რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ 9 აპრილისთვის ცნობილი რუსი მწერლის, მიხეილ შოლოხოვის სახელგანთქმული რომანი "წყნარი დონი" ცენზურის გარეშე პირველად გამოიცემა. ეს სწორედ ის რომანია, რომლის გამოც მწერალმა ნობელის პრემია მიიღო.
ახალი გამოცემა ავტორისეული ხელნაწერის ვარიანტი იქნება, რასაც ცენზურის ხელი არ შეხებია. წიგნი რუსულმა გამომცემლობამ მოამზადა, უკრაინაში კი მას დაბეჭდავენ. ტექსტი დასაბეჭდად მოამზადეს მწერალმა ალექსანდრე სტრეჩკოვმა და შოლოხოვის უფროსმა ქალიშვილმა.
დღევანდელ სტატიაში გვინდა გავიხსენოთ რამდენიმე საინტერესო ეპიზოდი შოლოხოვის ბიოგრაფიიდან, კერძოდ, მისი სტუმრობის შესახებ საქართველოში. მანამდე კი ცოტა რამ რომანზე, იმ ავი ლეგენდიდან, რომელიც დიდხანს სდევდა "წყნარი დონის" ავტორს.
"წყნარი დონის" გამოცემა პირველად 1927 წლიდან დაიწყეს, მაშინვე გავრცელდა ხმები, რომ რომან-ეპოპეის ავტორი არ იყო მიხეილ შოლოხოვი, რომელიც რომანის პირველი თავების დაბეჭდვის დროისთვის მხოლოდ 22 წლის იყო და ახალგაზრდა ასაკში ვერ შეძლებდა იმდროინდელი ეპოქის ასეთ მაღალ მხატვრულ დონეზე გადმოცემასო. გაჩნდა სხვა ვერსიაც, თითქოს შოლოხოვმა მიითვისა დახვრეტილი თეთრგვარდიელი ოფიცრის ხელნაწერი, თუმცა რომანის პირველი ორი წიგნის ხელნაწერის (რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო დაკარგული და მწერლის გარდაცვალებიდან 15 წლის შემდეგ აღმოაჩინეს) გრაფოლოგიურმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ტექსტის ხელნაწერები შოლოხოვის მიერაა შესრულებული. პირველი კომისია, რომელმაც "წყნარი დონის" ავტორის ნამდვილობა დაადასტურა, ჯერ კიდევ 1929 წელს სტალინის ინიციატივით შექმნილა. ამ კომისიას ხელმძღვანელობდა ვლადიმირ ლენინის და, მარია ულიანოვა.
რაც შეეხება ნობელის პრემიას, რომელიც მწერალს ნობელის კომიტეტმა ამ რომანისთვის 1965 წელს მიანიჭა, ეს ამბავი ასე ყოფილა. მოძრაობა შოლოხოვისთვის ნობელის მინიჭების თაობაზე ჯერ კიდევ 60-იან წლებში დაწყებულა დასავლელი მწერლების თაოსნობით. მოძრაობას ხელმძღვანელობდა ცნობილი ინგლისელი მწერალი ლოიდ სნოუ, რომელიც თვლიდა, რომ "შოლოხოვი დიდი მწერალია და ის არაჩვეულებრივად ამდიდრებს ჩვენს ცხოვრებას". ცნობილმა ფრანგმა მწერალმა ჟან-პოლ სარტრმა კი 1964 წელს უარი განაცხადა პრემიაზე იმ მიზეზით, რომ სანამ ამ პრემიის ლაურეატი არ გახდებოდა მიხეილ შოლოხოვი, ის ნობელის პრემიას არ მიიღებდა. დადგა შოლოხოვისთვის ნობელის პრემიის მინიჭების დროც. შვედეთის აკადემიაში ამ გადაწყვეტილების შეფერხების მიზეზი იყო ის, რომ აკადემიაში წერილები წერილებზე იგზავნებოდა, სადაც შოლოხოვს პლაგიატობაში "ამხელდნენ". შვედეთის კომიტეტს საგანგებო კომისიაც კი შეუქმნია ამ საკითხის საბოლოო შესწავლისა და ჭეშმარიტების დადგენის მიზნით.
ახლა რაც შეეხება შოლოხოვის სტუმრობას საქართველოში. პირველად მწერალი საქართველოში 1961 წელს ჩამოვიდა. მას ქართველ მწერლებთან ერთად მაშინდელი პარტიული მუშაკებიც მასპინძლობდნენ. ირაკლი აბაშიძე წერდა, რომ როდესაც ვგეგმავდით, სად წაგვეყვანა პირველად სტუმარი, მან თავად გამოთქვა სურვილი, დაეთვალიერებინა საქართველოს ძველი ისტორიული ადგილები.
"მეორე დღესვე გავემგზავრეთ ვარძიაში. მწერალი გააოცა კლდეში გამოკვეთილმა ქალაქმა, ინტერესით ათვალიერებდა დარბაზებს, ფრესკებთან ჩერდებოდა და ითხოვდა, დაწვრილებით მოგვეთხრო ამ უნიკალურ ძეგლზე. -რა ხელმა გადააქცია კლდე ქალაქად! ვინ იყო ის გოლიათი ოსტატი, რომელმაც კლდეში ეს უზარმაზარი დარბაზები გამოკვეთა! ამის აგება მხოლოდ გმირ ხალხს შეუძლია! ბედნიერი ვარ, რომ ვნახე და შევიტყვე საქართველოს წარსული! - წამოიძახა."
სიღნაღში ასულს კი გაოცებულს უთქვამს: სიღნაღი ალბათ იმისთვის ააშენეს, რომ არაჩვეულებრივი ალაზნის ველით დამტკბარიყვნენ. არ ნახო ალაზნის ველის სილამაზე, დანაშაულიაო. წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში კი ასეთი ჩანაწერი დაუტოვებია: "წმინდად შეინახეთ ეს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ჭავჭავაძის სახლთან, საქართველოს ისტორიასთან, გრიბოედოვის სულისშმეძვრელი სიყვარულის ისტორიასთან, უკვდავებაში გადასულთა მწარე და საამო ისტორია".
როგორც წლების შემდეგ ირაკლი აბაშიძე იხსენებდა, შოლოხოვს საქართველოში პირველი სტუმრობის დროს უთქვამს მწერლისთვის, რა სამწუხაროა, რომ მე და კოლია შენგელაია მის სამშობლოში არ შევხვედრივართო და გაუხსენებია მათი შეხვედრის და შემდგომი ურთიერთობის ამბავი. ნიკოლოზ შენგელაიას თბილისის ვაგზალზე ერთ-ერთ საგაზეთო ჯიხურში შემთხვევით უყიდია წიგნი "გატეხილი ყამირი", მოხიბლულა და გასჩენია ფილმის გადაღების იდეა. მალევე შეხვდა შოლოხოვს და მისგან წიგნის ეკრანიზაციის ნებართვა მიიღო, სცენარზე მუშაობის შესახებაც მოილაპარაკეს. შემდეგ ნიკოლოზ შენგელაია რეჟისორ ნიკოლოზ სანიშვილთან და ოპერატორ ანტონ პოლიკევიჩთან ერთად შოლოხოვთან სტანიცა ვეშენსკაიაში ჩავიდა. მწერალი სცენარზე ყოველ საღამოს მუშაობდა, ნიკოლოზ შენგელაია ტექსტ კითხულობდა და რეჟისორული შესწორებები შეჰქონდა. შოლოხოვმა გადამღებ ჯგუფთან ერთად მოიარა სტანიცები და მათ კაზაკების ცხოვრების წესს და თვისებებს აცნობდა.
"მასალის ლიტერატურული დამუშავება დავამთავრე და მას თამამად ვანდობ რეჟისორს, რათა ჩემი იდეები და აზრები გარდასახოს სრულფასოვან კინემატოგრაფიულ ნაწარმოებად. სცენარზე ჩვენმა ერთობლივმა მუშაობამ აჩვენა, რომ შენგელაიას ჩემი ესმის და ჩემსათვის აღიქვამს "გატეხილი ყამირის" გმირებს. იმედი მაქვს, რომ ფილმის გმირებში ჩემთვის ახლობელ, ჩემ მიერ შექმნილ გმირებს ამოვიცნობ." ამ ამბის ბოლო კი ასე ყოფილა: როდესაც სარეჟისორო სცენარი დამთავრდა, მოსკოვიდან შოლოხოვმა მიიღო შეტყობინება ფილმის გადაღების შეწყვეტის შესახებ, ყოველგვარი განმარტების გარეშე.
მწერალი-ჟურნალისტი გურამ გოგიაშვილი შოლოხოვის თბილისში ჩამოსვლასთან დაკავშირებით იხსენებს: "გაზეთ "კომუნისტის" რედაქტორთან, დავით მჭედლიშვილთან ერთად გადავწყვიტეთ შოლოხოვის საქართველოში მოწვევა. რა თქმა უნდა, ეს ვიზიტი ჯერ ცეკას პირველ მდივანთან უნდა შეთანხმებულიყო. ვასილ მჟავანაძეს ძალიან გაუხარდა, დიდი მწერალია, ჩემი მეგობარი და თუ მოიწვევთ, კარგი იქნებაო. ერთი სიტყვით, გადაწყდა, მე და ოთარ არობელიძე მის ჩამოსაყვანად წავსულიყავით. მაშინ გაზეთ "კომუნისტში" ლიტერატურის და ხელოვნების განყოფილებაში ვმუშაობდი. მოვამზადეთ ქართული ნობათი - სამარკო ღვინოები და ჩუბინაშვილის ქართული ხელოვნების დიდი ალბომი. შოლოხოვი მოქეიფე კაცი გახლდათ, მხოლოდ ღვინოს სვამდა. დავურეკეთ, შევუთანხმდით და გადავფრინდით როსტოვში. იქიდან კი სტანიცა ვეშენსკაიაში, სადაც შოლოხოვი ცხოვრობდა. დიდებულად მიგვიღო.
როდესაც შოლოხოვმა სუფრა გაგვიშალა და ქართული ღვინოები გახსნა, გვკითხა: რით დავიწყოთ სმა, პატარა ჭიქებით თუ დიდითო? ჩვენ ვუპასუხეთ - პატარებითო. გაგვიღიმა და გვითხრა - სტალინი გამახსენეთო და ასეთი ამბავი გვიამბო:
"1934 წელს სტალინი და მე აკადემიაში აგვირჩიეს. ერთმანეთი პირადად გავიცანით. იმ წელს, მაისში 34 წლის ვხდებოდი. მოსკოვში, სასტუმრო "ნაციონალში" მწერლები მყავდნენ მოწვეული და ის იყო, ქეიფის ეშხში შევედით, რომ მეუბნებიან - ტელეფონთან გთხოვენო. - ამხანაგო შოლოხოვ, - მესმის ყურმილში, - ამხანაგ სტალინს სურს თქვენთან საუბარი. უმალ ტანში დამცეცხლა და სტალინის ხმაც გაისმა: - გამარჯობათ, ამხანაგო შოლოხოვ, გილოცავთ დაბადების დღეს, შეგიძლიათ ჩემთან მოსვლა? ხომ არ ვეტყოდი, სტუმრები მყვანან-მეთქი? დიახ, - ვუპასუხე სხარტად. მანქანა მოგაკითხავთ და მოგიყვანთო, მეუბნება სტალინი. როგორ უნდა გავიგო, რომელი მანქანაა თქვენი გამოგზავნილი მეთქი. გაეცინა - ნუ გეშინია, მოგძებნიანო, - მიპასუხა. მოკლედ, ძალიან მალე მასთან აღმოვჩნდი. თვითონ გაშალა სუფრა, ჩამოასხა ღვინო და მეკითხება: - რომელი ჭიქით დავლიოთ, ამხანაგო შოლოხოვ, პატარა თუ დიდითო? - დიდით, - ვუპასუხე დაბნეულმა. სტალინმა მხარზე ხელი დამადო და მითხრა, მოდი, პატარა ჭიქებით დავლიოთ, დიდხანს მოგვიწევს სმაო.
ჩვენი სტუმრობის შემდეგ არ გამოგვყოლია, ამერიკაში მიემგზავრებოდა. 1961 წელს ჩვენ ისევ ვეწვიეთ შოლოხოვს, გადავფრინდით როსტოვში, სადაც მწერალს ორკვირიანი გადაბმული ქეიფი ჰქონდა გაჩაღებული. ცნობილ მსახიობ ქალთან, ბისტრიცკაიასთან ერთად ატარებდა დროს, რომელმაც "წყნარ დონში" აქსინია ითამაშა. შოლოხოვი ბოჰემური კაცი იყო და ქალებისა და დროსტარების დიდი მოყვარული გახლდათ. მახსოვს, როსტოვში ერთ-ერთი პატივცემული მუშაკი მოვიდა მასთან და სთხოვა,- ნიკიტა ხრუშჩოვს მისალოცი დეპეშა თქვენც გაუგზავნეთ დონელთა სახელით, მესამედ მიიღო გმირობაო. შოლოხოვმა შეიგინა: "ონ ნე ტრიჟდი გეროი, ა ტრიჟდი დურაკ". იმ პარტიულ მუშაკს ფერიც კი დააკარგვინა.
რამდენიმე დღე ვსტუმრობდით მწერალთან, შემდეგ კი ერთად გადმოვფრინდით თბილისში. ვასილ მჟავანაძე, გივი ჯავახიშვილი, გიორგი ჯიბლაძე, დავით მჭედლიშვილი დაგვხვდნენ. ეს ის დროა, სტალინი მავზოლეუმიდან რომ გამოასვენეს და მთელ საბჭოეთში ხრუშჩოვის ვაიპოლიტიკის გამო ანტიქართული განწყობილებაა შექმნილი. მე დავით მჭედლიშვილს ვუამბე, როგორ მოიხსენია შოლოხოვმა ხრუშჩოვი. იმას კი მჟავანაძისთვის უთქვამს და ბევრი უცინია. მერე შოლოხოვისთვის უკითხავს, პირადად თუ ეტყვი "ტრიჟდი დურაკი"- ხარო? მომეცით ტელეფონი, ახლავე დავურეკავ და ვეტყვიო - გაცხარდა სტუმარი. მწერალმა ერთი კვირა დაყო საქართველოში. მჟავანაძემ იგი წყნეთში თავის აგარაკზე წაიყვანა და პირადად მასპინძლობდა. ვეშენსკაიაში რომ დაბრუნდა, ყოველ დღესასწაულზე ნობათებს უგზავნიდა მჟავანაძეს, დონის თევზს - რებეცს და დაკლულ ინდაურებს. შინაურული ურთიერთობა ჰქონდათ.
1968 წელს მეორედ ჩამოვიდა საქართველოში თავის ოჯახთან ერთად და კარგა ხნით დარჩა. ჩვენმა მწერლებმა შოლოხოვი წინანდალში დაპატიჟეს. მან აყვავებული ვარდი მოწყვიტა და გოგლა ლეონიძეს ღილკილოში ჩაუბნია: "საქართველოს პირველ პოეტს". ქართველ მწერლობას დიდად აფასებდა. ზეპირად იცოდა პასტერნაკისეული ვაჟა-ფშაველა, ბარათაშვილი, აფორიზმები "ვეფხისტყაოსნიდან".
როგორც ამბობენ, საქართველოში სტუმრობის დროს ვაჟას ლექსებს ზეპირად კითხულობდა სუფრაზე. მაშინ უთქვამს, ამ ბუმბერაზ ქართველს ინგლისელ კიპლინგთან და ინდოელ თაგორთან ერთად უნდა მიეღო ნობელის პრემია; მართალია, კანონი არ ითვალისწინებს გარდაცვლილთათვის ამ პრემიის მინიჭებას, მაგრამ მე მაინც შევეცდები, რომ შვედეთის აკადემია ამ საკითხზე დავაფიქროო.