ბოლო პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში საშუალო ფენა დაახლოებით 10-15%-ით შემცირდა. გაცილებით მეტია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც რისკის ზონაში არიან და გაღარიბება ემუქრებათ. ასეთია მოსახლეობის ის ნაწილი, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000-1200 ლარამდეა.
სპეციალისტები განმარტავენ, რომ საშუალო კატეგორიის მოსახლეობას განკარგვადი შემოსავალი მკვეთრად შეუმცირდა, საკრედიტო მომსახურების წილი კი გაეზარდა. ამან უამრავი ადამიანის ფინანსური მდგომარეობა გააუარესა.
ეკონომისტების შეფასებით, სავალუტო პრობლემისა და ფინანსური კრიზისის გამო საშუალო ფენას დიდი საფრთხე ემუქრება. ეს პროცესი დაახლოებით 2,5 წლის წინათ დაიწყო და დღესაც გრძელდება.
ის, რომ სოციალური ფონი გაუარესებულია და მოსახლეობის მეტ-ნაკლებად შეძლებული ნაწილიც შემოსავლების კლებას უჩივის, სპეციალისტების ფართო წრისათვის კარგად ნაცნობი თემაა. სტატისტიკოს სოსო არჩვაძის განმარტებით, ქვეყანაში საშუალო ფენის მაჩვენებელი 15-18%-ს არ აღემატება და დიდია ალბათობა, რომ ამ ადამიანთა დიდმა ნაწილმა ღარიბთა და ღატაკთა რიგებში გადაინაცვლოს.
"ჩვენთან საშუალო ფენა, მდიდრებსა და დაბალშემოსავლიანებს თუ გამოვრიცხავთ, სტატისტიკურად, მცირე არ უნდა იყოს. ღარიბთა რაოდენობა, ოფიციალური მონაცემებით, 22%-მდეა, შემწეობის მიმღებთა კატეგორიაც არ არის 10-15%-ზე მეტი. ამიტომ დანარჩენი მოსახლეობა, დაახლოებით 60% სტატისტიკურად შეიძლება მივაკუთვნოთ საშუალო ფენას, მაგრამ ეს წმინდა მათემატიკური გათვლით, რაც რეალობისგან ძალიან შორსაა. თანამედროვე სტანდარტით თუ ვიმსჯელებთ, მათი რიცხვი 15-18%-ზე მეტი არ არის. თანაც, დიდია რისკი, რომ ამ ადამიანების გარკვეული ნაწილი ღარიბთა და ღატაკთა რიგებში აღმოჩნდეს.
საგულისხმოა, რომ საქართველოში მოსახლეობის დიფერენცირება, შემოსავლების მიხედვით, საგრძნობლად მაღალია. თითოეულ სოციალურ ჯგუფს თავისი პრობლემა, რისკი და გამოწვევა ახლავს. მიზეზთა გამო შემოსავლები მდიდართა ფენაში სწრაფად იზრდებოდა, ხოლო 2012 წლის შემდეგ, მთელი რიგი დახმარებებისა და ხარჯის გამო, ღირიბთა ფენის შემოსავალმაც მოიმატა. ამან გამოიწვია, რომ ე.წ. საშუალო ფენის მდგომარეობა შეიზღუდა. აქ ორი მომენტია: უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან ადამიანები, რომელთაც საშუალო შემოსავლები აქვთ და საშუალო სტანდარტის შესატყვისი მოქალაქეები და მათი შემოსავლები", - განუცხდა "ბიზნეს-რეზონანსს" არჩვაძემ.
მისი შეფასებით, საბანკო დაწესებულებებზე დამოკიდებულება არის მაღალი როგორც მდიდართა, ასევე საშუალო და ხელმოკლე ოჯახებშიც. მთლიანობაში არ იცვლება პროპორცია, მაგრამ რეალურად განკარგვადი შემოსავლების მოცულობა მნიშვნელოვნად მცირდება.
"ბოლო წლებში ჩვენ არ გვქონდა საკმარისად მაღალი ეკონომიკური ზრდა და ამიტომ რამე არსებითი გარღვევა საშუალო შემოსავლების სტანდარტის მიხედვით არ ყოფილა. პირიქით, შემცირდა კიდეც. საქართველოს მოსახლეობის სულ უფრო დიდი ნაწილი არის დამოკიდებული საბანკო სესხებზე და ეს თანდათან გადაუჭრელი პრობლემა ხდება. საკრედიტო დაწესებულებების სესხების მომსახურება აიძულებს მათ, რომ შემოსავლების სულ უფრო მეტი ნაწილი ბანკების მომსახურებისკენ მიმართონ.
აქედან გამომდინარე, თავისთავად არა იმდენად შემოსავლების ზრდა განსაზღვრავს ადამიანის კეთილდღეობას, არამედ ის, თუ თითოეული ამ ოჯახის შემოსავლების რა ნაწილი მიიმართება საბანკო მომსახურებისკენ. აქ უკვე რთულადაა საქმე. საბანკო დაწესებულებებზე დამოკიდებულება არის მზარდი როგორც მდიდართა, ასევე საშუალო და ხელმოკლე ოჯახებშიც, რაც რეალურად განკარგვადი შემოსავლების მოცულობას მნიშვნელოვნად ამცირებს", - განმარტავს სოსო არჩვაძე.
ერთ-ერთი საყურადღებო საკითხი, რაც საშუალო ფენას უკავშირდება, სტატისტიკოსის შეფასებით, ეხება ათასობით ადამიანს და შეიძლება ფიქსირებული შემოსავლების მქონენიც ღარიბთა კატეგორიაში აღმოჩნდნენ.
"ხდება როგორც შედარებით მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანის დაბალ კატეგორიაში გადასვლა, ასევე პირიქითაც. ეს არის "ქუჩა ორმხრივი მოძრაობით". მარტო იმის თქმა, რომ ადამიანები ღარიბთა კატეგორიაში გადავიდნენ, არასწორად მიმაჩნია. მაშინ რამდენმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს და საშუალო ფენაში გადავიდა?
ამერიკაში იმისათვის, რომ რისკის ფაქტორი გამოირიცხოს, მიიჩნევა, რომ არა მარტო ღარიბი ოჯახი, არამედ ღარიბ ოჯახებზე 25%-ით მეტი შემოსავლის მქონე შინამეურნეობებიც კი რისკის ზონას მიეკუთვნებიან, ანუ ეს ჯგუფი შეიძლება აღმოჩნდეს ღარიბთა კატეგორიაში. ამ თვალსაზრისით, საქართველოში რისკის ზონაში არიან ფიქსირებული სამუშაო ადგილების მქონე ადამიანები, რომელთა ხელფასი არის შედარებით დაბალი, მაგრამ სოციალური პასუხისმგებლობა მაღალი აქვთ. ეს შეიძლება იყოს პედაგოგი, მეცნიერი, ექიმი, გარკვეულწილად ჟურნალისტთა კორპუსი ფართო გაგებით. ყველა ის პირი, რომლის შემოსავალი დაახლოებით 1000-1200 ლარამდეა, მომატებული რისკის მქონეთა ჯგუფს მიეკუთვნება", - განმარტავს არჩვაძე.
სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ თუკი ლარის გაუფასურების პროცესი მომავალში გაგრძელდება, საშუალო ფენის რიგს საგრძნობლად შეათხელებს და ისედაც შესუსტებულ პოზიციებს შეარყევს.
აკადემიკოსი ავთო სილაგაძე ოფიციალური სტატისტიკის გარეშე საშუალო ფენის მაჩვენებელს არ ასახელებს, თუმცა მოსახლეობის ამ კატეგორიაში კრიზისს ადასტურებს. იგი ვარაუდობს, რომ საშუალო შეძლების მოქალაქეთა 10-15%-მა უკვე გადაინაცვლა ღარიბთა ფენაში და ეს მაჩვენებელი დროთა განმავლობაში გაუარესდება, თუკი ქვეყანაში მიმდინარე ფინანსური კრიზისი არ დასრულდება.
"ზუსტი ციფრის დასახელება, თუ რამდენი პროცენტია საშუალო ფენა, გამიჭირდება. იმის გათვალისწინებით, რომ მცირე და საშუალო საწარმოებიდან ბიუჯეტში დაახლოებით 20%-ის ფარგლებშია შემოსავალი, ამ მაჩვენებელთან ახლოს უნდა ვიგულისხმოთ. კარგი იქნებოდა, რომ საშუალო შეძლების მოქალაქეთა რაოდენობა მოსახლეობის ნახევარს აჭარბებდეს (ჯანსაღი ეკონომიკის პირობებში ასეც უნდა იყოს), მაგრამ ასე ნამდვილად არ არის.
სამწუხაროდ, ვერ ჩამოყალიბდა საშუალო ფენა საქართველოში. ჯინის კოეფიციენტი ცხადყოფს, რომ შემოსავლების გადანაწილებაში არის დისპროპორცია. მცირე ნაწილს აქვს დიდი შემოსავალი და მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს - მცირე. ვფიქრობ, 2-წლიანი კრიზისის ფონზე ღარიბთა ფენაში ბევრი გადაინაცვლებდა. როცა ხდება ეროვნული ვალუტის დევალვაცია და ეს მაჩვენებელი მაღალია, ამ ადამიანების მსყიდველობითი შესაძლებლობა აუცილებლად შემცირდებოდა", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" ავთო სილაგაძემ და დასძინა, რომ თუკი სავალუტო კრიზისი გაგრძელდება, დაახლოებით 15% კიდევ აღმოჩნდება ღარიბთა კატეგორიაში.
"ფასები გაზრდილია, შემოსავალი არ მატულობს, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა შემცირდა, მათ შორის, საშუალო კატეგორიის ადამიანებშიც. სოციალური ფონის კიდევ უფრო დამძიმებას არ ველოდები, მაგრამ ლარის გაუფასურება თუ გაგრძელდება, ბევრი ადამიანი შეავსებს ღარიბთა რიგებს. სოციალური ფონი გაუარესებულია, ვერ ვიტყოდი, რომ ბოლო 1-2 თვეში დამძიმდა ვითარება, მაგრამ ეს პროცესი აშკარად შესამჩნევია", - განაცხადა ავთო სილაგაძემ.