ია აბულაშვილი
10.04.2017

 თვითმმართველობის არჩევნებამდე სულ 6 თვე დარჩა, მაგრამ ძირითადი პოლიტიკური ძალები უკვე ემზადებიან ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვანი არჩევნებისთვის. მმართველი ხელისუფლებიდან წამოვიდა ინიციატივა, რომ რამდენიმე თვითმმართველ ქალაქს შეუჩერდეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, რასაც არ ეთანხმება ოპოზიცია.

ვიდრე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მწვავე დებატები გრძელდება, მანამდე ჩვენს დღევანდელ სტატიაში მკითხველს რამდენიმე საინტერესო მასალას შევთავაზებთ იმის შესახებ, თუ როგორი იყო თვითმმართველობის პირველი ნაბიჯები საქართველოში და როგორ ხედავდნენ იმ პერიოდის საზოგადო მოღვაწეები თვითმმართველობის როლს.

როგორც ისტორიკოსები ამბობენ, მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოში არ დარჩენილა არც ერთი ცოტად თუ ბევრად მნიშვნელოვანი ქალაქი, დაბა ან საქალაქო ტიპის დასახლება, საქალაქო თვითმმართველობის უფლება არ მოეთხოვოს, მაგრამ ამ უფლების მოპოვება ადვილი არ იყო.

მე-19 საუკუნის დამლევს ქალაქის მოსახლეობის ეკონომიურად ძლიერ ფენებს უფლება მიეცათ, ქალაქის თავისა და ექვსი ხმოსნის შემადგენლობით სათათბირო შეექმნათ. საქალაქო თვითმმართველობის განმკარგველი ორგანო იყო სათათბირო და მის კომპეტენციაში შედიოდა თანამდებობის პირთა არჩევა, ბიუჯეტის დამტკიცება, საქალაქო საქმეთა განხილვა და სხვა. ყველა ორგანო და ქალაქის თავი ირჩეოდა 4 წლის ვადით.

მოგვიანებით გაჩნდა საარჩევნო უბნები. არჩევნები ტარდებოდა ფარული "საარჩევნო კენჭების" მეშვეობით. ამომრჩევლებს "მეკენჭეები" ერქვათ. ახლად არჩეული სათათბიროს წევრები, ანუ ხმოსნები, ფიცს დებდნენ. რაც შეეხება სათათბიროს შემადგენლობას, დებულების თანახმად, უპირატესობა ჰქონდათ უძრავი ქონების მეპატრონეებს, ვაჭარ-მრეწველებს, ბანკირებს.

ქუთაისი - პირველი თვითმმართველი ქალაქი

ეროვნულ არქივში მოპოვებული მასალების თანახმად, თვითმმართველობის უფლების მოსაპოვებლად საქართველოს ქალაქებიდან პირველად ბრძოლა საგუბერნიო ქალაქმა ქუთაისმა წამოიწყო და მთელი სიმძიმე თვითმმართველობის მოპოვებისთვის სწორედ ამ ქალაქმა გადაიტანა.

თვითმმართველობისთვის ბრძოლა ქუთაისმა პირველად 1874 წლის იანვარში დაიწყო. ქუთაისის გუბერნატორმა, გრაფმა შუვალოვმა ქალაქის მცხოვრებლებს მიმართა, აერჩიათ 5 კაცისგან შემდგარი კომისია, რომელსაც ქალაქის საქმიანობაზე ზრუნვა უნდა დაკისრებოდა.

1874 წლის 16 მარტს ქუთაისში, "სამეფო სახლში" მოიწვიეს საქალაქო დეპუტატების სხდომა, სადაც უნდა მოესმინათ დეპუტატების აზრი.

1875 წლის ივლისში იმპერატორმა დაამტკიცა შტატი, რომლის მიხედვით ქუთაისში უნდა გახსნილიყო საქალაქო თვითმმართველობა. ამ მმართველობის თავმჯდომარედ, ანუ ქალაქის თავად, დანიშნული იქნა ნიკოლოზ აბაშიძე.

იმავე წლის სექტემბერში დაინიშნა ქუთაისის ქალაქის დეპუტატთა არჩევნები, რასაც საზოგადოება დიდი მოწონებით შეხვდა. ცნობილი საზოგადო მოღვაწე სერგი მესხი გაზეთ "დროებაში" წერდა: "თუმცა სრულიად არა, მაგრამ ქუთაისსაც ეღირსა ბოლოს და ბოლოს თავისი დიდი ხნის ნატვრის შესრულება, ქალაქს მიენიჭა უფლება, რომ თავისი შინაგანი საქმეები თვითონ განაგოს ამორჩეული და დანდობილი პირების საშუალებით".

16 სექტემბერს ჩატარდა დეპუტატთა არჩევნები. სულ 53 ხმოსანი იქნა არჩეული სამივე თანრიგში, პირველ და მეორე თანრიგში 18-18 ხმოსანი, მესამეში კი - 17.

1875 წლის პირველ დეკემბერს მოწვეულ იქნა ქუთაისის ქალაქის საბჭოს ("დუმა") პირველი სხდომა, რომელზეც ხმოსნებმა ფიცი დადეს. ასე შეიქმნა ქუთაისში საქალაქო თვითმმართველობა. მალევე დაინიშნა საქალაქო საბჭოს მეორე სხდომა, რომელზეც არჩეულ იქნა თვითმმართველობის გამგეობა და ქუთაისის თვითმმართველობა საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა.

პირველ წლებში ქუთაისის თვითმმართველობა მთელ რიგ დაბრკოლებებს წააწყდა. მიუხედავად იმისა, რომ საქალაქო თვითმმართველობას მინიჭებული ჰქონდა სამეურნეო-ეკონომიკური ხასიათის ზოგიერთი უფლება, მათი განხორციელება ჭიანურდებოდა. ამიტომ ქალაქის საბჭომ საზოგადოებრივი ბანკის დაარსების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ეს პროექტიც ვერ განხორციელდა. ასეთ ვითარებაში ქალაქის თვითმმართველობაში მოხდა ცვლილებები, ქალაქს სათავეში ჩაუდგა გამგეობის ახალი შემადგენლობა.

1879 წელს ქალაქის თავის თანამდებობა დაიკავა ლუკა ასათიანმა, რომელიც 13 წელი იყო ქალაქის თავი ქუთაისში. ამ პერიოდიდან მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, ქალაქის გამგეობამ პირველ რიგში იმაზე დაიწყო ზრუნვა, რომ გაეძლიერებინა ქალაქის ეკონომიკური მდგომარეობა, რადგან ქალაქის შემოსავალი უმნიშვნელო იყო.

ქალაქის გამგეობა შეეცადა, გამოენახა სახსრები საქალაქო ხარჯების დასაფარავად, რაც ძირითადად მოხდა ქალაქში განლაგებული საწარმოებისა და მატერიალური ქონების საჯარო წესით გაცემის ხარჯზე.

1880 წელს საქალაქო საბჭომ შექმნა სავაჭრო დეპუტაცია, რომლის მოვალეობა იყო, თვალყური ედევნებინა ქალაქის სალაროსათვის, რამდენად სწორად შედიოდა სამრეწველო და სავაჭრო საწარმოებიდან ქალაქის კუთვნილი გადასახადი. ქალაქში აიკრძალა ვაჭრობა სავაჭრო წესდებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარეშე.

ამ პერიოდში იცვლება ქალაქის იერსახე. იწყება მისი განაშენიანება. მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა სამშენებლო კანონმდებლობაში. ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში აიკრძალა ხის სახლების მშენებლობა. იმ დროს ქუთაისში სულ იყო 144 ქუჩა და შესახვევი და მათ შორის მხოლოდ 38-ს ჰქონდა სახელწოდება. განმკარგულებელმა კომისიამ 106 ქუჩას სახელწოდება მიაკუთვნა.

იმავე პერიოდში ქუთაისში აიგო თეატრის შენობა, ესეც გამგეობის გადაწყვეტილებით. ქალაქს ჰქონდა თავისი გაზეთი.

ფოთი - როგორ გახდა ნიკო ნიკოლაძე ქალაქის მერი

1882 წლიდან ფოთში საქალაქო თვითმმართველობა იქნა შემოღებული. ქალაქის საბჭოს დღის წესრიგში იდგა შემდეგი საკითხების გადაჭრა: ქალაქში შემოტანილ და გასატან ტვირთებზე საკანონმდებლო წესით დაწესებულიყო "საფუთო გამოსაღები ნახევარი კაპიკის ოდენობით"; ასევე ქალაქს უნდა გადასცემოდა ნავსადგურის ხიდების დარღვევის შედეგად დარჩენილი მასალა, რომლის ღირებულება მაშინ 23 ათასი მანეთი იყო და რომლითაც ქალაქში უნდა აშენებულიყო ახალი ხიდი კუნძულის ნავსადგურთან შესაერთებლად. ასევე უნდა გაყვანილიყო გზატკეცილი ფოთიდან ამიერკავკასიის რკინიგზის მშენებლობის დასაჩქარებლად.

1883-1887 წლებში ქალაქის საბჭომ მიიღო დადგენილება ქალაქის ქუჩებში, ეზოებსა და სავაჭრო სათავსოებში სანიტარიული ღონისძიებებისა და სისუფთავის დაცვის შესახებ; ქალაქში ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების, ღუმელების და საკვამლე მილების მოწყობის შესახებ.

1894 წლის ოქტომბერში ფოთში ქალაქის თავის არჩევნები გაიმართა. ასარჩევად ორი კანდიდატი იყო დასახელებული - იონა მეუნარგია და ნიკო ნიკოლაძე. არჩევნებში 210 ხმოსანი მონაწილეობდა, რომელთაგან 193-მა 17-ის წინააღმდეგ ნიკო ნიკოლაძის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.

ნიკო ნიკოლაძემ არჩევნებში მონაწილეობა ფოთელი ხმოსნების თხოვნის შემდეგ გადაწყვიტა, რომელთა აზრითაც, ქალაქი იმხანად "მძიმე ავადმყოფს ჰგავდა" და მისი განკურნებისთვის "გამოცდილი ექიმი იყო აუცილებელი".

ქალაქის თავი გახდა ნიკო ნიკოლაძე. პირველ რიგში მან მთავრობის წინაშე დააყენა საკითხი საპორტო გამოსაღებიდან თანხის დახარჯვის შესახებ, რაც თვითმმართველობას მისცემდა საშუალებას, ეს თანხა ქალაქის საჭიროებისთვის გამოეყენებინა. ასევე მიმართა შუამდგომლობით ფინანსთა სამინისტროს საობლიგაციო სესხის გამოშვების შესახებ.

1896 წელს ქალაქის თვითმმართველობამ გამოუშვა 140 000- მანეთიანი საობლიგაციო სესხი. შემდგომში ეს თანხა 2 მილიონამდე გაიზარდა.

საობლიგაციო სესხის რეალიზაციის შედეგად ფოთის ბიუჯეტი მკვეთრად გაიზარდა. მაგალითად, თუ წინა წლებში ქალაქის ბიუჯეტში მხოლოდ 40 ათასი მანეთი შევიდა, შემდგომ წლებში ბიუჯეტი 100 ათასი მანეთზე მეტი იყო.

ნიკო ნიკოლაძემ ასევე მოსთხოვა მთავრობას ფოთის ნავსადგურის პროექტის გადაკეთება. მისი ინიციატივით გადაიჭრა ფოთში ნავსადგურისა და ქალაქის ქუჩების ენერგოგანათების საკითხი. მოწონებულ იქნა უცხოური ფირმის-"ოლშევიჩი და კერნის" მიერ წარმოდგენილი პროექტი. ამავე ფირმასთან გაფორმდა ხელშეკრულება "საელეკტროფიკაციო სამუშაოთა წარმოების შესახებ". ქალაქის ქუჩების წყალდიდობისაგან დაცვის მიზნით კი მდინარის სანაპიროს გასწვრივ აგებულ იქნა 475 საჟენი სიგრძის ზღუდე.

1896 წელს ფოთში გაიხსნა პირველი სამკურნალო დაწესებულება. მომდევნო წელს დაიწყო მდინარე რიონის ხიდის (105 საჟენი სიგრძის) მშენებლობა. გარდა ამისა, ფოთში აიგო კიდევ სამი ხიდი - ორი მდინარე რიონზე, რომლებიც ქალაქსა და დიდ კუნძულს ნავსადგურთან აერთებდა და ერთი მალთაყვაზე, რომელიც ფოთს გურიასთან აკავშირებდა.

1897 წელს ფოთში აშენდა სატელეფონო სადგური. მომდევნო წლებში შედგა ქალაქის განაშენიანების გეგმა. დღის წესრიგში დადგა ქალაქში სამასწავლებლო სემინარიის დაარსება, საოჯახო და სამეურნეო სკოლის გახსნა. ასევე ქალაქის მმართველობამ მიიღო გადაწყვეტილება ფოთის გარშემო არსებული ჭაობიანი მიწების ამოსაშრობად სამუშაოების დაწყების თაობაზე. დაიგეგმა ფოთსა და პალიასტომს შორის კურორტის გახსნა, თეატრის მშენებლობა და სხვა ღონისძიებები.

ბათუმი

რატომ უშლიდნენ ხელს რუსი შავრაზმელები ბათუმის ქართველობას, მონაწილეობა მიეღოთ საქალაქო არჩევნებში

1888 წელს ბათუმში დაწესდა ქალაქის თვითმმართველობა, რის შემდეგაც მოეწყო ქალაქის ხმოსანთა არჩევნები. ხმოსანთა შორის ყველაზე ნაკლები ადგილი მოიპოვეს ქართველებმა. თვითმმართველობის გამგეობის შემადგენლობაში მარტო რუსები შედიოდნენ, მხოლოდ მდივნად მოხერხდა ივანე მესხის გაყვანა. მასთან ერთად იღვწოდა გრიგოლ ვოლსკი და ორივენი ცდილობდნენ, რომ მომავალ არჩევნებში რაც შეიძლება მეტი ქართველი გაეყვანათ.

რუსი შავრაზმელები გაზეთ "ჩერნომორსკი ვესტნიკის" რედაქტორის - პალმის ხელმძღვანელობით ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ბათუმის ქართველობა ქალაქის თვითმმართველობაში ვერ გასულიყო, მაგრამ 1894 წლის ოქტომბერში გამართულ არჩევნებში ქართველებმა უდიდეს წარმატებას მიაღწიეს: ქალაქის საბჭოში არჩეული 35 ხმოსნიდან 19 ქართველი, 8 რუსი, 3 პოლონელი და 5 ბერძენი იყო.

სოფრომ მგალობლიშვილი წერდა: "ძნელი წარმოსადგენია, რა ჯაფა, შრომა დასჭირდებოდათ ბათომის ქართველობას საქალაქო არჩევნებში გამარჯვებისთვის".

1890 წლიდან ქალაქის თავად არჩეულ იქნა ლუკა ასათიანი და თვითმმარველობის ახალმა შემადგენლობამ ხელი მოჰკიდა ქალაქის კომუნალური მეურნეობის მოწესრიგების საკითხს.

პირველ რიგში ბათუმის თვითმმართველობამ ქალაქის წყლით მომარაგების საქმეს მიაქცია ყურადღება, რადგან მანამდე ბათუმში მხოლოდ თიხის მილების წყალსადენი იყო და ამიტომ დაიწყო ახალი წყალსადენის შექმნაზე ზრუნვა. ამ საქმისთვის ბათუმში ჩავიდა თბილისის წყალსადენის მშენებლობის ინჟინერი კონრადი.

1895 წელს დაისვა საკითხი ქალაქში კონკის მშენებლობის შესახებ. 1897 წელს საქალაქო საბჭომ მიიღო დადგენილება ბათუმში ტრამვაის ხაზის გაყვანის თაობაზე, ფრანგი ინჟინრის დიუნანგის პროექტის მიხედვით.

1899 წელს კი გადაწყდა ბათუმის ელექტროგანათების საკითხი. ქალაქის გამგეობამ გაზეთში გამოაქვეყნა განცხადება და იწვევდა მშენებელ ფირმებს, რომლებიც იკისრებდნენ ამ საქმის გაკეთებას. განცხადებას გამოეხმაურა რამდენიმე ფირმა, მაგრამ გამგეობამ უპირატესობა "ოლშევიჩისა და კერნის" ფირმას მიანიჭა. 1901 წელს სამუშაოები დასრულდა და ამ დროიდან ბათუმის ქუჩების უმეტესობა და პორტი ელექტროგანათებაზე იყო გადაყვანილი.

იმ წლებში ბევრი რამ აშენდა ქალაქში. გაიხსნა გიმნაზია, საქალაქო სასწავლებელი, რისთვისაც აუგიათ ორსართულიანი შენობა. ასევე დაბალი საფეხურის სკოლა სხვადასხვა ეროვნების ბავშვებისთვის. გაუშენებიათ ზღვისპირა ბაღები. დაიწყო ქალაქის თვითმმართველობის შენობის აგება, ქალაქის დახურული ბაზრის მშენებლობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×