როგორ იწყებოდა სახელოვანი ლუარსაბ პირველის ზეობა
მამუკა ნაცვალაძე
08.04.2017

 საქართველოს ისტორიაში არაერთი ეპიზოდია ბურუსით მოცული, ჟამთააღმწერლობამ უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა დაგვიტოვა. სამეფო კარის მემატიანეები, როგორც წესი, გვერდს უვლიდნენ საჩოთირო მომენტებს, ამიტომაც ბევრი რამ ისტორიის ლაბირინთებში იკარგება.

ერთ-ერთ ასეთ ბურუსით მოცულ ეპიზოდს მეთექვსმეტე საუკუნის ქართლის სამეფო ტახტზე ვხვდებით, 1525-1527 წლებში, ორი წლის მანძილზე ორგზის გადატრიალება, ბუნებრივია, გარკვეულ ეჭვებს ბადებს. ეს ის ეპიზოდებია, რომლის შემდგომაც ტახტს იკავებს სახელოვანი ლუარსაბ პირველი, მეფე, რომლის სახელსაც უკავშირდება საქართველოს ისტორიის არაერთი ულამაზესი ფურცელი.

რატომ აღიკვეცა დავით მეათე ბერად

1525 წელს ქართლის სამეფო ტახტზე უცნაური ამბები ტრიალებს - დავით მეათე მოულოდნელად გადაწყვეტს ბერად შედგომას. ეს რომ მისი სურვილით არ ხდება, აშკარაა, რადგანაც ტახტს არა მისი ძე, მომავალში სახელგანთქმული და გამორჩეული ქართველი, ლუარსაბი, არამედ მისი ძმა, დავით მეცხრე იკავებს, ორიოდ წელი რომ მართა სამეფო.

აშკარაა, რაღაც უთანხმოება ხდება, ფეოდალურმა შინაომებმა დინასტიურ შიდადაპირისპირებებში გადაინაცვლა, ბაგრატიონთაგან მეფობა ყველას სურს და ამბიციაც დიდი აქვს, არადა, ეს იმ დროს ხდება, როცა სრულიად საქართველომ უნდა ამოისუნთქოს.

რა ვითარებაში ჩაიგდო ტახტი ხელში გიორგი მეცხრემ

ირანის სეფიანთა დინასტიის ერთ-ერთ უსასტიკეს მბრძანებელს შაჰ ისმაილს სული განუტევებია და მისი მემკვიდრე ჯერაც ათი წლის შაჰ თამაზი სულ სხვა იმედებსა და პერსპექტივას უქადის ქართულ სამყაროს. ჯერ არავინ უწყის, რომ ისმაილის სიავე შაჰ თამაზის სიავესთან მონაგონი იქნება. იმედს სახავს ის, რომ ათი წლის თამაზი ჯერ ვერაფერს გააწყობს და როგორც უმწიფარს, ყმაწვილს, ძალაც არ შესწევს იმისათვის, რომ მამამისის დაწყებული საქმე გააგრძელოს.

ამით კარგად სარგებლობს დავით მეათე და თბილისიდან დედაბუდიანად აძევებს ირანელებს. მისმა ტრიუმფალურმა მმართველობამ ახალი იმპულსები უნდა შეიძინოს და სწორედ ამ დროს ხდება ის, რაც ზემოთ მოგახსენეთ. დავით მეათე დამიანეს სახელით ბერად აღიკვეცა.

საგარეო მტერი მეტ-ნაკლებად შემაკავშირებელი ფაქტორი იყო სამეფო-სამთავროებად დაშლილი საქართველოსთვის, ახლა როცა ეს საგარეო საფრთხე დროებით მინელდა, როგორც ჩანს, ის დაგუბებული აგრესია მტრის წინააღმდეგ რომ უნდა მიმართულიყო, სამეფო დინასტიური უთანხმოების არტახებში მოექცა.

რა ქვეტექტს შეიცავდა ქართველ მეფეთა ბერად შედგომა

ბერად შედგომა სახელმწიფო მმართველობიდან ჩამოცილების ტრადიციული ხერხი იყო. ამგვარი რამ აპრობირებული მეთოდი გახლდათ სამეფო კარისთვის და ახლაც აშკარაა, გადატრიალების ფაქტი. აშკარაა, რომ ეს არ იყო ნებაყოფლობით ხელისუფლების დათმობა, შესაძლოა არ გაჩენილიყო ეჭვი მაშინ, თუკი ტახტს ლუარსაბი დაიკავებდა, ის უფლისწული რომელიც ერთგულად ედგა მამამისს, მაგრამ დავითის ძმა გიორგი ნამეტანი ყოჩაღობს, ძმიშვილს ტახტთან არ უშვებს.

არადა, სულ რამდენიმე წლის წინ ლუარსაბმა დაამტკიცა, რომ ქართლის სამეფო ტახტს ღირსეული უფლისწული ეზრდებოდა.

ამბავი შაჰ-ისმაილის მიერ გრემის აოხრებისა

სანამ ეს ამბავი მოხდება, ოთხიოდე წლით ადრე ისმაილის კლანჭებიდან დახსნა სცადა კახთა მეფე ლევანმა. ლევანს შაქზე გაულაშქრავს, მეფეს შაქი იმიტომ ამოუღია მიზანში, რომ სწორედ აქედან ესხმოდნენ მაჰმადიანები კახეთს მუდმივად. ეს ლაშქრობა ქართველთა გამარჯვებით დასრულდა, შაქის მმართველმა ჰოსეინ-ბეგმა ისმაილთან აფრინა შიკრიკი, ჯარი მომაშველე, ვმარცხდებიო, თუმცა, სანამ ეს ამბავინ ისმაილამდე ჩააღწევდა, შაქის მმართველი მოკლეს.

ეს ახალი გამოწვევა იყო ისმაილისთვის, რომელმაც დიდძალი ლაშქარი დაძრა კახეთისკენ, სპარსი ისტორიკოსი ჰასან რუმლუ დაწვრილებით აღწერს იმ მოვლენებს მაშინ რომ გონზე მოიყვანა ქართლს დაპირისპირებული კახთა სამეფო. ძალები არათანაბარი იყო, ყიზილბაშებმა გადმოლახეს ალაზანი და იორი, მიადგნენ კახეთის დედაქალაქ გრემს და ააოხრეს. ეს ამბავი 1521 წელს მოხდა.

ლევანმა დაზავება ამჯობინა და სეფიანებს მორჩილება აღუთქვა. ერთი შეხედვით ყველაფერი ჩაწყნარდა, თუმცა, ერთი წლის შემდეგ შაჰ-ისმაილი ქართლისკენ დაიძრა. მან კარგად უწყის, რომ ქართლის დამორჩილება ყველა სხვა საკითხს იოლად მოაგვარებს. ამიტომაც დიდი შემართებით მოდის თბილისისკენ.

სწორედ აქ ვხვდებით იმ ეპიზოდს ლუარსაბ უფლისწულმა იმედით რომ აღავსო მთელი ქართველობა და ბაგრატიონთა სამეფო კარი.

როგორ ემზადებოდა დავით მეათე შაჰ-იამაილის დასახვედრად

შაჰ-ისმაილს დიდი ლაშქარი მოუგროვებია, ყველა კუთხიდან შეუკრებია მეომარნი. სპარსი ისტორიკოსი ჰასან რუმლუს თქმით, ეს ხდება "ისლამის გასამარჯვებლად და უფალი მოციქულის რჯულის გასაძლიერებლად, ურწმუნო ქართველების აღმოსაფხვრელად."

ისმაილიც მზადაა კახეთის შემდეგ ჭკუა ასწავლოს ქართლელებს, ამიტომაც გზავნის დამსჯელ რაზმს. დავით მეათემ უწყის რას ნიშნავს ისმაილის შემოსევა, რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ამან ქვეყნისთვის, ამიტომაც ზავს სთავაზობს. ეს 1522 წელს ხდება.

ისმაილი ყაბულსაა, თუმცა, საპასუხო მოთხოვნა აქვს - დავითი უნდა ეახლოს ყიზილბაშებს და მაჰმადიანობა მიიღოს, ეს სერიოზული ნიშანია იმისა, თუ რას ნიშნავდა ირანელთა მორჩილება, ამიტომაც ქართლის სამეფო კარი, სრულიად ბუნებრივია, არც კი განიხილავს სეფიანთა წინადადებას და თავდაცვისთვის მზადებას იწყებს.

მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს საქართველო დანაწევრებულია, ქართველები აცნობიერებენ რას ნიშნავს ისმაილის შემოსევა, ამიტომაც გვერდში უდგანან დავითს. კახეთის მეფე, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ქართლთან შუღლი ჰქონდა ამჯერად პოზიციას იცვლის, მოძმეთა თანადგომა ჩათვალა საჭიროდ. ქართლელებს ლაშქარი სამცხის მთავარმაც მიაშველა. ეს კარგი ნიშანია იმისა, რომ ქართული პოლიტიკური ერთეულები აცნობიერებენ მტრის წინააღმდეგ ერთიანი მოქმედების აუცილებლობას.

დავითი გრძნობს, რომ შესაძლოა ესეც არ იყოს საკმარისი, ამიტომაც აგზავნის შიკრიკს ჩრდილოეთკავკასიაში და იქიდან მეომართა რჩეულ რაზმს ქირაობს. ბუნებრივია, იწყება ყველა საფორტიფიკაციო ნაგებობის გამაგრება. განსაკუთრებული აქცენტი თბილისის ციხეზე კეთდება.

ამბავი თელეთში უფლისწულ ლუარსაბის ჩაუქობისა

ისმაილის ლაშქარს დავით მეათე თელეთთან დაუხვდა, პირველი შეტევა ქართველებმა მოიგერიეს, თუმცა, გაქცეული ყიზილბაშები უკან მობრუნდნენ, სწორედ ამ დროს თავის თავზე იღებს ინიციატივას უფლისწული ლუარსაბი, მან მტრის ხაზი გაარღვია, მოსწყვიტა ყიზილბაშთა ნაწილი ძირითად რაზმს. ასე იწყება თელეთის ომისას ყიზილბაშთა განკითხვის ჟამი, ულმობელი ხოცვა-ჟლეტა...

ლუარსაბი გაქცეულ ყიზილბაშებს მისდევს, თითქოს არაფერი უნდა იყოს საშიში, თუმცა, ყველასგან მოულოდნელად ჩასაფრებული შაჰ-ისმაილი ზურგში მოექცა ქართველ უფლისწულს... მოულოდნელობის ფაქტორმა თავისი ქნა...

როგორ გაჩნდა თბილისში მეორე მეჩეთი

ძალა აღმართს ხნავსო, ნათქვამია... ქართველებმა ვერაფერი გააწყვეს და საპასუხო ბრძოლისთვის დაიწყეს მზადება. ირანელებმა ისარგებლეს ამ გამარჯვებით და თბილისს მოადგნენ, თბილისის თავი მოისყიდა ისმაილმა. ქართველთა ღალატი აღმოჩნდა ყველაზე ულმობელი მახვილი. ყიზილბაშები თბილისში შევიდნენ.

და დაიწყო მშვიდობიანი მოსახლეობის რბევა, გაძარცვეს ეკლესია-მონასტრები ხატები, მათ შორის გახლდათ სიონის ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც ძვირფასი თვლები შემოაცალეს და მტკვარში გადააგდეს.

ეს ხატი მწყემსმა იპოვა ნავთლუღის ჭალაში და კახეთის მეფეს ლევანს მიართვა, რომელმაც ძვირფასი თვლებით შეამკო ხატი და სიონში დააბრუნა.

საგულისხმოა, რომ სწორედ ამ დროს, შაჰ ისმაილის ბრძანებით ააგეს ახლანდელი მეტეხის ხიდის მიდამოებში მეორე მეჩეთი, საკულტო ნაგებობა, გასული საუკუნის 30-იან წლებში კომუნისტებმა რომ დაანგრიეს.

ირანელებს ორი წელი ეპყრათ თბილისი, ორი წლის შემდეგ კი 1524 წელს შაჰ ისმაილის სიკვდილი ქართველებისთვის სათანადო ნიშანი იყო იმისა, რომ აქტიურ ბრძოლაზე გადასულიყვნენ და თბილისი დაებრუნებინათ. დაიბრუნეს კიდეც.

იგრძნო თუ არა ამაოება ამაოებათა იერუსალიმში მყოფმა გიორგი მეცხრემ

თბილისის გათავისუფლება ახალი სტიმული უნდა ყოფილიყო დავით მეათისთვის, თუმცა, მოვლენები მოულოდნელად სხვა მიმართულებით ვითარდება - მისი ბერად აღკვეცა დამიანეს სახელით მართლაც მოულოდნელი გახლდათ.

სულ ორიოდე წელი იმეფა გიორგი მეცხრემ. სწორედ მისი ზეობისას ხდება ის საკრალური ლაშქრობა იერუსალიმში, დღემდე ულამაზეს ფურცლად რომ შემორჩა მეთექვსმეტე საუკუნის ჩაჟამულ ყოფას. იერუსალიმში სამივე ქართველი მეფე და სამცხის მთავარი გვერდიგვერდ იბრძვიან, ისინი ოსმალეთის მმართველმა სულეიმან პირველმა შეაგულიანა და ქართველთა ხელით ირანელები განდევნა წმინდა ქალაქიდან.

იერუსალიმიდან დაბრუნებული გიორგი მეცხრე ბერად შედგომას გადაწყვეტს. აშკარაა, აქ კიდევ ერთი საეჭვო ვითარება იქარგება. საცნაური კი სწორედ ის სიგელია, სადაც თავად გიორგი მეცხრე განმარტავს ბერად აღკვეცის მიზეზს: "მე გიორგი ბაგრატიონმან, ძემან მეფედ-მეფისა კონსტანტინესმან, ვცან ვითარმედ სოფელი წუთიერ და მსწრაფლწარმავალ არს... ამისთვის დავუტევე ყოველივე ამაოება და დიდება..."

ვინ იცის, შესაძლოა იერუსალიმში ქრისტეს საფლავთან ყოფნამ სულ სხვაგვარად დააფიქრა მეფე, სულ სხვაგვარად დაანახა ამაოება ამაოებათა, სხვაგვარად შეაფასა თავისი საქციელი - ორიოდ წლის წინ ხომ საკუთარ ძმიშვილს წაართვა ტახტი...

არც ეს ფაქტორები უნდა გამოვრიცხოთ კატეგორიულად, თუმცა ვფიქრობთ, ამის პარალელურად იმ პოლიტიკურ გარემოს უნდა შეესრულებინა გადამწყვეტი როლი, ლუარსაბისა და იმერთა მეფის ასულის თამარის პოლიტიკურ ქორწინებას რომ მოჰყვა.

დაიბრუნა თუ არა სამეფო ტახტი ლუარსაბმა დინასტიური ქორწინებების საშუალებით

საგულისხმოა, რომ ლუარსაბი, რომელიც სულ მალე სხვა მასშტაბებს შესძენს უცხო დამპყრობელთა წინააღმდეგ ბრძოლას, ამ ხნის მანძილზე არ ეპუება ტახტის დაკარგვას. ლუარსაბის გონიერება და ბრძოლისუნარიანობა კარგად იციან ქართველებმა, ამიტომაც არავის უკვირს მისი დიპლომატიური გათვლები - ის დაქორწინდა ბაგრატ მესამის ასულ თამარზე, ბაგრატი იმერეთის მეფეა, რომელსაც საკმაოდ დიდი წონა და გავლენა აქვს იმ პერიოდის კავკასიაში.

ამ დინასტიური ქორწინების შემდეგ ბაგრატს კიდევ უფრო მეტი სტიმული გასჩენია გააფართოვოს გავლენის სფეროები, ამიტომაც არაფერზე იხევს უკან. ის ინტრიგები, რაც ჩვეულებრივი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო, ბუნებრივია სრულად არ გამოდიოდა სააშკარაოზე, ამიტომაც უნდა ვიფიქროთ, რომ საკმაოდ კულუარულ ვითარებაში ბაგრატ მესამის უშუალო მონაწილეობით უნდა მომხდარიყო გიორგი მეცხრის ბერად აკვეცა.

იმ ჩვენამდე მოღწეული სიგელით კი შელამაზებულად უნდა ახსნილიყო სამეფო კარზე მეორე გადატრიალების არსი, ისე რომ გერასიმეს სახელით ბერად შემდგარი გიორგი მეცხრის ღირსება არ შელახულიყო... ღირსება ხომ ყველა დროისა და ფორმაციის საქართველოში ყველაზე დიდი ფასეულობა გახლდათ...

და ასე იწყება 1527 წელს ზეობა ღირსებაშემზკული კაცისა, ლუარსაბ პირველისა, რომლის მენტალიტეტიც, განსხვავებით მისი წინამორბედებისა, ჯიუტად ინახავდა ერთიან ქართულ კულტურულ და პოლიტიკურ სამყაროს...

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×