"ჩვენ დღეს გვაქვს ძალიან ამბიციური დღის წესრიგი ნატო-სთან მიმართებაში, დღეს საქართველო არის ყველაზე ფართო და ყოვლისმომცველი პარტნიორობის მქონე ასპირანტი ქვეყანა და ჩვენ გვაქვს ყველა ის ფორმატი, რომელიც გვაახლოვებს ნატო-ს წევრობასთან. ჩვენ ვდგამთ ყველა ნაბიჯს, რათა საქართველო იყოს ევროატლანტიკური სივრცის ღირსეული მონაწილე" - ასეთი განცხადება გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ნატო-ს დღეების 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი ათი წელი გაიარა, რომელიც დატვირთული იყო პრაქტიკული შედეგებისა და პოლიტიკური ინტეგრაციის ნაწილში.
ნატო-ს დღეები საქართველოში ათი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 2-11 აპრილამდე ნატო-ს კვირეულის ფარგლებში გაიმართა ათობით ღონისძიება. ნატო-ს დღეები კი დასრულდა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმით, რომელიც ყოველწლიურად იმართება ბრიუსელში, თუმცა წელს უკვე მეორედ ჩატარდა თბილისში. 25-26 მაისს საქართველოში გაიმართება ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც.
ცნობისათვის, 1949 წლიდან მოყოლებული, როცა 12-მა სახელმწიფომ - ბელგიამ, დიდმა ბრიტანეთმა, დანიამ, ისლანდიამ, იტალიამ, ნიდერლანდებმა, ნორვეგიამ, კანადამ, ლუქსემბურგმა, პორტუგალიამ, აშშ-მა და საფრანგეთმა - აიღეს ვალდებულება, დახმარებოდნენ ერთმანეთს რომელიმე მათგანის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის შემთხვევაში. დღემდე ნატო-ს წევრი ქვეყნების რაოდენობა 12-დან 28 ქვეყნამდე გაიზარდა.
ნატო-ს პირველი გაფართოება მოხდა 1952 წელს, მასში გაერთიანდა საბერძნეთი და თურქეთი. მეორე გაფართოება მოხდა 1955 წელს, ნატო-ში გაერთიანდა დასავლეთი გერმანია. მესამე გაფართოება მოხდა 1982 წელს და ალიანსს შეუერთდა ესპანეთი. მეოთხე გაფართოება მოხდა 1995 წელს - უნგრეთის, ჩეხეთისა და პოლონეთის ხარჯზე. მეხუთე გაფართოება მოხდა 2004 წელს - ალიანსის წევრი გახდა ბულგარეთი, ლატვია, ლიტვა, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესტონეთი. მეექვსე გაფართოება მოხდა 2009 წელს და ალიანსის წევრი გახდა ალბანეთი და ხორვატია.
2008 წელს ბუქარესტის სამიტზე გაფართოებასთან დაკავშირებით მიღებული იქნა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, ბოსნია-ჰერცოგოვინასა და მონტენეგროსთან დაიწყო დიალოგი გაწევრიანებისა და რეფორმების გატარებასთან დაკავშირებით. მოკავშირე ლიდერები ასევე შეთანხმდნენ, რომ საქართველო და უკრაინა, რომლებიც უკვე ჩართული არიან ინტენსიურ დიალოგში ნატო-სთან, მომავალში გახდებიან ნატო-ს წევრი სახელმწიფოები.
იმედია, უახლოეს მომავალში ეს პროგნოზი გამართლდება და საქართველო გახდება ალიანსის წევრი, მანამდე კი რამდენიმე მნიშვნელოვან თარიღს გავიხსენებთ ნატო-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან.
საქართველოს პირველი ნაბიჯები ნატო-სკენ
ნატო-საქართველოს ურთიერთობა დაიწყო 1992 წლიდან, როცა საქართველო გახდა ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს წევრი. 1994 წლის მარტში საქართველო შეუერთდა ნატო-ს "პარტნიორობა მშვიდობისათვის" პროგრამას. ინდივიდუალური პარტნიორობის პროგრამა კი ნატო-ში საქართველომ პირველად 1996 წელს წარადგინა. 1997 წლის მაისში შეიქმნა ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭო და საქართველო გახდა ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი. 1998 წლის აპრილში გაიხსნა საქართველოს დიპლომატიური მისია ნატო-სთან და საქართველოს ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა ნატო-ს გენერალურ მდივანს.
1999 წელს საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა კოსოვოში ნატო-ს სამშვიდობო ოპერაციებში. 2001-2004 წლებში საქართველოში ჩატარდა ნატო-სა და პარტნიორი ქვეყნების ერთობლივი ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები. 2002 წლის ნოემბერში კი პრაღაში გამართულ ნატო-ს სამიტზე საქართველომ გააკეთა განცხადება ნატო-ში გაწევრიანების შესახებ და სურვილი გამოთქვა ახალ პროგრამაში "ინდივიდუალური პატნიორობის სამოქმედო გეგმაში" მონაწილეობის მიღების თაობაზე. 2003 წელს საქართველომ ავღანეთში ნატო-ს სამშვიდობო ოპერაციებში მიიღო მონაწილეობა. 2005 წელს საქართველოში გაიხსნა საინფორმაციო ცენტრი ნატო-ს შესახებ. 2006 წლის სექტემბერში ნიუ-იორკში გაიმართა ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაოფიციალური შეხვედრა, სადაც გადაწყდა ნატო-ში გაწევრიანების საკითხებზე საქართველოსთან ინტენსიური დიალოგის დაწყების შესახებ.
2007 წელს საქართველომ უმასპინძლა ნატო-ს საჰაერო წვრთნებს. 2008 წლის აგვისტოში შედგა ნატო-საქართველოს საგანგებო სიტუაციების დაგეგმვის კომისიის წარმომადგენელთა ვიზიტი საქართველოში, რუსეთის შეიარღებული ძალების სამხედრო ქმედებებით გამოწვეული ზარალის ადგილზე შეფასების მიზნით. 2010 წლის მაისში ბრიუსელში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრა, სადაც განიხილეს თავდაცვის რეფორმები საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და ალიანსთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმები. 2012 წელს საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივანი ეწვია. 2014 წლის უელსის სამიტზე კიდევ ერთხელ დადასტურდა ალიანსიის მხრიდან, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. 2016 წლის ნოემბერში ჩატარდა ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნები.