"მომხმარებლები აბსოლუტურად დაუცველები ვართ, პასუხის გამცემი არავინაა"
ნათია ლომიძე
12.04.2017

 თბილისის სხვადასხვა უბნაში წყალი სისტემატურად წყდება. ზოგადად ამ საკითხთან დაკავშირებით "რეზონანსი" ადრეც წერდა. როგორც ჩანს, საკითხი ვერაფრით მოგვარდა. რედაქციაში უკმაყოფილო მოქალაქეების სატელეფონო ზარები არ წყდება. ბოლო შემთხვევა თამარ მეფის გამზირზე მცხოვრებ მოქალაქეებს შეეხებათ, რომლებიც წყლის გამუდმებით შეწყვეტას უჩივიან. მათ კორპუსში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში წყალი რამდენჯერმე შეწყდა, 8-9 აპრილს კი 36 საათის განმავლობაში სასმელი წყლის გარეშე იყვნენ დარჩენილი.

როგორც თამარ მეფის გამზირის #5 კორპუსში მცხოვრებმა ადამიანებმა "რეზონანსს" შეატყობინეს, წყლის მიწოდება შეუწყდათ 4 აპრილს 17:00 საათიდან 21:00 საათამდე, 8 აპრილს - 13:00 საათიდან 23:00 საათამდე, 9 აპრილს - 13:00 საათიდან 10 აპრილის 13:00 საათამდე. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს, რადგან რამდენიმე დღის განმავლობაში კორპუსის მობინადრეები თითქმის უწყლოდ არიან მაშინ, როდესაც ისინი საგადასახადო ვალდებულებას პირნათლად ასრულებენ.

თამარ მეფის გამზირზე მცხოვრები ადამიანები მოუგვარებელ პრობლემაზე საუბრობენ. მე-5 კორპუსის მობინადრე მარინა ნამორაძე ამბობს, რომ ის და მისი მეზობლები ბზობის დღესასწაულს უწყლოდ შეხვდნენ. იგი ოპერატორების მხრიდან ინფორმაციის გაუცემლობაზე საუბრობს.

"წყალი შაბათს, 8 აპრილს გაითიშა დღის პირველ საათზე და მოვიდა ღამის 11 საათზე. კვირას, 9 აპრილს 12 საათიდან იყო დაბალი წნევით. საღამოს 10 საათზე ჩავრთავთო, მაგრამ მანამდე 5-ზე საერთოდ შეწყდა და არც საღამოს მოვიდა. ორშაბთს დილით წყალი არ გვქონდა, რადგან მესამე დაზიანება აღმოჩნდა და მის აღმოფხვრას შუადღისთვის შეგვპირდნენ, ბოლოს ორის ნახევარზე ჩაირთო. იმის ნაცვლად, რომ გვეზეიმა ბზობა, მოგვემზადებინა სადილი, მთელი დღე ვისხედით და წყალს ველოდებოდით, ჩაგვამწარეს დღესასწაული.

აღშფოთებას იწვევს ოპერატორების მუშაობა, რომლებიც დაზეპირებულ ტექსტს იმეორებენ, ანუ იმას, რაც ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია მითითებული. მიუხედავად იმისა, რომ სისტემა გთავაზობს შიდა ნომერზე გადართვას, ოპერატორები უარს აცხადებენ ტექნიკური სამსახურის ნომრების გამხელაზე. თურმე ეს შეუძლებელია, თუკი წინასწარ განცხადება არ გაქვს შეტანილი", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას მარინა ნამორაძემ.

წყლის მიწოდების პრობლემაზე ისაუბრა იმავე კორპუსის ბინადარმა ქალბატონმა მანანამ. მისი თქმით, ბოლო დროს წყლის გათიშვამ რეგულარული ხასიათი მიიღო. შაბათ-კვირის გარდა, უწყლოდ წინა კვირასაც (სამშაბათს) მოუწიათ ყოფნა. ამ დღეს წყალი გათიშული იყო 4-5 საათით.

"ყველაზე აღმაშფოთებელი ისაა, რომ მომხმარებლები აბსოლუტურად დაუცველები ვართ. წყლის მოწოდების გადასახადს დროულად ვიხდით. თუ დავაგვიანეთ, მაშინვე ელექტროენერგიას გვითიშავენ. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს" კი შეუძლია სისტემატურად არღვიოს მოქალაქეთა უფლებები და პასუხის გამცემი არავინაა. შევედი კომპანიის საიტზე და დიდი ამბით წერენ უპრეცენდენტო ეროვნული საგანმანათლებლო კამპანიის შესახებ. რა დროს თანხების ხარჯვისა და ეკოვიქტორინების დროა, როცა ხალხს უწყლობა აწუხებს", - აღნიშნა მან.

სტატიის წერის პროცესში თამარ მეფის გამზირზე მცხოვრებმა ადამიანებმა გვაცნობეს, რომ ორშაბათს ღამის 3 საათზე ისევ შეწყდა წყლის მიწოდება და მხოლოდ სამშაბათს, ანუ 11 აპრილის დილის 9 საათის შემდეგ აღდგა.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში" ადასტურებენ, რომ აღნიშნულ პერიოდში სამჯერ მოხდა წყალმომარგების შეზღუდვა სხვადასხვა მიზეზის გამო. კომპანია ჩუბინაშვილის ქუჩაზე სარებილიტაციო სამუშოებს აწარმოებს. წყალსადენის ქსელის 0.5 კმ-იანი ამორტიზებული მონაკვეთი სრულად იცვლება და 10 ახალი ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდება.

"4 აპრილს, წყალმომარგების შეზღუდვა განპირობებული იყო სარებილიტაციო სამუშოების წარმოების გამო. სარებილიტაციო და ტექნიკური სამუშოების წარმოებისას ქსელის წყლისგან დაცლააა აუცილებელი.

8 აპრილს, მოქალაქის კუთვნილ ქსელზე დაზიანება იყო. დაზიანებულ კორპუსთთან დამონტაჟდა ინდივიდუალური ურდული, რათა მომავალში ტექნიკური სამუშაოების წარმოებისას წყალმომარაგების შეზღუდვის არეალი მინიმუმამდე შემცირდეს.

9 აპრილს კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" 1400 მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენის ქსელი დაზიანდა. ტექნიკურ-აღდგენითი სამუშოები მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვდა.

ჩუბინიშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აპრილის ბოლოს დასრულდება, რის შედეგადაც წყალმომარაგება მნიშველოვნად გაუუმჯობესდება ჩუბინაშვილის, კლდიაშვილის, ფიროსმანის, თამარ მეფის, კონტიტუციის ქუჩებს და მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს.

საბოლოო ჯამში, 2017 წელს სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის 200 ქუჩაზე ჩატარდება და 170 კმ-ზე მეტი ქსელი სრულად განახლდება", - აცხადებენ "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×