, შემდეგი ნაბიჯი ამიერკავკასიაში პოზიციის განმტკიცებაა, აქ ისმაილმა უნდა დაასწროს სელიმს, არ უნდა დაუშვას ოსმალების მხრიდან საქართველოს სამეფო-სამთავრების არათუ დაპყრობა, გავლენის სფეროში მოქცევა.

როგორ სურდა სულეიმან პირველს ერთიანი ქართული პოლიტიკური სივრცის გამოყენება

ჩვენთან კი ის პოლიტიკური ქაოსია, მტერს რომ ახარებს და მოყვარეს უკლავს გულს. სამ სამეფოდ და ერთ სამთავროდ დაშლილი ერთიანი ქართული სახელმწიფო ნამეტანი იოლი სამართავია ორივე მაჰმადიანური სახელმწიფოსთვის. მაგრამ ირანსაც ერთიანი ქართული სივრცეზე უდგას თვალი და ოსმალეთსაც, ვინ ვის დაასწრებს, ვინ ვის გადაიბირებს, ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი მეთექვსმეტე საუკუნის მანძილზე.

თუმცა, ბუნებრივია იკვეთება სურვილი - ერთიანი კავკასია ჩაიგდოს ხელთ ერთმაც და მეორემაც, ამისთვის კი ის იდეაა საჭირო, რომელიც დაპირისპირებულ და საკმაოდ არაერთგვაროვან ქართულ პოლიტიკურ სპექტრს რომ გააერთიანებს.

და აქ ოსმალეთის სულთანი სულეიმანი, სელიმ პირველის მემკვიდრე, საკმაოდ ორიგინალურ ხერხს მიმართავს. ქართველ მეფეებს უგზავნის საგანგებო წერლის და მოუწოდებს იერუსალიმი უწმინდური ირანელებისგან გაათავისუფლონ ქრისტეს საფლავი.

ეს ამბავი "ქართლის ცხოვრებასა" და ვახუშტი ბატონიშვილის თხზულებაშია დაცული. ოსმალთა სულთანი საგანგებო შიკრიკებს აგზავნის ქართლში, სადაც გიორგი მეცხრე ზეობს - (ეს ის გიორგია ჭაბუკი ლუარსაბისთვის რომ წაურთმევია ტახტი, იმ ლუარსაბისთვის, რომლის ხმალჩაუგებელმა ბრძოლამ ქართველებს ფიზიკური არსებობა რომ შეუნარჩუნა), იმერეთში ბაგრატ მესამესთან და კახეთში ავ გიორგის ძე ლევანთანაც მიაქვთ სულთანის უსტარი, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ქართველები ვალდებულნი არიან იერუსალიმში ილაშქრიონ და ქრისტეს საფლავი გაათავისუფლონ.

"ახალი ქართლის ცხოვრება" სულეიმანის დანაბარებს აი ასე გადმოგვცემს: "ადგილი სჯულისა თქვენისა იერუსალიმი დაიპყრეს უსჯულოთა და შეაბილწეს, აწ მიმინიჭებიეს თქვენდა, მოვედით და განასხენით იგინი და დაიპყრენით თქვენდა."

ეს ამბავი მეთექვსმეტე საუკუნის ოციან წლებში ხდება, 1520-დან 1527 წლებს შორის (სულეიმანის ზეობა 1520 წელს იწყება, ქართლის ტახტი კი წერილის ადრესატს გიორგი მეცხრეს 1527 წლამდე უკავია).

რატომ არ შესთავაზა სულეიმანმა იერუსალიმზე ლაშქრობა ყვარყვარე ათაბაგს

აქ ერთი საკმაოდ სახასიათო ნიუანსია - წერილის ადრესატი არ გახლავთ სამცხის ათაბაგი ყვარყვარე, მისთვის სულთანს არაფერი შეუთვლია, არ მოუწოდებია იერუსალიმში ქრისტეს საფლავის დახსნა.

ალბათ უცნაური დეტალია, მაინც რატომ უნდა გამორჩენოდა სამცხის ათაბაგი სულთანს? იქნებ არ ჰქონდა მისი იმედი? არ უნდა გამოვრიცხოთ ეს ვერსია - ოსმალეთი ხომ უშუალოდ ემეზობლებოდა სამცხის საათაბაგოს, რის გამოც ყვარყვარე ბუნებრივია საკუთარ თავზე გრძნობდა იმ აგრესიას, ადრე თუ გვიან მთელ საქართველოს რომ ემუქრებოდა წალეკვით.

ფაქტი კი ის გახლავთ, რომ სამცხის ათაბაგი "ქართლის ცხოვრების" ცნობით არ გამოჰკლებია ამ საერთო ქართულ კამპანიას, იქნებ განკერძოების გზაზე შემდგარ ჯაყელში ქართულმა სისხლმა იმძლავრა? ვინ იცის... არც ეს მომენტია გამოსარიცხი.

როგორ შეაკავშირა ქრისტეს საფლავის გამოხსნის იდეამ სამცხის საათაბაგო და სამი ქართული სამეფო

ფაქტი კი ისაა, რომ თითქმის სამოცდაათი წლის წინ დაშლილი სამეფო-სამთავრები ისევ რწმენამ, ქრისტიანობის იდეამ გააერთიანა. ეს კიდევ ერთი ნიუანსია იმის დასადასტურებლად, რომ ყველაზე დიდ ანტიეროვნული საქმე შუასაუკუნეებისას ერთიანი ქართული ეკლესიის გახლეჩვა იყო. ქრისტიანული ეკლესია ხომ ქართულ ენასთან ერთად მთავარი ბასტიონი, ერთიანი ქართული ცნობიერების მთავარი საყრდენი გახლდათ.

ალბათ გაუცნობიერებლად, ისე რომ მოსალოდნელი შედეგები არ ჰქონდა გააზრებული, არაერთი ფეოდალი ცდილობდა ქართული ეკლესიის დაშლას. ისინი ვიწრო ფეოდალურ ჩარჩოებს ვერ სცილდებიან და ვერ ხედევენ პროცესებს ერთიანი ქართული ცნობიერების პრიზმაში. ამას თავისი წინაპირობებიც ჰქონდა - ერთიანი საქართველის მასაზრდოებელმა იმპულსებმა ხომ კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ მოგჭამათ ჭირი.

ეკლესიის განკერძოების ტენდენცია განსაკუთრებით სამცხის საათაბაგოში შეინიშნებოდა, არადა, სამცხის ეკლესიის დამოუკიდებლობა ცალსახად მხოლოდ ოსმალეთის საიმპერატორო კარის ინტერესებში იყო - ერთიანი ქართული სივრციდან მისი მეზობელი სამცხის გამიჯვნა ხომ ოტომანთა იმპერიულ ზრახვას კიდევ უფრო რეალურს ხდიდა.

რა გათვლები ჰქონდა სულთან სულეიმანს

და ამ ფონზე ბუნებრივია იბადება კითხვა - რა ხდება, რატომ გახდა სულთანი სულეიმანი ქრისტეს საფლავის დამცველი? მაჰმადიანობა ხომ ცალსახად ქრისტიანობას ებრძვის და მუსულმანთა ოცნებაც ხომ მთელი კავკასიური ქრიატიანული სივრცის გამაჰმადიანებაა?

აშკარაა რომ სულეიმანს რაღაც აქვს ჩაფიქრებული, არავინ დაიჯერებს სულთანს ქრისტეს საფლავი ადარდებდეს, მაშ რაშია საქმე? რა ფანდს უმზადებს ოსმალო ქართველს?

საბედნიეროდ, ეს ფანდი არაა, ეს ქართული პოლიტიკური სივრცის საკუთარი ინტერესების შესაბამისად გამოყენების წარმატებული მცდელობაა. საქმე ის გახლდათ, რომ ამ დროს ოსმალთა იმპერიას ევროპის დაპყრობის გეგმა აქვს და წარმატებით იწყებს კიდეც ამ პროცესს. 1521 წელს იღებს ბელგრადს, ამას მოჰაჩის ბრძოლა მოსდევს, რის შემდეგაც უნგრეთის დიდი ნაწილი ოსმალეთის შემადგენლობაში შედის. სულეიმანი აქ არ ჩერდება და 30-იან წლებში ერაყს, კუნძულ როდოსს და ეგეოსის არქიპელაგის სხვა კუნძულებს იკავებს.

იმდროინდელ კომუნიკაციების მწირ შესაძლებლობებს თუკი გავიხსენებთ, ბუნებრივია ევროპას შეჭიდებული სულეიმანი ვეღარ იცლის ირანისათვის, მას არა აქვს იმდენი რესურსი, ევროპაშიც იომოს და ირანსაც დაუპირისპირდეს. სწორედ ამით სარგებლობენ სეფიანები და იერუსალიმს იკავებენ.

ეს ოსმალთა ინტერესებს ეწინააღმდეგება, სწორედ ამიტომაც ცდილობენ ისინი ქართველთა ხელით საკუთარი საქმე გააკეთონ - ისე შეფუთონ ირანთან თავიანთი მეტოქეობა, რომ ქართველები დაუპირისპირონ სეფიანებს.

აქ კიდევ ერთი ნიუანსია გასათვალისწინებელი - ბუნებრივია სულთანი იმ რეალობასაც ითვალისწინებს, რომ დიდი ალბათობით სეფიანები ისარგებლებენ ოსმალთა ევროპული ომებით, მათი მოუცლელობით და კავკასიაზე სრული კონტროლის დამყარებას შეეცდებიან. ეს ბუნებრივია სწორი გათვლაა და აქ ერთადერთი შანსი რჩება ოსმალებს - როგორღაც შეინარჩუნოს სულეიმანმა ერთიანი ქართული სივრცის კეთილგანწყობა. ეს კი იოლია მანამ, სანამ ის საქართველოსთვის მოიცლის.

როგორ დაიკავეს ქართველებმა იერუსალიმი

იერუსალიმისკენ დაძრულან ქართველი მეფეები. ლევან კახთა მეფე, ქართლის მეფე გიორგი მეცხრე, იმერეთის მეფე ბაგრატი... გზად ყვარყვარე ათაბაგი უერთდებათ, მასაც გაუგია ეს ამბავი და არ სურს დააკლდეს მნიშვნელოვან საქმეს. ჩანს წმინდა მიწა და იერუსალიმი ყველას ერთნაირად ეძვირფასება. ბუნებრივია ქართველნი კარგად ხვდებიან სულეიმანის პოლიტიკურ გათვლებს, თუმცა, ეს ახლა მეორეხარისხოვანია...

იერუსალიმს რომ მიახლოვდნენ, ქალაქის მცველები გამოსულან - ქართველთა ლაშქარი არცთუ მრავალრიცხოვანია, სწორედ ამას დაუეჭვებია წმინდა ქალაქის ბინადარნი - თუ სტუმრად მოხვედით, ბევრნი ხართ, თუ სამტროდ - ცოტანიო.

ბრძოლა ქალაქის შესასვლელთან დაწყებულა, ქართველებს ირანელები დაუმარცხებიათ და ქრისტეს საფლავი გაუთავისუფლებიათ. სელეიმანის გათვლა პედანტურად აღსრულდა ოსმალომ უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ადგილი, იერუსალიმი დაიბრუნა.

მადლიერების ნიშნად სულეიმანმა ქართველებს "წარმოუგზავნა ხალათი და წყალობა მრავალი და მოსცა ქრისტეს საფლავი, გოლგოთა, ბეთლემი, ჯუარის მონასტერი და სხუანი მონასტერნი ყოველნივე ხონთქარმან მათ სიგელთა მტკიცითა". ეს ამონარიდია ქართლის ცხოვრებიდან."

ეს ეპიზოდი - სამივე ქართველი მეფისა და სამცხის მთავრის ერთად დგომა და ერთიანი გამარჯვება ალბათ ყველაზე ნათელი ეპიზოდია მეთექვსეტე საუკუნის საქართველოსი, ჩაჟამულ ფერებში რომ შემორჩა ეროვნულ ცნობიერებას...

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×